ოცნება და რეალობა
რა არის ოცნება? ოცნება ქმნილებაა. ქმნილება ან გაყოფაა, ან გაერთიანება. „გაყოფა “ რთული სიტყვაა. როცა ჩვენ ვიყენებთ გაყოფას რეალობის-არსებობის გასაყოფად, ჩვენ შევდივართ ეგოსა და „მე“-ს სამყაროში. მაგრამ ამავე დროს, როდესაც ჩვენ მას ვიყენებთ, რომ გავყოთ სამუშაო, შრომა, შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში ის ნამდვილი წყალობაა. თუ ჩვენ ვყოფთ და გაყოფით ვღებულობთ შედეგს, რომელიც საშუალებას გვაძლევს უსაფრთხოდ და მტკიცედ მივიდეთ ერთ ჭეშმარიტებასთან და ერთი რეალობასთან, მაშინ ასეთი გაყოფა კარგია. მაგრამ თუ ჩვენ რეალობას ნაწილებად ვყოფთ, უპირატესობას ვანიჭებთ ერთ ნაწილს და არ ვაფასებთ დანარჩენ ნაწილებს, მაშინ ჩვენ განცალკევების სიმღერას ვმღერით. ასეთი გაყოფა ნგრევით მთავრდება, იმ პატარა სამყაროს ნგრევით, რომელსაც ჩვენად ვაცხადებთ.„კავშირი“ ასევე რთული სიტყვაა. როცა ერთად ვმუშაობთ, ეს უდიდესი წყალობაა. როდესაც ვურთიერთობთ, ეს უდიდესი წყალობაა. მაგრამ თუ ეს სიბნელის და სინათლის კავშირია, თუ ეს სურვილის და მისწრაფების კავშირია, მაშინ ეს სამწუხარო შეცდომაა. მისწრაფების ცხოვრება არ უნდა უკავშირდებოდეს სურვილის ცხოვრებას. თუ ის რამესთან უნდა იყოს კავშირში, ეს ყოველთვის მხოლოდ განდგომის ცხოვრებაა, განდგომა უსარგებლო ნივთებისგან, იმისგან, რაც არ არის ღვთაებრივი, გამასხივოსნებელი და სრულყოფილი.
ჩვენი მოგზაურობა მისწრაფების ცხოვრებით უნდა დავიწყოთ. მაგრამ მერე დგება ჟამი, როდესაც ვგრძნობთ, რომ ჩვენი მისწრაფების ცხოვრება გაიფურჩქნა და მზად არის შევიდეს სურვილის ცხოვრებაში მის გარდასაქმნელად. მისწრაფების ცხოვრებამ უნდა ითამაშოს ხიდის როლი სურვილის ცხოვრებასა და რეალიზაციის ცხოვრებას შორის. მაძიებლის მისწრაფების ცხოვრება შევა სურვილის ცხოვრებაში სურვილის ცხოვრების სწრაფი და სრული გარდაქმნისთვის. მაძიებლის რეალიზაციის ცხოვრება შევა მისწრაფების ცხოვრებაში მისწრაფების ცხოვრების სრულქმნისთვის და უზენაესი აბსოლუტის გამოვლენისათვის.
ყოველი ოცნება ქმნილებაა. ყოველი ქმნილება ან გაცნობიერებული მისწრაფებაა, ან გაუცნობიერებული მისწრაფებაა. ჩვენი მისწრაფება შედის სურვილის, უმცროსი ძმის, ცხოვრებაში და ეხმარება მას გაასუფთაოს მისი სხეული, გაწმინდოს მისი გონება და გაასხივოსნოს მისი მიწიერი არსება. თითო იოტისოდენა მისწრაფება აჩქარებს რეალიზაციის დადგომას. ჩვენი მისწრაფება შედის რეალიზაციის ცხოვრებაში ან შემოაქვს რეალიზაციის ცხოვრება მისწრაფების ცხოვრებაში, რათა მისწრაფების ცხოვრება ბოლომდე სრულყოფილი გახადოს ჩვენი ფიზიკური რეალობის გამოსაღვიძებლად და სულის-რეალობის ასაყვავებლად ჩვენში და ჩვენთვის.
ღვთაებრივი ოცნება - ეს ღვთის ქმნილებაა შინაგან სამყაროში. მისწრაფების შინაგანი სამყაროდან ჩვენ შევდივართ რეალობის სამყაროში. ქმნილება და ოცნება, მისწრაფება და რეალიზაცია - ესენი ყველანი ერთი ოჯახის წევრები არიან. თუ ჩვენ შევძლებთ ერთ-ერთი მათგანის შეცნობას, მაშინ ჩვენ შევძლებთ დანარჩენი სამის შეგნებულად მოპოვებას; რადგან ჩვენი ოცნება, საბოლოო ჯამში, იდუმალი რეალობაა, იდუმალი რეალობა კი სამუდამოდ ამოუცნობი ვერ დარჩება. ის ასუფთავებს ჩვენს გონებას, სთავაზობს დინამიზმს ჩვენს ვიტალს და სთავაზობს შინაგან გამოღვიძებას ჩვენს ფიზიკურ რეალობას.
სიცოცხლე სხვა არაფერია, თუ არა ღვთის ოცნება, და ამ ოცნებას არც დაბადება აქვს და არც სიკვდილი. ამ დაბადებისა და სიკვდილის არმქონე ცხოვრებას ღმერთი ასრულებს ადამიანში და ადამიანის მეშვეობით - თავის ყოვლისმომცველ და ყოვლისაღმსრულებად რეალობაში.
მე ქედს ვიხრი ოცნების წინაშე, რადგან ის ტკბილი და სუფთაა. მე ქედს ვიხრი რეალობის წინაშე, რადგან მას არა მხოლოდ შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს, არამედ საზღვარდაუდებელი გარდაუვალობაც. მე ქედს ვიხრი მისწრაფების წინაშე, რადგან მას ჩვენთვის თავის უსაზღვრო არსებაში სიყვარული მოაქვს. მაგრამ მე მიყვარს რეალიზაცია, რადგან ის ერთადერთია, რაც მჭირდება, რათა ჩემი შინაგანი მესაჭე გავხადო მარად და უზენაესად ბედნიერი.