ენთუზიაზმი
ცხოვრებაში ყოველთვის კარგია გვქონდეს ენთუზიაზმი. მის გარეშე წინსვლა არ არის, მაგრამ თუ ზედმეტად მოწადინებულნი ვართ, ჩვენ შევეცდებით მივიღოთ ის, რისთვისაც მზად არ ვართ. თუ ჩვენ ღვთის რეალიზაციას თავად ვუნიშნავთ დროს, მაშინ იმედგაცრუებისთვის ვიქნებით განწირულნი. თუ გულწრფელები ვართ, ღმერთი აუცილებლად მოგვცემს რეალიზაციას მის მიერ არჩეულ დროს.თუ რომელიმე დღეს თქვენ არც ენთუზიაზმს და არც შთაგონებას გრძნობთ, შეეცადეთ გაიხსენოთ სიხარულით აღსავსე გამოცდილება წარსულიდან. სიხარული, რომელმაც მოგიცვათ წინა მიღწევების გამო, დაგეხმარებათ. ძალიან მალე თქვენ არა მხოლოდ მიაღწევთ, არამედ გასცდებით თქვენს წინა სიმაღლეებს. თქვენ არ ატყუებთ საკუთარ თავს, თქვენ, უბრალოდ, ბედნიერება შემოგაქვთ თქვენს სისტემაში, ეს ბედნიერება კი მტკიცე რწმენაა. შეეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენი პრობლემა პატარა დაბრკოლებაა, რომელსაც მალე გადალახავთ.
ენთუზიაზმის შენარჩუნების ერთი გზაა - არ იფიქროთ საკუთარ თავზე, რომ თქვენ ოცდახუთი , ოცდაათი, ორმოცი ან ორმოცდაათი წლის ხართ. იფიქრეთ საკუთარ თავზე, როგორც ექვსი ან შვიდი წლის ბავშვზე. ბავშვი არ ზის ერთ ადგილზე; ის აქეთ-იქით დარბის. გააიგივეთ საკუთარი თავი მისი ენთუზიაზმის წყაროსთან.
თქვენი გარეგანი ღიმილი დაგეხმარებათ ენთუზიაზმის შენარჩუნებაში. როდესაც იღიმით, თქვენ განაიარაღებთ ნეგატიურ აზრებს და გრძნობებს. თუ მტერთან ბრძოლისას გაიღიმებთ, რასაკვირველია, თქვენი მტერი დაკარგავს თავისი ძალის ნაწილს. ასე რომ, იხმარეთ ეს ფანდი მტერზე. ეს შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სწორი სვლაა. უბრალოდ, იფიქრეთ ნეგატიურ სამყაროზე, როგორც მტერზე, რომლის დასუსტება ღიმილით შეიძლება.
თქვენ ასევე ნათლად უნდა ხედავდეთ თქვენს მიზანს. თუ აფასებთ მიზანს, ის თავად მოგანიჭებთ ენთუზიაზმს და სიმხნევეს. თუ მიზანი ღირებულია, ის შინაგანად დაგეხმარებათ.
მედიტაციას, როგორც სხვა დანარჩენს, ჭირდება ენთუზიაზმი. თუ ენთუზიაზმი არ გყოფნით, ყოველდღე ეცადეთ გულწრფელად და ზეშთაგონებულად იგრძნოთ, რომ დღეს ბოლო შანსი მოგეცათ უზენაესის შესაცნობად მედიტაციის მეშვეობით. საღამოს, როდესაც აღმოჩნდება, რომ ღმერთი ვერ შეგიცნიათ, ანუგეშეთ საკუთარი თავი. იფიქრეთ, რომ ხვალინდელი დილა მოგცემთ ახალ შანსს. მაგრამ როდესაც ხვალინდელი დილა გათენდება, ხელახლა იფიქრეთ: „დღეს ჩემი ბოლო შანსია. დღეს მე უნდა შევიცნო ღმერთი, რადგანაც სხვა შანსი არ მომეცემა“. მაშინ თქვენ შეეცდებით საუკეთესოდ იმედიტიროთ. და თუ წარუმატებლობა კვლავაც გაგრძელდება, დეპრესიაში არ ჩავარდებით, რადგანაც გეცოდინებათ, რომ გულწრფელად ცდილობდით.
*თქვენი მარცხი ამ ცხოვრების ბრძოლის ველზე* *მალე დასრულდება,* *რადგანაც თქვენი გონება გულგრილი ვერ დარჩება* *თქვენი გულის სპონტანური ენთუზიაზმის მიმართ.*