არ ვიცი
„არ ვიცი.“ ეს ნამდვილად ამომწურავი პასუხია. ეს პასუხი აკმაყოფილებს გულწრფელ მაძიებელს ჩვენში, რადგან გულწრფელი მაძიებელი არ არის მიდრეკილი არაგულწრფელობისკენ. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რამდენად შორს წაგვიყვანს ეს პასუხი. შეუძლია მას მიგვიყვანოს დანიშნულ მიზნამდე? არა, არასოდეს! ჩვენ უნდა შევძლოთ ვთქვათ: „მე ვიცი.“პასუხის მოსაპოვებლად თავდაპირველად ჩვენ ირგვლივ ვიყურებით. მაგრამ გარე სამყარო დაგვცინის, მასხარად გვიგდებს და ზოგჯერ ქედმაღლურადაც გვიყურებს. ის მიიჩნევს, რომ ჩვენზე სულელი არავინაა. მაშინ პასუხის მოსაპოვებლად ღრმად ვიძირებით ჩვენში. ამ დროს რაღაც, ღრმად ჩვენში მყოფი, გვეუბნება, რომ ჩვენ ნამდვილად ის ვართ, რასაც ვფიქრობთ საკუთარ თავზე. ჩვენ ნამდვილად ის ვართ, რადაც ვგრძნობთ საკუთარ თავს. ჩვენ ვართ ის, რადაც საბოლოოდ შეგნებულად შევდგებით.
რას ვფიქრობთ საკუთარ თავზე? ვფიქრობთ, რომ ვართ ერთგული ინსტრუმენტები და გონიერი მაძიებლები. რად ვგრძნობთ საკუთარ თავს? საკუთარ თავს ვგრძნობთ ისეთ ადამიანებად, რომელთაც ზეშთაგონებული სიყვარული შეუძლიათ. ვინ უნდა გავხდეთ საბოლოოდ? ჩვენ უნდა გავხდეთ ის, ვისაც თავისი მსახურებით სიკეთე მოაქვს. ჩვენი უზენაესის ერთგული ინსტრუმენტები, გონიერი მაძიებლები და ნაყოფიერი მსახურნი ვართ: თუ ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ საკუთარ თავზე ასეთნაირად, თუ ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ასეთები ვართ, მაშინ ჩვენთვის შეუძლებელია არსებობდეს სხვაგვარი პასუხი აქ, დედამიწაზე ან იქ, ზეცაში.
აი, პასუხი: ჩვენ უზენაესის ერთგული ინსტრუმენტები, გონიერი მაძიებლები, ზეშთაგონებული მოყვასნი და ნაყოფიერი მსახურნი ვართ. „მე არ ვიცი“ ახლა შეიცვალა „მე ვიცი“-ით. რა ვიცი მე? ვიცი, რომ ყველგან ვეძებ ჩემი რეალიზაციის-გამოცდილების, ჩემი რეალიზაციის-გამოცხადებისა და ჩემი გამოცხადების-გამოვლენის პირველქმნილ ხილვასა და მარად ტრანსცენდენტალურ რეალობას.