ის, რაც გვაქვს და ის, რაც არ გაგვაჩნია
ის, რაც გვაქვს - ესაა სასურველის მიღება რეალურის სანაცვლოდ, საკუთარი წარმოდგენა ძიებაზე, საკუთარი წარმოდგენა ადამიანად შედგომაზე. სასურველის მიღება რეალურის ნაცვლად: ჩვენ გვგონია, რომ გარკვეული გზით დიდებას ან წარმატებას მივაღწევთ. საკუთარი წარმოდგენა მაძიებლობაზე: ჩვენ ვეძებთ ჭეშმარიტებას და სინათლეს ჩვენი საკუთარი ხერხით და იმ ადგილას, სადაც ვთვლით, რომ ჭეშმარიტება და სინათლე უნდა იყოს. საკუთარი წარმოდგენა შედგომაზე: გვინდა შევდგეთ ისეთებად, რომ სიხარული მივანიჭოთ თავს. ეს ჩვენი ყველაზე სამწუხარო შეცდომაა. თუ გვსურს საკუთარი თავის გახარება ჩვენი ნებისამებრ, ჩვენ მგელი-ვიტალი გამოგვყავს წინა პლანზე.რაც ჩვენ არ გაგვაჩნია, ეს მადლიერებაა. მადლიერება ჩვენში დავანებული ქმედება-ჯადოქრობაა. ეს ქმედება-ჯადოქრობა ამაგრებს ჩვენს ფიზიკურ სხეულს, ასუფთავებს ჩვენს ვიტალურ ენერგიას, აფართოებს ჩვენს მენტალურ ხედვას და აძლიერებს ჩვენს ფსიქიკურ აღტაცებას. ჩვენში მყოფი მაძიებელი ცდილობს, იყოს უბრალო, გულწრფელი, სუფთა და მორჩილი. ყოველი სულიერი მაძიებელი გულმოდგინედ ცდილობს განივითაროს ეს თვისებები. ამ თვისებების განვითარების უადვილესი და ყველაზე ეფექტური ხერხია - აღმოვაჩინოთ მადლიერების გზა, მადლიერების ყვავილი და მივცეთ მას საშუალება, აყვავდეს და გაიფურჩქნოს ჩვენს გულში. როგორ გავაკეთოთ ეს? მივაქციოთ ყურადღება არა მხოლოდ იმას, რაც გვაქვს, არამედ იმასაც, რაც არ გაგვაჩნია.
რაც არ გაგვაჩნია - ეს შინაგანი ვედრებაა და უკიდეგანო გარეგანი ღიმილია. თუ ჩვენ შევძლებთ დაუღალავი შინაგანი ვედრების განვითარებას, მაშინ ავტომატურად ჩვენ განვივითარებთ უკიდეგანო გარეგან ღიმილს.
ჩვენ ან შინაგანიდან მივდივართ გარეგანისკენ, ან გარეგანიდან ვიძირებით შინაგანში. ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ან სულის შესაძლებლობებზე დაყრდნობით, ან სხეულის შესაძლებლობებზე დაყრდნობით. ზედმეტია იმის თქმა, რომ სულის შესაძლებლობები აღემატება სხეულის შესაძლებლობებს. მაგრამ ის მცირე შესაძლებლობები, რაც სხეულს აქვს, გაერთიანებული უნდა იქნას სულის შესაძლებლობასთან. სხეულის ყველაზე დიდი მიღწევაა, მიიღოს სულის ხელმძღვანელობა. თუ სული მიღებულია, როგორც უზენაესი ლიდერი, თუ სულს აქვს შესაძლებლობა გაუძღვეს, ჩამოაყალიბოს და გამოძერწოს ჩვენი ბედისწერა; მაშინ ჩვენ მოვიპოვებთ იმას, რაც ჯერჯერობით არ გაგვაჩნია: ტკბილ, სუფთა, ძლიერ შინაგან ვედრებასა და ნათელ, დაჯერებულ, უკიდეგანო გარეგან ღიმილს.