შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე
„ჩემო უფალო უზენაესო, შენ ერთდროულად შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე ხარ. მითხარი, შენი აზრით, ამ ორი ასპექტიდან რომელია უკეთესი?“„შვილო ჩემო, თუ მამაცი ხარ, მაშინ სამართლიანობის სინათლე უსასრულოდ უკეთესია. თუ სუსტი ხარ, მაშინ შებრალების სიმაღლეა უსასრულოდ უკეთესი. მაგრამ მინდა გითხრა, რომ საბოლოო ჯამში, შებრალების სიმაღლე და სამართლიანობის სინათლე ორივე ერთსა და იმავე მიზანს აღწევს, ორივე ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება.
კოსმიურ თამაშში ზოგჯერ მიწევს სამართლიანობის სინათლის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ყოველთვის შებრალების სიმაღლეს გამოვიყენებ, მაშინ შენში მაძიებლის პროგრესი გადაიდება გაურკვეველი დროით. თუ მაძიებელს შენში შეუძლია მამაცურად შეხვდეს სამართლიანობის სინათლეს, მაშინ შენ აუცილებლად უსწრაფესად წახვალ წინ. ოღონდ ეს სამართლიანობის სინათლე სიხარულით, ერთგულებით და მთელი გულით და სულით უნდა მიიღო; მხოლოდ მაშინ ემსახურება ის თავის მიზანს. თუ სამართლიანობის სინათლე უხალისოდ, შიშით ან გარდაუვალობის ვითარების გამო იქნა მიღებული, და თუ შინაგანად ვეწინააღმდეგებით და ვუჯანყდებით მას, მაშინ სამართლიოანობის სინათლე ვერ მიაღწევს თავის მიზანს.
როდესაც გიჩვენებ სამართლიანობის სინათლეს, შვილო ჩემო, შენ უნდა გრძნობდე, რომ ეს ჩემი ფარული მზრუნველობაა; ჩემი მზრუნველობა შენი სრულყოფისთვის გამოდის წინა პლანზე. როდესაც გიჩვენებ შებრალების სინათლეს, ეს უდავოდ უფრო ნელი პროცესია. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მაძიებელი შენში არ გპატიობს, იმისდა მიუხედავად, რომ მე გაპატიე, თუ შენ სინანულს გრძნობ, ურყევი ნებით გადაწყვეტ, აღარ გაიმეორო იგივე შეცდომა, მაშინ ჩემი შებრალების სიმაღლის დახმარებით შეგიძლია ირბინო უსწრაფესად. შენ შეძლებ უსწრაფესად სირბილს, უსასრულოდ მეტი შეგნებულობის და გაცნობიერებულობის, სრული გულწრფელობის მოპოვებით და ღვთაებრივი სიმტკიცით ავსებით.
შებრალების სიმაღლეს მე ვიყენებ უფრო ხშირად, ვიდრე სამართლიანობის სინათლეს, შვილო ჩემო, რადგან ვიცი, დედამიწაზე ყველა ადამიანი სუსტია. იმიტომაც ვთანხმდები ნელ პროცესზე. ყოველთვის რომ შემეძლოს სამართლიანობის სინათლის გამოყენება, წინსვლა უსწრაფესი იქნებოდა, მაგრამ ეს სარისკოა, რადგანაც ჭურჭელმა შეიძლება ვერ გაუძლოს. ამიტომაც არ მსურს გამოვიყენო ჩემი სამართლიანობის სინათლე ისე ხშირად, როგორც მე ვიყენებ შებრალების სიმაღლეს. ამიტომაც, როდესაც მე შებრალების სიმაღლეს ვიყენებ, შენ საკუთარი თავის მიმართ უნდა იყო უკიდურესად მკაცრი, შეუბრალებლად მკაცრი. შენ და მხოლოდ შენ უნდა იყო მკაცრი საკუთარი ცხოვრების მიმართ, რომ გახდე ჩემი უფრო უკეთესი, უფრო გამსხივოსნებელი, უფრო ასრულების მომტანი ინსტრუმენტი.
როდესაც მე ვიყენებ სამართლიანობის სინათლეს, მიიღე ის სიხარულით, ერთგულებით და მთელი გულით და სულით. როდესაც მე ვიყენებ შებრალების სიმაღლეს, მიიღე ის მადლიერების ზღვით და მადლიერების ზეცით და ამავე დროს ჩაიძირე ღრმად შიგნით და გახდი უსასრულოდ უფრო მკაცრი საკუთარ თავთან, ვიდრე ოდესმე იყავი. მაშინ შენ ვერ დაუშვებ ვერცერთ უხეშ შეცდომას. სამართლიანობის სინათლე და შებრალების სიმაღლე ერთია, განუყოფლად ერთი. მაგრამ ვითარების შესაბამისად, შვილო ჩემო, მე ან სამართლიანობის სინათლეს ან შებრალების სიმაღლეს ვიყენებ.
შენ, როგორც მაძიებელი, ჭეშმარიტი მაძიებელი, უანგარო მაძიებელი, ყოველთვის უნდა იყო ბედნიერი, იმასდა მიუხედავად, ვიყენებ მე შებრალების სიმაღლეს თუ სამართლიანობის სინათლეს შენს მიმართ. თუ ეს სამართლიანობის სინათლეა, გამოიყენე შენი ბედნიერება მეტად კონსტრუქტიულად; და თუ ეს შებრალების სიმაღლეა, ჩაიძირე ღრმად შიგნით და გამოიტანე წინა პლანზე შენი მადლიერი გული. ამის შემდეგ აავსე შენი სხეული, ვიტალი, გონება და გული ურყევი ნებისყოფით, რათა არასოდეს გაიმეორო იგივე სავალალო შეცდომა.
შებრალების სიმაღლე კოკისპირული წვიმაა, კურთხეული კოკისპირული წვიმაა ზემოდან. სამართლიანობის სინათლე მბრწყინავი მზის სინათლეა, მწვავე სიმხურვალეა. ორივე ერთნაირად გვჭირდება, რათა დავკრიფოთ რეალიზაციის მდიდარი მოსავალი მარცვლისგან-მისწრაფებისგან, რომელიც იზრდება ნელა და საიმედოდ, ჩემი შინაგანი ხილვის და გარე რეალობის ნებით.