თავი მეთერთმეტე
მოთმინების ხის გაზრდა
*მოთმინება* *შეძრწუნვის საუკეთესო შთანთქმელია.* *მოთმინება* *სიმშვიდის უმაღლესი აღმომჩენია.* *მოთმინება* *სრულყოფილების უდიდესი თაყვანისმცემელია.*მოთმინება არაა რაღაც პასიური. პირიქით, მოთმინება დინამიურია; ის ყოველთვის წინ მიიწევს, მიზნისკენ. მოთმინება მტკიცედ იზრდება, და მას ყოველთვის თან ახლავს სიმშვიდე.
მოთმინება ისაა, რაც ახანგრძლივებს დროს. დედამიწაზე ჩვენი დრო ძალიან შეზღუდულია. მოთმინება ისეთ რამედ უნდა მივიჩნიოთ, რაც აფართოებს დროის საზღვრებს. როდესაც გრძელ დისტანციას გავრბივართ, მიზანი შორი გვეჩვენება, ჩვენ იმ წუთშივე გვსურს მისი მიღწევა. თუ მიზნის მიღწევისთვის დროის ლიმიტს არ ვაწესებთ, მაშინ მოთმინების სინათლეს შეუძლია იმუშაოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.
თუ გრძნობთ, რომ მუდმივად დროს ებრძვით, შეცდომას ჩადიხართ. ნაცვლად ამისა, იგრძენით, რომ ყოველ მომენტს მიყავხართ თქვენი დანიშნულებისკენ და ეს წინსვლა თავისთავად უკვე მიზნის ნაწილია. დროსთან ბრძოლის ნაცვლად, ჩვენ ძალიან უნდა ვეცადოთ ყოველი წამიდან სულიერი სარგებლის მიღება.
გზა მიზნისკენ შეიძლება გრძელი იყოს. ზოგჯერ მოგეჩვენებათ, რომ დაუსრულებელ გზას ადგახართ უნაყოფო უდაბნოში, და მიზანი კვლავ მიუღწეველია. მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ უბრალოდ იმიტომ, რომ მანძილი შორი გეჩვენებათ. თქვენ ღვთაებრივი ჯარისკაცი უნდა იყოთ და მამაცურად და დაუღალავად მიიწევდეთ წინ. მოთმინება ჩვენში ფარული ღვთის ძალაა, რომელიც გვაძლებინებს უამრავ ცხოვრების ქარიშხალში.
იმისთვის რომ განვავითაროთ მოთმინება, ჩვენ უნდა ვიგრძნოთ, რომ მიზანს ჩვენც ისევე ვუნდივართ და ვჭირდებით, როგორც ჩვენ გვსურს და გვჭირდება ის. მიზანი მზადაა მიგვიღოს და მოგვცეს ყველაფერი, რაც მას აქვს, მაგრამ ის ამას გააკეთებს ისე, როგორც თავად სურს, ღვთისგან არჩეულ დროს.
თუ შეძლებთ სიხარულის შენარჩუნებას თქვენს გონებაში, გულში, სუნთქვაში, ყველა თქვენს ქმედებაში, მაშინ თქვენ განივითარებთ მოთმინებას. თქვენ უნდა უთხრათ საკუთარ თავს: „რა ძნელიც არ უნდა იყოს გზა, ოღონდ ბოლომდე მივაღწიო და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ექნება!“ თქვენი ოცნება სიხარულზე მოთმინებას მოგანიჭებთ და გადაგარჩენთ.