ცხოვრება-ლოცვა და ცხოვრება-მედიტაცია

დიდი, დიდი ხნის წინ ჩემი ძვირფასი უზენაესი ერთხელაც მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, ილოცე. შენ უნდა ილოცო. ამიერიდან შენ ჩემზე უნდა ლოცულობდე რეგულარულად.“ მე დავემორჩილე ჩემს საყვარელ უზენაესს და ლოცვა დავიწყე.

რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი საყვარელი უზენაესი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, იმედიტირე. მე მინდა, რომ შენ მედიტირებდე. ამიერიდან შენ ყოველდღ რეგულარულად უნდა მედიტირებდე.“ მე დავემორჩილე ჩემს საყვარელ უზენაესს და მედიტირება დავიწყე.

მერე ერთხელაც ის მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შვილო ჩემო, ხედავ რაიმე ცვლილებებს, გაუმჯობესებას, რაიმე ახალს შენს ცხოვრებაში?“

მე ვთქვი: „კი, ვხედავ.“

ღმერთმა მკითხა: „და რა არის ეს?“

მე ვუთხარი მას: „მე ძალიან გამიხარდება, თუ ჩემი ცხოვრების ცვლილებებზე და გაუმჯობესებაზე შენ მეტყვი, რადგან მე შეიძლება შევცდე კიდეც. რაც არ უნდა თქვა, სიხარულით მივიღებ, როგორც აბსოლუტურ ჭეშმარიტებას.“

ჩემი საყვარელი უზენაესი ჩემით ძალიან კმაყოფილი დარჩა. მან თქვა: „მას შემდეგ, რაც დაიწყე ლოცვა, შენ გრძნობ შენს სიახლოვეს ჩემთან. მას შემდეგ, რაც დაიწყე მედიტირება, შენ გრძნობ ჩემს სიახლოვეს შენთან. როდესაც ლოცულობ, შენ გრძნობ შენს სიახლოვეს ჩემთან, და როდესაც მედიტირებ, შენ გრძნობ ჩემს სიახლოვეს შენთან.

გარდა ამისა, ლოცვის დროს შენ ხედავ ჩემი სიკეთისა და ჩემი შებრალების ასპექტს, მედიტაციის დროს კი შენ ხედავ ჩემი სილამაზისა და ჩემი ნაყოფიერების ასპექტს. როდესაც ლოცულობ, მე შენს მიმართ სიკეთით და შებრალებით ვარ აღსავსე, და როდესაც მედიტირებ, მე შენთვის მშვენიერი და ნაყოფიერი ვარ. ეს ჩემი ოთხი თვისება უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ მე შენს მიმართ კეთილი და შემბრალებელი არ ვარ, რატომ უნდა გაჩვენებდე ჩემს სილამაზეს და ჩემს ნაყოფიერებას? რადგან ლოცულობ, შენ ხედავ ჩემი სიკეთისა და ჩემი შებრალების ასპექტს, და რადგან მედიტირებ, შენ ხედავ ჩემი სილამაზისა და ჩემი ნაყოფიერების ასპექტს.

უფრო მეტს იგრძნობ. ამიერიდან ლოცვის დროს შენ იგრძნობ, რომ მხოლოდ მე გჭირდები, მედიტაციის დროს კი შენ იგრძნობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები. ახლა შენთვის შეუძლებელია დაჯერება იმისა, რომ შენ მჭირდები, რადგან გრძნობ, რომ მე შენ ყველანაირად გჯობნი. შენ ფიქრობ, რომ იცი, ვინ ხარ შენ და ვინ ვარ მე. მაგრამ დადგება დრო , როდესაც შენ შეიცნობ ჩვენს ერთიანობას და განუყოფლობას. მანამდე შენთვის რთული იქნება გრძნობდე იმას, რომ მე განვასახიერებ სიცოცხლის როგორც სასრულ, ასევე უსასრულო ასპექტს. მე ვიცი, რომ სასრულ ასპექტი უსასრულოს მოიცავს და უსასრულო ასპექტი - სასრულს, მაგრამ შენ ეს ჯერ არ შეგიცნია.

როდესაც ვამბობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები, უნდა იცოდე, რას ვგულისხმობ. შენ შეგიძლია თქვა: „დედამიწაზე მილიონობით და მილიარდობით ადამიანია, მაშ როგორ ამბობს, რომ ის მხოლოდ ჩემზე ზრუნავს?“ მაგრამ შენ უნდა გრძნობდე, რომ „შენ“ ნიშნავს შენს გაფართოებულ ასპექტს. შენი თვალები უდიდესზე უდიდესი გახდა, შენი ხელები უგრძესზე უგრძესი გახდა. მთელი შენი არსება გადიდდა და გაფართოვდა, და ყველა სხვა ადამიანი შედის შენს გაფართოებულ რეალობაში. ისინი შენი საკუთარი არსებობის ნაწილია. ამიტომაც, როდესაც ვამბობ, რომ მხოლოდ შენ მჭირდები, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მჭირდები, როგორც უნივერსალური რეალობა.

თუ ლოცვას და მედიტაციას აგრძელებ, მაშასადამე შენ მემორჩილები. და თუ შენ მემორჩილები, მაშინ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც მე არ გავაკეთებ შენთვის. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ შენთვის, თუ შენ ილოცებ და იმედიტირებ. ლოცვისას შენ იგრძნობ, რომ ჩემი სუნთქვა-სიცოცხლე შენს თავს განასახიერებს, მედიტირებისას კი იგრძნობ, რომ შენი სუნთქვა-სიცოცხლე განმასახიერებს მე.

ლოცვას და მედიტაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დადგენა დრო, როცა შენ განუყოფლად ერთი გახდები ჩემს ცნობიერებასთან, სასრულსა და უსასრულოსთან, უნივერსალურსა და ტრანსცენდენტალურთან. მაშინ შენ შეძლებ ლოცვის ასპექტისთვის თავის დანებებას, რადგან მედიტაციის ასპექტი თავის თავში ყველაფერს დაიტევს. ლოცვის ასპექტში არის გარკვეული უპირატესობის და დამცირების გრძნობა. თუ შენ მე თაყვანს მცემ, როგორც უზენაესს უფალს, მაშინ შენთვის რთული იქნება მიმიღო, როგორც შენი ერთადერთი მეგობარი, შენი უსასრულობის მეგობარი. ამ დროს მე ჩემ აბსოლუტურ ასპექტს განვასახიერებ, ჩემი უზენაესი ხელისუფლების და ძალაუფლების ასპექტს. მაგრამ შეიძლება დადგეს დრო, როცა შენ იგრძნობ, რომ მე შენი ერთადერთი მეგობარი ვარ. ამ დროს შენთვის აუცილებელი აღარ იქნება ლოცვით მომიახლოვდე. შენი ცხოვრება-ლოცვა შეიძლება დასრულდეს.

ცხოვრება-ლოცვისთვის რთულია ან შეუძლებელია დაიტიოს ცხოვრება-მედიტაცია, მაგრამ ცხოვრება-მედიტაციას ადვილად შეუძლია დაიტიოს ცხოვრება-ლოცვა. ახლა შენ უნდა ილოცო და იმედიტირო. მაგრამ, როდესაც შენ ნელ-ნელა ძალიან წაიწევი წინ, მაშინ შენ შეძლებ ლოცვისთვის თავის დანებებას, რადგან მედიტაციაში შენ ადვილად შეძლებ ლოცვისა და მედიტაციის ნაყოფის ერთდროულად მიღებას, რომლების დაუფასებელია.

ამ გვერდის თარგმანები: Russian , Italian , Slovak , Czech , Ukrainian , French , Spanish
ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით ea 23
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.