მისწრაფების ევერესტი

დაუბრუნდით სარჩევს

წინასიტყვაობა

ევერესტი - მსოფლიოში ყველაზე მაღალი მთის ჯაჭვის უმაღლესი მწვერვალია.

მისწრაფება - შინაგანი ვედრებაა უმაღლესი ცნობიერების მოხვეჭისა. თუ ჩვენი ადამიანური ცნობიერება ასვლას შეძლებდა ამ ევერესტის სიმაღლემდე მისწრაფების სამყაროში, რა წარმოუდგენელ სიხარულს მოვუტანდით ჩვენი უზარმაზარი პროგრესით ჩვენს შემოქმედს! ევერესტი - თვით მიუღწევლის სიმბოლოა, მიზნის, რომელიც შეიძლება მიღწეულ იქნას მხოლოდ ზეადამიანური ბრძოლით და სიმტკიცით.

მისწრაფება - კაცობრიობის მგზნებარე სურვილია, გავიდეს ჩვეულებრივისა და ყოველდღიურის სფეროს მიღმა. თუ ჩვენი შინაგანი ვედრება მიაღწევდა ჩვენი ყველაზე ამაღლებული, ღვთით ბოძებული უნარის პიკს, ჩვენ ევერესტი-მისწრაფება გვექნებოდა.

ეს შთამაგონებელი საუბრები იმ ადამიანის, რომელმაც მწვერვალს მიაღწია, საუკეთესო და საიმედო ორიენტირია იმათთვის, ვინც მიისწრაფვის ზევით, უმაღლესისკენ, წინ, უშორესისკენ, შიგნით, უღრმესისკენ. პოეზიის სილამაზით, პროზის სიცხადით და წმინდა წერილის სიღრმით - ეს საუბრები მიმართულია არა გონებისკენ, არამედ მაძიებლის გულისა და სულისკენ. ეს სპონტანური საუბრები საუკეთესოდ განასახიერებენ ამ სამივე ლიტერატურულ ფორმას, ისინი განკუთვნილნი არიან იმისთვის, რომ წაიკითხო, გადაიკითხო, შეისწავლო, დაიზეპირო და ხშირად იმეორო, რადგან მათი უკვდავი ყვავილები-გზავნილები არასოდეს ჭკნება, მარად იზრდება, იფურჩქნება, ბრწყინდება, ყვავილობს მიზანსწრაფული მკითხველის შინაგან გაცნობიერებულობასთან ერთად, რომელიც უფრო ღრმა და ფართო ხდება.

მე ვლოცულობ, მე ვმედიტირებ

მე ვლოცულობ ღმერთზე, მე ვმედიტირებ ღმერთზე.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ღმერთი ჩემი უფალია, ჩემი უფალი მბრძანებელია, ჩემი უფალი უზენაესია.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რადგან ღმერთი ჩემი მეგობარია, ჩემი მარადი მეგობარია, ჩემი ერთადერთი მეგობარია.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ის ძლიერია და მზრუნველი.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რადგან ის მშვენიერია და ნაყოფიერი.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა ვიხილო სიდიადე მისი სახისა.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ვიგრძნო გული მისი აღტაცებისა.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა დამასაჩუქროს იმით, რასაც თავად წარმოადგენს.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა დავიბრუნო ის, რაც დავკარგე.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა მიჩვენოს გზა.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ჩემი ცხოვრების ღამე-უვიცობა სიბრძნე-სინათლედ გარდავქმნა.

მე ვლოცულობ ღმერთზე, რომ ჩემს ადამიანურ ცხოვრებაში ჟღერადობად-ცად ვიქცე.

მე ვმედიტირებ ღმერთზე, რომ ჩემს ღვთაებრივ ცხოვრებაში მდუმარებად-მზედ ვიქცე.

ჩემს სურვილის ცხოვრებაში მე ვლოცულობ ღმერთზე, რადგან ჩემი მოთხოვნილებების მონა ვარ.

ჩემს მისწრაფების ცხოვრებაში მე ვმედიტირებ ღმერთზე, ღმერთი და მე ჩვენი მოთხოვნილებების ურთიერთ დაკმაყოფილებად ვიქეცით.

ჩემს ლოცვას დაუღალავად უყვარს ღვთის ძალა-შებრალება.

ჩემს მედიტაციას უპირობოდ უყვარს ღვთის სინათლე-სამართლიანობა.

ძღვენი-ხსნა მივიღე ჩემი ლოცვისგან.

ძღვენი-სრულყოფილება მივიღე ჩემი მედიტაციისგან.

მე ვლოცულობ და ვმედიტირებ ღმერთზე.

ის, რაც გვაქვს და ის, რაც არ გაგვაჩნია

ის, რაც გვაქვს - ესაა სასურველის მიღება რეალურის სანაცვლოდ, საკუთარი წარმოდგენა ძიებაზე, საკუთარი წარმოდგენა ადამიანად შედგომაზე. სასურველის მიღება რეალურის ნაცვლად: ჩვენ გვგონია, რომ გარკვეული გზით დიდებას ან წარმატებას მივაღწევთ. საკუთარი წარმოდგენა მაძიებლობაზე: ჩვენ ვეძებთ ჭეშმარიტებას და სინათლეს ჩვენი საკუთარი ხერხით და იმ ადგილას, სადაც ვთვლით, რომ ჭეშმარიტება და სინათლე უნდა იყოს. საკუთარი წარმოდგენა შედგომაზე: გვინდა შევდგეთ ისეთებად, რომ სიხარული მივანიჭოთ თავს. ეს ჩვენი ყველაზე სამწუხარო შეცდომაა. თუ გვსურს საკუთარი თავის გახარება ჩვენი ნებისამებრ, ჩვენ მგელი-ვიტალი გამოგვყავს წინა პლანზე.

რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს მადლიერებაა. მადლიერება ჩვენში დავანებული ქმედება-ჯადოქრობაა. ეს ქმედება-ჯადოქრობა ამაგრებს ჩვენს ფიზიკურ სხეულს, ასუფთავებს ჩვენს ვიტალურ ენერგიას, აფართოებს ჩვენს მენტალურ ხედვას და აძლიერებს ჩვენს ფსიქიკურ აღტაცებას. ჩვენში მყოფი მაძიებელი ცდილობს, იყოს უბრალო, გულწრფელი, სუფთა და მორჩილი. ყოველი სულიერი მაძიებელი გულმოდგინედ ცდილობს განივითაროს ეს თვისებები. ამ თვისებების განვითარების უადვილესი და ყველაზე ეფექტური ხერხია - აღმოვაჩინოთ მადლიერების გზა, მადლიერების ყვავილი და მივცეთ მას საშუალება, აყვავდეს და გაიფურჩქნოს ჩვენს გულში. როგორ გავაკეთოთ ეს? მივაქციოთ ყურადღება არა მხოლოდ იმას, რაც გვაქვს, არამედ იმასაც, რაც არ გაგვაჩნია.

რაც არ გაგვაჩნია - ეს შინაგანი ვედრებაა და უკიდეგანო გარეგანი ღიმილია. თუ ჩვენ შევძლებთ დაუღალავი შინაგანი ვედრების განვითარებას, მაშინ ავტომატურად ჩვენ განვივითარებთ უკიდეგანო გარეგან ღიმილს.

ჩვენ ან შინაგანიდან მივდივართ გარეგანისკენ, ან გარეგანიდან ვიძირებით შინაგანში. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ან სულის შესაძლებლობებზე დაყრდნობით, ან სხეულის შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ზედმეტია იმის თქმა, რომ სულის შესაძლებლობები აღემატება სხეულის შესაძლებლობებს. მაგრამ ის მცირე შესაძლებლობები, რაც სხეულს აქვს, გაერთიანებული უნდა იქნას სულის შესაძლებლობასთან. სხეულის ყველაზე დიდი მიღწევაა, მიიღოს სულის ხელმძღვანელობა. თუ სული მიღებულია, როგორც უზენაესი ლიდერი, თუ სულს აქვს შესაძლებლობა გაუძღვეს, ჩამოაყალიბოს და გამოძერწოს ჩვენი ბედისწერა; მაშინ ჩვენ მოვიპოვებთ იმას, რაც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია: ტკბილ, სუფთა, ძლიერ შინაგან ვედრებასა და ნათელ, დაჯერებულ, უკიდეგანო გარეგან ღიმილს.

არ ვიცი

„არ ვიცი.“ ეს ნამდვილად ამომწურავი პასუხია. ეს პასუხი აკმაყოფილებს გულწრფელ მაძიებელს ჩვენში, რადგან გულწრფელი მაძიებელი არ არის მიდრეკილი არაგულწრფელობისკენ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რამდენად შორს წაგვიყვანს ეს პასუხი. შეუძლია მას მიგვიყვანოს დანიშნულ მიზნამდე? არა, არასოდეს! ჩვენ უნდა შევძლოთ ვთქვათ: „მე ვიცი.“

პასუხის მოსაპოვებლად თავდაპირველად ჩვენ ირგვლივ ვიყურებით. მაგრამ გარე სამყარო დაგვცინის, მასხარად გვიგდებს და ზოგჯერ ქედმაღლურადაც გვიყურებს. ის მიიჩნევს, რომ ჩვენზე სულელი არავინაა. მაშინ პასუხის მოსაპოვებლად ღრმად ვიძირებით ჩვენში. ამ დროს რაღაც, ღრმად ჩვენში მყოფი, გვეუბნება, რომ ჩვენ ნამდვილად ის ვართ, რასაც ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ჩვენ ნამდვილად ის ვართ, რადაც ვგრძნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ის, რადაც საბოლოოდ შეგნებულად შევდგებით.

რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე? ვფიქრობთ, რომ ვართ ერთგული ინსტრუმენტები და გონიერი მაძიებლები. რად ვგრძნობთ საკუთარ თავს? საკუთარ თავს ვგრძნობთ ისეთ ადამიანებად, რომელთაც ზეშთაგონებული სიყვარული შეუძლიათ. ვინ უნდა გავხდეთ საბოლოოდ? ჩვენ უნდა გავხდეთ ის, ვისაც თავისი მსახურებით სიკეთე მოაქვს. ჩვენი უზენაესის ერთგული ინსტრუმენტები, გონიერი მაძიებლები და ნაყოფიერი მსახურნი ვართ: თუ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ საკუთარ თავზე ასეთნაირად, თუ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ასეთები ვართ, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელია არსებობდეს სხვაგვარი პასუხი აქ, დედამიწაზე ან იქ, ზეცაში.

აი, პასუხი: ჩვენ უზენაესის ერთგული ინსტრუმენტები, გონიერი მაძიებლები, ზეშთაგონებული მოყვასნი და ნაყოფიერი მსახურნი ვართ. „მე არ ვიცი“ ახლა შეიცვალა „მე ვიცი“-ით. რა ვიცი მე? ვიცი, რომ ყველგან ვეძებ ჩემი რეალიზაციის-გამოცდილების, ჩემი რეალიზაციის-გამოცხადებისა და ჩემი გამოცხადების-გამოვლენის პირველქმნილ ხილვასა და მარად ტრანსცენდენტალურ რეალობას.

ოცნება და რეალობა

რა არის ოცნება? ოცნება ქმნილებაა. ქმნილება ან გაყოფაა, ან გაერთიანება. „გაყოფა “ რთული სიტყვაა. როცა ჩვენ ვიყენებთ გაყოფას რეალობის-არსებობის გასაყოფად, ჩვენ შევდივართ ეგოსა და „მე“-ს სამყაროში. მაგრამ ამავე დროს, როდესაც ჩვენ მას ვიყენებთ, რომ გავყოთ სამუშაო, შრომა, შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ის ნამდვილი წყალობაა. თუ ჩვენ ვყოფთ და გაყოფით ვღებულობთ შედეგს, რომელიც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ და მტკიცედ მივიდეთ ერთ ჭეშმარიტებასთან და ერთი რეალობასთან, მაშინ ასეთი გაყოფა კარგია. მაგრამ თუ ჩვენ რეალობას ნაწილებად ვყოფთ, უპირატესობას ვანიჭებთ ერთ ნაწილს და არ ვაფასებთ დანარჩენ ნაწილებს, მაშინ ჩვენ განცალკევების სიმღერას ვმღერით. ასეთი გაყოფა ნგრევით მთავრდება, იმ პატარა სამყაროს ნგრევით, რომელსაც ჩვენად ვაცხადებთ.

„კავშირი“ ასევე რთული სიტყვაა. როცა ერთად ვმუშაობთ, ეს უდიდესი წყალობაა. როდესაც ვურთიერთობთ, ეს უდიდესი წყალობაა. მაგრამ თუ ეს სიბნელის და სინათლის კავშირია, თუ ეს სურვილის და მისწრაფების კავშირია, მაშინ ეს სამწუხარო შეცდომაა. მისწრაფების ცხოვრება არ უნდა უკავშირდებოდეს სურვილის ცხოვრებას. თუ ის რამესთან უნდა იყოს კავშირში, ეს ყოველთვის მხოლოდ განდგომის ცხოვრებაა, განდგომა უსარგებლო ნივთებისგან, იმისგან, რაც არ არის ღვთაებრივი, გამასხივოსნებელი და სრულყოფილი.

ჩვენი მოგზაურობა მისწრაფების ცხოვრებით უნდა დავიწყოთ. მაგრამ მერე დგება ჟამი, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი მისწრაფების ცხოვრება გაიფურჩქნა და მზად არის შევიდეს სურვილის ცხოვრებაში მის გარდასაქმნელად. მისწრაფების ცხოვრებამ უნდა ითამაშოს ხიდის როლი სურვილის ცხოვრებასა და რეალიზაციის ცხოვრებას შორის. მაძიებლის მისწრაფების ცხოვრება შევა სურვილის ცხოვრებაში სურვილის ცხოვრების სწრაფი და სრული გარდაქმნისთვის. მაძიებლის რეალიზაციის ცხოვრება შევა მისწრაფების ცხოვრებაში მისწრაფების ცხოვრების სრულქმნისთვის და უზენაესი აბსოლუტის გამოვლენისათვის.

ყოველი ოცნება ქმნილებაა. ყოველი ქმნილება ან გაცნობიერებული მისწრაფებაა, ან გაუცნობიერებული მისწრაფებაა. ჩვენი მისწრაფება შედის სურვილის, უმცროსი ძმის, ცხოვრებაში და ეხმარება მას გაასუფთაოს მისი სხეული, გაწმინდოს მისი გონება და გაასხივოსნოს მისი მიწიერი არსება. თითო იოტისოდენა მისწრაფება აჩქარებს რეალიზაციის დადგომას. ჩვენი მისწრაფება შედის რეალიზაციის ცხოვრებაში ან შემოაქვს რეალიზაციის ცხოვრება მისწრაფების ცხოვრებაში, რათა მისწრაფების ცხოვრება ბოლომდე სრულყოფილი გახადოს ჩვენი ფიზიკური რეალობის გამოსაღვიძებლად და სულის-რეალობის ასაყვავებლად ჩვენში და ჩვენთვის.

ღვთაებრივი ოცნება - ეს ღვთის ქმნილებაა შინაგან სამყაროში. მისწრაფების შინაგანი სამყაროდან ჩვენ შევდივართ რეალობის სამყაროში. ქმნილება და ოცნება, მისწრაფება და რეალიზაცია - ესენი ყველანი ერთი ოჯახის წევრები არიან. თუ ჩვენ შევძლებთ ერთ-ერთი მათგანის შეცნობას, მაშინ ჩვენ შევძლებთ დანარჩენი სამის შეგნებულად მოპოვებას; რადგან ჩვენი ოცნება, საბოლოო ჯამში, იდუმალი რეალობაა, იდუმალი რეალობა კი სამუდამოდ ამოუცნობი ვერ დარჩება. ის ასუფთავებს ჩვენს გონებას, სთავაზობს დინამიზმს ჩვენს ვიტალს და სთავაზობს შინაგან გამოღვიძებას ჩვენს ფიზიკურ რეალობას.

სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ოცნება, და ამ ოცნებას არც დაბადება აქვს და არც სიკვდილი. ამ დაბადებისა და სიკვდილის არმქონე ცხოვრებას ღმერთი ასრულებს ადამიანში და ადამიანის მეშვეობით - თავის ყოვლისმომცველ და ყოვლისაღმსრულებად რეალობაში.

მე ქედს ვიხრი ოცნების წინაშე, რადგან ის ტკბილი და სუფთაა. მე ქედს ვიხრი რეალობის წინაშე, რადგან მას არა მხოლოდ შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, არამედ საზღვარდაუდებელი გარდაუვალობაც. მე ქედს ვიხრი მისწრაფების წინაშე, რადგან მას ჩვენთვის თავის უსაზღვრო არსებაში სიყვარული მოაქვს. მაგრამ მე მიყვარს რეალიზაცია, რადგან ის ერთადერთია, რაც მჭირდება, რათა ჩემი შინაგანი მესაჭე გავხადო მარად და უზენაესად ბედნიერი.

კმაყოფილება

ყოველი ადამიანის ცხოვრება სიმღერაა. მაძიებელი ყოველდღე ახალ სიმღერას მღერის. ის მღერის და ის აღმოაჩენს. რას აღმოაჩენს? ის აღმოაჩენს ენთუზიაზმით აღსავსე სხეულს, სიმტკიცით აღსავსე ვიტალს, სიმშვიდით სავსე გონებას, ნეტარებით სავსე გულს და, ბოლოს, კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას.

კმაყოფილება საჭიროა ცხოველურ ცხოვრებაში, ადამიანურ ცხოვრებასა და ღვთაებრივ ცხოვრებაში. მაგრამ კმაყოფილება, რომელსაც ვიღებთ ცხოველურ ცხოვრებაში, არ არის ჭეშმარიტი კმაყოფილება. ადამიანურ ცხოვრებაშიც ჩვენ ვერ ვიღებთ ჭეშმარიტ კმაყოფილებას. მხოლოდ ღვთაებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ ჭეშმარიტ კმაყოფილებას.

ცხოველურ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება ნგრევისგან. ადამიანურ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება ფლობისგან. ღვთაებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება გასხივოსნებისგან. კმაყოფილება, რომელსაც ნგრევისგან ვიღებთ, არ არის და ვერ იქნება ნამდვილი კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელსაც ფლობისგან ვიღებთ, არ არის და ვერ იქნება ნამდვილი კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელსაც გასხივოსნებისგან ვიღებთ, უეჭველად ჭეშმარიტი კმაყოფილებაა.

აქ ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ; ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ. ჩვენს ლოცვასა და ჩვენს მედიტაციაში ყოველთვის ვცდილობთ დავინახოთ კმაყოფილების სახე. როდესაც ვლოცულობთ, ვცდილობთ ავიდეთ მაღლა და მივაღწიოთ კმაყოფილებას. როდესაც ვმედიტირებთ, ვცდილობთ ჩვენი სიღრმიდან სინათლე და აღტაცება გამოვიტანოთ წინა პლანზე და კმაყოფილებით დავტკბეთ ჩვენს სხეულში, ვიტალში, გონებასა და გულში. როცა ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ და შევღაღადებთ, რათა მივიღოთ რაიმე ზემოდან. როცა ვმედიტირებთ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საკუთარ უმაღლეს რეალობებს, გამოვლინდნენ ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.

მედიტაციას წინ უძღვის კონცენტრაცია, ჭვრეტა კი მედიტაციას მოყვება. კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა ერთად მიაბიჯებენ. კონცენტრაცია სიჩქარეა. მედიტაცია დარწმუნებულობაა. ჭვრეტა გამარჯვებაა. კონცენტრაციას აქვს და თავადაა სიჩქარე-ირემი. მედიტაციას აქვს და თავადაა დარწმუნებულობა-სპილო. ჭვრეტას აქვს და თავადაა გამარჯვება-ლომი.

ყოველთვის სასურველია გვქონდეს სისწრაფე, თუ ვაფასებთ მიზანს. მიზანი არ არის უძრავი. ჩვენ წინსვლის პროცესში ვართ მარად ტრანსცენდენტალური, მარად გამსხივოსნებელი და მარად ამსრულებელი მიზნისკენ. ჩვენ მთელი ყურადღება ჩვენს სისწრაფეს უნდა დავუთმოთ, თუ გვსურს მივაღწიოთ დამაკმაყოფილებელ პროგრესს. დღევანდელი მიზანი ხვალინდელი დღის სასტარტო წერტილია ჩვენს მარადიულ შინაგან მოგზაურობაში უზენაესი კმაყოფილებისაკენ.

შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე

„ჩემო უფალო უზენაესო, შენ ერთდროულად შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე ხარ. მითხარი, შენი აზრით, ამ ორი ასპექტიდან რომელია უკეთესი?“

„შვილო ჩემო, თუ მამაცი ხარ, მაშინ სამართლიანობის სინათლე უსასრულოდ უკეთესია. თუ სუსტი ხარ, მაშინ შებრალების სიმაღლეა უსასრულოდ უკეთესი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ საბოლოო ჯამში, შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე ორივე ერთსა და იმავე მიზანს აღწევს, ორივე ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.

კოსმიურ თამაშში ზოგჯერ მიწევს სამართლიანობის სინათლის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყოველთვის შებრალების სიმაღლეს გამოვიყენებ, მაშინ შენში მაძიებლის პროგრესი გადაიდება გაურკვეველი დროით. თუ მაძიებელს შენში შეუძლია მამაცურად შეხვდეს სამართლიანობის სინათლეს, მაშინ შენ აუცილებლად უსწრაფესად წახვალ წინ. ოღონდ ეს სამართლიანობის სინათლე სიხარულით, ერთგულებით და მთელი გულით და სულით უნდა მიიღო; მხოლოდ მაშინ ემსახურება ის თავის მიზანს. თუ სამართლიანობის სინათლე უხალისოდ, შიშით ან გარდაუვალობის ვითარების გამო იქნა მიღებული, და თუ შინაგანად ვეწინააღმდეგებით და ვუჯანყდებით მას, მაშინ სამართლიოანობის სინათლე ვერ მიაღწევს თავის მიზანს.

როდესაც გიჩვენებ სამართლიანობის სინათლეს, შვილო ჩემო, შენ უნდა გრძნობდე, რომ ეს ჩემი ფარული მზრუნველობაა; ჩემი მზრუნველობა შენი სრულყოფისთვის გამოდის წინა პლანზე. როდესაც გიჩვენებ შებრალების სინათლეს, ეს უდავოდ უფრო ნელი პროცესია. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაძიებელი შენში არ გპატიობს, იმისდა მიუხედავად, რომ მე გაპატიე, თუ შენ სინანულს გრძნობ, ურყევი ნებით გადაწყვეტ, აღარ გაიმეორო იგივე შეცდომა, მაშინ ჩემი შებრალების სიმაღლის დახმარებით შეგიძლია ირბინო უსწრაფესად. შენ შეძლებ უსწრაფესად სირბილს, უსასრულოდ მეტი შეგნებულობის და გაცნობიერებულობის, სრული გულწრფელობის მოპოვებით და ღვთაებრივი სიმტკიცით ავსებით.

შებრალების სიმაღლეს მე ვიყენებ უფრო ხშირად, ვიდრე სამართლიანობის სინათლეს, შვილო ჩემო, რადგან ვიცი, დედამიწაზე ყველა ადამიანი სუსტია. იმიტომაც ვთანხმდები ნელ პროცესზე. ყოველთვის რომ შემეძლოს სამართლიანობის სინათლის გამოყენება, წინსვლა უსწრაფესი იქნებოდა, მაგრამ ეს სარისკოა, რადგანაც ჭურჭელმა შეიძლება ვერ გაუძლოს. ამიტომაც არ მსურს გამოვიყენო ჩემი სამართლიანობის სინათლე ისე ხშირად, როგორც მე ვიყენებ შებრალების სიმაღლეს. ამიტომაც, როდესაც მე შებრალების სიმაღლეს ვიყენებ, შენ საკუთარი თავის მიმართ უნდა იყო უკიდურესად მკაცრი, შეუბრალებლად მკაცრი. შენ და მხოლოდ შენ უნდა იყო მკაცრი საკუთარი ცხოვრების მიმართ, რომ გახდე ჩემი უფრო უკეთესი, უფრო გამსხივოსნებელი, უფრო ასრულების მომტანი ინსტრუმენტი.

როდესაც მე ვიყენებ სამართლიანობის სინათლეს, მიიღე ის სიხარულით, ერთგულებით და მთელი გულით და სულით. როდესაც მე ვიყენებ შებრალების სიმაღლეს, მიიღე ის მადლიერების ზღვით და მადლიერების ზეცით და ამავე დროს ჩაიძირე ღრმად შიგნით და გახდი უსასრულოდ უფრო მკაცრი საკუთარ თავთან, ვიდრე ოდესმე იყავი. მაშინ შენ ვერ დაუშვებ ვერცერთ უხეშ შეცდომას. სამართლიანობის სინათლე და შებრალების სიმაღლე ერთია, განუყოფლად ერთი. მაგრამ ვითარების შესაბამისად, შვილო ჩემო, მე ან სამართლიანობის სინათლეს ან შებრალების სიმაღლეს ვიყენებ.

შენ, როგორც მაძიებელი, ჭეშმარიტი მაძიებელი, უანგარო მაძიებელი, ყოველთვის უნდა იყო ბედნიერი, იმასდა მიუხედავად, ვიყენებ მე შებრალების სიმაღლეს თუ სამართლიანობის სინათლეს შენს მიმართ. თუ ეს სამართლიანობის სინათლეა, გამოიყენე შენი ბედნიერება მეტად კონსტრუქტიულად; და თუ ეს შებრალების სიმაღლეა, ჩაიძირე ღრმად შიგნით და გამოიტანე წინა პლანზე შენი მადლიერი გული. ამის შემდეგ აავსე შენი სხეული, ვიტალი, გონება და გული ურყევი ნებისყოფით, რათა არასოდეს გაიმეორო იგივე სავალალო შეცდომა.

შებრალების სიმაღლე კოკისპირული წვიმაა, კურთხეული კოკისპირული წვიმაა ზემოდან. სამართლიანობის სინათლე მბრწყინავი მზის სინათლეა, მწვავე სიმხურვალეა. ორივე ერთნაირად გვჭირდება, რათა დავკრიფოთ რეალიზაციის მდიდარი მოსავალი მარცვლისგან-მისწრაფებისგან, რომელიც იზრდება ნელა და საიმედოდ, ჩემი შინაგანი ხილვის და გარე რეალობის ნებით.

ჩემი სურვილი

სურვილო, ჩემო სურვილო, მთელი ცხოვრება ვმეგობრობთ, შენ ყოველთვის ჩემთან ხარ. რადგან ჩემ მეგობარს გიწოდებ, ჩემი ცხოვრების მეგობარს, სათხოვარი მაქვს შენთან. უბრალო თხოვნაა. დარწმუნებული ვარ, შემისრულებ, თუ მოინდომებ. აი ჩემი ზეშთაგონებული თხოვნა: სამჯერ დღეში, თუ დამრთავ ნებას, სულ მარტო დავრჩე? ყოველ ჯერზე მე დამჭირდება მხოლოდ სამი წამი. ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ ცხრა წამი მთელი დღის განმავლობაში მე მსურს დავრჩე მარტო, შენს გარეშე.

დილით ადრე, ხუთ საათზე, მე მსურს შევთავაზო ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს სამი წამის განმავლობაში. ეს გზავნილია: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ. მე შენ მიყვარხარ და სხვა არავინ.“

დღის თორმეტ საათზე მე მსურს სამჯერ შევთავაზო სხვა ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს. ეს გზავნილია: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ მჭირდები და სხვა არავინ. მე შენ მჭირდები და სხვა არავინ. მე შენ მჭირდები და სხვა არავინ.“

შვიდ საათზე, როდესაც საღამო დგება, მე მსურს შევთავაზო ჩემი მესამე ზეშთაგონებული გზავნილი ჩემ საყვარელ უზენაესს: „ო, ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის. მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის. მე შენ გეკუთვნი და სხვას არავის.“

მხოლოდ ცხრა წამი მჭირდება შენგან, ო ჩემო ძველო მეგობარო, ო ჩემო სურვილო. თუ შენ ამ სიკეთეს ჩაიდენ, მოვა დრო, როდესაც მე ამის სანაცვლოდ, დაგიბრუნებ იმას, რაც ვერასოდეს წარმოგედგინა და რაც ვერასდროს დაგიმსახურებია. მე მოგცემ იმას, რასაც მოვიპოვებ: ჩემი გულის უსაზღვრო სიხარულს, რათა გამოგკვებო, ჩემი სულის უსაზღვრო სინათლეს, რათა გამოგაღვიძო და ღმერთის მარადიულ, უსაზღვრო და უკვდავ სილამაზეს, რათა გაგასხივოსნო.

ო, ჩემო მეგობარო-სურვილო, ჩემო ცხოვრების მეგობარო, მხოლოდ ცხრა წამი დღეში მე მინდა დავრჩე საკუთარ თავთან. თუ თხოვნას ამისრულებ, მე მოგცემ ისეთ რამეს, რის მიღებას სხვა შემთხვევაში შენ ვერასოდეს შეძლებდი ვერც ამ ინკარნაციაში და ვერც რომელიმე სხვაში. ასე რომ, ჩემო ძვირფასო მეგობარო-სურვილო, უბრალოდ თხოვნა ამისრულე: სამი წამი, სამი წამი, სამი წამი - ცხრა წამი დღეში ნება დამრთე ვიყო მარტო საკუთარ თავთან, საკუთარ თავში და საკუთარი თავისთვის. რეალურთან ჩემში, რეალურში ჩემში და რეალურისთვის ჩემში მე მსურს ვრჩებოდე ცხრა წამი დღეში.

მოკლე გზა, უფრო მოკლე გზა, უმოკლესი გზა

„ჩემო ტკბილო უფალო უზენაესო, მე ნამდვილად დავიღალე ამ გრძელი გზისაგან. გზა, რომელიც ჩვენ გვყოფს, ძალიან გრძელია. გემუდარები, გემუდარები მიბოძე მოკლე გზა. მე შენი უსასრულოდ მადლიერი ვიქნები, თუ მიბოძებ შენსკენ მიმავალ მოკლე გზას.“

„შვილო ჩემო, გისმენ და გაოცებული ვარ, რომ შენ მოკლე გზა გსურს, რადგან ვფიქრობდი, რომ ერთხელაც შენ უმოკლეს გზას მთხოვდი. შენ მზად ხარ დაკმაყოფილდე მხოლოდ მოკლე გზით; მე შენ მოკლე გზას მოგცემ და ასევე უფრო მოკლე გზაზე და უმოკლეს გზაზე გიამბობ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შენ დაგჭირდება უახლოეს მომავალში.

მოკლე გზა რწმენაა. შენ ჩემი უნდა გწამდეს. შენ მუდმივად უნდა გწამდეს ჩემი. უბრალოდ, შენთვის იმეორე: „მე ღმერთი მწამს, მე ღმერთი მწამს.“ ეს უდავოდ საუკეთესო მოკლე გზაა.

უფრო მოკლე გზაა, იმეორო შენთვის: „ჩემ უფალ უზენაესს უსასრულოდ უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი თავი მიყვარს. ჩემ უფალ უზენაესს უსასრულოდ უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი თავი მიყვარს.“ როგორაა ეს შესაძლებელი? ეს შესაძლებელია, რადგანაც , როცა შენ ხედავ შენს უამრავ ნაკლს, შენ იმედები გიცრუვდება და საკუთარი თავის განადგურება გსურს. მაგრამ მე შენ გხედავ, როგორც ჩემი საკუთარი რეალობის ნაწილს; ამიტომაც მე იმედი არ მიცრუვდება. მე მზად ვარ გავაგრძელო სვლა უსასრულო მოთმინებით და ეს მოთმინება შენი ხსნაა. ახლა შენ ხედავ, რომ მე შენ მიყვარხარ უსასრულოდ უფრო მეტად, ვიდრე შენ საკუთარი თავი გიყვარს.

უმოკლესი გზა ასეთია: შენ საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ მე ჰაერივით გჭირდები. ჩემი მხრიდან, მე გეტყვი, რომ მე შენ უეჭველად მჭირდები. მე ჰაერივით გჭირდები, შენ კი უეჭველად მჭირდები. ეს უნდა იქცეს შენს მუდმივ გულწრფელ ლოცვად.

თუ შეძლებ შენთვის იმის გამეორებას, რომ შენ გწამს ჩემი, ეს მოკლე გზაა. თუ შენ შეძლებ იმის თქმას, რომ მე შენ მიყვარხარ უსასრულოდ მეტად, ვიდრე საკუთარი თავი გიყვარს - ეს უფრო მოკლე გზაა. და უმოკლესი გზაა ის, რომ გრძნობდე, რომ მე შენ ჰაერივით გჭირდები, შენ კი მე უეჭველად მჭირდები. თუ შეგიძლია ამ ყველაფრის შესრულება, მაშინ მოკლე გზა, უფრო მოკლე გზა და უმოკლესი გზა შენთვის ღია იქნება.

მეც მაქვს შენამდე მისაღწევი მოკლე, უფრო მოკლე და უმოკლესი გზა. მოკლე გზა ისაა, როდესაც საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე აღმოვაჩენ შენში ჩემს ყველაზე სრულყოფილ ინსტრუმენტს. უფრო მოკლე გზაა, როდესაც მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ მე შენ ყოველთვის უპირობოდ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობ ჩემზე, მიუხედავად იმისა, თუ რას მეუბნები, მიუხედავად იმისა, თუ რა გემართება, მიუხედავად იმისა, თუ რა გსურს მოუხერხო შენი ცხოვრების ხილვას და შენი ცხოვრების რეალობას. და უმოკლესი გზა ის არის, როდესაც მე შენში ვხედავ ჩემი მარადისობის სულს და შენთვის ვინახავ ჩემი უსასრულობის მიზანს.

მე მადლიერი ვარ

მე ჩემი საყვარელი უზენაესის მადლიერი ვარ, რადგან თავისი უსასრულო სიუხვიდან მომცა უნარი, მიყვარდეს ის უფრო მეტად, ვიდრე საკუთარი თავი მიყვარს. მე ჩემი საყვარელი უზენაესის მადლიერი ვარ, რადგან თავისი უსასრულო სიუხვიდან მომცა უნარი, ვგრძნობდე მის საჭიროებას უფრო მეტად, ვიდრე ჩემს საკუთარ საჭიროებას.

მე ჩემი საყვარელი უზენაესის მადლიერი ვარ, რადგან თავისი უსასრულო სიუხვიდან მომცა უნარი არ ჩავრიო ის ჩემი სურვილის სამყაროში, არამედ ვევედრო მას, იმყოფებოდეს ჩემს მისწრაფების სამყაროში, და ასევე შევთავაზო მას ჩემი მიწიერზე მიჯაჭვული ნება და სურვილის ცხოვრება და ზეშთაგონებულად განვაცხადო: „იყავნ ნება შენი“.

მე ჩემი საყვარელი უზენაესის უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ დღეს, როდესაც ის გადამაქცევს მის რჩეულ ინსტრუმენტად.

მე ჩემი საყვარელი უზენაესის უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ დღეს, როდესაც ვიგრძნობ, რომ ჩემი სული-ფრინველი მხოლოდ მისთვის ცხოვრობს ჩემს გალიაში-სხეულში აქ - დედამიწაზე და იქ - ზეცაში. მე ჩემი საყვარელი უზენაესის უზომოდ, უზომოდ, უზომოდ მადლიერი ვიქნები იმ დღეს, როცა შევძლებ განვუცხადო შიდა სამყაროს და გარე სამყაროს, რომ მე ვარ ის, რასაც ის ფლობს და მე ვფლობ იმას, რასაც ის წარმოადგენს.

გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ

გაიღიმეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, გაიღიმეთ. მოდით, გავიღიმოთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა ტანჯვით და აუტანელი ტკივილით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გავიღიმოთ. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამსუბუქოთ სამყაროს ტვირთი-ტანჯვა. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამციროთ უთქმელი ტკივილი.

შეიყვარეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, შეიყვარეთ. მოდით, შევიყვაროთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა სიძულვილით და ურწმუნოებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გვიყვარდეს და არ გვწამდეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა დავაშროთ სიძულვილის ზღვა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა ქვა ქვაზე არ დავტოვოთ მთა-ურწმუნობისგან.

მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, მიიღეთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო გვატყუებდა და გვღალატობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო, რადგან ეს ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა - შევცვალოთ სამყაროს იერსახე. მანამ, სანამ არ მივიღებთ სამყაროს, ჩვენ ვერასოდეს გარდავქმნით მას; ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სამყარო, როგორც ჩვენი საკუთარი, სისხლხორციელად საკუთარი, რათა გარდავქმნათ ის.

დაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გავუღიმოთ ჩვენს საყვარელ უზენაესს, შევიყვაროთ ჩვენი საყვარელი უზენაესი და მივიღოთ ჩვენი საყვარელი უზენაესი, რადგან ის ჩვენი მარადისობის საკუთრებაა, ჩვენ კი მისი მარადისობის საკუთრებანი ვართ.

ჩვენ გავუღიმებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ის ღვთაებრივად დიადია. ჩვენ შევიყვარებთ ჩვენს საყვარელ უზენაესც იმიტომ, რომ უზენაესად კეთილია. ჩვენ მივიღებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მისი მარადიულობის რჩეული ინსტრუმენტები. მის გასახარებლად ისე, როგორც მას სურს, მის აღსასრულებლად ისე, როგორც მას სურს - ამისთვის მოვედით ჩვენ ყველანი ამ ქვეყნად. ის ჩვენი წყაროა. მასში ჩვენ ვხედავთ, მასში ჩვენ ვგრძნობთ, მასში ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ცხოვრების გზას.

გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ. ეს ჩვენი სამყარო უეჭველად ჩვენი საყვარელი უზენაესის პროექციაა, თუმცა ის შორსაა სრულყოფილებისაგან. მაგრამ მოვა დრო, როცა ჩვენ შევძლებთ რადიკალურად გარდავქმნათ ამ სამყაროს იერსახე და ვაქციოთ ის რეალობად-სრულყოფილებად.

მოდით, გავუღიმოთ ღმერთს, შევიყვაროთ და მივიღოთ ის, რადგან ის ყველგანაა მხოლოდ ჩვენთვის, უპირობოდ ჩვენთვის.

წარმოსახვა

წარმოსახვავ, ო, წარმოსახვავ! როგორ ვიყენებ ჩემს წარმოსახვას?

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ დავივიწყო ჩემი წარსული შეცდომები.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მამაცურად შევხვდე დღევანდელ გამოწვევებს.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მივესალმო ჩემს მომავალ განთიადს. მე იმისთვის ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ შევეხო ჩემი უფლის შებრალების ტერფებს.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ მთლიანად შევსვა ჩემი უფლის გულის ნექტარი.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ დავინახო უფლის ხილვის თვალი.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ უფალს ხელი-დარწმუნებულობა ჩამოვართვა.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ ზუსტი ასლი გავხდე ჩემი უფლის ზეციური სილამაზისა.

მე ვიყენებ ჩემს წარმოსახვას, რომ გავიყო ჩემს უფალთან მიწიერი პასუხისმგებლობა.

რა არის ჩემი წარმოსახვა? ჩემი წარმოსახვა ჩემი ხის-მისწრაფების მაუწყებელია.

რა არის ჩემი მისწრაფება? ჩემი მისწრაფება ჩემი რეალიზაციის-სასახლის მშენებელია.

რა არის ჩემი რეალიზაცია? ჩემი რეალიზაცია ჩემი უფლის და ჩემი ერთობის სიმღერაა.

ჩემი სამუდამო მეგობრები

უბრალოება ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა უბრალოებამ ჩემი ნატვრის ხე მოჭრა.

გულწრფელობა ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა გულწრფელობამ ჩემი სინდისის დანაშაულის ჯაჭვები გაწყვიტა.

სისუფთავე ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა სისუფთავემ საიდუმლოდ გამანდო, რომ სიყვარული ერთადერთი ძალაა, გამასხივოსნებელი ძალაა, ასრულების მომტანი ძალაა, უზენაესი ძალაა.

ღვთაებრიობა ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემი მეგობარი ღვთაებრიობა მასწავლის, თუ როგორ ვიცხოვრო ყოველთვის წყაროში და როგორ ვიცხოვრო მხოლოდ წყაროსთვის, დაუმშრალი წყაროსთვის.

უკვდავება ჩემი სამუდამო მეგობარია. ჩემმა მეგობარმა უკვდავებამ მითხრა, რომ აქ, დედამიწაზე მხოლოდ ერთი რამ არის უკვდავი - ჩემი გულის შიდა ვედრება და იქ, ზეცაში - უკვდავი მხოლოდ ჩემი სულის ღიმილია.

ჩემი საყვარელი უზენაესი ჩემი მარადიული მეგობარია. ჩემი მეგობარი, ჩემი საყვარელი უზენაესი, მეუბნება, რომ აქ, დედამიწაზე მისი წყალობა ჩემი ერთადერთი ხსნაა და იქ, ზეცაში მისი ხატება ჩემი ერთადერთი კმაყოფილებაა. ო, ჩემო მეგობრებო: უბრალოებავ, გულწრფელობავ, სისუფთავევ, ღვთაებრიობავ, უკვდავებავ და საყვარელო უზენაესო - ყველას სათითაოდ გთავაზობთ ჩემი მარადიულობის გულს-მადლიერებას, ჩემი უსასრულობის წყაროს-ერთიანობას, ჩემი უკვდავების აღტაცებას-სრულყოფილებას.

მისწრაფება

როგორ ვიყენებ ჩემს მისწრაფებას?

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას, რათა გავაერთიანო დედამიწის აღმავალი ვედრება და ზეცის დაღმავალი ღიმილი.

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას, რათა ჩემი სამყაროს ღამე-სურვილი გარდავქმნა ჩემი სამყაროს სიმაღლედ-გასხივოსნებად.

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას, რათა ვკვებო ჩემი მწყურვალი საყვარელი უზენაესი; მე ვკვებავ მას ჩემი მისწრაფების ალით-მადლიერებით.

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას, რათა დავივიწყო ყველაფერი, რაც ჩემმა მიწიერმა გონებამ მასწავლა, და ხელახლა ვისწავლო ყველაფერი ჩემი ზეცასავით თავისუფალი სულისგან.

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას, რათა ვიყო ჩემი ტკბილი, კეთილი და მშვენიერი გულის-ერთობის ახლო მეგობარი.

მე ვიყენებ ჩემს მისწრაფებას წარმატებისთვის გარე სამყაროში და პროგრესისთვის შიდა სამყაროში. როდესაც მე ბრწყინვალე წარმატებას ვაღწევ, გარე სამყარო მიღიმის, მაფასებს, მაღმერთებს და ცამდე ავყავარ. როდესაც მე ზეშთაგონებულად, ერთგულად და უპირობოდ მივიწევ წინ, ჩემი საყვარელი უზენაესი მიღიმის, მლოცავს და გულში მიხუტებს.

რა არის მისწრაფება? მისწრაფება ჩემი თვითგაცემაა.

რა არის თვითგაცემა? თვითგაცემა უმაღლესი ხელოვნებაა. ამ ხელოვნების წყალობით, მე გავაცნობიერე ის, რომ უნდა ჩავწვდე ჩემთვის უცნობ რეალობებს და უნდა შევიცნო ჩემი უმაღლესი „მე“, რომელიც ჩემი გულის ფარულ სიღრმეებშია ჩამალული. მე უნდა გავხდე შეგნებულად და განუყოფლად ერთიანი ჩემ უმაღლეს „მე“-სთან, რომელიც მუდმივად სრულ ჰარმონიაშია ჩემ საყვარელ უზენაესთან, და მე უნდა გამოვავლინო ჩემი ჯერ გომოუვლენელი რეალობები.

ჩემი მისწრაფება შეიცავს კონცენტრაციას, მედიტაციას და ჭვრეტას.

კონცენტრაცია ჩემი სიჩქარეა. ამ სიჩქარით მე მივრბივარ სწრაფად, უფრო სწრაფად, უსწრაფესად ჩემ საყვარელ უზენაესთან.

მედიტაცია ჩემი სიღრმეა, ჩემი მდუმარების სიღრმეა. ამ მდუმარების სიღრმიდან მე ვუხმობ ჩემ ტკბილ უფალს უზენაესს და ვათავსებ მას ღრმად ჩემ მადლიერ გულში.

ჭვრეტა ჩემი ექსტაზია. ამ ექსტაზით მე ვმღერი ჩემი ერთობის სიმღერას ჩემ მარადიულ უზენაეს მამასთან და ვცეკვავ ჩემი მარადისობის მეგობართან და თანამგზავრთან.

რეალიზაცია

როგორ ვიყენებ ჩემს რეალიზაციას?

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ ვიგემო კაცობრიობის სიღატაკე.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ ვიგემო ღვთაებრივის კეთილდღეობა.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მიყვარდეს კაცობრიობის ცრემლები.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაცის, რომ მიყვარდეს ღვთაებრივის ღიმილები.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მივცე კაცობრიობას ის, რაც მაქვს: იმედი, იმედი, იმედი.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ მივცე ღვთაებრიობას ის, რასაც წარმოვადგენ: დაპირება, დაპირება, დაპირება.

მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ გავანთავისუფლო, და რომ შემოვფარგლო. მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ გავათავისუფლო სასრული უსასრულობის გულის ხილვაში. მე იმისთვის ვიყენებ ჩემს რეალიზაციას, რომ შემოვფარგლო უსასრულობა სასრულის სხეულის გამოვლენის მისიის შიგნით.

რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია დავიწყებული წარსულის ტკბილი მოგონებაა.

რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია უვიცობის სნეულებისგან განკურნებაა, რაც საუკუნეების მანძილზე მტანჯავდა.

რა არის რეალიზაცია? რეალიზაცია ჩემი შეგნებული და მუდმივი მოგზაურობაა ჩემ შიდა მესაჭესთან მისი ოქროს ნავით აღმოუჩენელი მიწისკენ, სადაც სილამაზის, ღვთაებრიობის და უკვდავების თესლებიდან უსწრაფესად აღმოცენდება მდიდარი მოსავალი.

წუთიერი ცხოვრება

წუთიერი ცხოვრება - აი, ის ყველაფერი, რაც გვაქვს. მაშ რატომ ვტრაბახობთ, რატომ ვაზვიადებთ უზომოდ ჩვენ მიწიერ, მოკვდავ, მყიფე მიღწევებს? როდესაც სიკვდილი მოდის, ფიზიკური გვტოვებს, რამდენად ძლიერიც არ უნდა ყოფილიყო, ვიტალი გვტოვებს, როგორი ენთუზიაზმით აღსავსეც არ უნდა ყოფილიყო, გონება გვტოვებს, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა ყოფილიყო. გული გვტოვებს, როგორი კეთილი და სუფთაც არ უნდა ყოფილიყო.

წუთიერი ცხოვრება - აი, ის ყველაფერი, რაც გვაქვს. მაშინ რატომ უნდა ვუსმენდეთ ფიზიკური სამყაროს კარნახს, ცდუნების სამყაროს კარნახს? რატომ? რატომ არ ვუსმენთ ყოვლის გამასხივოსნებელ და ყოვლის ამსრულებელ სულის კარნახს? რატომ? რატომ? რატომ ყოველ ღამეს, მთელი ღამის განმავლობაში ვნადიმობთ ზღვასთან-უვიცობასთან? რატომ ვთამაშობთ ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში ურჩხულთან-სიბნელესთან? რატომ? რატომ? რატომ არ გვიყვარს ღმერთი თუნდაც პირობითად, თუ შეუძლებელია გვიყვარდეს იგი უპირობოდ? რატომ? რატომ?

წუთიერი ცხოვრება - აი, ის ყველაფერი, რაც გვაქვს. რატომ არ ვახარებთ ღმერთს ცოტათი მაინც, თუ არ შეგვიძლია მივანიჭოთ მას სრული და უპირობო სიხარული? რატომ? რატომ? ნუთუ ვერ ვეტყვით ღმერთს ერთხელ და სამუდამოდ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი წინა ცხოვრება ბოლო წამამდე ჩავაბარეთ ღამეს-უვიცობას, ამიერიდან ჩვენ ამ წუთიერ ცხოვრებას მხოლოდ მას ჩავაბარებთ? ნუთუ ვერ მივცემთ ღმერთს სრულ უფლებას, დაგვმოძღვროს, გვძერწოს და გვზარდოს ისე, როგორც მას სურს? რადგან ჩვენ დავმარცხდით უვიცობის ბრჭყალებში, ნუთუ ვერ მივცემთ ღმერთს შესაძლებლობას გაუძღვეს ჩვენს ცხოვრებას? თუ ღმერთი დამარცხდა, მაშინ ვნახოთ, თვითონ რას მოვუხერხებთ ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ ჩვენი მხრიდან უპრიანი არ იქნება, ყველა შემთხვევაში, ღმერთს მივცეთ შანსი, როგორც ბევრჯერ მიგვიცია ღამისთვის-უვიცობისთვის? ნუთუ ჩვენ მოკლე ინკარნაციას ვერ შევთავაზებთ ღმერთს და მხოლოდ ღმერთს? თუ ჩვენ სიცოცხლეს ღმერთს შევთავაზებთ, მაშინ ჩვენი მიწიერი ცხოვრება შეიძლება წლებით მოკლე იყოს, მაგრამ ჩვენი ზეციური მიღწევები სამუდამოდ გაგრძელდება.

ღმერთი გვეუბნება ჩვენ: „შვილნო ჩემნო, მე დაგპირდით, რომ ბოროტად არ გამოგიყენებთ, რომ შეცდომაში არ შეგიყვანთ. მე დაგიმტკიცებთ, რომ შემიძლია თქვენგან ახალი პიროვნებების, ახალი რეალობების და ახალი ღვთაებრიობების შექმნა. მხოლოდ მომეცით შანსი, როგორც არაერთხელ მიგიციათ შანსი უვიცობისთვის. მომეცით შანსი მხოლოდ ამ მოკლე, წუთიერი ცხოვრებისთვის, და ნახეთ, რისი გაკეთება შემიძლია თქვენთვის, თუ ვერ ხედავთ იმას, რაც უკვე გამიკეთებია თქვენთვის.

შვილნო ჩემნო, მომეცით შანსი და ნახეთ, რა შემიძლია გავაკეთო ამ თქვენ წუთიერ ცხოვრებაში. ეს წუთიერი ცხოვრება შეიძლება გაფართოებულ და გახანგრძლივებულ იქნას, თუ თქვენ მოინდომებთ განჭვრეტოთ ჩემი ღვთაებრიობა თქვენი გულის განდგომით და თქვენი სულის ერთობით. წუთიერი ცხოვრება არ უნდა იყოს და ვერც იქნება ბოლო სიტყვა დედამიწის არენაზე. მხოლოდ დაუსრულებელ ცხოვრებას, რომელიც არც დაბადება აქვს და არც სიკვდილი, შეუძლია დააკმაყოფილოს ადამიანი, მომავალი ღმერთი.“

მე მსურს ვიყო თავისუფალი

მე მსურს ვიყო თავისუფალი შფოთისგან, შიშისა და ეჭვისგან. შფოთი ანელებს ჩემს სიჩქარეს, ჩემს შინაგან სიჩქარეს. შიში ძალას მართმევს. ეჭვი მწამლავს. მე მჭირდება სიჩუმე შფოთის სანაცვლოდ. მე მჭირდება სიმამაცე ჩემი შიშის სანაცვლოდ. მე მჭირდება რწმენა ჩემი ეჭვის სანაცვლოდ. ჩემი სიჩუმე ჩემი დარწმუნებულობაა და ღვთის რწმუნებაა. ჩემი სიმამაცე მოემსახურება ღმერთს-ადამიანს მთელ სამყაროში. ჩემ სიმამაცეს ეყვარება ღმერთი-ადამიანი შიდა სამყაროში და გარე სამყაროში. ჩემი რწმენა დააჩქარებს არა მხოლოდ ჩემ მოგზაურობას, არამედ ყველა გულწრფელი მაძიებლის მოგზაურობას; რადგან ჩვენ ერთნი ვართ, განუყოფლად ერთნი. ჩემი რწმენის ძალა მათ გააძლიერებს, და მათი რწმენის ძალა მე გამაძლიერებს.

მე მსურს ვიყო თავისუფალი არაგულწრფელობისგან, დაურწმუნებლობისა და უსუფთაობისაგან. არაგულწრფელობა მაშორებს უფლის სიდიადისგან. დაურწმუნებლობა მაშორებს უფლის უსაზღვროებისგან. უსუფთაობა მაშორებს უფლის სიახლოვისგან. გულწრფელობა ჩაანაცვლებს ჩემ არაგულწრფელობას. დარწმუნებულობა ჩაანაცვლებს ჩემ დაურწმუნებლობას. სისუფთავე ჩაანაცვლებს ჩემ უსუფთაობას. ჩემი გულწრფელობა მე დამიცავს; ის ყოველთვის მიხსნის შიდა და გარე ნგრევისგან. ჩემი დარწმუნებულობა მაგრძნობინებს, რომ ჩემი საწყისი, ჩემი საყვარელი უზენაესი, ყოველთვის ჩემთვისაა, ჩემთვისაა, ჩემთვისაა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, რასაც არ უნდა ვამბობდე, ის მარად ჩემთვისაა. ჩემი სისუფთავე საშუალებას მომცემს ყოველწამს ვესაუბრო მას, ვიმღერო მასთან და ვითამაშო მასთან აქ, იქ და ყველგან.

მე მსურს ვიყო თავისუფალი ნებისმიერი თავის მოტყუებისგან, თავის გამოჩენისგან, საკუთარი თავის ექსპლუატაციისგან. მე საკუთარ თავს აღარ მოვახვევ მკაცრ ასკეტიზმს, რადგან ეს არასწორი გზაა. მე აღარ დავანახებ სამყაროს ჩემ ოცნებას-უვიცობას. მე აღარ გავუწევ ექსპლუატაციას საკუთარ თავს. მე უკვე ვუწევდი ექსპლუატაციას ჩემი საყვარელი უზენაესის შებრალებას. მე უკვე ვუწევდი ექსპლუატაციას სამყაროს უზომო მოთმინებას. მე უკვე ვუწევდი ექსპლუატაციას ჩემ სუსტ უმწეობას. მაგრამ მე ღმერთს ექსპლუატაციას აღარ გავუწევ, მე სამყაროს ექსპლუატაციას აღარ გავუწევ, მე საკუთარ თავს ექსპლუატაციას აღარ გავუწევ.

მე მსურს ვიყო თავისუფალი იმისგან, რასაც წარმოვადგენ გარე სამყაროში და იმისგან, რასაც წარმოვადგენ შიდა სამყაროში. ახლა გარე სამყაროში უიმედო იმედი ვარ, შიდა სამყაროში კი - უნაყოფო დაპირება. მე მინდა გარდავქმნა ჩემი იმედის სამყარო რეალობის სამყაროდ, იმ რეალობის, რომელიც თავად ასრულებაა. მე მინდა გარდავქმნა ჩემი უნაყოფო დაპირება ნაყოფიერ მოქმედებად. ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ უძილო შიდა ვედრების ძალით. მე შემიძლია ვზარდო ჩემი შიდა ვედრება მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ჩემ საყვარელ უზენაესს ვთავაზობ ყველაზე ძვირფასს იმისგან, რაც თვითონვე მიბოძა თავისი უსასრულო სიუხვიდან, და ეს ყველაზე ძვირფასი რამ ჩემი მადლიერი გულის პაწაწინა ალია.

გამოცდილება და რეალიზაცია

გამოცდილება ამზადებს, რეალიზაცია გვიწილადებს. გამოცდილება ამზადებს მაძიებელს ღვთის რჩეული საათისთვის. რეალიზაცია აზიარებს მაძიებელს ღმერთით. გამოცდილება დაუღალავად ცდილობს და შესთხოვს, რათა მოიპოვოს მიზანი. რეალიზაცია ძალისხმევის გარეშე ცხოვრობს ამ მიზანში და საბოლოოდ მიზნად იქცევა. გამოცდილება საიდუმლოდ ეუბნება მაძიებელს, თუ ვინ გახდება ის საბოლოოდ: ის გახდება ღვთის ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტი. თვითრეალიზაცია ღიმილით ეუბნება მაძიებელს, თუ რას წარმოადგენს ის სამარადისოდ აქ, დედამიწაზე და იქ, ზეცაში. დედამიწაზე ის ღმერთია მისწრაფებულ და განვითარებად ადამიანში. ზეცაში ის ადამიანია გამასხივოსნებელ და ასრულების მომნიჭებელ ღმერთში.

გამოცდილება დარწმუნებულია იმაში, რომ ეს ჩვენი სამყარო ბრძოლის ველია. აქ მარად იბრძვის კეთილი და ბოროტი, ღვთაებრივი და არაღვთაებრივი ძალები. რეალიზაციამ იცის, რომ ეს ჩვენი სამყარო არაა ბრძოლის ველი. მან სპონტანურად იცის, რომ ეს ჩვენი სამყარო ღვთის ყოვლის გადამლახავი ხე-ხილვაა და ღვთის ყოვლის მასაზრდოებელი ნაყოფი-რეალობაა.

გამოცდილება მოძრაობს სასრულიდან უსასრულობისკენ. თავიდან ის გრძნობს თავის ყოფნას სასრულში, შემდგომ კი - უსასრულობაში. დასაწყისში ის გაიგივებას განიცდის სასრულ წვეთთან, შემდგომ კი - უსასრულო ზღვასთან. რეალიზაცია თავიდანვე მიცურავს ღმერთთან, მარადიულ მოცურავესთან, უსასრულო ზღვაში. ყოველი გამოცდილება დამატებითი ძალაა ჩვენი ცხოვრების განვითარების პროცესში. უსასრულობის გზაზე მსვლელობისას, ყოველი გამოცდილება დამატებითი ძალაა. ყოველი რეალიზაცია ტრიუმფია ძველ საზღვრებს გადამლახავი. როდესაც მივრბივართ სწრაფად, უფრო სწრაფად, ყველაზე სწრაფად უსასრულობის გზაზე, ყოველი რეალიზაცია ტრიუმფია ძველი საზღვრების გადამლახავი.

გამოცდილებას განსაკუთრებით უყვარს ღმერთი - შემბრალებელი მამა. რეალიზაციას უყვარს ღმერთი - ერთობის მოყვარე.

გამოცდილება ჩვენი მოგზაურობის დაბადებაა. რეალიზაცია თავად ჩვენი მარად საზღვრების გადამლახავი, მარად გასხივოსნების და მარად ასრულების მომტანი მოგზაურობაა.

შენ სულიერი ხარ

შენ სულიერი ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ დაგრჩა მხოლოდ ცოტა სურვილი, სულსულ ცოტა სურვილი. ერთხელაც შენ მიხვალ იმ წერტილამდე, როდესაც მხოლოდ ერთი სურვილი გექნება: ღმერთი. ღვთის რეალიზაცია - შენი ერთადერთი სურვილი იქნება. მხოლოდ ერთი სურვილი დაგრჩება და ამ სურვილს ღრმა სიყვარულით, სიხარულით და სიამაყით თავად ღმერთი აგისრულებს.

შენ სულიერი ხარ. რაც იმას ნიშნავს, რომ შენ გულწრფელი ხარ. გულწრფელობა ორი სახისაა. ერთი - ადამიანური გულწრფელობაა, გონების გულწრფელობაა, სხვა - ღვთაებრივი გულწრფელობაა, გულის გულწრფელობაა. ადამიანური გულწრფელობა, რომელზეცაა საუბარი, შენი ადამიანური ოჯახის ყველაზე განვითარებული წევრისგან მოდის. გონება გვეუბნება, რომ ეს გულწრფელობაა, ის არაგულწრფელობაა. გონება შთაგაგონებს ან გიბრძანებს, სწორად ილაპარაკო, გულწრფელად ილაპარაკო. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი რამ, რასაც გულის გულწრფელობა ჰქვია. გულის გულწრფელობა სულ სხვა რამ არის. გულის გულწრფელობა უზენაესის ნებასთან ერთიანობაა. გონება მხოლოდ ხანდახან არის გულწრფელი, როდესაც მას შეუძლია გარკვეული მოგება ან სარგებელი მიიღოს გულწრფელობიდან. ხანდახან გონება გულწრფელია იმიტომ, რომ ის გრძნობს შინაგან ძალდატანებას; ის შინაგანად თავს ვალდებულად გრძნობს. მაგრამ გულის გულწრფელობაში, რომელიც წარმოადგენს ერთიანობას უზენაესის ნებასთან, არის შინაგანი, განსაკუთრებული მიზანი, რომელსაც ადამიანის გონება ვერ წვდება. თუ სულიერი ხარ, საბოლოოდ, შენ მზად იქნები შენი ნება უზენაესის ნებასთან გააერთიანო. შენ ზუსტად ასეთი სახის გულწრფელობისკენ მიისწრაფი.

შენ სულიერი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ თავმდაბალი ხარ. აქ თავმდაბლობა ნიშნავს სამყაროს ტვირთის მიღებას შენი შესაძლებლობების შესაბამისად. ღმერთი თვით თავმდაბლობაა. მან, როგორც საკუთარი ხვედრი, ისე მიიღო მთელი სამყაროს ტვირთი. შენც ასევე იღებ გარე სამყაროს ტვირთს, შენი შეზღუდული შესაძლებლობების შესაბამისად. შენ ხესავით ხარ. ხე ატარებს ფოთლებს, ყვავილებს, ნაყოფს და დანარჩენს. შენც ასევე შეგიძლია გარე სამყაროს ტვირთი მხრებით ატარო. ეს შენი თავმდაბლობაა.

შენ სულიერი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ დარწმუნებული ხარ. აქ დარწმუნებულობა ნიშნავს იმას, რომ შენში გრძნობ ღმერთის ცხოველმყოფელობას, ღმერთში კი შენს ცხოველმყოფელობას გრძნობ. საკუთარ თავს ასევე ეუბნები, რომ შენ ღმერთისთვის ხარ, და ღმერთი შენთვისაა. როდესაც შენ საკუთარ თავს ეუბნები, რომ ღმერთი შენთვისაა და შენ ღმერთისთვის ხარ, და როდესაც გრძნობ საკუთარი არსების ყოფნას ღმერთში და ღვთის არსებობას შენში, ეს შენი თავმდაბლობაა.

შენ სულიერი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ სუფთა ხარ. რა სახის სისუფთავისკენ მიისწრაფი? შენ მიისწრაფი ისეთი სისუფთავისკენ, რომელიც ღმერთს კმაყოფილებას მოუტანს და შეინარჩუნებს მას შენს გულში, შენს გონებაში, შენს ვიტალში და შენს სხეულში. ყველა შენი უსუფთაობა დაგტოვებს, როდესაც ღმერთი საცხოვრებლად შემოვა შენს ოთახში-სხეულში, ოთახში-ვიტალში, ოთახში-გონებაში, და ოთახში-გულში. თუ იგრძნობ, რომ ღმერთი ცხოვრობს შენში, მხოლოდ მაშინ შეძლებ ნამდვილი სისუფთავის მიღწევას.

შენ სულიერი ხარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთაებრივი ხარ. პირველ რიგში, შენი ღვთაებრიობა იტყვის, რომ არ არის ურყევი კედელი შენსა და ღმერთს შორის. შენ ღვთის პირისპირ დგახარ და ღმერთი შენს პირისპირ დგას. შენი ღვთაებრიობა გაგრძნობინებს შენ, რომ ორი ღმერთი პირისპირ დგას და ერთმანეთს ესაუბრება. მაგრამ საბოლოოდ შენ ღმერთს შეერწყმი, რომლის პირისპირ დგახარ ახლა. შენ გაიგებ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ღმერთი და რომ მთელი სამყარო მისი პროექციაა. შემდეგ დადგება დრო, როცა ღმერთი გთხოვს ითამაშო მისი როლი. ის გაგრძნობინებს, რომ შენ ხარ ღმერთი და ის შენი პროექციაა. შემდგომ ის დაიმალება და ითამაშებს სამყაროს როლს, იმ დროს, როცა შენ ღმერთის როლს ითამაშებ. ის ხდება ქმნილება, შენ კი შემოქმედი ხდები. შენ ღვთის ქმნილება ხარ მისი ხილვის, მისიისა და საჭიროების თანახმად. მაგრამ როდესაც ის სრულიად კმაყოფილია შენი სულიერებით, ის ამბობს: „შვილო ჩემო, მე თამაშს ვცვლი. მე გავხდები ქმნილება, შენ კი შემოქმედი იყავი.“ აი როგორ ხდები განუყოფლად ერთიანი წყაროსთან, რომლის ჩანაფიქრიც ხარ და რომელმაც შეგქმნა.

სულიერება

სულიერება ადამიანის შეგნებული წყურვილია ღმერთისა. სულიერება გვეუბნება, რომ დღესდღეობით შეუცნობელი ღმერთი ხვალ შეცნობადი გახდება, ზეგ კი - სრულიად შეცნობილი.

ჩვენ უნდა გვჭირდებოდეს ღმერთი თავად ღვთის გულისთვის. ღმერთს შეუძლია ჩვენებურად მოგვიტანოს ასრულება, მაგრამ ჩვენ თვითონ ვერ ვიგრძნობთ ნამდვილ ასრულებას, თუ ღმერთი ჩვენებურად დაგვაკმაყოფილებს. ჩვენი ვედრებით აღსავსე გული, ჩვენი მისწრაფებით აღსავსე გული, ჩვენი გასხივოსნების მომტანი გული ვერასოდეს დაკმაყოფილდება, სანამ ღმერთს ისე არ გაახარებს, როგორც ღმერთს სურს.

დასაბამის არმქონე დასაბამი გვეუბნება, რომ სულიერება ნერგი-მისწრაფებაა. ეს ნერგი იზრდება და იზრდება; ის მარად იზრდება. დასასრულის არმქონე დასასრული გვეუბნება, რომ სულიერება მინდობა-ხეა. ამ ხეს ღვთაებრივი ნაყოფი მოაქვს, და ეს ნაყოფი ჩვენამდე აღწევს მუდმივი, შეგნებული და მინდობით სავსე ერთიანობით ჩვენ საყვარელ უზენაესთან.

ნამდვილი სულიერება ცხოვრების ჩვენეული შეგნებული მიღებაა, არა გაუქმება, არა უარყოფა და არა მოსპობა. ჩვენ უნდა გვჭირდებოდეს ცხოვრების მიღება და ძირეულად ცხოვრების სახე შეცვლისა ჩვენი საყვარელი უზენაესის ხატებად.

სულიერება ეუბნება გულს: „ო, გულო, რატომ ხარ გაურკვევლობაში? ნუთუ ვერ გრძნობ, რომ შენშია ყოვლისშემძლე უფალი უზენაესი? შენ თავს გაურკვევლად არ უნდა გრძნობდე, რადგან მხოლოდ შენ შეგიძლია აუწყო მსოფლიოს, რომ შენშია დავანებული საყვარელი უზენაესი. არსების სხვა ნაწილებიდან შენ იყავი ამორჩეული მთავარ ინსტრუმენტად, რათა გაუძღვე გონებას, ვიტალსა და სხეულს სულისკენ. სული კი, საბოლოოდ, მათ ჩემთან მოიყვანს.“

სულიერება ეუბნება გონებას: „ო, გონებავ, ნუღარ ფიქრობ, შენი აზრი-ძალა მხოლოდ არეულობაა. შენ შეცდომაში შეგყავს შენი ოჯახის სხვა წევრები - სხეული, ვიტალი და გული, და ამავე დროს შენ აბნევ საკუთარ თავს, როდესაც ანებივრებ საკუთარ სამყაროს-აზრებს. იყავი ბრძენი და დარჩი მდუმარედ.“

სულიერება ეუბნება ვიტალს: „ო, ვიტალო, ნუ ისურვებ. რომც დაეუფლო იმას, რაც ძლიერ გწადია, ეს მაინც არ დაგაკმაყოფილებს. ამ ფლობაში უფრო მეტის სურვილი გაჩნდება. ამ ხვეწნა-მუდარაში შენ ყოველთვის მათხოვრად დარჩები. რაც არ უნდა მიიღო, შენ მაინც დაუკმაყოფილებელი და აუსრულებელი დარჩები. ამიტომ ნუ ივლი ამ გზით. შენი ხვეწნა-მუდარა უნდა დასრულდეს."

ბოლოს, სულიერება ეუბნება სხეულს: „ო, სხეულო, კიდევ რამდენხანს იძინებ? ნუთუ არ იცი, რომ უხსოვარი დროიდან გძინავს? შენი უვიცობის-ძილის გამო ოჯახის დანარჩენი წევრები ვერ აღწევენ ოქროს ნაპირს, დანიშნულ მიზანს. სხეულო, ნუ გძინავს! მიზანი მხოლოდ მათთვისაა, ვისაც გაეღვიძა. გაიღვიძე, აღსდექი! შენი ოჯახის დანარჩენი წევრები უსწრაფესზე სწრაფად გაიქცევიან იმ წამსვე, როგორც კი შენ აქტიური და დინამიური გახდები და გვერდზე მოისვრი უვიცობის-ძილის ბორკილებს.

სულიერება ეუბნება მაძიებელს, რომ მან არ იცხოვროს ჭაღარა წარსულში, არ იცხოვროს შორეულ მომავალში და იცხოვროს დღევანდელი დღის უშუალობაში, მარადიულ „ახლაში“. ეს მარადიული „ახლა“ განასახიერებს ადამიანს - მისწრაფების მარცვალს და ღმერთს - ყოვლის მასაზრდოებელ ნაყოფს.

ნგრევა, ფლობა და გასხივოსნება

ცხოველური სამყარო, ადამიანური სამყარო, ღვთაებრივი სამყარო: ნგრევის სამყარო, ფლობის სამყარო და გასხივოსნების სამყარო.

ნგრევა ძალიან რთული ტერმინია. ცხოველურ სამყაროში ნგრევა დროდადრო საჭიროა გარდაქმნისათვის. სხვა შემთხვევაში კი ნგრევა უარყოფითი ძალაა, სიბნელის ძალაა, ის საერთოდ არც გამამხნევებელი, არც სასარგებლო და არც ნაყოფიერია. აზრთა სამყაროც კი, რომელიც ასე გვიადვილებს ცხოვრებას, შეიძლება სრულიად დამანგრეველი იყოს. საკუთარი თავის გასანადგურებლად ჩვენ სხვა არავინ გვჭირდება. ერთი არაჯანსაღი, სამარცხვინო აზრი საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი მენტალური წონასწორობა დაინგრეს და როდესაც ჩვენ ვკარგავთ მენტალურ წონასწორობას, ვკარგავთ ყველაფერს.

შესუნთქვისას ჩვენ შევისუნთქავთ უამრავ პაწია ღვთის ქმნილებებს. იმისთვის, რომ ვიცოცხლოთ, ჩვენ უნდა ვისუნთქოთ და მათ მოუწევთ ჩვენ მსხვერპლად იქცენ. როდესაც ისინი კვდებიან, ჩვენ კეთილ გულს, თავისი ერთობის ძალიდან გამომდინარე, თავი უბედურად უნდა ეგრძნო. მაგრამ, როდესაც შევდივართ რეალობის უფრო ღრმა სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეგრეთწოდებული ნგრევა, საერთოდ არ ყოფილა ნგრევა. ღვთის კოსმიურ გეგმაში ეს მიღებული გზაა ჩვენი სიცოცხლის გაგრძელებისთვის. ის, რასაც ზოგიერთი ნგრევას უწოდებს, სინამდვილეში წინ გადადგმული ნაბიჯია ამ ღვთის პაწია ქმნილებებისთვის, რადგან სული ვითარდება სიკვდილისა და ხელახალი დაბადების პროცესში.

ფლობის სამყაროში ჩვენ ვფლობთ, რათა ვისიამოვნოთ. მაგრამ ფლობისას ჩვენ მიუკერძოებლები ვერ ვრჩებით. ჩვენ გვსურს ეს და არ გვსურს ის. ჩვენი განცალკევებულობის გრძნობის გამო ერთ-ერთს ვამჯობინებთ, მაგრამ ვამჯობინებთ ჩვენი ადამიანური გაგებით. ჩვენ ვამჯობინებთ იმას, რაც სტიმულს გვაძლევს ან იმას, რაც მოგვიტანს მყისიერ სიხარულს და კმაყოფილებას. რაც შეეხება ღმერთს, ის მიუკერძოებელია. ის ყველაფერს ხედავს, როგორც საკუთარს და ყველაფერში უდიდეს სარგებელს და აუცილებლობას გრძნობს.

ჩვენ გვინდა სამყაროს ვფლობდეთ, მაგრამ ათვისების უნარი იმდენად შეზღუდული გვაქვს, რომ არჩევნის გაკეთება გვიწევს ამასა თუ იმას შორის. რაც შეეხება ღმერთს, ის არ ირჩევს, ის არაფერს ანიჭებს უპირატესობას; ის ყველაფერს ფლობს. მას სურს გამოავლინოს თავისი საკუთარი ღვთაებრიობა, რომელიც თავის თითოეულ ქმნილებაში ჩასახა. დამანგრეველ უვიცობის ძალებსაც კი აქვთ გარკვეული სინათლე. ღმერთს სურს ის უსასრულოდ მცირე სინათლის წვეთიც კი, რომელიც უვიცობის ძალებს აქვთ, გამოიტანოს წინა პლანზე. ჩვენ, ღმერთის მსგავსად, უნდა დავინახოთ ღვთაებრიობა უვიცობის ძალებში. მოდით, ნუ ჩავთვლით, რომ გარე სამყარო პირველ ადგილზე დგას; მოდით, გარე სხეულს მთელ ყურადღებას ნუ დავუთმობთ, რომელიც შეიძლება ღვთაებრივი არც არის. ქმნილების გარე სხეულის ნაცვლად, ჩვენ საქმეს დავიჭერთ მეტწილად ღვთაებრივთან, ქმნილების შიდა რეალობასთან, და შევეცდებით გარდავქმნათ რეალობა-სხეული, რათა ისიც ასეთივე სრულყოფილი გახდეს, როგორიც რეალობა-სულია.

ღვთაებრივ სამყაროში გასხივოსნება სრულყოფილებაა. ეს გასხივოსნება არასოდეს უარყოფს ფლობის სამყაროს ან ნგრევის სამყაროს. მას ადვილად შეუძლია ჩატიოს საკუთარ თავში ფლობის სამყარო და ნგრევის სამყარო. როდესაც ის შედის ნგრევის სამყაროში, მას წინა პლანზე ენერგია გამოაქვს, რადგან ნგრევას უსაზღვრო ენერგია აქვს. მას წინა პლანზე ღვთის ქმნილების ასპექტი-ენერგია გამოაქვს, და შემდგომ იყენებს მას ღვთაებრივი მიზნისთვის. როდესაც გასხივოსნება შედის ფლობის სამყაროში, ის ეუფლება ყველაფერს, ის არაფერს გამორიცხავს. მას წინა პლანზე ღვთაებრიობის არსი გამოაქვს, რომელიც ყველაფერშია. როდესაც ღვთაებრიობა წინა პლანზე გამოდის, გარე სხეულიც კი ადვილად შეიძლება გარდაიქმნას. გასხივოსნების სამყარო არ გამორიცხავს არც ფლობის და არც ნგრევის სამყაროს. გასხივოსნება მიღების სამყაროა.

ღმერთმა შექმნა მთელი სამყარო საკუთარი კმაყოფილებისთვის. მაგრამ მისი კმაყოფილება ჩვენს კმაყოფილებას არ ჰგავს. მოთხოვნების წაყენება და ფლობა, თქმა იმისა: „ეს ჩემია, ამას ვფლობ“ - ჩვენი კმაყოფილებაა. რაც შეეხება ღმერთს, ის ყოველთვის ხედავს საკუთარ ქმნილებას და საკუთარ არსებას, როგორც ერთიანს. ჩვენს შემთხვევაში, ფლობა კიდევ სხვა რაღაცას ან ვიღაცას გულისხმობს. ჩვენ ვამბობთ: „მე მფლობელი ვარ, შენ კი საკუთრება ხარ.“ შემდეგ ვგრძნობთ, რომ აღვემატებით ჩვენს საკუთრებას, რადგან ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია მასთან მიმართებაში. ღმერთი კი გრძნობს, რომ ის და მისი საკუთრება ერთი და იგივეა; ისინი თანასწორნი არიან.

ზოგჯერ ქმნილება წინ აღუდგება თავის შემოქმედს. მშობლები თავიანთი შვილების შემოქმედნი არიან. როდესაც შვილები იზრდებიან, და შედიან სიყმაწვილის ასაკში, ხშირად უჯანყდებიან მშობლებს. ქმნილება შეიძლება ძლიერი გახდეს და გასცდეს შემოქმედის ხილვას. რაც შეეხება ღმერთს, ის თავისი ხილვით ქმნის, თუკი ეს ქმნილება სცდება მის რეალობა-ხილვას, ის არ გრძნობს თავს მოწყენილად ან უბედურად. პირიქით, ეს ისაა, რაც მას სინამდვილეში სურს. თავისი სამყაროს ხილვაში ღმერთი ხედავს ერთ რეალობას, მაგრამ ამ რეალობის შიგნით ბევრი რეალობაა აყვავებული.

თუ ვიღებთ იმას, რაც გვსურს, ჩვენ გარკვეული ხნით ვკმაყოფილდებით. მაგრამ ერთი ცენტით ზედმეტი თუ მივიღეთ, ვიდრე ჩვენ გვსურდა, უკმაყოფილონი ვართ, რადგან ეს მთლად ის არაა, რაც გვსურდა. ჩვენ გვსურს ფლობა, მაგრამ თუ ცოტათი მეტია, ან ნაკლები იმაზე, რაც გვინდოდა, უკმაყოფილონი ვართ, რადგან ადამიანის სურვილი იმდენად შეზღუდულია, რომ ჩვენ რაიმეს მიღება გვსურს ზუსტად ისე, როგორც ეს ჩვენმა გონებამ ჩაიფიქრა. რაც შეეხება ღმერთს, ის მაშინვეა კმაყოფილი, როგორც კი ქმნის თავისი ხილვის პროექციას. მაშინაც კი, თუ ის სხვაგვარად ვლინდება, ღმერთი დიდი სახარულით ივსება. ჩვენ, როგორც კი სასურველს დავისახავთ, ველით გარკვეულ შედეგს, თუკი შედეგი არ ემთხვევა ჩვენს მოლოდინს, უბედურად ვგრძნობთ თავს. ღმერთისთვის გეგმის დასახვაც კი საკმარისზე მეტია მისი კმაყოფილებისთვის.

ნგრევა დროდადრო აუცილებელია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ ასევე დინამიური ენერგიის წინა პლანზე გამოტანისთვის, რომელიც ახლა საზიანოდ გამოიყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლეთარგიისა და ძილის სამყარო დაფარავს სულის დაუცხრომელ ენერგიას. ფლობა თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რას ვფლობდეთ. უნდა ვიცოდეთ, რომ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვჭირდება, - მოვალეობა, სილამაზე, სინათლე და აღტაცებაა. სწორედ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვიტანოთ წინა პლანზე. ჩვენ იმ საგნებს კი არ დავეუფლებით, რომლებიც მონებად გვაქცევენ, მაშინაც კი როდესაც ჩვენ მათ ვფლობთ, არამედ იმ საგნებს, რომლებიც ერთობის სიმღერას იმღერებენ. გასხივოსნება ყველაფრის მიღებაა - ნგრევის, ფლობის, ყველაფრის - მაგრამ მხოლოდ გარდაქმნისათვის.

გონება ეხლა იმყოფება ადამიანთა სამყაროში, ცდუნების სამყაროში. თვალები რაღაც მშვენიერს ხედავენ და დაუყოვნებლივ აცდუნებენ გონებას: მივიდეს და ხელი სტაცოს მას. არსების ყოველი ნაწილი ცდუნების ობიექტია და ცდუნება თავს ესხმის მას.

ცდუნების სამყაროში მუდმივი ბრძოლაა, თოკის გადაწევა მიმდინარეობს ცდუნებასა და გასხივოსნებას შორის. ცდუნებას თავისი საზღვრების გაფართოება სურს, მაგრამ მაშინაც კი, როცა ფართოვდება, მაინც ვერ კმაყოფილდება, რადგან ცდუნებას ყოველთვის იმედგაცრუება მოჰყვება. ის უცვლელ კმაყოფილებას ეძებს გამუდმებით - იქ, აქ, ყველგან. როდესაც ის ხედავს გასხივოსნებას, ბოლოს ნებდება, რადგან ხედავს, რომ გასხივოსნება კმაყოფილებას განასახიერებს.

გასხივოსნება გარს ერტყმის ნგრევის, ფლობის და ცდუნების სამყაროს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მივისწრაფოდეთ გასხივოსნებისკენ, რათა ვიხსნათ ჩვენი მიწიერებას მიჯაჭვული ცხოვრება ნგრევის სამყაროსგან და ჩვენი მიწიერებას მიჯაჭვული ცხოვრება თავისუფალ სამყაროდ გარდავქმნათ.

მოლოდინი

მოლოდინი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსურს ვფლობდე მსოფლიოს. მოლოდინი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსურს მსოფლიოზე გაბატონება. მოლოდი იმედგაცრუებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსურს მსოფლიო დაემორჩილოს ჩემს ნებას.

მოლოდინი შეიძლება გამართლებული იყოს, როცა მიყვარს მსოფლიო და მსურს, რომ მსოფლიომ თავისი გული-მადლიერება შემომთავაზოს. მოლოდინი შეიძლება გამართლებული იყო, როცა ღმერთს ვევედრები მსოფლიოს გაუმჯობესებაზე, გარდაქმნაზე, გასხივოსნებაზე და მსურს, რომ მსოფლიომ გული-მადლიერება შემომთავაზოს. მოლოდინი შეიძლება გამართლებული იყოს, როცა მე გულწრფელად, ერთგულად და უანგაროდ ვცდილობ ავამაღლო დედამიწის ცნობიერება ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე და მსურს, მსოფლიომ გული-მადლიერება შემომთავაზოს.

მოლოდინი კმაყოფილებაა, როდესაც მე ერთგულად, ზეშთაგონებულად და უპირობოდ ველოდები ღვთის რჩეულ საათს, რომელიც გამათავისუფლებს, გამასხივოსნებს, გარდამქმნის, სრულმყოფს და ასრულებას მომიტანს. მოლოდინი კმაყოფილებაა, როდესაც ჩემი გულის იდუმალ სიღრმეებში ვგრძნობ, რომ ღმერთი არა მხოლოდ ჩემი უმაღლესი უფალია, აბსოლუტური უზენაესი, არამედ ჩემი მეგობარი, ჩემი მარადიული და ერთგული მეგობარია. მოლოდინი კმაყოფილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცი, რომ შინაგან სამყაროში ღმერთმა ჩემთვის ყველაფერი გააკეთა. ეს ჩემი აღმოჩენა ჩემ მის მიმართ რწმენაზეა დაფუძნებული, არა იმიტომ, რომ ის ჩემთვის თავად სიყვარულია, არამედ იმიტომ, რომ შევიცანი უსასრულოდ უფრო მნიშვნელოვანი რამ: რომ ღმერთი, ჩემი უზენაესი უფალი, ჩემი მარადიული მეგობარი ყველაფერს აკეთებს ჩემში და ჩემი მეშვეობით. ის აფართოებს და ავრცელებს მის საკუთარ კოსმიურ ხილვას ჩემში და ჩემი მეშვეობით. როდესაც ვაცნობიერებ იმას, რაც მან გააკეთა ჩემთვის და რასაც წარმოადგენს ჩემთვის, ჩემი ცხოვრება იძენს ზეშთაგონებულ მიზანს და ნაყოფიერ აღტაცებას.

როდესაც რაიმე მიზნისთვის მე ჩემში ადამიანით ვსარგებლობ, ჩემი მოლოდინი იმედგაცრუებად იქცევა. როდესაც რაიმე მიზნისთვის მე ჩემში ღვთაებრიობით ვსარგებლობ, მაშინ ჩემი მოლოდინი გამართლებულია. მაგრამ თუ რამეს ვასრულებ ჩემი უზენაესი უფლის, ჩემი მარადიული მეგობრის დახმარებით, ჩემი მოლოდინი კმაყოფილებაა, რადგან ჩემი მოლოდინი მისი სინითლე-ხილვაა, ჩემი კმაყოფილება კი მისი აღტაცება-რეალობაა. ისინი ერთი და განუყოფელია.

ცხოვრება-ლოცვა და ცხოვრება-მედიტაცია

დიდი, დიდი ხნის წინ ჩემი ძვირფასი უზენაესი ერთხელაც მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, ილოცე. შენ უნდა ილოცო. ამიერიდან შენ ჩემზე უნდა ლოცულობდე რეგულარულად.“ მე დავემორჩილე ჩემს საყვარელ უზენაესს და ლოცვა დავიწყე.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი საყვარელი უზენაესი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, იმედიტირე. მე მინდა, რომ შენ მედიტირებდე. ამიერიდან შენ ყოველდღ რეგულარულად უნდა მედიტირებდე.“ მე დავემორჩილე ჩემს საყვარელ უზენაესს და მედიტირება დავიწყე.

მერე ერთხელაც ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, ხედავ რაიმე ცვლილებებს, გაუმჯობესებას, რაიმე ახალს შენს ცხოვრებაში?“

მე ვთქვი: „კი, ვხედავ.“

ღმერთმა მკითხა: „და რა არის ეს?“

მე ვუთხარი მას: „მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ცხოვრების ცვლილებებზე და გაუმჯობესებაზე შენ მეტყვი, რადგან მე შეიძლება შევცდე კიდეც. რაც არ უნდა თქვა, სიხარულით მივიღებ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.“

ჩემი საყვარელი უზენაესი ჩემით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან თქვა: „მას შემდეგ, რაც დაიწყე ლოცვა, შენ გრძნობ შენს სიახლოვეს ჩემთან. მას შემდეგ, რაც დაიწყე მედიტირება, შენ გრძნობ ჩემს სიახლოვეს შენთან. როდესაც ლოცულობ, შენ გრძნობ შენს სიახლოვეს ჩემთან, და როდესაც მედიტირებ, შენ გრძნობ ჩემს სიახლოვეს შენთან.

გარდა ამისა, ლოცვის დროს შენ ხედავ ჩემი სიკეთისა და ჩემი შებრალების ასპექტს, მედიტაციის დროს კი შენ ხედავ ჩემი სილამაზისა და ჩემი ნაყოფიერების ასპექტს. როდესაც ლოცულობ, მე შენს მიმართ სიკეთით და შებრალებით ვარ აღსავსე, და როდესაც მედიტირებ, მე შენთვის მშვენიერი და ნაყოფიერი ვარ. ეს ჩემი ოთხი თვისება უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ მე შენს მიმართ კეთილი და შემბრალებელი არ ვარ, რატომ უნდა გაჩვენებდე ჩემს სილამაზეს და ჩემს ნაყოფიერებას? რადგან ლოცულობ, შენ ხედავ ჩემი სიკეთისა და ჩემი შებრალების ასპექტს, და რადგან მედიტირებ, შენ ხედავ ჩემი სილამაზისა და ჩემი ნაყოფიერების ასპექტს.

უფრო მეტს იგრძნობ. ამიერიდან ლოცვის დროს შენ იგრძნობ, რომ მხოლოდ მე გჭირდები, მედიტაციის დროს კი შენ იგრძნობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები. ახლა შენთვის შეუძლებელია დაჯერება იმისა, რომ შენ მჭირდები, რადგან გრძნობ, რომ მე შენ ყველანაირად გჯობნი. შენ ფიქრობ, რომ იცი, ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე. მაგრამ დადგება დრო , როდესაც შენ შეიცნობ ჩვენს ერთიანობას და განუყოფლობას. მანამდე შენთვის რთული იქნება გრძნობდე იმას, რომ მე განვასახიერებ სიცოცხლის როგორც სასრულ, ასევე უსასრულო ასპექტს. მე ვიცი, რომ სასრულ ასპექტი უსასრულოს მოიცავს და უსასრულო ასპექტი - სასრულს, მაგრამ შენ ეს ჯერ არ შეგიცნია.

როდესაც ვამბობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები, უნდა იცოდე, რას ვგულისხმობ. შენ შეგიძლია თქვა: „დედამიწაზე მილიონობით და მილიარდობით ადამიანია, მაშ როგორ ამბობს, რომ ის მხოლოდ ჩემზე ზრუნავს?“ მაგრამ შენ უნდა გრძნობდე, რომ „შენ“ ნიშნავს შენს გაფართოებულ ასპექტს. შენი თვალები უდიდესზე უდიდესი გახდა, შენი ხელები უგრძესზე უგრძესი გახდა. მთელი შენი არსება გადიდდა და გაფართოვდა, და ყველა სხვა ადამიანი შედის შენს გაფართოებულ რეალობაში. ისინი შენი საკუთარი არსებობის ნაწილია. ამიტომაც, როდესაც ვამბობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მჭირდები, როგორც უნივერსალური რეალობა.

თუ ლოცვას და მედიტაციას აგრძელებ, მაშასადამე შენ მემორჩილები. და თუ შენ მემორჩილები, მაშინ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მე არ გავაკეთებ შენთვის. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, თუ შენ ილოცებ და იმედიტირებ. ლოცვისას შენ იგრძნობ, რომ ჩემი სუნთქვა-სიცოცხლე შენს თავს განასახიერებს, მედიტირებისას კი იგრძნობ, რომ შენი სუნთქვა-სიცოცხლე განმასახიერებს მე.

ლოცვას და მედიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დადგენა დრო, როცა შენ განუყოფლად ერთი გახდები ჩემს ცნობიერებასთან, სასრულსა და უსასრულოსთან, უნივერსალურსა და ტრანსცენდენტალურთან. მაშინ შენ შეძლებ ლოცვის ასპექტისთვის თავის დანებებას, რადგან მედიტაციის ასპექტი თავის თავში ყველაფერს დაიტევს. ლოცვის ასპექტში არის გარკვეული უპირატესობის და დამცირების გრძნობა. თუ შენ მე თაყვანს მცემ, როგორც უზენაესს უფალს, მაშინ შენთვის რთული იქნება მიმიღო, როგორც შენი ერთადერთი მეგობარი, შენი უსასრულობის მეგობარი. ამ დროს მე ჩემ აბსოლუტურ ასპექტს განვასახიერებ, ჩემი უზენაესი ხელისუფლების და ძალაუფლების ასპექტს. მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა შენ იგრძნობ, რომ მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ. ამ დროს შენთვის აუცილებელი აღარ იქნება ლოცვით მომიახლოვდე. შენი ცხოვრება-ლოცვა შეიძლება დასრულდეს.

ცხოვრება-ლოცვისთვის რთულია ან შეუძლებელია დაიტიოს ცხოვრება-მედიტაცია, მაგრამ ცხოვრება-მედიტაციას ადვილად შეუძლია დაიტიოს ცხოვრება-ლოცვა. ახლა შენ უნდა ილოცო და იმედიტირო. მაგრამ, როდესაც შენ ნელ-ნელა ძალიან წაიწევი წინ, მაშინ შენ შეძლებ ლოცვისთვის თავის დანებებას, რადგან მედიტაციაში შენ ადვილად შეძლებ ლოცვისა და მედიტაციის ნაყოფის ერთდროულად მიღებას, რომლების დაუფასებელია.

შენ სრულყოფილი ხარ

შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი ვიტალის ნაკადი-დინამიზმი. მე ვხედავ, შენ ის გაქვს. გმადლობ.

შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი გონების მდინარე-უშფოთველობა. მე ვხედავ, შენ ის გაქვს. გმადლობ.

შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი გულის ზღვა-ღვთაებრიობა. მე ვხედავ შენ ის გაქვს. გმადლობ.

შენ მეუბნები, რომ სრულყოფილი ხარ. მაშინ მაჩვენე შენი სხეულის წვეთი-სისუფთავე. მე ვხედავ შენ ის გაქვს. გმადლობ.

ნამდვილად, მართალი ხარ. უთუოდ სრულყოფილი ხარ.

იოგა ერთობაა

იოგა შეგნებული ერთობაა.

იოგა შეგნებული ერთობაა იმასთან, რაც მაქვს და იმასთან, რაც ვარ.

ის, რაც მაქვს, ღვთის რეალიზაციაა. ის, რაც ვარ, ღმერთი-აღტაცებაა.

იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის მარადიულ მოვალეობასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის უსასრულო მშვენიერებასთან.

იოგა შეგნებული ერთობაა დედამიწის ვედრებასთან-არასრულფასოვნებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ზეცის ღიმილთან-თვითკმარობასთან.

იოგა შეგნებული ერთობაა ადამიანის მინდობა-სრულყოფილებასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის კმაყოფილებასთან-მიღებასთან.

იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნავთან-ხილვასთან. იოგა შეგნებული ერთობაა ღვთის ნაპირთან-რეალობასთან.

ინტუიცია

ინტუიციავ, შენ დიდებული რამ ხარ. შენ უსწრაფესზე სწრაფად მიჰქრი. შენ დიდებული რამ ხარ, რადგან ელვისებური სიჩქარე გაქვს. შენი ელვისებური სიჩქარე სუსტს აშინებს, ძლიერს ამხნევებს, სულელს აბნევს და ბრძენს ახარებს.

ო, ინტუიციავ, შენ ნამდვილად დიდებული რამ ხარ. შენ გაქვს შიდა და გარე სამყაროს შეცნობის უნარი. მაგრამ ამაოდ, შენ არ გაგაჩნია სამყაროს შეცვლის უნარი. თუ სამყაროს შეცვლა მოგინდება, შენ მოგიწევს რეალიზაციისკენ გეზის აღება. ის არა მხოლოდ აასრულებს შენს სურვილს, არამედ ახალი ძღვენით დაგასაჩუქრებს: კმაყოფილებით ღვთის რეალიზაციაში, კმაყოფილებით ღვთის გამოცხადებაში, კმაყოფილებით ღვთის გამოვლენაში.

სრულყოფილება

სრულყოფილება: რა არის ეს? ეს მარად ტრანსცენდენტალური რეალობაა. სრულყოფილება კაცობრიობის გულით ღვთაებრიობის ტერფების მიღწევაა. სრულყოფილება სასრული სამყაროს ცხოვრების წესის შეცვლაა და უსასრულობის ცხოვრების წესის გამოვლენაა.

სრულყოფილება არ არის თვითგამართლება. სრულყოფილება არ არის თვითგანდიდება. სრულყოფილება არ არის თვითუარყოფა. სრულყოფილება ღვთის მოწვევაა, ღვთის თაყვანისცემაა და ღვთის დაკმაყოფილებაა.

სრულყოფილებაა, იქონიო მყარი რწმენა ადამიანის მავედრებელი მისწრაფებისა. სრულყოფილებაა, იქონიო ურყევი რწმენა ღვთის მუდმივი შებრალებისა.

ვინ ამბობს, რომ სრულყოფილება თვითმოტყუებაა? სრულყოფილება ღვთის დიდებაა ადამიანში.

ვინ ამბობს, რომ სრულყოფილება ძალიან შორსაა? არა, ის გულის ცემაზე უფრო ახლოსაა, სიცოცხლის სუნთქვაზე უფრო ახლოსაა.

უფრო მეტიც: სრულყოფილება განასახიერებს ღმერთს - მისწრაფებულს, განვითარებად, საკუთარი თავის გადამლახავ, გამასხივოსნებელ და ამსრულებელ ადამიანს.

თუ გაქვს, მოდი ჩემთან

თუ შემაშფოთებელი აზრი გაქვს, მოდი ჩემთან. მე ჩემ შეუდრეკელ ნებისყოფას მოგცემ.

თუ უსუფთაო გონება გაქვს, მოდი ჩემთან. მე ჩემ სუფთა გულს მოგცემ.

თუ უშნო სხეული გაქვს, მოდი ჩემთან. მე ჩემ მშვენიერ სულს მოგცემ.

თუ დაუკმაყოფილებელი ცხოვრება გაქვს, მოდი ჩემთან. მე ჩემ დაკმაყოფილებულ ღმერთს მოგცემ.

მე პრივილეგირებული ვარ

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან ღმერთმა მიბოძა ადამიანის ინკარნაცია, რადგან მხოლოდ ადამიანის ინკარნაციაში მე შემიძლია მისი შეცნობა, მისი გამომჟღავნება და მისი გამოვლენა უანგაროდ და უპირობოდ.

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან ძილი-უვიცობა ვერ ბედავს ჩემს დაშინებას, რადგან ის ხედავს ღმერთს და ღვთის მუდმივ მფარველობას ჩემს ირგვლივ. მე პრივილეგირებული ვარ, რადგან ჩემს გულს უსასრულოდ უფრო მეტად უყვარს ჩემი უფალი უზენაესი, ვიდრე ჩემი გონება ოდესმე შეძლებს წარმოიდგინოს.

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან ჩემმა უფალმა უზენაესმა თავად მთხოვა მისთვის დილით ადრე მდუმარე ლოცვა და ზეშთაგონებული მედიტაცია შემეთავაზებინა, ვიდრე ცხოვრების ალიაქოთში ჩავიძირებოდი. ეს ჩემი მდუმარე ლოცვაა: „ო, ჩემო უფალო უზენაესო, ჩაიბარე ჩემი ცხოვრება-მინდობა.“ ეს ჩემი ზეშთაგონებული მედიტაციაა: „ო, უფალო უზენაესო, შედი ჩემს გულში-მადლიერებაში და დარჩი მანდ.“

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან ზეცაში ჩემი უფალი უზენაესი ჩემთან განიხილავს თავის კოსმიურ გეგმებს, და რადგან მან თავისი ერთგული წარმომადგენელი გამხადა იმისთვის, რომ აღვასრულო მისი ნება აქ, დედამიწაზე.

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან წამიდან წამდე ღმერთს უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე ვიმსახურებ, ის მესაუბრება უფრო მეტს, ვიდრე ვიმსახურებ, ის მაძლევს უფრო მეტს, ვიდრე ვიმსახურებ. ის ყველაფერს აკეთებს ჩემთვის, საუბრობს და ოცნებობს ჩემში და ჩემი მეშვეობით უსასრულოდ უფრო მეტს, ვიდრე ოდესმე დავიმსახურებ.

მე პრივილეგირებული ვარ, რადგან მე მთელი სულით და გულით ვთვლი მას ახლობლად, ძალიან ახლიბლად, ჩემი მარადისობის განძად.

წამოდექი!

წამოდექი, ო, ჩემო სხეულო, წამოდექი! ნუ გძინავს. შენ უკვე დიდი ხანია, გძინავს. კმარა ძილი. შენი ცხოვრების არ გრცხვენია? ნუ გძინავს. მიზანი შორსაა, ძალიან შორს.

ო, ჩემო ვიტალო, ადექი, ადექი! შენ უკვე კარგა ხანია, ზიხარ. ახლა დროა, ადგე. ადექი! შენი ცხოვრების არ გრცხვენია? მიზანი შორსაა, ძალიან შორს. კმარა ჯდომა. ადექი.

ო, ჩემო გონებავ, გაიქეცი, გაიქეცი! შენ დიდი ხანია, ერთ ადგილზე დგახარ. მიზანი შორსაა, ძალიან შორს. შენ უნდა გაიქცე მიზნისკენ. შენი ცხოვრების არ გრცხვენია? რას დგახარ ერთ ადგილზე, როდესაც მშვენივრად იცი, რომ მიზანი ძალიან შორსაა. კმარა ერთ ადგილზე დგომა. გაიქეცი დანიშნული მიზნისკენ.

ო, ჩემო გულო, მთელი ძალით გაიქეცი! შენი ცხოვრების არ გრცხვენია? შენ გაქვს უნარი ირბინო ყველაზე სწრაფად, მაგრამ შენ ნელა მირბიხარ, ძალიან ნელა. მიზანი ჯერ კიდევ ძალიან შორსაა. ნუთუ შენი ცხოვრების არ გრცხვენია? ნუთუ შენი სიჩქარის არ გრცხვენია? ამიერიდან მაქსიმალური სიჩქარით უნდა ირბინო, ო, ჩემო გულო. შენ მხოლოდ მაშინ დაკმაყოფილდები, როცა მიზანს მიაღწევ. თუ ნელა ირბენ, შენ მილიონობით წელი დაგჭირდება. ამასთან, სანამ ნელა მირბიხარ, შეიძლება დაკარგო შენი ენთუზიაზმი და შენი დანიშნულებისკენ მიმავალ გზას ჩამოშორდე. ამიტომაც გაიქეცი რაც შეიძლება სწრაფად, ო ჩემო გულო, და შენს დანიშნულებას მიაღწიე. შენს მიზანს შეხედე სახეში. შეერწყე, გახდი განუყოფლად ერთიანი შენს მიზანთან.

ო, ჩემო სხეულო, ო, ჩემო ვიტალო, ო, ჩემო გონებავ, ო, ჩემო გულო, ამიერიდან ყოველი წამი, რომელსაც აქ, დედამიწაზე, კარგავთ, ყოველი წამი, რომელსაც უგულებელყოფთ, ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებას დაემატა კიდევ ერთი დაყოვნების წელი, იმედგაცრუების წელი, უიღბლობის წელი. ამიტომაც წამოდექი, ო, ჩემო სხეულო; ადექი, ო, ჩემი ვიტალო; გაიქეცი, ო, ჩემო გონებავ; გაიქეცი მთელი ძალით, ო, ჩემო გულო! ყოველ წამს შეგიძლიათ ან აშენოთ იმედის, დაპირების, რეალიზაციის და სრულყოფილების ახალი ცხოვრება, ან დაანგრიოთ ის, რასაც ახლა ფლობთ მცირე ოდენობით, - მისწრაფება. ნუ დაანგრევთ თქვენს მისწრაფებას, აშენეთ თქვენი სინათლის-იმედის, სიმაღლის-დაპირების, ერთობის-რეალიზაციის და აღტაცების-სრულყოფის შენობა.

თავს ნუ იტანჯავ!

ო, ჩემო სხეულო, ო, ჩემო ვიტალო, ო, ჩემო გონებავ, ო, ჩემო გულო, თავს ნუ იტანჯავთ. ტანჯვას სათუთად ნუ უვლით. სულელებივით ნუ მოიქცევით. ნუ იფიქრებთ, რომ ტანჯვა დააჩქარებს თქვენს სულიერ პროგრესს. ნუ იფიქრებთ, რომ ტანჯვა უსწრაფესად მოგიახლოვებთ ღმერთს. ნუ ჩათვლით, რომ ტანჯვა ერთადერთი სწორი გზაა თქვენი პროგრესისთვის. ნურასოდეს იფიქრებთ ამას!

შეხედეთ თქვენი ტანჯვის პლუსებსა და მინუსებს. პლუსებია: თქვენი ტანჯვა შიშს გმატებთ, უმართავ შიშს. თქვენი ტანჯვა აძლიერებს თქვენს მიუღებლობის შეგრძნებას. თქვენი ტანჯვა ზრდის თქვენს მომწამლავ იმედგაცრუებას. თქვენი ტანჯვა აახლოვებს თქვენს ნელ და ურყევ ნგრევას. მინუსებია: თქვენი ტანჯვა გართმევთ ყველაფერს, რითაც საყვარელმა უზენაესმა დაგასაჩუქრათ. თავისი უსასრულო გულუხვობიდან გამომდინარე, მან გიწყალობათ თავისი მზრუნველობა, მან გიწყალობათ თავისი შებრალება, მან გიწყალობათ თავისი ერთობა. მაგრამ თქვენ ტანჯვას განძივით ინახავთ და სათუთად უვლით; ამიტომაც ყველა მისი საჩუქარი მოპარულია. ვის მიერ? თქვენი საკუთარი ტანჯვის მიერ.

ტანჯვა არ არის გზა სულიერი წინსვლისთვის. ის გართმევთ ყველა იმ საჩუქარს, რომელიც ღმერთმა გიბოძათ. ქურდი ტანჯვა სათითაოდ გართმევთ უძვირფასესს, ყველაზე სასურველ ღმერთის ძღვენს: მის სიმშვიდეს, მის სიყვარულს, მის ნეტარებას, მის მზრუნველობას, მის ერთობას.

ამიერიდან ეცადეთ ქურდი-ტანჯვა დანაშაულზე დაიჭიროთ და მიიყვანოთ თქვენს ძვირფასს უზენაესთან. როგორც კი ქურდი დაჭერილია, - და თქვენმა საყვარელმა უზენაესმა იცის, რომ თქვენ არ გსურთ გაძარცულნი იყოთ არც თქვენი საკუთარი შიდა არსების წევრების მიერ, არც გარე სამყაროს ბინადრების მიერ, - ამ დროს თქვენი ძვირფასი უზენაესი, თავისი უსასრულო გულუხვობიდან გამომდინარე, კვლავ გასაჩუქრებთ თავისი მზრუნველობით, თავისი სიყვარულით, თავისი სიხარულით, თავისი ერთობით, თავის შებრალებით და თავისი სიამაყით.

ასე რომ, ო, მაძიებელო, წამითაც კი ნუ ეფერები ტანჯვას ნურც სხეულში, ნურც ვიტალში, ნურც გულში. ტანჯვა პასუხი არ არის; ტანჯვა მხოლოდ კითხვის ნიშანია, რომელიც არასოდეს არცერთი პასუხით არ დაკმაყოფილდება. ტანჯვა კითხვის ნიშანია, რომელიც უარყოფს ყველა პასუხს. თავად ღმერთმაც კი რომ გასცეს პასუხი, გონება მის პასუხს სწორად მაინც არ ჩათვლის.

ტანჯვა არასწორი გზაა. ამიერიდან შენი თანამდევი იყოს მხოლოდ სიხარული და საკუთარ თავში დარწმუნებულობა. ეს დარწმუნებულობა შენ საყვარელ უზენაესს მინდობილი ნებიდან-ერთოიბიდან მოდის. შენ დარწმუნებულობა გსურს, და შენ მას იმ წამს მოიპოვებ, როცა შენი მინდობა-ერთობა ღვთის ნებასთან სრულყოფილი გახდება. იმ დრომდე კი - არ არსებობს დარწმუნებულობა არც საკუთარ თავში და არც სხვა რამეში.

ღვთაებრივი ძღვენნი

ო, მაძიებელო, შენი სხეულით, ვიტალით, გონებით და გულით მიიღე ღვთის ღვთაებრივი ძღვენნი, გაუფრთხილდი მათ, დააფასე, ამრავლე ისინი. როგორ ამრავლო ისინი? შეგნებული თვითგაცემის გზით უდიდესი მადლიერების გრძნობით შენი საყვარელი უზენაესისადმი.

თუ ზეშთაგონებულად გაღიმებას შეძლებ, მაშინ ყველა ღვთაებრივი ძღვენი, რომელიც უზენაესისგან მიიღე, აუცილებლად გამრავლდება. თუ შეძლებ მდუმარებაში ზეშთაგონებულად მღერას, ყველა ღვთაებრივი ძღვენი, უზენაესისგან მიღებული, აუცილებლად გამრავლდება. თუ შენი გულის-მადლიერების შიგნით ზეშთაგონებულად და ერთგულებით ცეკვას შეძლებ, მაშინ ყველა ძღვინი, რომელიც მიიღე, აუცილებლად გამრავლდება. უფრო მეტიც: შენ არა მხოლოდ კურთხეულ და ნაყოფიერ ძღვენებს მიიღებ მისგან, არამედ შემოქმედს და ძღვენთა მფლობელს - თავად უზენაესს მოიპოვებ. ის, ვინც ეს ძღვენნი შექმნა და გიბოძა, მზადაა და სურს, რომ შენიანად ჩათვალო. მას სურს, რომ მისი საკუთრება შენად ჩათვალო, საკუთრივ შენად. როგორც კი მის საკუთრებას შენად ჩათვლი, ის წარსდგება შენს წინაშე და გეტყვის: „შვილო ჩემო, შენ ჩემი ძღვენნი მიიღე, ჩემი ქმნილებები მიიღე, მე შენით ძალიან კმაყოფილი ვარ. ახლა მეც მიმიღე. მე მთლიანად შენი ვარ.“

ასე რომ, ყველა ღვთაებრივი ძღვენი, რომელიც უზენაესმა შემოგთავაზა, შენად ჩათვალე, სათითაოდ და ერთად აღებულნი, საკუთრივ შენად. მაშინ ძღვენთა ნამდვილი მესაკუთრე შენთან მოვა და საკუთარ თავს შემოგთავაზებს, რათა სამუდამოდ და სამარადისოდ შენად აღიარო.

მე ღვთის დაპირებას ვენდობი

მე ღვთის დაპირებას ვენდობი, მე არ ვენდობი ჩემ საკუთარ გრძნობებს. ხშირად სიცარიელეს ვგრძნობ ჩემში. როდესაც სიცარიელის განცდა მეუფლება, ამ დროს თავს მარტოდ ვგრძნობ, უბედურად ვგრძნობ, თავს არა მხოლოდ უბედურად და უიმედოდ ვგრძნობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ ნგრევისკენ მივდივარ.

მე ღვთის დაპირებას ვენდობი; მე არ ვენდობი ჩემს თვითშეფასებას. როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობ, მე იმედგაცრუებას ვხედავ შიგნით და გარეთ. შიში და შური, დურწმუნებლობა და ეჭვი, დაუმორჩილებლობა და ქედმაღლობა ჩემს თვალწინ თავიანთ არაღვთაებრივ თამაშს თამაშობენ. ამ თამაშის სახელწოდება უმადურობაა. თუ მივენდობი ჩემი ცხოვრების მათეულ შეფასებას, თუ მათ დავეყრდნობი, თუ მათ მივიღებ, როგორც ჩემი ნდობით აღჭურვილ პირებს, თუ მათ მივიღებ, როგორც ჩემი ოჯახის სრულფასოვან წევრებს, მაშინ ჩემგან ნანაგრევები დარჩება. ამიტომაც მე მხოლოდ ჩემი ღმერთის დაპირებას ვენდობი - მასწავლოს, როგორ გადავცურო უმეცრების ზღვა.

ჩემი უფლის დაპირება ნათელი, ცოცხალი, გამასხივოსნებელი და ამსრულებელია. მან მითხრა, რომ მიწერია გავხდე მისი სრულყოფილი ინსტრუმენტი. მან მითხრა, რომ მიწერია ვიცურაო სინათლის და აღტაცების ზღვაში, ბოლოს კი სხვებს, ჩემს უმცროსს ძმებს და დებს, ვასწავლო სინათლის და აღტაცების ზღვაში ცურვა.

მე არ ვენდობი ჩემს ფიზიკურ სიმაღლეს, ჩემს მატერიალურ ან მიწიერ სიმაღლეებს-მიღწევებს: ისინი მაცდუნებელია. მე ნათლად ვხედავ, რომ მაღალი ვარ, მაგრამ ვისთან შედარებით? მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვების წინაშე ვდგავარ. როცა ჩემს წინ გოლიათია, მე პაწაწინა მწერივით გამოვიყურები გოლიათის სიმაღლესთან შედარებით. ჩემი მიწიერი სიმაღლე ისეთია, რომ არ მაძლევს მუდმივ კმაყოფილებას. როდესაც ბავშვებთან ვარ, ჩემი სიმაღლე მაკმაყოფილებს, რადგან მე მათზე ბევრად მაღალი ვარ. მაგრამ როდესაც გოლიათებთან ვარ, ჩემი სიმაღლე უმნიშვნელოა.

მე შემიძლია ცამდე ავიყვანო საკუთარი თავი ჩემი გარე მიღწევების გამო და თავს ისე ვგრძნობდე, თითქოს რაიმე დიდებული და ამაღლებული მქონდეს გაკეთებული. მაგრამ, როდესაც ირგვლივ მიმოვიხედავ, ჩემს თვალწინ ვამჩნევ ადამიანს, რომელიც ბევრად მჯობნის ამავე სფეროში. ასე რომ, თუ ჩემს მიღწევებს ვენდობი, რათა ძალა, სიმშვიდე და დარწმუნებულობა მოვიპოვო, მე შეცდომაში შეყვანილი, მოტყუებული აღმოვჩნდები. მაგრამ თუ ჩემში ჩემი უფლის სიმაღლეზე ვფიქრობ, თუ ვცდილობ, დავინახო და ვიგრძნო ის, მაშინ ვხედავ, რომ ის ფლობს არა მხოლოდ უმაღლეს სიმაღლეს, არამედ საკუთარ თავის გადამლახავ სიმაღლესაც. ფიზიკურ პლანზე შემიძლია გარკვეული სიმაღლის მიღწევა და მერე ჩემი ზრდა ჩერდება. ფიზიკურ პლანზე, მატერიალურ პლანზე ყოველ მიღწევას ზღვარი აქვს. მაგრამ შიდა პლანზე ყველაფერი, რაც ღმერთს აქვს, ყველაფერი, რასაც წარმოადგენს, არა მხოლოდ განუზომელია, არამედ ასევე საკუთარი თავის მარად გადამლახავია. აქ, გარე სამყაროში, ჩემ სიმაღლეს ყოველთვის ზღვარი აქვს, მაგრამ იქ, შიდა სამყაროში, ჩემი უფლის სიმაღლე, ჩემი უფლის მიღწევები, ყოველთვის უსაზღვროა.

რას დამპირდა ჩემი უფალი? დამპირდა, რომ ყველაფერი, რაც მას აქვს, და ყველაფერი, რასაც წარმოადგენს, ჩემთვისაა განკუთვნილი; მისი შინაგანი სიმაღლე, მისი ჭეშმარიტი სიმაღლე, მისი ჭეშმარიტი მიღწევები - ეს ყველაფერი ჩემთვისაა. ასეთია მისი დაპირება. ასე რომ, მე ვენდობი მის დაპირებას, და არა ჩემს საკუთარ მცირე შესაძლებლობებს და მიღწევებს. ჩემი მცირე შესაძლებლობები არ მაკმაყოფილებს. თუნდაც რომელიმე მათგანი წამიერადაც რომ მაკმაყოფილებდეს, ამ შესაძლებლობაში მე ვხედავ უზარმაზარ სისუსტეს, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ჩემზე უსასრულოდ უფრო მეტად დაჯილდოებული ამ ნიჭით.

საიმედოობა კმაყოფილებას ნიშნავს. როდესაც საკუთარ თავს ვენდობი, მე სრულ კმაყოფილებას ვერ ვგრძნობ. მაგრამ, როცა მე ჩემს უფალს უზენაესს ვენდობი, როცა მის დაპირებას ვენდობი, - ყველაფერი მარტივია. ის თავის მსგავსად მაქცევს; ის კიდევ ერთ ღმერთად მაქცევს, და უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება ჩემს სრულ განკარგულებაში იქნება. ჩემში ის თავისი საკუთარი რეალობის სრულყოფილ პროტოტიპს ხედავს. ის მპირდება, რომ მაქცევს კიდევ ერთ, ზუსტად ისეთივე რეალობად, როგორიც მისი საკუთარია, რათა მან შეძლოს თამაში, სიმღერა და ცეკვა მარადჟამ.

როდესაც ის მპირდება, მისი საკუთარი რეალობის ზუსტ ხატებად მაქციოს, ეს არ ნიშნავს განუყოფელი ერთობის უარყოფას. არა, განუყოფელი ერთობა არის, მაგრამ ერთი პროეცირებს საკუთარ თავს და ორი ხდება, რათა კოსმიური თამაშით დატკბეს. გარე პლანზე ადამიანის გონება განცალკევებას დაინახავს, მიუხედავად განუყოფელი ერთობისა შინაგან სამყაროში. მაგრამ გული იგრძნობს, რომ ერთმა საკუთარი თავი ორად გაყო, რათა კოსმიური აღტაცება განეცადა. როდესაც ერთი გაყოფილია ორ ნაწილად, ყოველი ნახევარი მეორეს მარადიულ სიახლეს სთავაზობს, მარად გამასხივოსნებელ და მარად ამსრულებელ სიახლეს.

ამიტომაც, მე მხოლოდ ჩემი უფლის დაპირებას მივენდობი, და არა იმას, რაც მაქვს ან რასაც წარმოვადგენ. მე საკუთარ თავს ვერ ვენდობი, რადგანაც ჩემი შინაგანი ოჯახის წევრებს ვერ ვენდობი: სხეულს, ვიტალს, გონებას და გულს. მათ ბევრჯერ მოვუტყუებივარ. მაგრამ ჩემი უფალი უზენაესი არასოდეს მატყუებდა, და მეც არასოდეს მომიტყუებია ის. ამიტომაც მე მხოლოდ მას ვენდობი, ის კი მე მენდობა. მე არ ვენდობი ჩემი მიწიერი არსებობის ოჯახის წევრებს; და არც უფლებას ვაძლევ, რომ მენდონ. ჩემი რეალობა, ჩემი დარწმუნებულობა, ჩემი სიმტკიცე, თავად ჩემი არსებობა დაფუძნებულია მხოლოდ ჩემი ძვირფასი უზენაესის ნდობაზე.

ეს არ არის საკმარისი

ო, სხეულო, რას ეძებ? კომფორტს ეძებ? ნუთუ არ იცი, რომ კომფორტი სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული სიბნელე და სიბრმავე?

ო, ვიტალო, რას ეძებ? სიამოვნებას ეძებ? ნუთუ არ იცი, რომ სიამოვნება სხვა არაფერია, თუ არა შენიღბული ზღვა-უმეცრება?

ო, გონებავ, რას ეძებ? თვითკმაყოფილებაში ცხოვრებას ეძებ? ნუთუ არ იცი, რომ თვითკმაყოფილება სხვა არაფერია, თუ არა თვითნგრევის დასაწყისი?

ო, გულო, რას ეძებ? დაცულობას ეძებ? მაგრან შენ სათუთად უვლი შენს სისუსტეს, ხელის გულზე ატარებ შენს ცხოვრებას-მიჯაჭვულობას. ნუთუ არ იცი, რომ ცხოვრება-მიჯაჭვულობა სხვა არაფერია, თუ არა მყისიერი იმედგაცრუება? იმედგაცრუებას აუცილებლად ნგრევა მოყვება, ნგრევა კი შენიღბული სიკვდილია.

ო, სხეულო, იმისთვის, რომ განივითარო პასუხისმგებლობის გრძნობა, ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან თავისი შებრალება გადმოღვაროს შენზე. ო, ვიტალო, იმისთვის რომ განივითარო უბრალოება, ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან თავისი მუდმივი კურთხეული მზრუნველობა გიბოძოს. ო, გონებავ, იმისთვის რომ განივითარო გულწრფელობა, შენ ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან უმალვე თავისი სიმშვიდით დაგასაჩუქროს. ო, გულო, იმისთვის რომ გათავისუფლდე მიჯაჭვულობისგან და მოიპოვო მეტი სისუფთავე, შენ ღმერთზე უნდა ლოცულობდე, რათა მან გიბოძოს ფართო შენობა ფართო ოთახით მასთან სასაუბროდ.

ო, ჩემო სხეულო, შენი პასუხისმგებლობის გრძნობა არ კმარა. შენ მეტი პასუხისმგებლობა გჭირდება. ო, ჩემო ვიტალო, შენი უბრალოების გრძნობა არ კმარა. შენ, ნამდვილად, მეტი უბრალოება გჭირდება. ო, ჩემო გონებავ, შენი გულწრფელობის გრძნობა არ კმარა. შენ აშკარად მეტი გულწრფელობა გჭირდება. ო, ჩემო გულო, შენი სისუფთავის გრძნობა არ კმარა. შენ, უეჭველად მეტი სისუფთავე გჭირდება. ო, ჩემო შინაგანი ოჯახის წევრებო, თუ პასუხისმგებლობა, უბრალოება, გულწრფელობა და სისუფთავე უხვად არ გექნებათ, მაშინ ჩემი ცხოვრების მოგზაურობა სრული დამარცხებით დასრულდება.

მანამ, სანამ თქვენ ყველანი მეტ პასუხისმგებლობას, უბრალოებას, გულწრფელობასა და სისუფთავეს არ განივითარებთ თქვენში, უზენაესი ჩემში აუსრულებელი დარჩება. და ყოველდღე, სანამ ჩემი ღმერთი აუსრულებელი რჩება, მე ვხედავ და ვგრძნობ, რომ ღმერთისთვის, ჩემი საყვარელი უზენაესისთვის მოცემული დაპირება იმედგაცრუებასთან, ნგრევასთან და სიკვდილთან მეგობრობს. ყოველდღე ვგრძნობ, რომ ჩემ ძვირფას უზენაესს იმედს ვუცრუებ; მას ვტოვებ კიდეც. თქვენს გამო, ო, სხეულო, ვიტალო, გონებავ და გულო, მე ვერ გამიხარებია უზენაესი, ჩემი ძვირფასი უზენაესი.

ო, სხეულო, თუ არ შეასრულებ ჩემს თხოვნას; ო, ვიტალო, თუ ბოლომდე არ დამეთანხმები; ო, გონებავ, თუ ვერ გამახარებ; ო, გულო, თუ უზენაესს არ გაახარებ იმ გზით, რომელსაც მე ავირჩევ, მაშინ სხვა არჩევანი არ არის. ღმერთი თავისი სიუხვიდან მომცემს ახალ ინსტრუმენტებს, უფრო შემსრულებელს, უფრო მისწრაფებულს, მისი ნების უფრო მორჩილს. და თუ თქვენს გამო ამ ინკარნაციაში უზენაესი ჩემში დამარცხდება, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ თქვენ უთვალავი წელი მოგიწევთ ლოდინი, თუ არა სამარადისოდ, სანამ ახალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

ო, სხეულო, ვიტალო, გონებავ და გულო, ნუ გაუშვებთ ხელიდან ოქროს შესაძლებლობას. ოქროს დღე თქვენს ცხოვრებას, ჩემს ცხოვრებას, ღმერთის ცხოვრებას ყოველდღე ელის. თქვენ უზენაესს აღასრულებთ ჩემში, მე კი უზენაესს აღვასრულებ თქვენში. თქვენ იმას მომცემთ, რაც მე მჭირდება, მე კი იმას მოგცემთ, რაც თქვენ გჭირდებათ. ის, რაც მე მჭირდება - ეს თქვენი აბსოლუტური მორჩილებაა. ის, რაც თქვენ გჭირდებათ - კმაყოფილებაა. თქვენ მე ერთობას-მორჩილებას მომცემთ, მე კი თქვენ სრულყოფილებას-კმაყოფილებას მოგცემთ.

გაცნობიერებულობა, ერთგულება, სულით სისავსე, უანგარობა

ცნობიერების კიბე ოთხი უნიკალური საფეხურისგან შედგება: გაცნობიერებულობის, ერთგულების, სულით სისავსის და უანგარობისა. ცნობიერების კიბე, რომელიც აერთიანებს მიწის ვედრებას და ზეცის ღიმილს, ჩემში მაძიებლისთვისაა განკუთვნილი. როდესაც პირველ საფეხურზე ვდგები - გაცნობიერებულობის საფეხურზე, ჩემი მეგობარი-უვიცობა შორეული წარსულიდან მიყურებს და ოცდება; გაოგნებულია, რომ მე შევძელი გაცნობიერებულობის საფეხურზე ასვლა. ბოლოს ის, სავსებით იმედგაცრუებული და წაგებული, ქრება. როდესაც ცნობიერების კიბის მეორე საფეხურზე ავდივარ - ერთგულების საფეხურზე, ძილი-უვიცობა, რომელიც ოდესღაც მთელ ჩემ არსებას და მთელ ჩემ ცხოვრებას აწამებდა, შესთხოვს გარდაქმნას. მომიწოდებს გარდავქმნა ის რეალობად-სიბრძნედ. როდესაც ავდივარ სულით სისავსის საფეხურზე, იმედგაცრუების, მღელვარების, შფოთის და სრული მარცხის სამყარო ჩემს წინაშე წარმოდგება საკუთარი თავის გასაუმჯობლად, წინ წასასვლელად და რადიკალურად შესაცვლელად. ბოლოს, როდესაც ავდივარ უანგარობის საფეხურზე, მე განუყოფლად ერთიანი ვხდები იმასთან, რაც აქვს სამყაროს და იმასთან, რას მას არ გააჩნია. ის რაც სამყაროს აქვს, - შინაგანი ვედრებაა. ის, რაც მას არ გააჩნია, - ზეშთაგონებული ღიმილია მარად საკუთარი თავის გადამლახავი სიმაღლეებიდან.

გაცნობიერებულობა, ერთგულება, სულით სისავსე და უანგარობა სამუდამოდ ჩემი მეგობრები არიან. გაცნობიერებულობამ გარდაქმნა ჩემი ცხოველური ცხოვრება ადამიანურად. ერთგულებამ გარდაქმნა ჩემი ადამიანური ცხოვრება ღვთაებრივ ცხოვრებად. სულით სისავსემ გაახანგრძლივა ჩემი ღვთაებრივი ცხოვრება. უანგარობამ უკვდავყო ჩემი ღვთიაებრივი ცხოვრება.

არსებობს მხოლოდ ერთი გარე სამყარო, და ეს გარე სამყარო ჩემი სამყარო-მზადებაა, დაფუძნებული ჩემს გაცნობიერებულობაზე, ერთგულებაზე, სულით სისავსესა და უანგარობაზე. გაცნობიერებულობამ აღმოაჩინა ყველა უმაღლესი სამყარო. ერთგულებამ აღმოაჩინა ყველა შინაგანი სამყარო. სულით სისავსემ აღმოაჩინა ღვთის უნივერსალური ცხოვრება. უანგარობამ აღმოაჩინა ღვთის ტრანსცენდენტალური ცხოვრება.

გაცნობიერებულობას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-შემოქმედთან. გაცნობიერებულობამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-შემოქმედი. ერთგულებას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-მხსნელთან. ერთგულებამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-მხსნელი. სულით სისავსეს განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან-გამათავისუფლებელთან. სულით სისავსემ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი-გამათავისუფლებელი. უანგარობას განსაკუთრებული კავშირი აქვს ღმერთთან - უზენაეს მომღერალთან, ღმერთთან - უზენაეს მოცეკვავესთან, და ღმერთთან - უზენაეს მიჯნურთან. უანგარობამ განსაკუთრებული გზით გაახარა ღმერთი - უზენაესი მომღერალი, ღმერთი - უზენაესი მოცეკვავე და ღმერთი უზენაესი მიჯნური.

ფიზიკურ პლანზე ჩემმა მეგობარმა-გაცნობიერებულობამ საზრიანი გამხადა, ჩემმა მეგობარმა-ერთგულებამ ხალისიანი გამხადა, ჩემმა მეგობარმა-სულით სისავსემ სუფთა გამხადა, ჩემმა მეგობარმა-უანგარობამ დარწმუნებული გამხადა. ჩემი მეგობარი-გაცნობიერებულობა ჩემი გულის კარებთან დგას და უმეცრებას უფლებას არ აძლევს შემოვიდეს ჩემი გულის ოთახში. ჩემი მეგობარი ერთგულება მეუბნება, რომ ყოველთვის მადლიერი ვიყო უზენაესი მესაჭისა იმისთვის, რაც მან უპირობოდ გააკეთა ჩემთვის. ჩემი მეგობარი-სულით სისავსე მეხმარება გავაიგივო ჩემი თავი ღმერთთან-შემოქმედთან, ღმერთთან-ქმნილებასთან, ღმერთთან-ერთიანთან და ღმერთთან-მრავალთან, რათა უმაღლესი ერთობით ვინეტარო საყვარელ უზენაესთან. ჩემი მეგობარი-უანგარობა ყოველთვის მეხმარება ღმერთის-ქმნილების განუყოფელი ნაწილი და ღმერთის-შემოქმედის მინდობილი ინსტრუმენტი გავხდე. ჩემი მეგობარი-უანგარობა მეუბნება, რომ დღეისთვის არარეალიზებული და არშემდგარი ადამიანი, ხვალ აუცილებლად მიაღწევს რეალიზაციას და შედგება.

მე არ ვბაძავ; მე არ ვიწყებ

მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე არაფერს ვბაძავ; მე არავის ვბაძავ, რადგან, თუ მიბაძვას დავიწყებ, მე ჩემ საყვარელ უზენაესს ხელს შევუშლი მისი ახალი ქმნილების გამოვლენაში. მას ყოველწამს სურს რაღაც ახლის, რაღაც მნიშვნელოვანის და რაღაც ნაყოფიერის შექმნა ჩემში და ჩემი მეშვეობით. მე არაფერს ვიწყებ არცერთ პლანზე, რადგან შესაძლოა სავალალო შეცდომები დავუშვა და სხვებიც შეცდომაში შევიყვანო.

მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე უბრალოდ ვკონცენტრირდები, ვმედიტირებ და ვჭვრეტ. მე კონცენტრაციას ვახდენ, რათა უმეცრების ფარდა, რომელშიც გახვეული ვიყავი, გავგლიჯო. მე ვმედიტირებ, რათა უვიცობის ძილისგან გავთავისუფლდე. მე ვჭვრეტ, რათა გავიხსენო ის, თუ რას ვაკეთებდი ჩემს ძვირფასს უზენაესთან მასში, მის ირგვლივ, მის ფარგლებში და მის გარეთ ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი ხნის წინ.

მე ვკონცენტრირდები, რათა მთელი ძალით გავიქცე დანიშნული მიზნისკენ, ჩემი ძვირფასი უზენაესისკენ. მე ვმედიტირებ, რათა ჩემს მიზანს, ჩემს საყვარელ უზენაესს, რაც შეიძლება სწრაფად შეეძლოს ჩემთან მოსვლა. მე ვჭრეტ, რათა ჩემ საყვარელ უზენაესთან ერთად გავიქცე იმ ადგილის მოსაძებნად, სადაც შევძლებთ შეხვედრას და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი დაუსრულებელი დიალოგის განახლებას.

მე არ ვბაძავ, მე არ ვიწყებ. მე ვკონცენტრირდები, ვმედიტირებ, ვჭრეტ. ჩემი კონცენტრაცია ძალას მაძლევს უკუნ უმეცრებასთან ბრძოლისთვის. ჩემი მედიტაცია წონასწორობას მაძლევს ადამიანური ცხოვრების ორომტრიალში. ჩემი ჭვრეტა ყოველთვის მაგრძნობინებს, რომ ჩემ უფალ უზენაესს, ჩემ საყვარელ უზენაესს, ესმის ჩემი ვედრება-მისწრაფება, ჩემი გულის იდუმალი ვედრება.

რატომ ვიმალები?

„ჩემო უფალო უზენაესო, რატომ მინდა ზოგჯერ დაგემალო? ხანდახან უიმედოდ რატომ ვცდილობ შენგან დავმალო ჩემი აზრები? რატომ? რატომ? იმიტომ, რომ შენი მეშინია? ან იმიტომ, რომ მიყვარხარ და ვგრძნობ, რომ თუ შენ გაიგებ ჩემს სამარცხვინო და უსუფთაო აზრებს ფიზიკურ პლანზე, ეს გულს გატკენს. მე ვიცი, რომ შინაგან პლანზე ვერასოდეს შევძლებ შენს მოტყუებას. გარე პლანზე კი, ჩემი მარჯვე გონების წყალობით ვგრძნობ, რომ ადამიაურად შევძლებ შენს მოტყუებას, რომ შენთვის, შეიძლება, უცნობია ადამიანური ცხოვრების ყველა ლაბირინთი. მითხარი, რატომ მინდა დაგემალო და შენგან დავმალო ჩემი აზრები.

„შვილო ჩემო, გარკვეულწილად მართალია ის, რომ შენ ჩემი გეშინია. ამიტომაც მემალები. გარდა ამისა, გარკვეულწილად ესეც მართალია, რომ შენ გეშინია, ტკივილი მომაყენო, - უფრო სწორად კი, ადამიანურ ცნობიერებას ჩემში, - თუ ვნახე, რომ შენ არაჯანსაღი აზრებისგან იტანჯები. შენთან გაიგივებით მე, უდაოდ, გავწვალდები. მაგრამ მთავარი მიზეზი სხვაა. გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად, შენ სათუთად უვლი უმეცრულ ცხოვრებას. შენ გინდა დამემალო, იმიტომ რომ იცი: მიუხედავად სიბრძნის ცხოვრების შეგნებულად მიღებისა, შენზე კვლავ ცხოვრება-უმეცრება ბატონობს და გმართავს. შენ ამ აზრებს სათუთად უვლი, რადგან გრძნობ, რომ შეგიძლია ამ ყველაფერს ფლობდე, მაშინ, როდესაც ღვთაებრივი აზრები, გამსხივოსნებელი აზრები, ციური აზრები, შეიძლება, გონებრივ ჰალუცინაციას წარმოადგენენ. აი, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე; ამიტომაც გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად სათუთად უვლი და აფასებ არაღვთაებრივ აზრებს.

მაგრამ, შვილო ჩემო, მინდა გითხრა, რომ შენ ჩემი არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა გრძნობდე, რომ ტკივილს მომაყენებ. ღვთაებრივი ჩემში შენ არასოდეს დაგსჯის. ღვთაებრივს ჩემში არაფერი დაუშავდება შენი ეგრეთ წოდებული შეცდომებისგან. შენ ძალიან ადვილად შეგიძლია მოიშორო ეს უმეცარი გრძნობები, იდეები და წარმოდგენები ფიზიკურ პლანზე. თუ გსურს მოიშორო ეს ძალები, უბრალოდ, იფიქრე ჩემზე, როგორც საქაღალდე კალათაზე ან სანაგვე ყუთზე. ფიზიკურ პლანზე ეს ორი შესაბამისი ადგილია იმისთვის, რომ ყველაფერი არასასურველი მოიშორო. თუ გსურს ამ არაჯანსაღი აზრების მოშორება სულიერ პლანზე, მაშინ ერთგულად და ზეშთაგონებულად მოისროლე ისინი ჩემში. ყველაფერი, რაც გტანჯავს, ჩემში მოისროლე. მე შენი გასხივოსნებისთვის ვარსებობ, შენი სრულყოფილებისთვის, და არ დავკმაყოფილდები მანამ, სანამ არ ვნახავ შენს ძირეულ გარდაქმნას.

შენ უნდა გრძნობდე, რომ შენი ნაკლოვანები ჩემი ნაკლოვანებია. შენი საკუთარი თავის ხომ არ გეშინია; შენ არ ცდილობ დაემალო საკუთარ თავს, რადგან იცი, რომ ეს შენ ხარ. მსგავსად ამისა, თუ შენ ჩემზე ფიქრს შეძლებ, როგორც შენს საკუთარ გაფართოებულ რეალობაზე, თუ შეძლებ იგრძნო, რომ შენი ხელები დაგრძელდა, შენში ყველაფერი კი გაფართოვდა და ამ გაფართოებულ ცნობიერებაში შენ და მე ერთნი ვართ, მაშინ ნახავ, რომ ყველაფერი, რაც შენში გარდაქმნას საჭიროებს, ჩემი ნაკლოვანებაცაა.

ამიტომ ჩემი ნუ გეშინია და ნურც იმის გეშინია, რომ ადამიანურად ტკივილს მომაყენებ. შეიგრძენი, რომ მე შენი უნივერსალურობა ვარ, შენი ტრანსცენდენტალური ცხოვრება. რატომ უნდა გეშინოდეს ჩემი? ჩვენ ერთნი ვართ, მარად ერთნი, განუყოფლად ერთნი. ჩვენში არსებული მცირე ნაწილი სხივოსნდება უფრო დიდი, უფრო გასხივოსნებული, უფრო ამსრულებელი, უფრო სრულყოფილი და უფრო მეტად ღვთაებრივი ნაწილის შუქით.

მე ვემზადები

მე ვემზადები. მე ვემზადები ახალი განთიადისთვის, ახალი დილისთვის და ახალი დღისთვის. მე შეგნებულად და მტკიცედ დავმარხავ ჩემ წარსულ გამოცდილებებს: მარცხის გამოცდილებას, იმედგაცრუების, უღირსობის გამოცდილებებს. მე ჩემი ხსოვნის წიგნიდან ამოვშლი ყველა უსიამოვნო, გაუსხივოსნებელ გამოცდილებას, რომელიც ჩემს ცხოვრებაში დაგროვდა. მე ვემზადები მარად ახალი ცხოვრებისთვის.

მე ვიცი, რატომ დავმარცხდი, რატომ გავუცრუე იმედი ჩემ საყვარელ უზენაესს. მე დავმარცხდი იმიტომ, რომ არაფრად ჩავაგდე ჩემი ცხოვრება-წამი, გავფლანგე ჩემი ცხოვრება-წუთი, უგულებელვყავი ჩემი ცხოვრება-საათი. ამიერიდან ჩემი ცხოვრების ყოველ წამში მე დავინახავ ათწლეულის არსებობას-რეალობას. ჩემი ცხოვრების ყოველ წუთში მე დავინახავ ორმოცწლეულის არსებობა-რეალობას, და ჩემი ცხოვრების ყოველ საათში მე დავინახავ ასწლეულის არსებობა-რეალობას. ყოველთვის, როცა არასწორად ვიყენებ ჩემს ცხოვრება-წამს, ცხოვრება-წუთს და ცხოვრება საათს, მე საკუთარ თავს ვაგრძნობინებ, რომ სულ უფრო და უფრო ვშორდები დასახულს მიზანს. და, ყოველთვის, როცა სწორად ვიყენებ ჩემს ცხოვრება-წამს, ცხოვრება-წუთს, ცხოვრება-საათს, მე საკუთარ თავს ვაგრძნობინებ, რომ ჩემი ღვთის რეალიზაციის საათი სწრაფად ახლოვდება. ეს რომ ვიგრძნო, მე ძალდატანება არ დამჭირდება; ეს სპონტანურად, თავისთავად მოხდება. ჩემი ნავი აღარ იცურავებს საღამო-იმედსა და ღამე-იმედგაცრუებას შორის. მე ჩემი ნავით ვიმგზავრებ მხოლოდ სინათლე-დაპირებასა და აღტაცება-კმაყოფილებას შორის.

ჩემი ცხოვრების-დამოკიდებულების გამო, ჩემი ცხოვრების-სურვილის გამო, ჩემი სასრული ცხოვრების გამო იმედი გავუცრუე ჩემ ძვირფას უზენაესს, და იმედი გავუცრუე ჩემ არსებობას-რეალობას. და მე ჩემს საყვარელ უზენაესს და ჩემს არსებობა-რეალობას კვლავ გავუცრუებ იმედს, თუ კვლავაც მეყვარება სასრული ჩემში. მაგრამ თუ ჩემში უსასრულობისადმი სიყვარულს გავაღვივებ, მაშინ აღარ მომიწევს იმედგაცრუებას თვალებში ვუყურო, დამარცხება ვიგემო. მე მხოლოდ ზეცაში ვიფრენ ჩემი მარადისობის ძვირფას მეგობართან, ჩემ ფრინველთან-სულთან. მე ოქროს ნავში დავრჩები ჩემი მარადისობის უზენაეს მესაჭესთან და გავცურავ, გავცურავ ზღვარდაუდებელ მიწისკენ-ღვთაებრიობისკენ და ნაპირისკენ-უკვდავებისკენ.

ჩემი ახალი ცხოვრება თვითდაძლევის და ღვთის ღიმილების მოწვევის ცხოვრება იქნება. ჩემმა ძველმა ცხოვრებამ ის მომცა, რაც ჰქონდა: ღვთის შიში, სურვილის შიში, სურვილში შიში. ჩემი ახალი ცხოვრება მჩუქნის გზავნილს ღვთის სიყვარულისა და ღვთის აღსრულებისა მისი ნებისამებრ. მე ვემზადები იმისთვის, რომ ღვთის უზენაესად რჩეული ინსტრუმენტი გავხდე - რათა ყოველთვის, ყოველთვის მიყვარდეს ის, ვახარებდე მას, აღვასრულებდე მას ისე, როგორც მას თავად სურს.

თავმდაბლობა და შებრალება

ის, რაც მაქვს, თავმდაბლობაა, ის კი, რაც ღმერთს აქვს - შებრალება. თავმდაბლობა ჩემი გულითადი საჩუქარია ჩემი საყვარელი უზენაესისთვის. შებრალება ჩემი უფლის ნაყოფიერი საჩუქარია ჩემთვის. ჩემი თავმდაბლობა ჩემი შინაგანი ოჯახის ორი მნიშვნელოვანი წევრისგან იღებს მხარდაჭერას: სილბოსა და სინაზისგან. ღმერთის შებრალება მისი შინაგანი ოჯახის ორი დიადი წევრისგან იღებს მხარდაჭერას: სიყვარულისა და მზრუნველობისგან.

ჩემი ფარული განძი - ჩემი ბოლომდე გაფურჩქნული თავმდაბლობაა. ღვთის ყველასთვის ღია განძი - მისი სრულად გამოვლენილი შებრალებაა.

ჩემი თავმდაბლობა თავისუფლად ხელმისაწვდომია არა მხოლოდ იმათთვის, ვისაც ვუყვარვარ და ვჭირდები, არამედ იმათთვისაც, ვისაც არ ვუყვარვარ და არ ვჭირდები. ღმერთის შებრალება ყოველთვის უპირობოა, ის ყველასთვისაა. მაძიებელი ჩემში, ჩემი ამთვისებელი ძალის წყალობით, იძენს ღმერთის შებრალებას. ღმერთი შემბრალებელი იმათთვისაა, ვინც ზედიზედ მიმართავს მცდელობებს, მაგრამ ვისი წარმატებაც კვლავ შორეულ ოცნებად რჩება. და მხოლოდ იმიტომ, რომ ღმერთი მათი შემბრალებელია, ისინი საბოლოოდ არა მხოლოდ მოიპოვებენ შემბრალე ღმერთს, არამედ, აგრეთვე, ღვთის ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტები გახდებიან.

მე ჩემი თავმდაბლობის ხედ ვიქეცი, რათა გავახარო ჩემი საყვარელი უზენაესი ისე, როგორც მას თავად სურს. ღმერთი თავისი შებრალების წვიმად იქცა, რათა აღმასრულოს და უკვდავმყოს ისე, როგორც მას სურს.

მორჩილება

მე მჭირდება მორჩილება; მე მიყვარს მორჩილება. მე ჩემში უმაღლესი მჭირდება; მე ჩემში უმაღლესი მიყვარს. უმაღლესი ჩემში ჩემი გზის გამკვალავია. უმაღლესი ჩემში პასუხისმგებლობის განასახიერებაა. ის მღელვარებისგან, შფოთისგან, მერყეობისგან, შიშისგან და ეჭვისგან მათავისუფლებს. ის ყურადრებით ადევნებს თვალს არაჯანსაღ ძალებს, რომლებსაც ადვილად შეუძლიათ თავს დამესხან, ან, უფრო სწორად, ისინი მის სრულ კონტროლქვეშ არიან.

ჩემში უზენაესისადმი ჩემი მორჩილება არაა იძულებითი დათმობა. ეს მხოლოდ ჩემი შეგნებული გაცნობიერებულობაა უმაღლესი ღვთაებრიობისა ჩემს ზემოთ. მაგრამ დადგება დრო, როდესაც უწყვეტი პროგრესის წყალობით მე შევძლებ გავერთიანდე უმაღლესთან ჩემში; მე მას გავუთანაბრდები, ჩვენდა სასიხარულოდ. ნამდვილად უმაღლესი მხოლოდ იგია, ვინც შესთხოვს და ცდილობს აამაღლოს ქვემდგომი თავის დონემდე, რათა ერთად შეძლონ თამაში, სიმღერა და ცეკვა.

ღმერთი ჩემში ერთადერთი უმაღლესია. მანამ, სანამ თავის გვერდით არ მიხილავს, მისი შუქი-გამოვლენა ვერ აავსებს მთელს მის ქმნილებას. ადამიანურს ჩემში მფარველობისა და ხელმძღვანელობისთვის სურს და ჭირდება უმაღლესი. ღვთაებრივს ღმერთში სურს და ჭირდება პარტნიორი და თანამშრომელი, და არა ქვემდგომი არსება, რათა ღვთაებრივად ხალისით სავსე და უკიდეგანოდ ნაყოფიერი იყოს.

მე მეტი მჭირდება

მე მეტი მჭირდება. მეტი სიმშვიდე მჭირდება. მეტი სიხარული მჭირდება. გონებაში სიმშვიდე მჭირდება. გულში სიხარული მჭირდება.

მე მეტი მჭირდება. მეტი ზეშთაგონებულობა მჭირდება. მეტი თავგანწირულობა მჭირდება. ვიტალში ზეშთაგონებულობა მჭირდება. სხეულში თავგანწირულობა მჭირდება.

მე მეტი მჭირდება. მეტი დარწმუნებულობა მჭირდება. მეტი სრულყოფილება მჭირდება. მისწრაფებაში დარწმუნებულობა მჭირდება. ერთგულებაში სრულყოფილება მჭირდება.

მე მეტი მჭირდება. მეტი შებრალება მჭირდება. მეტი თანამშრომლობა მჭირდება. ჩემი ძვირფასი უზენაესისგან შებრალება მჭირდება ჩემი არსებობის რეალობაში. კაცობრიობისგან თანამშრომლობა მჭირდება ყველაფერში, რასაც ვაკეთებ, ყველაფერში, რასაც ვამბობ, ყველაფერში, რადაც ვიქცევი.

როდესაც ჩემს გონებაში მეტი სიმშვიდე იქნება, ჩემს გულში მეტი სიხარული, ჩემს ვიტალში მეტი ზეშთაგონებულობა, ჩემს სხეულში მეტი თავგანწირულობა, ჩემს მისწრაფებაში მეტი დარწმუნებულობა, ჩემს ერთგულებაში მეტი სრულყოფილება, ღვთისგან მეტი შებრალება და კაცობრიობისგან მეტი თანამშრომლობა, მაშინ მე ღვთის ყველაზე სრულყოფილი ინსტრუმენტი გავხდები შიდა სამყაროში და კაცობრიობის ყველაზე სრულყოფილი წარმომადგენელი - გარე სამყაროში. მე მეტი მჭირდება, მეტი.

ხსნა, გათავისუფლება, რეალიზაცია, სრულყოფილება და კმაყოფილება

ცოდვილი ხარ? მაშინ ნამდვილად ხსნა გჭირდება. მეტისმეტად მიჯაჭვული ხარ მიწიერზე? მაშინ გათავისუფლება გჭირდება. უმწეოდ მარტოხელა ხარ? მაშინ უეჭველად რეალიზაცია გჭირდება. შენი სურვილის ცხოვრებით მეტად უკმაყოფილო ხარ? მაშინ აუცილებლად სრულყოფილება გჭირდება. მზად ხარ გიყვარდეს ღმერთი და ემსახურო მას ისე, როგორც მას სურს? მაშინ უდავოდ კმაყოფილება გჭირდება.

ილოცე. შენი ხსნის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ღმერთს მიუძღვენი საკუთარი თავი. შენი გათავისუფლების პრობლემა გადაჭრილი იქნება. იმედიტირე. შენი რეალიზაციის პრობლემა გადაჭრილი იქნება. ევედრე ღმერთს სიღრმისეული ვედრებით. შენი სრულყოფილების პრობლემა გადაჭრილი იქნება. იგრძენი, რომ შენ მხოლო ღმერთისგან და მხოლოდ ღმერთისთვის ხარ. შენი დაკმაყოფილების პრობლემა გადაჭრილი იქნება.

გამოცდა

„ჩემო საყვარელო უზენაესო, მხოლოდ ერთი რამ მითხარი და დააკმაყოფილე ჩემი ცნობისმოყვარეობა. შენ ამბობ, რომ ჩემს გამოცდას არ ცდილობ, მაგრამ მე ზოგჯერ მეჩვენება, რომ შენ მაინც მიწყობ გამოცდას. ხომ არ მატყუებს ჩემი გრძნობა? ცდილობ, გამომცადო?“

„შვილო ჩემო, ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო შენთან, მე შენს გამოცდას არ ვცდილობ. გამოცდა არაა სწავლების საუკეთესო გზა ნებისმიერი ადამიანისთვის. გამოცდა მხოლოდ შიშს წარმოშობს, გაუმართლებელ შიშს მოსწავლეში, როგორი ბრწყინვალეც არ უნდა იყოს ის. მოსწავლეს ეშინია, რომ ჩაიჭრება და დაირცხვენს, და მაშინ სამყარო მას ზიზღით შეხედავს.

მას, რასაც ჩემ გამოცდად მიიჩნევ, მე ჩემს თამაშს-გასხივოსნებას ვუწოდებ. მე არ გცდი იმისთვის, რომ შენ ჩააბარო ან ჩაიჭრა. მე უბრალოდ მინდა თამაში-გასხივოსნება გეთამაშო, რათა შენ ზედმეტად ან ნაკლებად არ შეაფასო შენი უნარი. როდესაც ვერ აფასებ შენ უნარს, შენ გაუცნობიერებლად ეფერები ყალბ თავმდაბლობას, და როცა ზედმეტად აფასებ შენს უნარს, შენ მეგობრობ გადაჭარბებულ უმეცრებასთან-იმედგაცრუებასთან. საკუთარი უნარის ვერშეფასება ან გადაჭარბებულად შეფასება ერთნაირად ცუდია.

გასხივოსნების თამაშის დროს შენს მისწრაფების და თავდადების ცხოვრებაში, უნდა იგრძნო იმის აუცილებლობა, რომ წინა პლანზე გამოიტანო შენი შიდა ვედრება, და ასევე შენი ლეთარგია-უვიცობა. შენ უნდა ჩამაბარო შენი არსების არა მხოლოდ ღვთაებრივი ნაწილი, არამედ არაღვთაებრივიც კი.

ასე რომ, რასაც ჩემს გამოცდად მიიჩნევ, არ არის გამოცდა ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით. ეს შეთავაზებაა შენი სრულყოფისათვის. შენი ამჟამინდელი ცნობიერების მდგომარეობაში შენმა გონებამ შენი სხეულის და ვიტალის ცნობიერებაში ეშმაკურად დააგროვა უმეცრება და სინათლე, სიცრუე და ჭეშმარიტება. მე მსურს, რომ შენ შემომთავაზო ყველაფერი, რაც გაგაჩნია და ყველაფერი, რასაც წარმოადგენ. შენ უნდა განახორციელო სრული თვითშეთავაზება. შენ ჩემგან გასხივოსნებას მიიღებ განწმენდისა და ყველაფრის, რაც გაგაჩნია, შეთავაზების გზით. ის, რაც უნდა შემომთავაზო, შენი გული სილამაზეა. შენ მთავაზობ შენი საკუთარი შიდა და გარე არსებობის სილამაზის. შენ უნდა შემომთავაზო, როგორც პაწაწინა სილამაზე, რასაც უვიცობას უწოდებ, ასევე უმაღლესი სილამაზე, სანაცვლოდ კი გასხივოსნებას შემოგთავაზებ.

აი ის თამაში, რომელსაც გეთამაშები. ეს ჩვენი თამაში-გასხივოსნებაა და არამც და არამც გამოცდა - შორს ამისგან! ეს ერთობლივი გასხივოსნებაა.

ძღვენნი

„ჩემო საყვარელო უზენაესო, მე შენთვის რამდენიმე ძღვენი მაქვს. პირველი ძღვენი ჩემი ზეშთაგონებული ვედრებაა. მეორე ძღვენი ჩემი ნაყოფიერი ღიმილია. მესამე და განსაკუთრებული ძღვენი ჩემი გული-ერთობაა. მეოთხე და ყველაზე რჩეული ძღვენი ჩემი მადლიერების ალია.“

„შვილო ჩემო, დიდად მადლიერი ვარ შენი; მეც მაქვს შენთვის ძღვენი. აი, ჩემი ძღვენი: შენ უფრო მეტად მჭირდები, ვიდრე ოდესმე შეგიძლია წარმოიდგინო. შენთან ერთად დავიწყე ჩემი ხილვის მოგზაურობა; შენთან ერთად მივაღწევ ჩემი რეალობის მიზანს-კმაყოფილებას.“

ვინაა გამარჯვებული?

ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვინც იგებს, არამედ ის, ვინც სიხარულით აღსავსე ერთობა დაამყარა შედეგთან, რასაც გამოცდილება ქვია გამარჯვებისა თუ დამარცხების, წინსვლის თუ უკუსვლის სახით.

ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვინც რბოლაში იმარჯვებს, არამედ ის, ვისაც თვალმოუხუჭავად და დაუღალავად უყვარს სირბილი ღმერთთან, უზენაეს მორბენალთან.

ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვისაც დიდების სიმღერას ვუმღერით, არამედ ის, ვინც ღვთის უზომო სინათლეს-შებრალებას განასახიერებს.

ვინაა გამარჯვებული? არა ის, ვინც მოიხვეჭა დიდი სახელი და მოიპოვა უზარმაზარი სიმდიდრე, არამედ ის, ვისაც მხოლოდ ერთი რამ ჭირდება: ღმერთის დაკმაყოფილება, იმ გზით, რომელსაც ის თავად ამოირჩევს.

ორი მატარებელი

ორი მატარებელი: სურვილის მატარებელი და მისწრაფების მატარებელი. მატარებელი-სურვილი გადის შიმშილის-უმყოფობის სადგულიდან და მშიერი სიკვდილის და იმედგაცრუების სადგურზე ჩამოდგება. მატარებელი-მისწრაფება მიემგზავრება ზეშთაგონებულობის წყურვილის სადგურიდან და გასხივოსნების ნადიმის სადგურზე ჩამოდგება.

თუ შენ სურვილის მატარებლის მგზავრი ხარ, შეიძლება არც კი იცოდე, რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი. თუ შენ სურვილის მატარებელში ჩაჯდები, მხოლოდ დაიტანჯები. თუ შენ მისწრაფების მატარებლის მგზავრი ხარ, შენ არ გჭირდება იმის ცოდნა, თუ რა არის შენთვის კარგი და რა არის ცუდი, რადგან თავად ღმერთი ირჩევს შენს მაგივრად. ამიტომაც, ერთხელაც თუ ჩაჯექი მისწრაფების მატარებელში, სულ უფრო და უფრო გაიფურჩქნები როგორც შიდა, ასევე გარე სამყაროში. შიდა კეთილდღეობა შენი გულის დაუღალავი ვედრებაა. გარე კეთილდღეობა შენი ცხოვრების უძილო ღიმილია.

ვინ აკაკუნებს?

„ვინ აკაკუნებს? სატანა? ნუ მაწუხებ. დღეს მე ბევრი მნიშვნელოვანი რამ მაქვს გასაკეთებელი.

ვინ აკაკუნებს? ადამიანი? გთხოვ, სხვა დროს მოდი. სამწუხაროდ, ახლა მე ძალიან დაკავებული ვარ.

ვინ აკაკუნებს? ღმერთი? რატომ მაცბუნებ, უფალო? ნუთუ ჩემი ნებართვა გჭირდება იმისთვის, რომ ჩემი გულის ოთახში შემოხვიდე?“

„შვილი ჩემო, იქნებ შენ ბოლომდე მზად არ ხარ, მიმიღო? მე ვაკაკუნებ, რომ გაცნობო: მე ისევ მოვალ და ვინახულებ შენს ოთახს-მადლიერებას, შენს საკურთხეველს-მინდობას და შენს თვითგაცემას-სრულყოფილებას. შვილო ჩემო, შენ დრო გაქვს. მე საერთოდ არ მეჩქარება. მაგრამ მე აუცილებლად გეწვევი, რათა ჩემი მაკურთხეველი მოსვლით დაგასაჩუქრო.“

ღვთის საიდუმლო და ადამიანის საიდუმლო

ღვთის საიდუმლო დაუსაბამო მდუმარებაა. ადამიანის საიდუმლო დაუსრულებელი ხმაა.

ღვთის საიდუმლო იმის გაცემაშია, რაც მას აქვს: შებრალება. ადამიანის საიდუმლო სხვებისგან იმის მითვისებაშია, რაც მას არა აქვს: მატერიალური კეთილდღეობა, მიწიერი ძალაუფლება და სხვა ჩვეული ნივთები.

ღვთის საიდუმლო შემოქმედებაშია და ახალი სინათლით-ხილვით ღვთაებრივად ტკბობაშია. ადამიანის საიდუმლო ყოველივე იმის ნგრევაშია, რასაც კი ის ხედავს, იმათ გაცამტვერებაშია, ვისაც კი იცნობს.

ღვთის საიდუმლო მუდმივ მიტევებასა და დავიწყებაშია. ადამიანის საიდუმლო არასოდეს პატიებასა და არასოდეს დავიწყებაშია.

ღვთის საიდუმლო გულით ვედრებაშია, ვიდრე კმაყოფილებით გაიღიმებდეს. ადამიანის საიდუმლო სიკვდილამდე და სიკვდილის ჟამსაც ვედრებაშია, რათა მიაღწიოს ღვთაებრივ ზეცას და თავად ღმერთი შეეგებოს მას. ამ დროს ღმერთმა არ იცის, გაიღიმოს თუ იტიროს. ამიტომაც ის იცინის.

რაღაც დაკარგულია

რაღაც დაკარგულია. რა? ადამიანის წვეთი-მადლიერება. რაღაც ნაპოვნია. რა? ადამიანის ამპარტავნული შეუსმენლობა. ვის ჭირდება? არავის! ყოვლის შთამნთქმელ სიკვდილსაც კი.

რაღაც დაკარგულია. რა? ადამიანის ხელები-მსახურება. რაღაც ნაპოვნია. რა? ადამიანის უღირსობის გრძნობა. ვის ჭირდება? არავის! უკანასკნელ სულელსაც კი დედამიწის ზურგზე.

რაღაც დაკარგულია. რა? ადამიანის ხე-პასუხისმგებლობა. რაღაც ნაპოვნია. რა? ადამიანის კმაყოფილება-კომპრომისი. ვის ჭირდება? არავის! წმინდანსაც კი, რომელიც თავიდან ფეხებამდე მიტევებაა. წმინდანი მზადაა უვიცობა აპატიოს, მაგრამ ის არავითარ კომპრომისზე არ წავა ილუზია-უვიცობასთან.

წითელი შუქნიშანი

წითელი შუქნიშანი თავგზას მიბნევს, როდესაც მეჩქარება.იგივე წითელი შუქი ცხოვრებას მიმსუბუქებს, როდესაც არსად მიმეჩქარება.

მე მინდა დროის სუნთქვით დავტკბე. წითელი შუქი მეუბნება, რომ ცხოვრება ყოველთვის მშვიდად არ მიედინება. ის მაფრთხილებს ჩემდა სასიკეთოდ. ის არანაირად არ ცდილობს, ხელი შემიშალოს ჩემი სიცოცხლის გადამრჩენი სიჩქარისა და ჩემი სიცოცხლის გადამრჩენი რეალობის გამოვლენაში.

წითელი შუქი ჩემი ფარული მეგობარია. სულიერ სამყაროში წითელი შუქი ჩემი სინდისია. ჩემი სინდისი არასოდეს მიშლის ხელს სწორი საქმეების კეთებაში: მას უბრალოდ არ სურს, რომ მე უკეთური საქმეები ჩავიდონო. ის ყოველთვის ცდილობს ამარიდოს არასწორი საქმეების კეთებას და შთამაგონებს სწორ ქმედებას.

როდესაც წითელ შუქს არ ვემორჩილები, თავს დიდ საფრთხეში ვიგდებ და სიკვდილის კლანჭებში აღმოვჩნდები. ასევე, როცა არ ვუსმენ ჩემი სინდისის ნაზ, ტკბილ, ღიმილიან კარნახს, შეიძლება საშინელ კატასტროფაში მოვხვდე ჩემს მისწრაფების ცხოვრებაში. ჩემი სინდისი არ გადამათქმევინებს და არ დამიშლის სწორი საქმეების კეთებას, მაგრამ ის მთხოვს წინდახედული ვიყო, რათა ცხოველური და ადამიანური სამყაროს მშიერმა ვეფხმა არ გამანადგუროს.

მე ადამიანი ვარ, იმიტომ რომ სინდისი მაქვს. თუ დავუჯერებ ჩემი სინდისის ზეშთაგონებულ კარნახს, მაშინ ჩემს ცხოვრებაში ვიხილავ კმაყოფილების სახეს. ეს კმაყოფილება ჩემში აყვავებული რწმენის დასაწყისია. როდესაც დაკმაყოფილებული ვარ, მე თვალისმომჭრელად ვყვავი. როდესაც თვალისმომჭრელად ვყვავი ვგრძნობ, რომ უბრალო ინსტრუმენტი კი არ ვარ, არამედ ჩემი საყვარელი უზენაესის რჩეული ინსტრუმენტი ვარ. ყოველთვის მეყვარები და თაყვანს გცემ, წითელო შუქო! შენ ჩემი ცხოვრების ნამდვილი მხსნელი ხარ. ო, ჩემო სინდისო, ყოველთვის მეყვარები და თაყვანს გცემ, იმიტომ რომ შენ ჩემი შინაგანი ცხოვრების ნამდვილი მხსნელი ხარ. ზუსტად შენი წყალობაა, რომ მე არ ვქეიფობ ღამესთან-უვიცობასთან; მე მშვიდობიანად მივემგზავრები უსასრულობის სინათლისკენ, მარადისობის სილამაზისკენ და უკვდავების სიყვარულისკენ.

გუშინ დრო იყო

გუშინ ჩემთვის დრო იყო, თანაგრძნობა გამომეხატა ტანჯული კაცობრიობის მიმართ. დღეს ჩემთვის დრო დადგა, ჩემი გულწრფელი ზრუნვა გამოვავლინო თავგზააბნეული კაცობრიობის მიმართ. ხვალ ჩემთვის დრო მოვა, შევთავაზო ჩემი სიყვარულით აღსავსე მსახურება მოწყურებულ კაცობრიობას. მაგრამ ახლა, ახლა ჩემთვის დროა გამოვხატო ჩემი გულის ერთობა დამშეული კაცობრიობის მიმართ.

თანაგრძნობა, მზრუნველობა, მსახურება, გული-ერთობა - ესენი ჩემი შინაგანი ოჯახის ნამდვილი წევრებია, და ეს ჩემი შიდა ოჯახის წევრები მინდა ვუწილადო დანარჩენ მსოფლიოს, ღვთის ქმნილებას, ღმერთს-შემოქმედს.

იყო ღვთაებრივად დიადი

იყო ღვთაებრივად დიადი - მსახურებას ნიშნავს. იყო დიდად კეთილშობილი - სიყვარულს ნიშნავს. იყო მარად სრულყოფილი - უძილო შინაგან ვედრებას ნიშნავს. იყო კმაყოფილი ღვთაებრივი გზით - ნიშნავს შეგნებულად და მუდმივად მადლიერების ნაკადად იქცეოდე შენს გულში.

ადამიანურს ჩემში დიდება სურს. ღვთაებრივი ჩემში კეთილშობილებისკენ მიისწრაფის. მისწრაფებულ და აღმავალ ღმერთს ჩემში სრულყოფილება სწყურია. მოსიყვარულე და გამოვლენადი ღმერთი ჩემში კმაყოფილებას შეჰღაღადებს.

მე მსურს დიდების, კეთილშობილების, სრულყოფილების და კმაყოფილების უახლოესი და მარადიული მეგობარი გავხდე, რადგან მათი წყალობით ჩემი ძვირფასი უზენაესი გაიღიმებს თავისი მარადიული ღიმილით და იცეკვებს თავის უკვდავ ცეკვას ჩემში და ჩემთვის. დაე, ჩვენმა მეგობრობამ გაახაროს არა მხოლოდ ადამიანური და ღვთაებრივი ჩვენში, არამედ ასევე გაახაროს და აღასრულოს ჩვენი საყვარელი უზენაესი ღრმად ჩვენში.

თუ გინდა დიადი იყო

თუ გინდა დიადი იყო, მაშინ დაეწაფე ყველაფრის სწავლას - ყველაფრის ყველაფერში და ყველაფრის ყველაფრისგან.

თუ გინდა კეთილშობილი იყო, მაშინ დაუღალავად ისწავლე დავიწყება იმისა, რაც ისწავლე სურვილის სამყაროში და გულმოდგინედ ისწავლე ყველაფერი მისწრაფების სამყაროში.

თუ გინდა, რომ მხოლოდ რეალიზაციის სამყაროში იმყოფებოდე, და არა სურვილის ან მისწრაფების სამყაროში, მაშინ არც არაფრის სწავლა არ დაგჭირდება და არც არაფრის დავიწყება. შენ მხოლოდ ის უნდა გახდე, ვინც გსურს, რომ გახდე. როგორ გახდე ის, ვინც გსურს? ეს მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გრძნობ, რომ მარტო ვერასოდეს გახდები ის, ვინც გსურს, რომ გახდე. ეს ადამიანის ძალას აღემატება. მხოლოდ ზეგარდმო წყალობით შეგიძლია გააკეთო ის, რაც გსურს, და გახდე ის, რაც გსურს.

როგორ მოიპოვებ ამ წყალობას? წყალობის მოპოვება ხდება უზენაესისადმი მადლიერებით და სიყვარულის ცრემლების ღვრით იმისთვის, რაც მან, თავისი გულუხვობიდან გამომდინარე, გააკეთა შენთვის და იმისთვისაც, რაც მან ასევე თავისი გულუხვობიდან გამომდინარე, შენთვის არ გააკეთა.

ღმერთმა თავისი გულუხვობიდან გამომდინარე ბევრი რამ მოგცა, ღვთაებრივი შენში ბედნიერი რომ ყოფილიყო. ამავე დროს, მას ბევრი რამ შენთვის არ მოუცია - შენდა სასიკეთოდ. იმისთვის, რაც მოგცა, და იმისთვის, რაც არ მოუცია, შენ საკუთარ თავში უწყვეტი მადლიერების გრძნობა უნდა გამოაღვიძო. ამ მადლიერებაში შენ აუცილებლად იხილავ მას, შეიგრძნობ მას და მასთან ერთიანი გახდები მის ყოვლისმომცველ ღვთაებრივ ცხოვრებაში.

ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ

ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან ის ჩვენთანაა აქ და ახლა. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან მან ჩვენში გამოაღვიძა ნამდვილი ღმერთის წყურვილი. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან მან იმედის ჩქაროსნული მატარებელი გვიბოძა. ჩვენ ღვთის მადლიერნი ვართ, რადგან ის თავის დაპირებას შეასრულებს. როგორია მისა დაპირება? მისი დაპირება ასეთია: ის არ იქნება კმაყოფილი მანამ, სანამ ყოველი მისი ქმნილება არ მოუტანს კმაყოფილებას იმ გზით, როგორც მას თავად სურს.

როგორ შეგვიძლია გავახაროთ ღმერთი მისი სურვილისამებრ? პირველ რიგში, ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ ღვთის ქმედების ხერხს. ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს გრძნობა, რომ ეს ღმერთს გაახარებს, მაგრამ საიდან ვიცით, რომ ჩვენი გრძნობა არ გვატყუებს? არსებობს ამის გაგების ხერხი. უნდა ჩავიძიროთ ღრმად შინაგანში და გავანადგუროთ ან გარდავქმნათ ჩვენი აზრების სამყარო, და ჩავანაცვლოთ ის ჩვენი ნებისყოფით, ურყევი ნებისყოფით. ეს ნებისყოფა ჩვენი სულის სიღრმიდან მოდის და არა გონებიდან.

ჩვენ აქ და ახლა დედამიწაზე ვარსებობთ მხოლოდ იმისთვის, რომ გავახაროთ ღმერთი ისე, როგორც მას თავად სურს. ეს ნამდვილად რთული ამოცანაა, მაგრამ ჩვენ სიხარულს ვიმკით მხოლოდ მაშინ , როცა სირთულეებს გადავლახავთ. თუ ჩვენს ცხოვრებაში დაბრკოლებებს არ გადავლახავთ, ჩვენი კმაყოფილება ხანგრძლივი ვერ იქნება. თუ არ შევეცდებით და არ გავაკეთებთ ყველაფერს აქ და ახლა ღვთის გასახარებლად, მაშინ ჩვენ საერთოდ ვერ ვეღირსებით კმაყოფილებას.

დღევანდელი მიზანი მხოლოდ ხვალინდელი ახალი მოგზაურობის დასაწყისია. სულის მიღწევანი და მოგზაურობის მიზანი განუყოფელია. როდესაც მადლიერების ცრემლებს ვღვრით, ეს სული მოქმედებს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით, ცდილობს გადალახოს წინააღმდეგობანი თავის ღვთის დაკმაყოფილების მოგზაურობაში-წინსვლაში. და როდესაც მადლიერებით ვიღიმით, მოგზაურობის მიზანი ერთიანდება ჩვენი მისწრაფების საწყის წერტილთან და ჩვენი მისწრაფების მარად ტრანსცენდენტალურ ჰორიზონტთან.

სამი უკვდავი რამ

ადამიანურ სამყაროში სამი რამ მუდამ არსებობს: შიში, მღელვარება და ეჭვიანი გონება. ეს სამი ადამიანური ნაკლი, საბოლოოდ დაძლეული უნდა იქნას, თუ მისწრაფებულს სურს შეაბიჯოს ღვთაებრივ სამყაროში.

ღვთაებრივ სამყაროში სამი რამ, უდაოდ, მარად იარსებებს: რწმენა, სიმამაცე და სიყვარული. თუ მისწრაფებულს აქვს ეს სამი თვისება, მას მეტი არაფერი ჭირდება.

შიში, მღელვარება და ეჭვი უკვდავნი არიან ნეგატიური, დესტრუქციული სახით. მაშინ როდესაც რწმენა, სიმამაცე და სიყვარული წარმოადგენენ ან განასახიერებენ უკვდავებას პოზიტიური სახით. ერთხელაც ადამიანური ჩვენში დაძლევს საკუთარ თავს და მიიღებს ჩვენში მყოფ ღვთაებრივს მთელი თავისი რწმენით, სიმამაცით და სიყვარულით.

ჩვენი საყვარელი უზენაესი მზადაა

ჩვენი საყვარელი უზენაესი ყოველთვის მზადაა გვმოძღვრავდეს, მაგრამ სწორედ ჩვენ უნდა ვზარდოთ სურვილი ჩვენში, გავყვეთ მას.

ჩვენ საყვარელ უზენაესს ყოველთვის სურს გვაგრძნობინოს, რომ მას ჩვენ მუდმივად ვუყვარვართ, მაგრამ ჩვენ უნდა ვავითარებდეთ მზადყოფნას, დავუჯეროთ მას.

ჩვენი ძვირფასი უზენაესი ყოველთვის მზადაა დაგვეხმაროს სიბნელე-უვიცობის წინააღმდეგ ბრძოლაში, მაგრამ სწორედ ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ ნამდვილ საჭიროებას, ვიცხოვროთ სინათლე-სიბრძნეში და არა სიბნელე-უვიცობაში. ჩვენ მხოლოდ მაშინ მივიღებთ მის მსახურებას, თუ ნამდვილად ვისურვებთ სინათლეს-სიბრძნეს.

ჩვენი საყვარელი უზენაესი მზადაა და უსაზღვრო სურვილითაა შეპყრობილი, მიგვაღწევინოს უკიდეგანო სიმაღლეს-რეალობას, ჩვენგან კი სანაცვლოდ მოელის მხოლოდ პატარა, ზეშთაგონებულ ღიმილს. თუ პატარა ზეშთაგონებულ ღიმილსაც კი ვერ შევთავაზებთ, მაშინ ის ჩვენში ვერ შექმნის ჭურჭელს-ამთვისებლობას. თუ ჩვენში არაა სათავსო, მაშინ როდესაც ის გვიხმობს, ჩვენ ვერ დავინახავთ ან ვერ ვიგრძნობთ მის ძახილს. ჩვენი ჭურჭელი-ამთვისებლობა ექოსავით ააჟღერებს მის ძახილს ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებში.

აი ის, რასაც ჩვენი საყვარელი უზენაესი მოუთმენლად მოელის ჩვენგან, რათა კვლავ და კვლავ შეძლოს თავისი ხმა მოგვაწვდინოს საკუთარი მარად ტრანსცენდენტალური სიმაღლეებიდან ჩვენი ხსნისთვის, გათავისუფლებისთვის, რეალიზაციასა და სრულყოფილებისთვის - ჩვენთვის, მხოლოდ ჩვენთვის.

მათხოვარი-შებრალება და გმირი-სამართლიანობა

ღვთის შებრალება მეუბნება, რომ მის გარეშე არაფერი შემიძლია. ღვთის სამართლიანობა მეუბნება, რომ მან უკვე მომცა უნარი გავხდე ის, რაც გულწრფელად, მთელი გულით მინდა, რომ გავხდე. ღვთის სამართლიანობა არა მხოლოდ იმას მომცემს, რაც მისი წყალობით მინდა რომ მქონდეს, არამედ ასევე მომცემს უნარს, გავხდე ისეთივე სრულყოფილი, როგორიც თავად ღმერთია.

გმირი ჩვენში შესთხოვს ღვთიურ სამართალს. მათხოვარი ჩვენში ღვთიურ შებრალებას შესთხოვს. გმირმა ჩვენში მშვენივრად იცის, რომ, როდესაც ღმერთი გამოავლენს თავის სამართლიანობას, გმირი მალე შეძლებს უსწრაფესზე უფრო სწრაფად გაიქცეს და უბრძენესზე უფრო ბრძენი გახდეს. ღმერთი მასზე გადმოღვრის თავის საუკეთესოთა შორის საუკეთესო სიმაღლეს-მზრუნველობას და აღტაცებას-სიყვარულს. მაგრამ თუ გმირები არ ვართ, მაშინ იმისთვის, რომ გაგვხადოს ჩვენ დიადები, კეთილშობილები და ღვთაებრივები, ღმერთი მუდმივად გვაღვრის თავის შებრალებას.

მათხოვარი ჩვენში ასევე სიზარმაცის განასახიერებაა. ის მათხოვრობს, მაგრამ მოკლე ხნით; შემდეგ საბოლოდ ნებდება. მას არა აქვს საჭირო სიმტკიცე, მუდმივად თხოვდეს. მათხოვარს ჩვენში ღმერთისგან სურს მხოლოდ შებრალება - უპირობოდ. ღმერთს შეუძლია მათხოვარს ჩვენში უბოძოს თავისი უპირობო მზრუნველობა და სიყვარული, მაგრამ, როგორც კი ჩვენ მას მივიღებთ, დიდი ალბათობაა იმისა, რომ არ დავაფასებთ, რადგან უპირობოდ მოგვცეს. როდესაც ღმერთი უპირობოდ აკეთებს რამეს, ადამიანი კი თითს არ ანძრევს, რომ ეს დაიმსახუროს, მაშინ ადამიანი ამას არ აფასებს. ამიტომ ღმერთი ყოველთვის ჩვენგან რაიმის გაკეთებას ელოდება - ცდას, ვედრებას - რათა მისი ნაბოძები დავაფასოთ. ღმერთს შეუძლია ყველაფერი მოგვცეს, რაც არ უნდა ვისურვოთ, რაც არ უნდა დაგვჭირდეს, მაგრამ სწორედ ჩვენ თვითონ არ ვიქნებით კმაყოფილები მანამ, სანამ არ შევიტანთ მცირე წვლილს ღვთის კოსმიურ გეგმაში.

ღმერთს მხურვალედ სურს, რომ ერთხელაც მათხოვარმა ჩვენში შეწყვიტოს მათხოვრობა და ღვთაებრივი გმირივით, უზენაესი გმირივით, არჩევნის გაკეთება დაიწყოს, რომელმაც იცის, რა სურს და ამის მისაღწევად უყოყმანოდ შეწირავს მსხვერპლად თავის სხეულს, ვიტალს, გონებას, გულს და სულს. ჩვენ სამუდამოდ მათხოვრებად არ უნდა დავრჩეთ. ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, ღვთაებრივ გმირებად ვიქცეთ და უზენაესი გმირობის ცხოვრებით ვიცხოვროთ. რა არის უზენაესი გმირობა? უზენაესი გმირობაა, შეუჩერებლად და უპირობოდ გავცეთ საკუთარი თავი ისე, რომ ღმერთს შეეძლოს საკუთარი თავის აღსრულება ჩვენში და ჩვენი მეშვეობით ისე, როგორც მას სურს. როდესაც ის საკუთარ თავს აღასრულებს ისე, როგორც მას თავად სურს, ეს ნიშნავს, რომ ის ათავისუფლებს, აღასრულებს და უკვდავყოფს თავის გაფართოებად და მზარდ კოსმიურ რეალობას.

იცხოვრო სურვილის სამყაროში

იცხოვრო სურვილის სამყაროში ნიშნავს ფეხის თითებზე ცხოვრებას. რამდენ ხანს შეძლებ ფეხის თითებზე ცხოვრებას, როდესაც შფოთი, შური, მღელვარება, დაძაბულობა, შიში და ეჭვი ყველაფერზე ბატონობს? სურვილის სამყაროში ადამიანის შხამი და სურვილის შხამი უმაღლეს საიდუმლოში კლავენ ერთმანეთს. სამყარო მოწამლულია ადამიანის შხამით და სამყარო თავისი შხამით კლავს ადამიანს. ეს შხამი ჩნდება შურისგან, ეჭვისგან.

იცხოვრო ფეხის თითებზე - საკუთარი საწყისის დავიწყებას ნიშნავს, რომელიც ასევე სინათლის და აღტაცების წყაროა. იცხოვრო ფეხის თითებზე - შეგნებულად ნეგატიურ, დამანგრეველ სამყაროსთან, ცდუნების სამყაროსთან მეგობრობას ნიშნავს, სადაც შფოთი და მღელვარება მძვინვარებს.

ფეხის თითებზე ცხოვრების შეწყვეტის ერთადერთი გზაა, ვიგრძნოთ საკუთარი თავი ღვთის ქმნილებად. შემოქმედი ვერასოდეს ვერ უგულებელყოფს ქმნილებას. როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენ არ ვანადგურებთ პატარა ნახატსაც კი, რომელიც ჩვენ დავხატეთ. მაშ, როგორ შეუძლია ღმერთს-შემოქმედს, რომლის ქმნილებაც სხვა არაფერია, თუ არა მისი საკუთარი არსებობის-რეალობის პროექცია, გაანადგუროს სამყარო? ყოველი ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ მისი შექმნა უზენაესის მოთხოვნილება იყო, მისი შენარჩუნება უზენაესის მოთხოვნილებაა და მისი განხორციელება ღვთაებრივი გზით ასევე უზენაესის მოთხოვნილებაა.

ფეხის თითებზე ცხოვრების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ უფლის ღვთაებრივი სიამაყის შუაგულში იმ პირობით, თუ გრძნობთ, რომ თქვენი პირადი მოვალეობაა, თქვენი ერთადერთი მოვალეობაა, გვერდზე მოისროლოთ თქვენი საკუთარი მოთხოვნილებები და გაერთიანდეთ თქვენი საყვარელი უზენაესის ღვთაებრივ მოთხოვნილებასთან. თქვენი საკუთარი მოთხოვნილება სურვილებითაა აღსავსე და როდესაც ისინი გისრულდებათ, მაშინ საშინელი ნგრევა იწყება. ასე რომ, თუ გინდათ ჭეშმარიტი კმაყოფილება ნახოთ, მაშინ ის სწორ ადგილას მოძებნეთ - ღვთის სიმაღლე-შებრალებაში. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც შეგიძლიათ მოიპოვოთ თქვენი საკუთარი უფლება კმაყოფილებისა.

თქვენ სულიერების გზას მიჰყვებით. თქვენი გული თავად მისწრაფებაა. მისწრაფების ცხოვრებაში თქვენ ემზადებით სრული მორჩილების ცხოვრებისთვის. თქვენ არა მხოლოდ ერთნაირი სიხარულით, ერთნაირი სიყვარულით, ერთნაირი ნდობით და ერთნაირი რწმენით განუდგებით არა მხოლოდ თქვენი მისწრაფების და ერთგულების ცხოვრებას, არამედ ასევე თქვენი სურვილისა და უვიცობის ცხოვრებას. მაშინ გაქრება ღმერთისგან დამალვის მოთხოვნილება ან საკუთარი აზრების დამალვის მცდელობა. თქვენ და მთელი თქვენი არსებობა ყოველთვის უნდა იყოს დავანებული უზენაესში. ეს თქვენთვის ერთადერთი გზაა გახდეთ სავსებით სრულყოფილები და განუყოფლად ერთნი მარადისობის სინათლესთან-ხილვასთან და უსასრულობის აღტაცებასთან-გამოვლენასთან.

მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა

მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა, რომ ის გულწრფელად მიყვარს. ეს ენის წვერზე მადგა. ვაი, რომ სატანა გამოჩნდა. როგორც კი სატანა დავინახე, სრულიად დამავიწყდა ღმერთისთვის მეთქვა, რის თქმასაც ვაპირებდი.

მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა, რომ ის მუდმივად მჭირდება. ეს ენის წვერზე მადგა. ვაი, რომ ზუსტად იმ წამს სატანა გამოჩნდა და დაანგრია ჩემი მისწრაფება. თვით სატანას ყოფნამ გაანადგურა მთელი ჩემი სიხარული, და სულ დამავიწყდა ღმერთისთვის მეთქვა, რის თქმასაც ვაპირებდი.

მე მინდოდა ღმერთისთვის მეთქვა, რომ მე უპირობოდ გავხდები მისი ერთგული ინსტრუმენტი. ყველა სიტყვა სათქმელად მქონდა მომზადებული, ენის წვერზე მადგა. ვაი, რომ სატანამ უმიზეზოდ შეკრა წარბები. მისმა პირქუშმა მზერამ გააქრო მთელი ჩემი შთაგონება, მთელი ჩემი სიხარული. იმ წამსვე უბედურად ვიგრძენი თავი და იმდენად ჩავიძირე ტანჯვის მორევში, რომ სრულიად დამავიწყდა ჩემი საყვარელი უზენაესისთვის იმის თქმა, რასაც ვაპირებდი.

მე მინდოდა ჩემი მეგობრისთვის-უვიცობისთვის იმის თქმა, რომ მას აღარ დაველაპარაკები. მზად ვიყავი საამისოდ. სიტყვები ენის წვერზე მადგა. და ოჰ, ვინ გამოჩნდა, რომ ჩემი დანაპირები განემტკიცებინა? ჩემი საყვარელი უზენაესი.

მე მინდოდა უვიცობისთვის მეთქვა, რომ ამიერიდან ჩემი გზა სინათლეა, ჩემი მიზანი აღტაცებაა, და რომ მე იგი სამუდამოდ უნდა მივატოვო. ენის წვერზე მადგა. და ოჰ, ვინ გამოჩნდა, რომ ჩემი დანაპირები განემტკიცებინა? ჩემი მარად ძველი, ძველისძველი, და, ამავე დროს, საოცრად მარად ახალი მეგობარი - ჩემი საყვარელი უზენაესი.

მე მხოლოდ ორჯერ ვცხოვრობდი

მე მხოლოდ ორჯერ ვცხოვრობდი: ერთხელ ერთმანეთის გამგუდავ და ერთმანეთის მჭამელ ცხოველთა სამეფოში, მეორედ კი - ეჭვებით აღსავსე ადამიანთა სამეფოში.

ეხლა მე ვცხოვრობ მხოლოდ ორჯერ: ერთხელ - მერყეობის სამყაროში, მეორედ კი - გაუცნობიერებლობის სამყაროში.

მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ - ჩემი გულის-მადლიერების ღიმილში, მეორედ კი - ღვთის სინათლის-კმაყოფილების გულში.

რათა გავიზარდო და შევიძინო სულ უფრო მეტი და მეტი გამოცდილება, სულიერად მოვმწიფდე, მე მხოლოდ ორჯერ ვიცხოვრებ: ერთხელ ნერგში-მისწრაფებაში, მეორედ კი ხეში-რეალიზაციაში და ნაყოფში-რეალიზაციაში.

ამიერიდან მე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ ჩემს სამყაროში-მისწრაფებაში ვიცხოვრო. იქ მე ვნახავ, რომ ჩემი საყვარელი უზენაესი მომიწოდებს და მაღლა მიიწევს, რათა გამოავლინოს სინათლის ახალი სამყარო, დაპირების ახალი სამყარო.

დღეს მე ვიმღერებ

დღეს მე ვიმღერებ. ჩემს შინაგან სამყაროში მე ღვთის სილამაზის სიმღერას ვიმღერებ. ჩემს გარეგან სამყაროში მე ღვთის ვალის სიმღერას ვიმღერებ.

დღეს მე ვიმღერებ არა იმ სიმღერას, რომელიც ასე კარგად ვიცოდი, იმედგაცრუების სიმღერას, არამედ ახალ სიმღერას ვიმღერებ, გასხივოსნების სიმღერას.

დღეს მე ვიმღერებ მხოლოდ ჩემი საყვარელი უზენაესის ღვთაებრიობის გამოღვიძებაზე და გამოვლინებაზე; არასოდეს, არასოდეს ვიმღერებ ჩემი თვითგანდიდების სიმღერებს.

დღეს მე ვიმღერებ სრულყოფილების სიმღერას მისწრაფებულ სასრულ ცხოვრებაში.

დღეს მე ვიმღერებ უზენაესის, ჩემი უზენაესი მესაჭის სიმღერას სასრულის ძახილში.

დღეს მე ვიმღერებ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, დავაჩქარო ჩემი ცხოვრების მოგზაურობა, და ნელა და უშეცდომოდ მივუახლოვო ჩემი მიზანი ჩემს არსებობა-რეალობას.

დღეს მე ვიმღერებ სიმღერას, რომელიც ახლახან ვისწავლე ჩემი საყვარელი უზენაესისგან, და ეს სიმღერა უწყვეტი თვითშეთავაზებისაა. რა არის თვითშეთავაზება? თვითშეთავაზება ეს ადამიანის რეალობის აღმოჩენაა, რომელმაც ამოირჩია ღმერთი.

ცხოვრების მიზანი

ცხოველური ცხოვრების მიზანი ინდივიდუალურობისა და განცალკევებულობის ძებნაა. ადამიანური ცხოვრების მიზანი ერთობის პოვნაა, განცალკევებულობის გრძნობის სანაცვლოდ. ღვთაებრივი ცხოვრების მიზანია სრულყოფილების ძებნა, სრულყოფილებისა - შინაგან სამყაროში, სრულყოფილებისა - გარეგან სამყაროში, სრულყოფილებისა - მთელ ღვთიურ სამყაროში. უზენაესის ცხოვრების მიზანი კმაყოფილების ძებნაა, კმაყოფილებისა, რომელიც კვებავს მისი ქმნილების რეალობას-სხეულს და მისი მარად ტრანსცენდენტალური ხილვის რეალობას-სულს.

ცხოველური ცხოვრება ყოველთვის საზიანოა. ადამიანური ცხოვრება ყოველთვის ეჭვითაა აღსავსე. ღვთაებრივი ცხოვრება ყოველთვის სულით სავსეა. უზენაესის ცხოვრება ყოველთვის ნაყოფიერია.

ცხოველური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფერს ბრძოლით მოვიპოვებ. ადამიანური ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის მოპოვებას ჭკუით შევძლებ. ღვთაებრივი ცხოვრება მეუბნება, რომ ყველაფრის გაცემით მე გავხდები ის, რაც მსურს, გავხდე, და უფრო მეტიც, მე გავახარებ ღმერთს მისი ნებისამებრ. უზენაესის ცხოვრება მეუბნება, რომ ყველგან ერთობის გავრცელებით, მე არამხოლოდ ყველაფრად ვიქცევი, არამედ ასევე შევძლებ საჩუქრად შევთავაზო ეს ჩემი უნარი მისწრაფებულ კაცობრიობას.

ჩემი ღვთაებრივი პილიგრიმობა

ჩემო ძვირფასო უფალო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო ყველაზე ძვირფასო და საყვარელო, შენ ჩემი უბრალოება მომეცი. შენ ჩემი გულწრფელობა მომეცი. შენ ჩემი უშფოთველობა მომეცი. შენ ჩემი სისუფთავე მომეცი.

უბრალოება მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება სხეულის ცნობიერების გზაზე. გულწრფელობა მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება ვიტალის დინამიზმის გზაზე. უშფოთველობა მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება მენტალური ხილვის გზაზე. სისუფთავე მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება გულის აღტაცების გზაზე.

ჩემო საყვარელო უზენაესო, შენ ასევე მითხარი, რომ ჩემი უბრალოება, გულწრფელობა, უშფოთველობა და სისუფთავე თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი გულის მადლიერების ყვავილები ფურცელ-ფურცელ გაიშლებიან და სრულყოფილ სრულყოფილებად იქცევიან. ამისთვის მე მუდმივი თვითგაცემა მჭირდება - შეგნებული, ზეშთაგონებული და უპირობო თვითგაცემა.

იმისთვის, რომ მოვიპოვო შეგნებული, მუდმივი, ზეშთაგონებული და უპირობო თვითგაცემა, მე უნდა გიახლოვდებოდე არა უპოვარი მათხოვარივით, არამედ მოსიყვარულე მეგობარივით. თუ მათხოვარივით მოგიახლოვდები, შეიძლება მომცე ის, რაც მჭირდება ან რაც მსურს. მაგრამ ჩემი ჭურჭელი-ამთვისებლობა იმდენად მცირე აღმოჩნდება, შენ რომც მომცე, რაც მჭირდება, ეს საკმარისი არ იქნება; ის შორს იქნება ჩემი სულის კმაყოფილებისგან. თუკი იმას მომცემ, რაც მსურს, ეს შეიძლება მცდარი არჩევანი აღმოჩნდეს. მაშინ, რასაც მომცემ, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუების წყაროდ იქცევა და ვერასოდეს - კმაყოფილების წყაროდ.

ჩემო უფალო უზენაესო, თუ იმას მომცემ, რაც შენ გსურს, თუნდაც იოტისოდენა იყოს, ის არა მხოლოდ გაახარებს რეალურს ჩემში - სულს, არამედ უკვდავყოფს ადამიანურს ჩემში. ადამიანური ჩემში - ეს ჩემი ადამიანური იმედია, ჩემი მიწიერი იმედი. იმედი სანამ ნაყოფს გამოიღებს, არაფერია, გარდა ილუზიისა, შეცდომისა და გონებრივი ჰალუცინაციისა. მაგრამ შენ ამ იმედის უკვდავყოფაც შეგიძლია. როგორც კი ჩემი ოცნება უკვდავი გახდება, მე მას დავინახავ შენი საკუთარი რეალობის ტრანსცენდენტალური ხილვისა და შენი საკუთრი ხილვის უნივერსალური რეალობის ფორმით.

რაიმეს კეთება ღმერთისთვის

ო, ტკბილო ძვირფასო, უფალო ჩემი ცხოვრებისა, ო, ჩემი გულის დიადო და კეთილო მეგობარო, მე ვიცი, ვიცი; შენ მიყვარდე - შენთვის გამუდმებით რაიმეს კეთებას ნიშნავს. და რადგან ყოველთვის შენთვის რაიმეს არ ვაკეთებ, ეს ნიშნავს, რომ ნამდვილად არ მიყვარხარ.

ო, ძვირფასო უფალო უზენაესო, მე ვიცი, ვიცი; შენ გემსახურო - შენთვის გამუდმებით რაიმეს კეთებას ნიშნავს. სამწუხაროდ, სამწუხაროდ, რადგანაც მე შენთვის ყოველთვის არ ვაკეთებ რაიმეს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ გემსახურები.

ო, ტკბილო უფალო, მე ვიცი, ვიცი; შენზე ვიფიქრო, შენზე ვიმედიტირო - შენთვის გამუდმებით რაიმეს კეთებას ნიშნავს. სამწუხაროდ, სამწუხაროდ, რადგან მე ყოველთვის რაიმეს არ ვაკეთებ შენთვის, ეს ნიშნავს, რომ მე არ ვფიქრობ შენზე, მე არ ვმედიტირებ შენზე.

ო, ტკბილო უფალო, შინაგანი სამყაროსთვის იმის თქმა, რომ შენ უძილოდ მჭირდები, - ნიშნავს შენთვის გამუდმებით რაიმეს კეთებას; გარე სამყაროსთვის იმის თქმა, რომ შენ მას უკიდურესად სჭირდები, როგორც მე მჭირდები, - შენთვის გამუდმებით რაიმეს კეთებას ნიშნავს. მაგრამ, სამწუხაროდ, რადგან შენთვის გამუდმებით არაფერს ვაკეთებ არც შინაგან სამყაროში და არც გარე სამყაროში, ეს ნიშნავს, რომ შენ მე არ მჭირდები; მე უბრალოდ მისჯილი მაქვს საკუთარი თავი გავახარო ისე, როგორც მე მსურს.

მაგრამ ჩემი სულის საზეიმო დაპირება იყო შენი გახარება და აღსრულება, ისე როგორც შენ გსურდა. შენი გახარება და შენი აღსრულება, შენი ნებისამებრ, ყოველთვის როდი ნიშნავს თეორიის სამყაროში სამუდამოდ დარჩენას, არამედ თავად პრაქტიკულობის განსახიერებად ქცევას ნიშნავს - რეალობის პრაქტიკულობის განსახიერებად, რომელიც გსურს და რომელიც გჭირდება. იყო პრაქტიკული - ნიშნავს რაიმეს კეთებას შენთვის, ჩემო უფალო. ზუსტად ჩემს პრაქტიკულობაში შენ შეგიძლია გამოავლინო ის, რაც ჩემთვის გაქვს, რაც მთელი კაცობრიობისთვის გაქვს, და ის, რასაც შენ ჩემთვის და კაცობრიობისთვის წარმოადგენ. ის, რაც შენ გაქვს - შენი შინაგანი სინათლე-შემოქმედებაა ჩემთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ის, რასაც შენ წარმოადგენ - ეს შეგნებული, მუდმივი და შეუცვლელი ძახილი-ერთობაა შიდა სამყაროში და ღიმილი-ერთობაა გარე სამყაროში ჩემთვის და კაცობრიობისთვის. მალე დადგება დრო, ო, საყვარელო უფალო, როდესაც მე აუცილებლად დავიწყებ შენთვის რაიმეს კეთებას ზეშთაგონებულად, ერთგულად და უპირობოდ ჩემი ცხოვრების ყოველ წამს.

მიღება

მე მივიღე ადამიანი, იმიტომ რომ ადამიანი ოცნებობს.

მე მივიღე დედამიწა, იმიტომ რომ დედამიწა საზღვრებს გადალახავს.

მე მივიღე ზეცა, იმიტომ რომ ზეცა იღიმის.

მე მივიღე კოსმიური ღმერთები, იმიტომ რომ კოსმიური ღმერთები იმედის მომცემნი არიან.

მე მივიღე ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი განვითარებადია და ამასთან ერთად ასრულების მომტანია.

მე მივიღე საკუთარი თავი, იმიტომ რომ ვსწავლობ მინდობის უზენაეს ხელოვნებას.

ცარიელი მომენტები

შენ ამბობ, რომ იტანჯები ცარიელი მომენტებისგან. იცი, როტომ? არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს საკეთებელი. არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს სათქმელი. არა იმიტომ, რომ არაფერი გაქვს წასაკითხი ან დასაწერი. არა იმიტომ, რომ მეგობრების ნაკლებობას განიცდი. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლია ვინმეს ახლობელი უწოდო ამ ღვთის ვრცელ ქმნილებაში. არა, ცარიელი მომენტებისგან შენი ტანჯვის მიზეზი არის ის, რომ შენ არ თამაშობ შენი გულის ბაღში შენი გულის ბავშვთან - სულთან.

თუ შენ სიყვარულით, სიხარულით, ერთგულად და გულწრფელად ითამაშებ შენს ბავშვთან-სულთან, მაშინ შენ არასოდეს, არასოდეს დაიტანჯები ცარიელი მომენტებისგან, რასაც არ უნდა გაძლევდეს სამყარო, რასაც არ უნდა აკეთებდეს შენთვის სამყარო, რასაც არ უნდა აკეთებდე, ან რის გაკეთებასაც არ უნდა აპირებდე ამ სამყაროსთვის.

ცარიელი მომენტები აუცილებლად შემოგიტევენ მანამდე, სანამ სწორად არ მოიქცევი, მხოლოდ სწორად, რაც იმას ნიშნავს რომ, სანამ არ ისიამოვნებ შენი მუდმივი თამაშით-ერთობით შენი გულის ბავშვთან, სულთან. უფრო მეტიც, შენ უნდა შეიცნო უმაღლესი ჭეშმარიტება: შენი გულის პატარა და ზეშთაგონებული ღიმილი შენი ცხოვრების მხსნელია, შენი ცხოვრების გამათავისუფლებელია და შენი ცხოვრების აღმსრულებელია. თუ შეძლებ შენი სულის ღიმილის დაჭერას, შენ აუცილებლად წაიწევ შენს შინაგან ცხოვრებაში, და აუცილებლად მიაღწევ წარმატებას შენს გარეგან ცხოვრებაში. და როდესაც შენს სულთან ერთად იღიმები, ხდები ის, რასაც მარად წარმოადგენ შინაგან სამყაროში - თავად ღმერთის ღიმილს-კმაყოფილებას. არა ცარიელი მომენტები, არამედ ასრულებული და ასრულების მომტანი ღიმილი - ეს შენი რეალობის-არსებობის ერთადერთი მიზანია აქ, დედამიწაზე.

თუ ხარ აღმქმელი მცირე ცვლილებისა

გსურს ყოველმხრივ სრულყოფილი იყო? მაშინ ნება მომეცი, რამდენიმე მარტივი, მაგრამ ცხოვრების გამასხივონებელი კითხვა დაგისვა. თუ არის შენი გონება მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, მაშინ თხოვე შენს გონებას, ნუ იქნება ის ყოველთვის ასეთი ეჭვიანი და უნდო. თუ არის შენი ვიტალი მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, მაშინ თხოვე შენს ვიტალს, ნუ იბატონებს სამყაროზე და ნუ შეეცდება სამყაროს განადგურებას თავისი სიმძიმით. თუ არის შენი სხეული მცირე ცვლილებების აღქმელი? თუ არის, მაშინ თხოვე შენს სხეულს, ნუ ძინავს ასე უსირცხვილოდ ამდენ საათს გადაბმულად. თუ არის შენი გული მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, მაშინ თხოვე შენს გულს, ნუ იქნება ასე უმწეოდ და უიმედოდ გაუბედავი.

კიდევ ერთი რამ თხოვე შენი შინაგანი ოჯახის წევრებს. თუ არის შენი გონება მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, თხოვე შენს გონებას, ადრიანი დილით დაიცალოს ყველაფრისგან, რაც მასშია, რომ მე შევძლო შიგ შემოსვლა და ჩემი დასვენებით-კმაყოფილებით დატკბობა თუნდაც შვიდიოდე სწრაფმავალი წამით. თუ არის შენი ვიტალი მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, თხოვე შენს ვიტალს, გაშალოს თავისი ფრთები-მზრუნველობა მთელ სამყაროზე. რას ვიზამ მაშინ? დიდი სიამაყით ვითამაშებ შენი ვიტალის სიყვარულისა და მზრუნველობის ფრთებთან. თუ არის შენი სხეული მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, თხოვე შენს სხეულს გაიღვიძოს, ირგვლივ მიმოიხედოს; და აღმომაჩინოს. მე ვიმალები. თუ სხეული ჩემს მოძებნას შეძლებს, მაშინ მე სავსებით მზად ვიქნები, სხეულთან დამალობანა ვითამაშო, რომლით კოსმიური ღმერთებიც კი მთელი სულით ტკბებიან. თუ არის შენი გული მცირე ცვლილებების აღმქმელი? თუ ასეა, თხოვე შენს გულს, შეისუნთქოს მხოლოდ სუნთქვა-სისუფთავე და სხვა არაფერი. უთხარი შენს გულს, რომ სუნთქვა-სისუფთავე ერთადერთი რამაა, რითაც მე ვიკვებები. როდესაც სხვა რამეს მივირთმევ, ვიტანჯები სხვადასხვა სახის სნეულებისგან. მხოლოდ შენი გულის სუნთქვა-სისუფთავე მკვებავს, მაპურებს და მაძლევს აღტაცებას-ნექტარს და ძალას-უკვდავებას, რათა გავაგრძელო ჩემი კოსმიური თამაში, ჩემი კოსმიური ცეკვა და ჩემი კოსმიური კმაყოფილება-ერთიანობა.

მეფე-უვიცობა, ადამიანი-სურვილი, ღმერთი-შებრალება

სადაა მეფე-უვიცობა? ის სამსახურშია. სადაა ადამიანი-სურვილი? ის სამსახურშია. სადაა ღმერთი-შებრალება? ის სამსახურშია.

თუ გსურს იცოდე, როგორ მუშაობენ ისინი, მზად ვარ, გიამბოთ. მეფე-უვიცობა დაუღალავად მუშაობს. ადამიანი-სურვილი გაუცნობიერებლად მუშაობს. ღმერთი-შებრალება უპირობოდ მუშაობს.

მეფეს-უვიცობას სურს შთანთქას სამყარო. ადამიანს-სურვილს სურს დაეუფლოს სამყაროს. ღმერთს-შებრალებას სურს გაასხივოსნოს მსოფლიო.

მეფე-უვიცობა ამბობს: „მე არ მსურს, რომ მიყვარდეს რაიმე. მე არ მსურს, რომ მიყვარდეს ვინმე. მაგრამ მსურს, რომ ადამიანს-სურვილს და ღმერთს-შებრალებას ვუყვარდე“.

ადამიანი-სურვილი ამბობს: „მსურს მიყვარდეს მეფის-უვიცობის ცდუნება და მსურს, რომ შემბრალებელი ღმერთის შენდობას ვუყვარდე“.

ღმერთი-შებრალება ამბობს: „მსურს მიყვარდეს მეფეში-უვიცობაში ჩემი საკუთარი გამოღვიძებული ევოლუცია. მსურს მიყვარდეს ადამიანში-სურვილში ჩემი საკუთარი მისწრაფებული ევოლუცია. მსურს მიყვარდეს ჩემი საკუთარი ყოვლის-გადამლახავი და ყოვლის გამასხივოსნებელი ევოლუცია ჩემს საკუთარ ნავში-ოცნებაში და ნაპირზე-რეალობაზე“.

არასოდეს არ არის გვიან

არასოდეს არ არის გვიან, გავხდე ღვთის ღირსეული ინსტრუმენტი.

არასოდეს არ არის გვიან, ვილოცო ღმერთზე და ვიმედიტირო ღმერთზე.

არასოდეს არ არის გვიან, ვემსახურო ჩემს საყვარელ უზენაესს ჩემი ძმების და დების სახით: კაცობრიობის სახით.

არასოდეს არ არის გვიან, ვუთხრა ჩემს ტკბილ უფალს, რომ მე მხოლოდ მისთვის ვარ გაჩენილი. მის სახეს ვხედავდე, მიყვარდეს ის, ვმსახურებდე მას და აღვასრულო ის - ამისთვის ვიხილე სინათლე.

არასოდეს არ არის გვიან, გავიგო ის, რასაც ნამდვილად წარმოვადგენ შინაგან სამყაროში და დავივიწყო ის, რასაც ნამდვილად არ წარმოვადგენ გარე სამყაროში.

დაბოლოს, არასოდეს არ არის გვიან, არა მხოლოდ გულახდილად გავესაუბრო ჩემ შინაგან მესაჭეს, არამედ მის ზუსტ ხატებად ვიქცე. ვიცი, რომ ჩემი უფალი უზენაესი ჩემით ბოლომდე კმაყოფილი მხოლოდ მაშინ იქნება, როცა მისნაირი გავხდები, როცა კიდევ ერთი ღმერთი გავხდები, რადგანაც მას სურს, რომ მე მისი თანამოსაგრე ვიყო, და არა მისი მონა.

დიახ, არის მხოლოდ ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან გვიანაა, და მე ჩემი საყვარელი უზენაესის უსასრულოდ მადლიერი ვარ, როდგანაც ეს ჩემთვის ძალიან გვიანია. რა არის ეს? ეს ჩემი სურვილის ცხოვრებაა. ჩემთვის ძალიან გვიანაა, დავუბრუნდე ჩემს სურვილის ცხოვრებას. კიდევ ერთს დავამატებ, რაც ასევე ჭეშმარიტებაა: მე არასოდეს დავბრუნდები ცხოველურ სამყაროში, არასოდეს!

ღმერთმა ეს სამყარო მრგვალი შექმნა

ღმერთმა ეს სამყარო მრგვალი შექმნა. იცით რატომ? შეიძლება, იცით. მართლაც, ყველა შეძლებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემას, მისი შინაგანი სინათლიდან და ცხოვრებაზე შეხედულებიდან გამომდინარე. ჩემი შინაგანი გაცნობიერებულობიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა იმიტომ შექმნა ეს სამყარო მრგვალი, რომ ჩვენ ყველას შეგვეძლოს მის ირგვლივ წრეზე ჩამოვსხდეთ და არავინ გვიშლიდეს მის დანახვას. თუ ვინმე ჩამოგვეფარება, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენ თავს ნაღვლიანად და საცოდავად ვიგრძნობთ. ამიტომაც ღმერთმა, ყოველგვარი სიკეთის შემოქმედმა, ჩვენი სამყარო მრგვალი შექმნა, რათა მისი დანახვა ადვილად და დაუბრკოლებლად შეგვეძლოს; და თუ მოგვესურვება - ჩვენ კი უნდა მოგვესურვოს, - შევძლებთ მას ვუყუროთ ერთგულებით და ზეშთაგონებულად.

იმისთვის, რომ ღვთიური წრის წევრები ვიყოთ, ჩვენ უნდა ვიმყოფებოდეთ ჩვენს გულებში. როგორ ვიმყოფებოდეთ ჩვენს გულებში? ბევრი გზა არსებობს, მაგრამ უადვილესი და ყველაზე ეფექტურია - ვგრძნობდეთ, რომ წრე, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის შექმნა, არა მხოლოდ ჩვენი სამაშველო წრეა, არამედ ასევე ჩვენი ძმებისა და დების სამაშველო წრეც არის. თუ ამ ჩვენ მრგვალ სამყაროს უცხო ელემენტად ან დაბრკოლებად ჩავთვლით, თუ ვიგრძნობთ, რომ ამ წრის-სამყაროს მიღმა უნდა გავიდეთ და ამისთვის ის ნაწილ-ნაწილ უნდა დავამსხვრიოთ, მაშინ ჩვენ ჰიმალაისებურ შეცდომას ჩავიდენთ. არა, ეს წრე - ჩვენი წრე-ერთობაა, სადაც ჩვენ ყველას შეგვიძლია ვხედავდეთ ჩვენ საყვარელ უზენაესს ჩვენი გულის აღქმის უნარის, ჩვენი სულის სიკაშკაშისა და ჩვენი ცხოვრების თავდადებული შემოქმედების შესაბამისად.

თუ შემიძლია გავცე?

თუ შემიძლია გავცე? კი, შემიძლია. თუ გავცემ სიხარულით და მთელი სულით და გულით? არა, სამწუხაროდ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვთავაზობ არა მხოლოდ ვარდს, არამედ მასთან ერთად ბევრ, ბევრ ეკალს. თუ შემიძლია გავცე? კი, შემიძლია. თუ გავცემ სიხარულით და მთელი სულით და გულით? არა, სამწუხაროდ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვთავაზობ არა მხოლოდ ჩემს სამყაროს-იმედს, არამედ ასევე ჩემს სამყაროს-იმედგაცრუებას მასთან ერთად.

თუ შემიძლია გავცე? კი, შემიძლია. თუ გავცემ სიხარულით და მთელი გულით და სულით? არა, სამწუხაროდ, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არა მხოლოდ ჩემს ხეს-მისწრაფებას, არამედ ასევე ჩემს სურვილით შეპყრობილ სამყაროს ვთავაზობ ყველას, ვინც ჩემს ირგვლივაა.

როგორ გავცე სიხარულით და მთელი სულით და გულით, რათა გავათავისუფლო ჩემი თავიც და სხვებიც? მე შემიძლია გავცე სიხარულით და მთელი სულით და გულით, თუ შევძლებ ვიგრძნო, რომ გამცემი ასევე მიმღებიცაა. რაც უფრო მეტს გასცემს ადამიანი, მით უკეთესად ღებულობს. ის გასცემს, რადგან გრძნობს, რომ ეს ერთადერთი გზაა მასში რეალურის, სულის გასახარებლად.

ნამდვილი გამცემი სიხარულით და მთელი გულით და სულით გასცემს სამყაროს, მისი სულის ყოვლის გამსხივოსნებელ სილამაზეს, და არასოდეს, არასოდეს გასცემს თავისი სხეულის ძილს-სიმახინჯეს.

რას ვაკეთებ?

რას ვაკეთებ? თუ მიყვარს ღმერთი-ადამიანი? არა. თუ ვემსახურები ადამიანს-ღმერთს? არა

რას ვაკეთებ? თუ შევთხოვ უკეთეს სამყაროს? არა. თუ ვფიქრობ ჩემი გარეგანი ცხოვრების გარდაქმნაზე? არა. თუ ჭვრეტით აღვასრულებ ჩემ შინაგან ცხოვრებას?

რას ვაკეთებ? თუ მსურს სამყაროს განადგურება? არა. თუ მსურს ახალი ცხოვრების დაწყება, რათა კიდევ ერთხელ შემეძლოს ბავშვივით ვითამაშო: უზრუნველად, ფიქრების გარეშე, ეჭვების გარეშე, შიშის გარეშე, შფოთვის გარეშე? თუ მივისწრაფვი ჩემი ბავშვობის იმ ოქროს დღეებისკენ? არა, არა.

რას ვაკეთებ? თუ ვარ ზედმეტად მიჯაჭვული ზეციურ ნეტარებაზე, კოსმიურ ღმერთებზე და ქალღმერთებზე? არა, არა. თუ განვიცდი საშინელ, დაუძლეველ ზიზღს ამ არამიმზიდველი, არამისწრაფებული სამყაროს მიმართ? არა, არა.

მაშ, რას ვაკეთებ? მე უბრალოდ მიმყავს ჩემი ნავი-ოცნება ნაპირისკენ. იქნებ, ეს გაურკვევლობის ნაპირია, ან, შეიძლება, აყვავებული ოცნების ნაპირია? მე არ ვიცი, და არც მსურს ვიცოდე. თუ მეცოდინება, რომ ეს გაურკვევლობის ნაპირია, მაშინ მე იმედგაცრუებისთვის-განადგურებისთვის ვიქნები განწირული. თუ კი მეცოდინება, რომ ეს აყვავებული ოცნების ნაპირია, მაშინ სამარცხვინო მოდუნება-თვითკმაყოფილება შემოჟონავს მთელს ჩემს არსებაში და იბატონებს ჩემს მიწიერ არსებაზე. ამიტომაც მე მთლიანად ვტოვებ ჩემს ბედისწერას ჩემი ბედისმწერლის ფერხთით, ჩემი საყვარელი უზენაესის ფერხთით.

ადამიანის გარეშე და ღმერთის გარეშე

თუ შემიძლია რაიმეს გაკეთება ადამიანის გარეშე? კი, შემიძლია. ადამიანის გარეშე ბევრი, ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, თუ არა ყველაფრის. თუ ვილოცებ ღმერთზე, რომ მან მომცეს უნარი ყველაფრის კეთებისა კაცობრიობის დახმარების გარეშე, - დარწმუნებული ვარ ის ამ სიკეთეს მიბოძებს.

ადამიანის გარეშე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა ყოვლისშემძლე მამამ, ჩემმა საყვარელმა უზენაესმა ამის უნარი მომცა. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს ღონიერ ძმას, მზეს. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს მშვენიერ დას, მთვარეს. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს ტკბილ ბავშვებს, ვარსკვლავებს. მე ვუყურებ და ვუყურებ ჩემს მამას, ღმერთს, და ჩემს დედას, ღმერთს, ადამიანის გარეშე.

მაგრამ, თუ შემიძლია რამის გაკეთება ღმერთის გარეშე? არა, ეს შეუძლებელია! რატომ? მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია ღმერთის გარეშე, იმიტომ რომ სიცოცხლე არ შემიძლია ღმერთის გარეშე. როგორ ხდება, რომ ღმერთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია? იმიტომ ხომ არა, რომ ის მთლიანად სიკეთეა, მთლიანად სიყვარულია? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის მთლიანად მზრუნველობაა, მთლიანად შებრალებაა? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის ყველგანმყოფია? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის ჩემი არსი და სუბსტანციაა? არა, არა!

მაშ რატომ არ შემიძლია სიცოცხლე ღმერთის გარეშე? ღმერთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიცხოვრო იმის გარეშე, რასაც თავად წარმოვადგენ. შეგიძლიათ იცხოვროთ იმის გარეშე, რასაც თავად წარმოადგენთ? შეუძლებელია! თუ ერთნი ხართ ღმერთთან, მაშინ ღმერთი თქვენში იმყოფება, როგორც ირემში მუშკი. ირემი და მუშკი განუყოფელია. თუ ყვავილს სურნელი აქვს, ყვავილი და სურნელი განუყოფელია. მსგავსად ამისა, ღმერთი-სილამაზე, რომელიც ჩემშია, და ღმერთი - სილამაზის მფლობელი განუყოფელნი არიან. ამიტომაც ღვთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, რადგან ის არის, რასაც წარმოვადგენ და რასაც ვფლობ. ასევე, არც თქვენ შეგიძლიათ იმის გარეშე ცხოვრება, რასაც ფლობთ და რასაც წარმოადგენთ. ის, რასაც ფლობთ და რასაც წარმოადგენთ, ყოველთვის ერთსა და იმავე არსებობა-რეალობას წარმოადგენს: ღმერთს. ამიტომაც ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიცხოვრებთ ღმერთის გარეშე, არამც თუ რაიმეს გავაკეთებთ.

განსაკუთრებული გზავნილები

ჩვენს საყვარელ უზენაესს შენთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ის შენ და შენს გონებას სიმშვიდეს აჩუქებს. დღეს შენ გონების სიმშვიდე მოგეცემა.

ჩვენს საყვარელ უზენაესს მისთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ჩვენი საყვარელი უზენაესი მას და მის გულს სიყვარულს აჩუქებს. მისი გული სიყვარულით აივსება.

ჩვენს საყვარელ უზენაესს ჩემთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ის მე და ჩემს ცხოვრებას რწმენის უწყვეტ ნაკადს გვაჩუქებს, რწმენისა, რომ მე მისგან და მისთვის ვარ.

თუ გაქვს შენ რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის? თუ აქვს მას რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის? თუ მაქვს მე რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის?

შენი მდუმარება მეუბნება, რომ შენ არ გაქვს არანაირი განსაკუთრებული გზავნილი უზენაესისთვის, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენ ნამდვილად გაქვს განსაკუთრებული გზავნილი. „შენ“ ნიშნავს შენს სულს; ახლა შენი სული ჩემი მეშვეობით საუბრობს. გზავნილი, რომელიც შენს სულს, რეალურს შენში, უზენაესისთვის აქვს, ასეთია: ამიერიდან შენ გაცურავ მისი ნავით სიხარულით და უპირობოდ.

მისი დუმილი მიმანიშნებს, რომ დღეს მას არანაირი განსაკუთრებული გზავნილი არა აქვს უზენაესისთვის, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული გზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას ვერ აცნობიერებს. მის სულს, რეალურს მასში, აქვს განსაკუთრებული გზავნილი უზენაესისთვის, და მე გადავცემ ამ შეტყობინებას მის გარეგან გონებას. განსაკუთრებული გზავნილი, რომელიც მის სულს უზენაესისთვის აქვს, ასეთია: ამიერიდან ის შეგნებულად, ზეშთაგონებულად და უპირობოდ უზენაესის სუფთა და საიმედო ინსტრუმენტი გახდება. ეს მისი დაპირებაა ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის.

მე, ასევე, განსაკუთრებული გზავნილი მაქვს უზენაესისთვის. მე ბოლომდე ვაცნობიერებ ჩემ საკუთარ განსაკუთრებულ გზავნილს და ის ასეთია: მე მინდა ვიცხოვრო მხოლოდ მისთვის. თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მინდა მოვკვდე მხოლოდ მისთვის. მაგრამ ჩემი გულის ფარულ სიღრმეებში ვიცი, რომ ჩემი უფალი სიცოცხლეა უსასრულობისა, სიცოცხლეა მარადისობისა და სიცოცხლეა უკვდავებისა. თუ მე მას აღვასრულებ ისე, როგორც მას სურს, მაშინ მე უსასრულო, მარადიულ, უკვდავ სიცოცხლეში შევალ. მაშინ ჩემთვის სიკვდილი შეუძლებელია. ეს ის განსაკუთრებული გზავნილია, რომელიც მინდა შევთავაზო ჩემ საყვარელ უზენაესს: მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობ და მხოლოდ მისთვის მოვკვდები.

ყოველი განსაკუთრებული გზავნილი ახალი განთიადის, ახალი გამოცხადების, ახალი ასრულების მაუწყებელია. ყოველი განსაკუთრებული გზავნილი სხვა არა არის რა, თუ არა ზეშთაგონებული და ნაყოფიერი გზავნილი. ყოველი გზავნილი იწყებს სამყაროს უვიცობისგან თვითგანკურნების ახალ სიცოცხლეს. ყოველი გზავნილი თვითაღმოჩენაა გაცნობიერების სამყაროში. ყოველი გზავნილი თვითშეთავაზების პროცესია, რომელიც საბოლოოდ გადალახავს ჩვენს უმაღლეს წარმოსახვას. ყოველი გზავნილი ჩვენი ღვთის ხატებად გარდაქმნაა.

ჩვენ კმაყოფილნი ვართ ღმერთით, როდესაც ღმერთი განსაკუთრებულ გზავნილებს გვთავაზობს. რაც ღმერთს შეეხება, ის ჩვენით არა მხოლოდ კმაყოფილია, როდესაც ჩვენ მას განსაკუთრებულ გზავნილს ვთავაზობთ, არამედ ის ჩვენით ამაყობს, რადგანაც გრძნობს, რომ თქვენი გზავნილი არა მხოლოდ გზავნილია, არამედ - დაპირებაცაა. ის არა მხოლოდ დაპირებაა, არამედ ახალი განთიადის მაუწყებელია. ის არა მხოლოდ ახალი განთიადის მაუწყებელია, არამედ, ასევე ყოვლის აღმსრულებელი კმაყოფილებაა.

გარდაქმნა

გარდაქმნა სახლივითაა, რომელიც ოჯახის კერად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა მასში სიმშვიდე, სიხარული, ჰარმონია და სიყვარული სუფევს. მანამდე სახლი აგურების, ქვიშის, ხის და სხვა მასალის გროვაა; მაგრამ ეს ყველაფერი უსარგებლო და უაზროა მანამ, სანამ სახლში არ არის სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული და ერთობა. როდესაც ეს თვისებები საგრძნობლად ვლინდება, მაშინ სახლი კერად გარდაიქმნება.

ადამიანური ცხოვრება სრულიად უაზროა, თუ მასში სიყვარული არ არის. ეს სიცოცხლე ღვთის ქმნილებაა, მაგრამ ეს ქმნილება უსარგებლოა, სანამ მასში სიყვარული არ არის. მხოლოდ მაშინ იძენს სიცოცხლე აზრს და ნაყოფიერი ხდება, როდესაც სიყვარული ავსებს სიცოცხლეს. სახლის გარდაქმნა კერად - აი ის, რაც გვჭირდება. სიყვარულით ცხოვრების გარდაქმნა - აი ის, რაც გვჭირდება.

ადამიანის გონებას ჩვენ უმაღლეს მიღწევად მივიჩნევთ დედამიწაზე. მაგრამ ეს გონება უსარგებლოა მანამ, სანამ სიფართოვე მისი მეორე სახლი არ გახდება. სანამ გონება სიფართოვით არ არის გარდაქმნილი, ის უსარგებლოა. ჩვეულებრივი ადამიანის გონება ყოველთვის თავისი უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს. ის სხვის შეცდომებს ეძებს და ეჭვიანობს სხვებზე. ის მხოლოდ მაშინ იღებს სიამოვნებას, როდესაც თავის ინდივიდუალურობას ავლენს. ვის ჭირდება ასეთი გონება? მაგრამ, როდესაც სიფართოვე შემოდის გონებაში, მაშინ გონება გასხივოსნებულია და მისი დანიშნულება ასრულებულია.

ჩვენ არ გვჭირდება ეს ქმნილება როგორც ასეთი, რადგან ის უმწეოა, უიმედოა და უსარგებლოა. მაგრამ როდესაც ამ ქმნილების შიგნით ღვთის სინათლეს ვხედავთ, მაშინ რასაც ვხედავთ, უმწეობა კი არა, დახმარების გაწევის უნარია, უიმედობა კი არა, იმედია, უსარგებლობა კი არა, სარგებელია. რასაც ვხედავთ, უბრალო დაპირება კი არ არის, არამედ უნაკლო სრული გარანტიაა ამ დაპირების შესრულებისა. ქმნილება მხოლოდ მაშინ იძენს აზრს და ნაყოფიერი ხდება, როდესაც შემოქმედის სინათლე გარდაქმნის ქმნილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერი ქმნილება უსარგებლოა.

მისწრაფების ცხოვრება, თავდადების ცხოვრება, ლოცვის, კონცენტრაციის და მედიტაციის ცხოვრება შორს ვერ წაგვიყვანენ მანამ, სანამ არ გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ მოვედით ამ სამყაროში მხოლოდ ღმერთის გასახარებლად და ღმერთის მსახურებისთვის ისე, როგორც მას სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მისწრაფება გვქონდეს, ჩვენ შეიძლება თავდადება გვქონდეს, ჩვენ შეიძლება ლოცვის ძალა, კონცენტრაციის ძალა და მედიტაციის ძალა გვქონდეს; და ეს ყველაფერი აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ის მიზანი, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის დასახა.

ყოველ ლოცვაში, ყოველ კონცენტრაციაში და ყოველ მედიტაციაში უნდა გვახსოვდეს ღვთისადმი მიცემული დაპირება, რომ ამ სამყაროში მის გასახარებლად მოვედით ისე, როგორც მას სურს. თუ ყოველი ლოცვისას, თუ ყოველი მედიტაციისას, თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას არ არის ხსენება ღვთისადმი მიცემული დაპირებისა, და თუ არ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, რომ შევძლებთ ამ დაპირების შესრულებას, მაშინ ეს უსარგებლოა. რამდენ ხანსაც არ უნდა ვლოცულობდეთ, რამდენ ხანსაც კონცენტრაციას არ უნდა ვახდენდეთ, რამდენ ხანსაც არ უნდა ვმედიტირებდეთ, ყველაფერი, საბოლოოდ, დასრულდება მწარე იმედგაცრუებით. ჩვენი ლოცვისგან, ჩვენი კონცენტრაციისგან, ჩვენი მედიტაციისგან შედეგებს აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ ეს შედეგები ჩვენი დაკმაყოფილებისგან შორს იქნებიან.

ჩვენ დავისახეთ მიზანი ჩვენი შინაგანი აღქმის შესაბამისად, და ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ, სანამ შემოქმედის სინათლე არ გაასხივოსნებს და არ გარდაქმნის ჩვენს შინაგან სახეს, ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით, ჩვენ იმედგაცრუებულნი დავრჩებით. ყოველ წამს, როდესაც ვლოცულობთ, როდესაც კონცენტრაციას ვახდენთ, როდესაც ვმედიტირებთ, თუ გვექნება თვალწინ ჩვენი ზეშთაგონებული დაპირება ჩვენი საყვარელი უზენაესისადმი - რომ ჩვენ მოვედით ამ ქვეყნად იმისთვის, რომ გავახაროთ იგი, ისე როგორც მას თავად სურს - და თუ შევძლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ დაპირების შესრულებას. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ლოცვას, კონცენტრაციას და მედიტაციას ჭეშმარიტი ღირებულება, ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ჭეშმარიტი აღსრულება.

სიყვარულმა ცხოვრება უნდა გარდაქმნას. სიფართოვემ გონება უნდა გარდაქმნას. სინათლემ ქმნილება უნდა გარდაქმნას. შინაგანმა რწმენამ და ღვთისადმი მიცემული დაპირების ხსოვნამ ჩვენი ზედაპირული ლოცვა და მედიტაცია უნდა გარდაქმნას. მხოლოდ მაშინ გაჩნდება კმაყოფილება, ნამდვილი კმაყოფილება, მარადიული კმაყოფილება.

რატომ არ ვუწილადებ?

თუ გიწილადებ ჩემს შთაგონებას? არა. თუ გიწილადებ ჩემს მისწრაფებას? არა. თუ გიწილადებ ჩემს თავდადებას? არა. თუ გიწილადებ ჩემს გამოცდილებას? არა. რატომ არ გიწილადებ ჩემს შთაგონებას, მისწრაფებას, თავდადებას და გამოცდილებას? მიზეზი ძალიან მარტივია. მე ვგრძნობ რომ, თუ გიწილადე ეს ყველაფერი, მაშინ მე აღარ ვიქნები უნიკალური. რაც მე მაქვს, შენც იგივე გექნება, ჩემი უპირატესობა კი გაქრება. მაშინაც კი, თუ მიიღე ის, რაც მაქვს მცირე, უსასრულოდ მცირე რაოდენობით, შენ შეძლებ იმის თქმას, რომ შენც იგივე გაქვს, რაც მე. და მხოლოდ დროის საკითხია - როდის მიიღებ იმავე რაოდენობას, რაც მე მაქვს, ანდა ბევრად მაჯობებ კიდეც. ამიტომაც მეშინია შენი. თავს არასაიმედოდ ვგრძნობ და შურიანი ვხდები. ამიტომაც არ მსურს, რაიმე გიწილადო. ჩემი კმაყოფილება იმ წამს დასრულდება, როდესაც რაიმეს გიწილადებ, შენ და მე ერთ დონეზე ვიქნებით, მე კი ეს არ მსურს. მე მსურს ერთი დუიმით მაინც შენზე მაღლა ვიყო, რათა შემეძლოს შენზე ბატონობა. სამწუხაროდ, სამწუხაროდ, აი, რის გაცნობიერებამდე მივედი.

როდესაც ვიძირები ღრმად შიგნით, მე ჩემ ერთადერთ მეგობარს ვხედავ, ჩემ მარადიულ მეგობარს, ჩემ საყვარელ უზენაესს. მე ვხედავ, როგორ გვიწილადებს მე და დანარჩენ სამყაროს მთელს თავის შემოქმედებას. თავის შთაგონებას, თავის მისწრაფებას, თავის თავდადებას, თავის გამოცდილებას - ყველაფერს, რაც მას აქვს, და ყველაფერს, რასაც წარმოადგენს, ის გვიწილადებს მე და ყველას. რატომ? რატომ არ ეშინია თავისი ინდივიდუალობის, თავისი უპირატესობის, თავისი ბატონობის დაკარგვის? თუ ის მე მიბოძებს, შენ გიბოძებს იმას, რაც მას აქვს, თუ ის მცირე ნაწილს მაინც გვიბოძებს, ეს ხომ არ გადააქცევს მას მცირე ღმერთად? ამით ხომ არ გავუტოლდებით მას?

ჩემი უფალი უზენაესი მეუბნება, რომ მე სულ მთლად სულელი ვარ. როდესაც ის რაიმეს მაძლევს, ის არ კარგავს. პირიქით, იძენს. როდესაც ის გვთავაზობს შთაგონებას, მისწრაფებას, თავდადებას და გამოცდილებას, ის მდინარის ნაკადივითაა. როდესაც მდინარე მოედინება, ის არაფერს კარგავს. ის მხოლოდ ფართოვდება, დიდდება და ძლიერდება. თავისი შთაგონება, მისწრაფება, თავდადება, გამოცდილება - ყველაფერი, რაც ღმერთს აქვს, მას თან მოაქვს. ის არ გამოყოფს ამ ყოველივეს თავისი არსებობისგან. მას მოაქვს, მოაქვს ეს ყველაფერი ჩვენთვის.

ჩემგან ეს ყველაფერი შენსკენ მოედინება; შენგან კიდევ - სხვასთან. თავის უნიკალურობას, თავის მიღწევებს, თავის თვისებებს, თავის სამფლობელოებს ის არასოდეს კარგავს. პირიქით, ის, უბრალოდ, მათ ავრცელებს აქ, იქ, ყველგან. მას სურს, რომ ეს ყოველივე ყველგან გავრცელდეს, რადგან იცის, რომ მთელი ქმნილება მას ეკუთვნის.

ჩემი უნიკალურობის გამოხატვა მსურს ჩემი განცალკევებულობის გრძნობის მეშვეობით. მე ჩემთვის ვარსებობ, და მინდა ვუთხრა და ვუჩვენო სამყაროს, რომ მე უნიკალური ვარ, რომ ჩემი ზუსტი ასლი არავინ არის. ამავე დროს, არ მინდა, არავის ზუსტი ასლი ვიყო. არა, ყოველთვის მსურს უნიკალური ვიყო. ვერავინ გამიტოლდება, არავის ექნება იგივე გარეგნობა, იგივე ხასიათი, იგივე გამოცდილება, იგივე რეალობა-არსებობა, რაც მაქვს, ან რასაც წარმოვადგენ. აი, რას ვფიქრობ ჩემს უნიკალურობაზე.

მაგრამ ჩემი უფალი უზენაესი სხვანაირად უყურებს თავის უნიკალურობას. ის გრძნობს, რომ მისი უნიკალურობა სათანადოდ მხოლოდ მაშინ გამოიხატება, როდესაც ის ხედავს თავის მიღწევებს და სამფლობელოებს აქ, იქ და ყველგან. ყველას თავისიანად მიღებით, იმის შეგრძნებით, რომ ყველა მას ეკუთვნის და თვითონაც ყველას ეკუთვნის, იმის შეგრძნებით, რომ ის მათთვის არის და ისინი მისთვის არიან, ის ყოველ მათგანში თავის უნიკალურობას გრძნობს.

მე მსურს დავამტკიცო ჩემი უნიკალურობა განცალკევებულობის მეშვეობით. ღმერთს სურს დაამტკიცოს თავისი უნიკალურობა მრავალფეროვნების მეშვეობით. მას სურს, რომ მთელი თავისი სინათლე-ხილვა თავის ქმნილებას მიუძღვნას, რადგანაც გრძნობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქმნილება მის სინათლეს მიიღებს, შეძლებს საყოველთაო ასრულების მიმნიჭებელი გახდეს და საკუთარ თავსაც საყოველთაო ასრულება მოუტანოს. ამიტომაც მას ასეთი სახის უნიკალურობა სურს: ერთი, გაერთიანებული მრავალთან, ერთობის სიმღერა რეალობასთან-ერთობასთან. შემოქმედს-ერთობას ყოველ წამს სურს თავისი სიმღერა-ერთობა იმღეროს თავის ქმნილებასთან-ერთობასთან, რადგან გრძნობს, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც მისი უნიკალურობა შეიძლება გამოვლინდეს სამყაროს ერთი ბოლოდან მეორემდე.

შენაცვლებები

ჩვენ ხშირად ვენაცვლებით ერთმანეთს, მაგრამ ღმერთს არ სჭირდება არანაირი შენაცვლება. თამაშის მსვლელობის დროს, თუ ერთერთი თანაგუნდელი დაშავდა, ჩვენ უცებ შევანაცვლებთ მას სხვა წევრით. ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ დედამიწაზე, ჩვენ მიდრეკილნი ვართ მოვძებნოთ შემცვლელი, თუ აუცილებლობა მოითხოვს. მაგრამ რაც შეეხება ღმერთს, მას არ სჭირდება არავის შენაცვლება. მას არასოდეს სურს შენაცვლება თავის გუნდში. რატომ, რატომ?

ღმერთს სურს, რომ შენ მის გუნდში იყო და იკავებდე განსაკუთრებულ ადგილს. მას სურს, რომ შენ გარკვეულ ადგილას იყო და გარკვეულ საქმეს აკეთებდე მის კოსმიურ თამაშში. შენ შეგიძლია იმის თქმა რომ ავად ხარ, არ ხარ კარგ განწყობაზე, დღეს შენ მენტალურად აღელვებული ხარ, დღეს სიზარმაცე დაგეუფლა. შეგიძლია მილიონობით მიზეზი გამონახო, თუ რატომ გსურს დასვენება და რატომ უნდა შეგცვალოს ვინმემ.

მაგრამ ღმერთი მეტყვის: „შენ გსურს, რომ შეგანაცვლონ, მაგრამ ნუთუ არ გესმის, რომ ყოველ ადამიანს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი? მე მსურს, რომ ჩემს კოსმიურ თამაშში, შენ განსაკუთრებული როლი ითამაშო. თუ შემომთავაზებ შეგანაცვლო, მაშინ შემცვლელმა თავისი ადგილი უნდა დატოვოს; მან კი თავისი როლი უნდა ითამაშოს. კოსმიურ ფეხბურთში მე შემიძლია გთხოვო ცენტრალური ფორვარდის როლი ითამაშო, შენ მეგობარს კი შემიძლია ვთხოვო მარჯვენა შემტევის როლი ითამაშოს. თუ უბრალოდ იმიტომ, რომ შენ არ ხარ კარგ განწყობაზე, უბრალოდ იმიტომ, რომ ჩემზე ხარ გაბრაზებული, უბრალოდ იმიტომ, რომ საქმე ისე ვერ მიდის, შენ შემცველი გინდა, - ნუთუ არ გესმის, რომ ამ ადამიანს საკუთარი ადგილის დატოვება მოუწევს? თუ ის შენს როლს ითამაშებს, მაშინ საკუთარ როლს ვერ ითამაშებს. თუ შენ გამუდმებით შენაცვლებას ითხოვ, თუ მთელი მსოფლიო შენაცვლებას ითხოვს, მაშინ როგორ შესრულდება ყველა როლი? როგორ შეივსება ყველა ადგილი, რომელიც ჩემს ქმნილებაში შევსებული უნდა იქნას?

მე არასოდეს დაგთანხმდები, შეგცვალო ჩემს კოსმიურ თამაშში. შენ შენი როლი უნდა ითამაშო; მან - თავისი როლი უნდა ითამაშოს. თუ მე მას მოვხსნი შენი როლის სათამაშებლად, მაშინ მისი როლი შეუსრულებელი დარჩება. არა, ყველამ თავისი როლი უნდა ითამაშოს; მხოლოდ მაშინ შევძლებთ უვიცობასთან ბრძოლას. თუ ყოველი ადამიანი თავის ადგილზე იქნება, თუ ყოველი ადამიანი ითამაშებს დაუღალავად, ზეშთაგონებულად და უპირობოდ ჩემს გასახარად, მხოლოდ მაშინ შევძლებ უვიცობასთან ბრძოლას. მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ თოკის გადაწევაში ღვთაებრივსა და არაღვთაებრივს შორის, სიბნელე-უვიცობასა და სინათლე-სიბრძნეს შორის. მე არასოდეს მივიღებ შენაცვლებებს. დავთანხმდე შენაცვლებას - ნიშნავს გუნდის დასუსტებას. თუ მოთამაშეს შევცვლით, ვინღა შეავსებს დარჩენილ ცარიელ ადგილს?“

ღვთის გუნდში შენაცვლებები შეუძლებელია. შენ შენ როლს თამაშობ, მან თავისი როლი ითამაშოს, მე კი ჩემსას ვითამაშებ. მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს აუცილებლად ჩვენი უზენაესი მესაჭე, ჩვენი უზენაესი კაპიტანი. ეს გამარჯვება კი ვისთვისაა? არა მხოლოდ მისთვის, არამედ ჩვენთვისაც; რადგან ჩვენ ერთნი ვართ, მარად ერთნი. მამა და შვილები მარად ერთნი არიან, დედა და შვილები მარად ერთნი არიან. ასე რომ, ღვთის კოსმიურ თამაშში შენაცვლებები შეუძლებელია.

მე ლოცვას ვაგრძელებდი

მრავალი, მრავალი წლის წინ მე ლოცვა დავიწყე. ერთ დღეს ღმერთი, საყვარელი უზენაესი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე შენით კმაყოფილი ვარ, შვილო ჩემო. სიმშვიდეს გჩუქნი.“

მე ლოცვას ვაგრძელებდი. რამდენიმე წლის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „მე შენით კმაყოფილი ვარ, შვილო ჩემო. სინათლეს გჩუქნი.“ მე ლოცვას ვაგრძელებდი. რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი უფალი უზენაესი ისევ მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მე შენით კმაყოფილი ვარ, შვილო ჩემო. აღტაცებას, აღტაცებას-ნექტარს გჩუქნი.“

მე ლოცვას ვაგრძელებდი, და რამდენიმე წლის შემდეგ ის მოვიდა და მითხრა: „შვილო ჩემო, სიმშვიდე გაჩუქე, სინათლე გაჩუქე, აღტაცება გაჩუქე. კიდევ რა გინდა? თუ არის სხვა რამ, რაც გსურს? თუ არის სხვა რამ, რაც გჭირდება? თუ ადამიანს სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება აქვს, მას ყველაფერი აქვს. სიმშვიდეში, სინათლესა და აღტაცებაში სამყაროს ძალაა, სამყაროს კმაყოფილებაა, სამყაროს ერთობაა, სამყაროს ასრულებაა.“ მე მდუმარე ვრჩებოდი და ლოცვას ვაგრძელებდი. ჩემმა უფალმა პატარა ტკბილი ღიმილი მაჩუქა და მდუმარედ გამეცალა.

რამდენიმე წლის შემდეგ ის ჩემთან მოვიდა და მითხრა: „შვილო ჩემო, მე ვხედავ რაც გსურს. შენ გინდა ჩემნაირი გახდე შენც გინდა ღმერთი გახდე. შეხედე, თვალის დახამხამებაში გაქცევ ღმერთად. კმაყოფილი ხარ?“ მე მდუმარე ვრჩებოდი; ლოცვას ვაგრძელებდი.

მან მითხრა: „მე ჩემნაირი გაგხადე, ღმერთად გაქციე, ისეთად, როგორიც მე ვარ. მაინც აგრძელებ ლოცვას? სხვა რა გჭირდება? სიმშვიდე, სინათლე, აღტაცება, ერთობა, თანასწორობა - ყველაფერი მოგეცი. მეტი რაღა გჭირდება? რა?“ მე ლოცვას ვაგრძელებდი.

ჩემმა უფალმა მითხრა: „ვიცი, რაც გსურს. გსურს ღვთაებრივი სატრფოს და უზენაესი მიჯნურის თამაში მეთამაშო. სწორედ ეს გსურს. მე გიბოძებ ამ მადლს.“ მე გავუღიმე ჩემ საყვარელ უზენაესს მთელი გულით და სულით, მან კი ყოველთა მოსიყვარულე, ყოველთა მაცოცხლებელი, ყოველთა აღმსრულებელი ჩახუტებით დამასაჩუქრა.

ახალი

გუშინ გნახე. დღეს მეორედ გხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის შენში ახალი აღარაფერია, აღარ არის უჩვეულობა. შენ ჩემი მეგობარი გახდი; შენ და მე ძველი მეგობრები გავხდით. შენ ასაკი მოგემატა, მეც.

გუშინ რაღაც პირველად ვნახე. დღეს მას მეორედ ვხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საგანი დაძველდა. გუშინ რაღაც პირველად ვიგრძენი. დღეს ამავეს ვგრძნობ. გუშინ რაღაც პირველად შევჭამე. დღეს იმავეს ვჭამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოცდილება ჩემთვის ნაცნობი გახდა. მასში აღარაფერია ახალი.

რასაც არ უნდა ვხედავდე მეორედ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე მეორედ, რასაც არ უნდა ვგრძნობდე მეორედ - თავისთავად ჩვეული ხდება. და ამ საგანსაც, ამ ადამიანსაც იმავე გრძნობა გაუჩნდება ჩემს მიმართ - მე მისთვის დავძველდი.

არის თუ არა ისეთი რამ, რაც არასოდეს ძველდება? დიახ, არის, და ეს ჩემი გულის შინაგანი ვედრებაა. ეს შინაგანი ვედრება მარად ახალია, ყოველდღე ის ახალ ფორმას-ლოცვას, ახალ ფორმას-კონცენტრაციას, ახალ ფორმას-მედიტაციას იღებს. ყოველდღე ის რაღაც ახალს აღწევს ღმერთში. თქვენ შეგიძლიათ თქვათ: თუ ლოცულობთ ყოველდღე, როგორ იქნება თქვენი ლოცვა ან მედიტაცია ახალი? მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ გარდუვალიცაა.

თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სიმშვიდე, სინათლე, აღტაცება, ძალა და ღვთის სხვა ატრიბუტები ყოველთვის ერთნაირია. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. ღმერთი უსასრულოა და მისი ატრიბუტებიც უსასრულოა. ასე რომ, თქვენი ლოცვა, კონცენტრაცია და მედიტაცია ადვილად შეიძლება იყოს უსასრულოდ მრავალფეროვანი. ყოველი ლოცვა ადვილად შეიძლება იყოს ახალი. ყოველი კონცენტრაცია შეიძლება იყოს ახალი. ყოველი მედიტაცია შეიძლება იყოს ახალი.

ლოცვა არ ცნობს ასაკს. კონცენტრაცია არ ცნობს ასაკს. მედიტაცია არ ცნობს ასაკს. ჩვენი შინაგანი ვედრება ჩვენი დედა და მამაა ჩვენი ლოცვისა, კონცენტრაციისა და მედიტაციისა; ასე რომ - მოდით, ვიმეგობროთ ამ შინაგან ვედრებასთან. დაე, ჩვენმა სხეულმა, ვიტალმა, გონებამ იმეგობროს ამ შინაგან ვედრებასთან. ამ შინაგანი ვედრების წყალობით მთელი ჩვენი არსება, შინაგანი თუ გარეგანი, იქცევა მარად ახალ რეალობა-არსებობად და მარად ახალ, მარად აღმასრულებელ ღვთის ოცნებად ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.

რატომ გეჩქარებათ?

რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ თქვენი მატარებელი-მისწრაფება, რომელიც მიზნისკენ-კმაყოფილებისკენ მიემგზავრება, მალე გადის, თქვენი სხეული, ვიტალი, გონება და გული კი არ არიან მზად, და მხოლოდ თქვენი სულია მზად?

რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ ღვთის საათმა უკვე დარეკა, სანამ თქვენ მაგრად გეძინათ? ამიტომაც დაღონებული, დაბნეული და შეშინებული ხართ? ამიტომაც უკიდურესად ჩქარობთ ილოცოთ და იმედიტიროთ, რათა იხილოთ ღვთის სახე?

რატომ გეჩქარებათ? ფიქრობთ, რომ დრო გავიდა, და ღვთისადმი მიცემული დაპირება შეუსრულებელი რჩება? თქვენ თავს ნაღვლიანად და საცოდავად გრძნობთ, რადგან არ ხართ ჭეშმარიტების ბოლომდე ერთგული ადამიანი? თქვენ გრძნობთ, რომ არ ხართ ნამდვილი ერთგული და ზეშთაგონებული ღვთის ინსტრუმენტი? ამიტომ ხომ არ ჩქარობთ იმედიტიროთ, შიგნით ჩაღრმავდეთ, გააკეთოთ ის, რაც საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად?

რატომ გეჩქარებათ? იმიტომ ხომ არა, რომ თქვენ უკიდურესად გჭირდებათ ნაყოფიერი ღიმილი თქვენი საყვარელი უზენაესისგან თქვენი ზეშთაგონებული ვედრების საპასუხოდ? მხოლოდ ამ ნაყოფიერ ღიმილს შეუძლია მიანიჭოს თქვენს სიცოცხლეს თავისი მასაზრდოებელი სუნთქვა, თქვენს გულს - თავისი მასაზრდოებელი სიყვარული, თქვენს გონებას - თავისი მასაზრდოებელი სიცხადე, თქვენს ვიტალს - თავისი მასაზრდოებელი მთლიანობა და თქვენს სხეულს - თავისი მასაზრდოებელი სისუფთავე. ამიტომ ხომ არ ჩქარობთ?

თუ ყველა ამ კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ მინდა ვთქვა, რომ ყველა მიზეზი გაქვთ, იჩქაროთ. დღეს თუ გაუშვით თქვენი მატარებელი-მისწრაფება, რომელიც მიზნისკენ-რეალიზაციისკენ მიდის, მაშინ დარწმუნებული იყავით: თქვენ უსასრულოდ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი. თუ დროზე მიხვალთ, თუ მიუსწრებთ მატარებელს-მისწრაფებას, რომელიც მიზნისკენ-რეალიზაციისკენ მიემართება, მაშინ თქვენ აუცილებლად ნახავთ ყველაფერს, რის ნახვაც გსურდათ, იგრძნობთ ყველაფერს, რის შეგრძნება გსურდათ და გახდებით ის ყველაფერი, რადაც გახდომა გსურდათ. ასე რომ, ნუ გაუშვებთ მატარებელს-მისწრაფებას.

ოცნებები და გეგმები

გძინავთ? მაშინ გეძინოთ. ოცნებობთ? მაშინ გაიღვიძეთ. გეგმავთ? მაშინ მაღლა აიხედეთ, ირგვლივ მიმოიხედეთ.

თუ გძინავთ, მაშინ ძილი გააგრძელეთ; მე არაფერი მაქვს საერთო თქვენთან. თუ ოცნებობთ, მაშინ უნდა ვთქვა, მე რაღაც საერთო მაქვს თქვენთან. თუ გეგმავთ, მაშინ მე ყველა ძაფით ვარ თქვენთან დაკავშირებული.

ვისაც ძინავს, არ იცის, რა აქვს და ვინ არის. მაგრამ თქვენ არ გძინავთ, თქვენ ოცნებობთ და გეგმავთ. ასე რომ, თქვენ იცით, რას ფლობთ და რას წარმოადგენთ. ამავე დროს თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ოცნების ხერხი და ჩემი ოცნების ხერხი, თქვენი დაგეგმვის ხერხი და ჩემი დაგეგმვის ხერხი განსხვავებულია.

როდესაც ოცნებობთ, თქვენ შედიხართ სამყაროში, რომელიც მუდმივად ახლიდან ქმნის და აყალიბებს საკუთარ თავს. როდესაც გეგმავთ, თქვენ გსურთ დაინახოთ შემოქმედებითი პროცესის დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. მაგრამ, როდესაც ჭეშმარიტი მაძიებელი გახდებით, ნახავთ, რომ შემოქმედს თქვენში დასასრული არასოდეს აქვს. შემოქმედებას დასასრული არ აქვს; აქვს მხოლოდ მარად-ტრანსცენდენტალური რეალობა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ოცნების და დაგეგმვის ხერხი და ჩემი ოცნების და დაგეგმვის ხერხი სხვადასხვა არის, თქვენ რაღაც მაინც გაქვთ და რაღაცა მეც მაქვს. რაც თქვენ გაქვთ, ის არაქმედითია, არაეფექტურია, არასრულყოფილია. მაგრამ ის, რაც მე მაქვს, ქმედითია, ეფექტურია და სრულყოფილია. ამიტომაც გთხოვთ ან გიბრძანებთ გაიღვიძოთ, წამოდგეთ და ირგვლივ მიმოიხედოთ.

თუ ხელი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ვინმე სხვა, ვისაც ასევე აქვს ხელი, თუმცა თქვენი მისი ხელივით ძლიერი შეიძლება არ იყოს. თუ თვალი გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ვიღაც სხვასაც ასევე აქვს თვალი, თუმცა თქვენი თვალი, შეიძლება მისი თვალივით მშვენიერი და კარგად მხედველი არ იყოს. თუ სასრული გაცნობიერება, სასრული მიღწევა გაქვთ, მაშინ თქვენ შეგიძლიათ აცნობიერებდეთ სხვის უსასრულო შესაძლებლობებს.

როგორც ჭეშმარიტმა მაძიებელმა, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ თქვენი ოცნების მდგომარეობა მხოლოდ იმ რეალური მდგომარეობის წინამორბედია, რომელშიც ვინმე სხვა იმყოფება; თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ თქვენი დაგეგმვის მდგომარეობა მხოლოდ დასაწყისია ან წინამორბედია მდგომარეობის, რომელიც ბევრად სცილდება იმას, რისი დანახვა, გრძნობა და მიღწევა თქვენს გონებას შეუძლია.

მაგრამ თქვენ რაღაც გაქვთ; ამიტომ მეტი მოგეცემათ. თუ არაფერი გაქვთ, მაშინ, შეიძლება, არაფერი მოგეცეთ. თუ სასიცოცხლო ენერგია ცოტა მაინც გაქვთ, ექიმს შეუძლია ნემსის გაკეთება. მაგრამ თუ ბოლომდე მოკვდით, ექიმი არანაირ წამალს არ მოგცემთ. მხოლოდ პატარა იმედი მაინც თუ აქვს ექიმს, ის წამალს მოგცემთ.

თქვენი ცხოვრების მოგზაურობაში, თუ იოტისოდენა მისწრაფება მაინც გაქვთ, მხოლოდ მაშინ გიბოძებთ ღმერთი უსასრულო მისწრაფებას. თქვენ ცდილობთ შეიცნოთ ღმერთი თქვენი მგეგმავი გონებით, თქვენი საკუთარი გზით. ამიტომაც ღმერთი ამბობს: „საწყალი! ის მაინც ცდილობს. მოდი, სწორ გზას ვუჩვენებ, ყველაზე ეფექტურ გზას.“ ამ დროს ღმერთი თავის გეგმებს გიჩვენებთ, მაგრამ იმ გეგმებისგან განსხვავებით, რომლებიც თქვენ დასახეთ თქვენი ადამიანური გონებით, ღვთის გეგმა მისი მარად-ტრანსცენდენტალური ხილვაა.

როდესაც ღმერთს თქვენი მოქმედების გეგმას თავაზობთ, ღმერთი იმავე მიზნის შესასრულებლად თავის ხერხს გთავაზობთ. ბავშვი თავის მამას მონეტას აძლევს, რომელიც ქუჩაში იპოვა - ცენტს ან ხუთ ცენტს. ეს მისი ერთადერთი საკუთრებაა, და ის მას მამას თავაზობს.ბავშვს შეეძლო ის დაემალა ან კამფეტი ეყიდა, მაგრამ მან, ყველაფერი რაც ჰქონდა, თავის საყვარელ მამას მისცა. მამა გრძნობს, რომ შვილის შეთავაზება-ერთობა მილიონობით დოლარზე უსასრულოდ უფრო ძვირფასია, ამიტომაც ის შვილს ხუთდოლარიან ბანკნოტს აძლევს.

თუ შეძლებთ თქვენი საკუთარი ოცნებები უყოყმანოდ აჩუქოთ უზენაესს, მაშინ თქვენ მის სამყაროს-რეალობას მოიპოვებთ. თუ გასცემთ თქვენი საკუთარი სიხარულისთვის, მაშინ თქვენი მამის გული და მისი ერთობა თქვენ ყოველთვის დაგასაჩუქრებთ უსასრულოდ უფრო მეტით, ვიდრე გჭირდებათ და იმსახურებთ, რადგან მისი კმაყოფილება მხოლოდ გაცემაშია, რათა თქვენ თავისი მარადისობის მეგობარი, მეგზური და პარტნიორი გაგხადოთ, ვისთანაც შეძლებს თავისი უსასრულობის სინათლის და უკვდავების აღტაცების გაყოფას. ასე რომ, თუ მისცემთ იმას, რაც გაქვთ ოცნების სამყაროში, ის მოგცემთ თავის სამყაროს-რეალობას. თუ მისცემთ იმას, რაც გაქვთ მენტალური დაგეგმვის სამყაროში, ის დაუყოვნებლივ გიბოძებთ თავის უშუალო ხილვის სამყაროს, რომელიც გაიფურჩქნება სრულყოფილებისა და კმაყოფილების სამყაროში.

შენ ხარ ღვთის ლამპარი?

„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „მე მისწრაფების ალს სიყვარულით ვანთებ სამყაროში-სურვილში.“

„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „მე ერთგულად ვასხივოსნებ სამყაროს-თავდადებას.“

„შენ ხარ ღვთის, უზენაესის ლამპარი?“ „დიახ.“ „რას აკეთებ?“ „დილით მე ზეშთაგონებულად ვკვებავ ღვთის სამყაროს-ხსნას. დღისით მე უანგაროდ ვკვებავ ღვთის სამყაროს-გათავისუფლებას. საღამოს მე უპირობოდ ვკვებავ ღვთის სამყაროს-რეალიზაციას. დაბოლოს, მთელი ღამე ჩემს მამასთან-სრულყოფილებასთან-კმაყოფილებასთან ერთად ვილხენ.“

„ჩემო მარადიულო მეგობარო, შენ ამდენს აკეთებ შენი საყვარელი უზენაესისთვის. ახლა მეც მინდა შენთვის რაიმე გავაკეთო. მე შენთვის მოვიწევ მადლიერების უმდიდრეს მოსავალს აქ, დედამიწაზე. მე შენთვის მოვიწევ სიამაყის უმდიდრეს მოსავალს იქ, ზეცაში.“

ამ გვერდის თარგმანები: Italian , Slovak , Czech , Ukrainian , French , Spanish
ამ წიგნების სერიის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით ea-1
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.