რატომ ვიმალები?
„ჩემო უფალო უზენაესო, რატომ მინდა ზოგჯერ დაგემალო? ხანდახან უიმედოდ რატომ ვცდილობ შენგან დავმალო ჩემი აზრები? რატომ? რატომ? იმიტომ, რომ შენი მეშინია? ან იმიტომ, რომ მიყვარხარ და ვგრძნობ, რომ თუ შენ გაიგებ ჩემს სამარცხვინო და უსუფთაო აზრებს ფიზიკურ პლანზე, ეს გულს გატკენს. მე ვიცი, რომ შინაგან პლანზე ვერასოდეს შევძლებ შენს მოტყუებას. გარე პლანზე კი, ჩემი მარჯვე გონების წყალობით ვგრძნობ, რომ ადამიაურად შევძლებ შენს მოტყუებას, რომ შენთვის, შეიძლება, უცნობია ადამიანური ცხოვრების ყველა ლაბირინთი. მითხარი, რატომ მინდა დაგემალო და შენგან დავმალო ჩემი აზრები.„შვილო ჩემო, გარკვეულწილად მართალია ის, რომ შენ ჩემი გეშინია. ამიტომაც მემალები. გარდა ამისა, გარკვეულწილად ესეც მართალია, რომ შენ გეშინია, ტკივილი მომაყენო, - უფრო სწორად კი, ადამიანურ ცნობიერებას ჩემში, - თუ ვნახე, რომ შენ არაჯანსაღი აზრებისგან იტანჯები. შენთან გაიგივებით მე, უდაოდ, გავწვალდები. მაგრამ მთავარი მიზეზი სხვაა. გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად, შენ სათუთად უვლი უმეცრულ ცხოვრებას. შენ გინდა დამემალო, იმიტომ რომ იცი: მიუხედავად სიბრძნის ცხოვრების შეგნებულად მიღებისა, შენზე კვლავ ცხოვრება-უმეცრება ბატონობს და გმართავს. შენ ამ აზრებს სათუთად უვლი, რადგან გრძნობ, რომ შეგიძლია ამ ყველაფერს ფლობდე, მაშინ, როდესაც ღვთაებრივი აზრები, გამსხივოსნებელი აზრები, ციური აზრები, შეიძლება, გონებრივ ჰალუცინაციას წარმოადგენენ. აი, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე; ამიტომაც გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად სათუთად უვლი და აფასებ არაღვთაებრივ აზრებს.
მაგრამ, შვილო ჩემო, მინდა გითხრა, რომ შენ ჩემი არ უნდა გეშინოდეს, არ უნდა გრძნობდე, რომ ტკივილს მომაყენებ. ღვთაებრივი ჩემში შენ არასოდეს დაგსჯის. ღვთაებრივს ჩემში არაფერი დაუშავდება შენი ეგრეთ წოდებული შეცდომებისგან. შენ ძალიან ადვილად შეგიძლია მოიშორო ეს უმეცარი გრძნობები, იდეები და წარმოდგენები ფიზიკურ პლანზე. თუ გსურს მოიშორო ეს ძალები, უბრალოდ, იფიქრე ჩემზე, როგორც საქაღალდე კალათაზე ან სანაგვე ყუთზე. ფიზიკურ პლანზე ეს ორი შესაბამისი ადგილია იმისთვის, რომ ყველაფერი არასასურველი მოიშორო. თუ გსურს ამ არაჯანსაღი აზრების მოშორება სულიერ პლანზე, მაშინ ერთგულად და ზეშთაგონებულად მოისროლე ისინი ჩემში. ყველაფერი, რაც გტანჯავს, ჩემში მოისროლე. მე შენი გასხივოსნებისთვის ვარსებობ, შენი სრულყოფილებისთვის, და არ დავკმაყოფილდები მანამ, სანამ არ ვნახავ შენს ძირეულ გარდაქმნას.
შენ უნდა გრძნობდე, რომ შენი ნაკლოვანები ჩემი ნაკლოვანებია. შენი საკუთარი თავის ხომ არ გეშინია; შენ არ ცდილობ დაემალო საკუთარ თავს, რადგან იცი, რომ ეს შენ ხარ. მსგავსად ამისა, თუ შენ ჩემზე ფიქრს შეძლებ, როგორც შენს საკუთარ გაფართოებულ რეალობაზე, თუ შეძლებ იგრძნო, რომ შენი ხელები დაგრძელდა, შენში ყველაფერი კი გაფართოვდა და ამ გაფართოებულ ცნობიერებაში შენ და მე ერთნი ვართ, მაშინ ნახავ, რომ ყველაფერი, რაც შენში გარდაქმნას საჭიროებს, ჩემი ნაკლოვანებაცაა.
ამიტომ ჩემი ნუ გეშინია და ნურც იმის გეშინია, რომ ადამიანურად ტკივილს მომაყენებ. შეიგრძენი, რომ მე შენი უნივერსალურობა ვარ, შენი ტრანსცენდენტალური ცხოვრება. რატომ უნდა გეშინოდეს ჩემი? ჩვენ ერთნი ვართ, მარად ერთნი, განუყოფლად ერთნი. ჩვენში არსებული მცირე ნაწილი სხივოსნდება უფრო დიდი, უფრო გასხივოსნებული, უფრო ამსრულებელი, უფრო სრულყოფილი და უფრო მეტად ღვთაებრივი ნაწილის შუქით.