კმაყოფილება
ყოველი ადამიანის ცხოვრება სიმღერაა. მაძიებელი ყოველდღე ახალ სიმღერას მღერის. ის მღერის და ის აღმოაჩენს. რას აღმოაჩენს? ის აღმოაჩენს ენთუზიაზმით აღსავსე სხეულს, სიმტკიცით აღსავსე ვიტალს, სიმშვიდით სავსე გონებას, ნეტარებით სავსე გულს და, ბოლოს, კმაყოფილებით აღსავსე ცხოვრებას.კმაყოფილება საჭიროა ცხოველურ ცხოვრებაში, ადამიანურ ცხოვრებასა და ღვთაებრივ ცხოვრებაში. მაგრამ კმაყოფილება, რომელსაც ვიღებთ ცხოველურ ცხოვრებაში, არ არის ჭეშმარიტი კმაყოფილება. ადამიანურ ცხოვრებაშიც ჩვენ ვერ ვიღებთ ჭეშმარიტ კმაყოფილებას. მხოლოდ ღვთაებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვიღებთ ჭეშმარიტ კმაყოფილებას.
ცხოველურ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება ნგრევისგან. ადამიანურ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება ფლობისგან. ღვთაებრივ ცხოვრებაში ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ კმაყოფილება გასხივოსნებისგან. კმაყოფილება, რომელსაც ნგრევისგან ვიღებთ, არ არის და ვერ იქნება ნამდვილი კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელსაც ფლობისგან ვიღებთ, არ არის და ვერ იქნება ნამდვილი კმაყოფილება. კმაყოფილება, რომელსაც გასხივოსნებისგან ვიღებთ, უეჭველად ჭეშმარიტი კმაყოფილებაა.
აქ ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ; ჩვენ ვლოცულობთ და ვმედიტირებთ. ჩვენს ლოცვასა და ჩვენს მედიტაციაში ყოველთვის ვცდილობთ დავინახოთ კმაყოფილების სახე. როდესაც ვლოცულობთ, ვცდილობთ ავიდეთ მაღლა და მივაღწიოთ კმაყოფილებას. როდესაც ვმედიტირებთ, ვცდილობთ ჩვენი სიღრმიდან სინათლე და აღტაცება გამოვიტანოთ წინა პლანზე და კმაყოფილებით დავტკბეთ ჩვენს სხეულში, ვიტალში, გონებასა და გულში. როცა ვლოცულობთ, ჩვენ ვცდილობთ და შევღაღადებთ, რათა მივიღოთ რაიმე ზემოდან. როცა ვმედიტირებთ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს საკუთარ უმაღლეს რეალობებს, გამოვლინდნენ ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.
მედიტაციას წინ უძღვის კონცენტრაცია, ჭვრეტა კი მედიტაციას მოყვება. კონცენტრაცია, მედიტაცია, ჭვრეტა ერთად მიაბიჯებენ. კონცენტრაცია სიჩქარეა. მედიტაცია დარწმუნებულობაა. ჭვრეტა გამარჯვებაა. კონცენტრაციას აქვს და თავადაა სიჩქარე-ირემი. მედიტაციას აქვს და თავადაა დარწმუნებულობა-სპილო. ჭვრეტას აქვს და თავადაა გამარჯვება-ლომი.
ყოველთვის სასურველია გვქონდეს სისწრაფე, თუ ვაფასებთ მიზანს. მიზანი არ არის უძრავი. ჩვენ წინსვლის პროცესში ვართ მარად ტრანსცენდენტალური, მარად გამსხივოსნებელი და მარად ამსრულებელი მიზნისკენ. ჩვენ მთელი ყურადღება ჩვენს სისწრაფეს უნდა დავუთმოთ, თუ გვსურს მივაღწიოთ დამაკმაყოფილებელ პროგრესს. დღევანდელი მიზანი ხვალინდელი დღის სასტარტო წერტილია ჩვენს მარადიულ შინაგან მოგზაურობაში უზენაესი კმაყოფილებისაკენ.