ალი-ლოცვა და ზღვა-მედიტაცია

სხვაობა ლოცვასა და მედიტაციას შორის ასეთია: როდესაც ვლოცულობთ, ვგრძნობთ, რომ ჩვენი არსება ერთი წერტილისკენ მისწრაფებული, აღმავალი ალი ხდება. აღმავლობით ღვთის მიღწევა ლოცვის ბუნებაშია. როდესაც ვმედიტირებთ, ჩვენ საკუთარ თავს ვისვრით უსაზღვრო სივრცეში, სიმშვიდისა და აღტაცების უსასრულო ცაში, ან ჩვენ ვპატიჟებთ უსასრულო სივრცეს, შემოვიდეს ჩვენში.

ლოცვა და მედიტაცია ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეა. ორივე ძალიან ეფექტურია. როცა ვლოცულობ, მე ვლაპარაკობ და ღმერთი მისმენს. როცა ვმედიტირებ, ღმერთი ლაპარაკობს და მე ვისმენ. როცა ვლოცულობთ, ჩვენ ავდივართ ღმერთთან; როცა ვმედიტირებთ, ღმერთი ჩამოდის ჩვენთან. საბოლოო ჯამში, ეს ერთი და იგივეა. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ლოცვისას ჩვენ როგორც პიროვნებები ღმერთისგან განცალკევებულნი ვართ. ვგრძნობთ, რომ ის ერთ ადგილასაა, ჩვენ კი სადღაც სხვაგან ვართ. ჩვენ მაღლა ვიხედებით და მას შევთხოვთ, მაგრამ არ ვიცით, როდის და რამდენად აგვისრულებს ღმერთი ჩვენს ლოცვებს. მედიტაცია ამბობს: „ღმერთი არც ბრმაა და არც ყრუ. მან იცის, რა უნდა აკეთოს, რათა აღასრულოს საკუთარი თავი ჩემში და ჩემი მეშვეობით. დაე, დავრჩე მე ზეშთაგონებულ მდუმარებაში.“ ქრისტე მაცხოვარმა წარმოსთქვა უმაღლესი ლოცვა: „იყავნ ნება შენი“. ეს ლოცვა მედიტაციის დასაწყისია. სადაც ლოცვა ამთავრებს თავის მოგზაურობას, მედიტაცია იქ იწყებს.

მედიტაცია ზღვის ფსკერზე დაშვებას გავს, სადაც ყველაფერი მშვიდია და უშფოთველი. ზღვის ზედაპირზე შეიძლება ბევრი ტალღა იყოს, მაგრამ ისინი ზღვის სიღრმეებზე ზეგავლენას ვერ ახდენენ. უძირო სიღრმეში ზღვა მთლიანად მდუმარებაა. როდესაც ვიწყებთ მედიტაციას, პირველ რიგში, ვცდილობთ ჩვენი შიდა არსების მოხელთებას, ჩვენი ჭეშმარიტი არსების, ესე იგი - ზღვის ფსკერის. და მაშინ, თუ გარე სამყაროდან მოდიან ტალღები, ისინი ჩვენზე გავლენას ვერ ახდენენ. შიში, ეჭვი, შფოთი და ყველა მიწიერი ალიაქოთი უბრალოდ ამორეცხილია, იმიტომ რომ ჩვენში მყარი სიმშვიდეა. აზრები ვერ გვეხებიან, რადგან ჩვენი გონება მთლიანად სიმშვიდეა, მთლიანად მდუმარებაა, მთლიანად ერთობაა. ზღვის თევზებივით ხტებიან და მიცურავენ, მაგრამ კვალს არ ტოვებენ. როდესაც უმაღლეს მედიტაციაში ყოფნისას ჩვენ ვგრძნობთ, რომ ზღვა ვართ, და ზღვის ბინადრები ჩვენ არ გვაწუხებენ; თავს ცად ვგრძნობთ და არცერთი ჩიტი, გვერდით რომ ჩაგვიფრენს, ჩვენ არ გვაწუხებს. ჩვენი გონება ცაა, გული კი უკიდეგანო ზღვაა. ეს არის მედიტაცია.

*მე ვლოცულობ ღმერთზე, მე ვმედიტირებ ღმერთზე.* *მე ვლოცულობ ღმერთზე, რათა ვიხილო სიდიადე მისი სახისა.* *მე ვმედიტირებ ღმერთზე, რათა ვიგრძნო გული მისი აღტაცებისა.*

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 9
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.