ოცნებები და გეგმები
გძინავთ? მაშინ გეძინოთ. ოცნებობთ? მაშინ გაიღვიძეთ. გეგმავთ? მაშინ მაღლა აიხედეთ, ირგვლივ მიმოიხედეთ.თუ გძინავთ, მაშინ ძილი გააგრძელეთ; მე არაფერი მაქვს საერთო თქვენთან. თუ ოცნებობთ, მაშინ უნდა ვთქვა, მე რაღაც საერთო მაქვს თქვენთან. თუ გეგმავთ, მაშინ მე ყველა ძაფით ვარ თქვენთან დაკავშირებული.
ვისაც ძინავს, არ იცის, რა აქვს და ვინ არის. მაგრამ თქვენ არ გძინავთ, თქვენ ოცნებობთ და გეგმავთ. ასე რომ, თქვენ იცით, რას ფლობთ და რას წარმოადგენთ. ამავე დროს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ოცნების ხერხი და ჩემი ოცნების ხერხი, თქვენი დაგეგმვის ხერხი და ჩემი დაგეგმვის ხერხი განსხვავებულია.
როდესაც ოცნებობთ, თქვენ შედიხართ სამყაროში, რომელიც მუდმივად ახლიდან ქმნის და აყალიბებს საკუთარ თავს. როდესაც გეგმავთ, თქვენ გსურთ დაინახოთ შემოქმედებითი პროცესის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. მაგრამ, როდესაც ჭეშმარიტი მაძიებელი გახდებით, ნახავთ, რომ შემოქმედს თქვენში დასასრული არასოდეს აქვს. შემოქმედებას დასასრული არ აქვს; აქვს მხოლოდ მარად-ტრანსცენდენტალური რეალობა.
მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ოცნების და დაგეგმვის ხერხი და ჩემი ოცნების და დაგეგმვის ხერხი სხვადასხვა არის, თქვენ რაღაც მაინც გაქვთ და რაღაცა მეც მაქვს. რაც თქვენ გაქვთ, ის არაქმედითია, არაეფექტურია, არასრულყოფილია. მაგრამ ის, რაც მე მაქვს, ქმედითია, ეფექტურია და სრულყოფილია. ამიტომაც გთხოვთ ან გიბრძანებთ გაიღვიძოთ, წამოდგეთ და ირგვლივ მიმოიხედოთ.
თუ ხელი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვინმე სხვა, ვისაც ასევე აქვს ხელი, თუმცა თქვენი მისი ხელივით ძლიერი შეიძლება არ იყოს. თუ თვალი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ვიღაც სხვასაც ასევე აქვს თვალი, თუმცა თქვენი თვალი, შეიძლება მისი თვალივით მშვენიერი და კარგად მხედველი არ იყოს. თუ სასრული გაცნობიერება, სასრული მიღწევა გაქვთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ აცნობიერებდეთ სხვის უსასრულო შესაძლებლობებს.
როგორც ჭეშმარიტმა მაძიებელმა, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ თქვენი ოცნების მდგომარეობა მხოლოდ იმ რეალური მდგომარეობის წინამორბედია, რომელშიც ვინმე სხვა იმყოფება; თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ თქვენი დაგეგმვის მდგომარეობა მხოლოდ დასაწყისია ან წინამორბედია მდგომარეობის, რომელიც ბევრად სცილდება იმას, რისი დანახვა, გრძნობა და მიღწევა თქვენს გონებას შეუძლია.
მაგრამ თქვენ რაღაც გაქვთ; ამიტომ მეტი მოგეცემათ. თუ არაფერი გაქვთ, მაშინ, შეიძლება, არაფერი მოგეცეთ. თუ სასიცოცხლო ენერგია ცოტა მაინც გაქვთ, ექიმს შეუძლია ნემსის გაკეთება. მაგრამ თუ ბოლომდე მოკვდით, ექიმი არანაირ წამალს არ მოგცემთ. მხოლოდ პატარა იმედი მაინც თუ აქვს ექიმს, ის წამალს მოგცემთ.
თქვენი ცხოვრების მოგზაურობაში, თუ იოტისოდენა მისწრაფება მაინც გაქვთ, მხოლოდ მაშინ გიბოძებთ ღმერთი უსასრულო მისწრაფებას. თქვენ ცდილობთ შეიცნოთ ღმერთი თქვენი მგეგმავი გონებით, თქვენი საკუთარი გზით. ამიტომაც ღმერთი ამბობს: „საწყალი! ის მაინც ცდილობს. მოდი, სწორ გზას ვუჩვენებ, ყველაზე ეფექტურ გზას.“ ამ დროს ღმერთი თავის გეგმებს გიჩვენებთ, მაგრამ იმ გეგმებისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენ დასახეთ თქვენი ადამიანური გონებით, ღვთის გეგმა მისი მარად-ტრანსცენდენტალური ხილვაა.
როდესაც ღმერთს თქვენი მოქმედების გეგმას თავაზობთ, ღმერთი იმავე მიზნის შესასრულებლად თავის ხერხს გთავაზობთ. ბავშვი თავის მამას მონეტას აძლევს, რომელიც ქუჩაში იპოვა - ცენტს ან ხუთ ცენტს. ეს მისი ერთადერთი საკუთრებაა, და ის მას მამას თავაზობს.ბავშვს შეეძლო ის დაემალა ან კამფეტი ეყიდა, მაგრამ მან, ყველაფერი რაც ჰქონდა, თავის საყვარელ მამას მისცა. მამა გრძნობს, რომ შვილის შეთავაზება-ერთობა მილიონობით დოლარზე უსასრულოდ უფრო ძვირფასია, ამიტომაც ის შვილს ხუთდოლარიან ბანკნოტს აძლევს.
თუ შეძლებთ თქვენი საკუთარი ოცნებები უყოყმანოდ აჩუქოთ უზენაესს, მაშინ თქვენ მის სამყაროს-რეალობას მოიპოვებთ. თუ გასცემთ თქვენი საკუთარი სიხარულისთვის, მაშინ თქვენი მამის გული და მისი ერთობა თქვენ ყოველთვის დაგასაჩუქრებთ უსასრულოდ უფრო მეტით, ვიდრე გჭირდებათ და იმსახურებთ, რადგან მისი კმაყოფილება მხოლოდ გაცემაშია, რათა თქვენ თავისი მარადისობის მეგობარი, მეგზური და პარტნიორი გაგხადოთ, ვისთანაც შეძლებს თავისი უსასრულობის სინათლის და უკვდავების აღტაცების გაყოფას. ასე რომ, თუ მისცემთ იმას, რაც გაქვთ ოცნების სამყაროში, ის მოგცემთ თავის სამყაროს-რეალობას. თუ მისცემთ იმას, რაც გაქვთ მენტალური დაგეგმვის სამყაროში, ის დაუყოვნებლივ გიბოძებთ თავის უშუალო ხილვის სამყაროს, რომელიც გაიფურჩქნება სრულყოფილებისა და კმაყოფილების სამყაროში.