ვიწყებთ მედიტაციას
როდესაც სახლში მედიტირებთ, გამოყავით თქვენი ოთახის კუთხე, რომელსაც აბსოლუტურად სუფთა და კურთხეულ ადგილად აქცევთ - წმინდა ადგილად, რომელსაც მხოლოდ მედიტაციისთვის გამოიყენებთ. ყოველდღიური მედიტაციის ჩატარება მარტოობაში ჯობია. მედიტაციის დაწყებამდე კარგია შხაპის ან აბაზანის მიღება. ასევე სასურველია სუფთა და ღია ფერის ტანსაცმლის ჩაცმა.იმისთვის, რომ მიყვეთ სულიერ ცხოვრებას, თქვენ დღეში ერთხელ მაინც უნდა მედიტირებდეთ. საუკეთესოა დილაადრიან მედიტირებდეთ, როდესაც ატმოსფერო მშვიდი და წყნარია. საღამო კიდევ ერთი საუკეთესო დროა. თუ სერიოზულად და გულწრფელად მოეკიდებით მედიტაციას, მაშინ მედიტაციის ძალა ავტომატურად გაიზრდება. თუ რეგულარული და პუნქტუალური იქნებით თქვენს მედიტაციაში, შეამჩნევთ საკუთარ პროგრესს. დანიშნულ დროს მედიტირება დაგეხმარებათ ლეთარგიისა და გონების ხეტიალის დაძლევაში.
მედიტირების დროს აუცილებელია ხერხემალი გასწორებული და გამართული გქონდეთ, სხეული კი - მოდუნებული. თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი შინაგანი არსება სპონტანურად მიგაღებინებთ მოხერხებულ მდგომარეობას; თქვენ კი მხოლოდ უნდა შეინარჩუნოთ ის. ზოგიერთ მაძიებელს უყვარს მწოლიარე მდგომარეობაში მედიტირება, მაგრამ ეს მიზანშეწონილი არ არის: თქვენ ადვილად შეიძლება შეხვიდეთ ძილის სამყაროში ან ერთგვარი შინაგანი თვლემა დაგეუფლოთ. ასევე ლოტოსის პოზა - წინწასული იოგის პოზა - არ არის აუცილებელი სწორი მედიტაციისათვის. ბევრი ადამიანი სკამზეც კი მშვენივრად მედიტირებს.
დაგეხმარებათ, თუ დაანთებთ საკმეველს და სანთლებს და წინ ყვავილებს დაიდგამთ. გარეგანი ყვავილი გაგახსენებთ თქვენს გულში გაშლილ ყვავილს. როდესაც შეისუნთქავთ საკმევლის სუნს, თქვენ მიიღებთ შთაგონებასა და სისუფთავეს, რომლებიც თქვენს შინაგან განძს დაემატება.
როდესაც გარეგან ალს დაინახავთ, უცებ იგრძნობთ, როგორ მიიწევს თქვენი შინაგანი ალი მაღლა, უფრო მაღლა, ყველაზე მაღლა.