მოქმედების მნიშვნელობა
თუ გგონიათ, რომ გარეგან ცხოვრებას უნდა დაემშვიდობოთ, რათა მიაღწიოთ სიმშვიდეს, შემცდარხართ. ცხოვრებაზე უარის თქმით კმაყოფილებას ვერასოდეს ვპოვებთ. ჩვენ ვვითარდებით და ვაღწევთ მიზანს მოქმედებაში. ქმედებაში, შექმნაში და გამოვლენაში ჩვენ ვპოვებთ კმაყოფილებას.შეხედეთ მდინარეს. ის მუდმივად მიედინება ზღვისკენ, თან ყველანაირი ნაგავი მოაქვს - ტალახი, ქვები, ფოთლები, ქვიშა - რომელთაც გზადაგზა აგროვებს მიზნისკენ სვლისას. უნდა ვიფიქროთ საკუთარ ცხოვრებაზე, როგორც მდინარეზე, რომელიც მიედინება აღსრულების ზღვისკენ. თუ მოქმედების შიში გვაქვს იმის გამო, რომ არ გვსურს გარე სამყაროს არასრულყოფილებაში ჩაბმა, ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ მიზანს.
ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. თუ ჩვენ ცხოვრებაზე უარს ვიტყვით, მაშინ შეგნებულად ვეუბნებით ღმერთს, რომ არ გვსურს მონაწილეები ვიყოთ მისი კოსმიური თამაშისა. მაგრამ, თუ ველოდებით გარკვეულ შედეგს ჩვენი მოქმედებისგან, სიმშვიდე ვერასოდეს შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ იმედგაცრუებულნი ვიქნებით, როცა შედეგი არ დაემთხვევა მოლოდინს. ჩვენ ვიგრძნობთ, რომ დავმარცხდით. როდესაც ასე ხდება, ბუნებრივია, სიმშვიდე ვერ იქნება.
ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ მოქმედება თავისთავად კურთხევაა, მაგრამ მოქმედების შედეგი უნდა მივიღოთ როგორც გამოცდილება. ჩვენი შეზღუდული გაგებით, შედეგს ვხედავთ ან როგორც მარცხს, ან როგორც წარმატებას. მაგრამ ღვთის თვალში მარცხი და წარმატება - ორივე უბრალოდ გამოცდილებას წარმოადგენს, რომელიც გვეხმარება ჩვენი ცნობიერების განვითარებაში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა ვუყურებდეთ ჩვენი მოქმედების შედეგს როგორც გამოცდილებას, რომელიც ჩვენ ღმერთმა მოგვცა. დღეს შეიძლება მან მოგვცეს მარცხის გამოცდილება, ხვალ კი - სხვა, რომელიც გარეგანად დაგვაკმაყოფილებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა შედეგს ვღებულობთ ჩვენი მოქმედებისგან ჩვენ უნდა ვიყოთ კმაყოფილები.
*უსწრაფესი წინსვლისთვის* *იყავ უმხნევესი გმირი-მეომარი* *და მიიღე გამარჯვებაც და მარცხიც,* *როგორც აღტაცების ზღვისკენ* *პარალელურად მიმავალი მდინარენი-გამოცდილებანი.*