მარჯვენა და მარცხენა ხელი
რადესაც სხვებთან ერთიანობას აფუძნებთ, იმწამსვე აფართოებთ თქვენს ცნობიერებას. თუ ვინმეს რამე კარგად გამოუვიდა, უნდა იგრძნოთ, რომ ეს თქვენ გააკეთეთ. სხვებიც იგივეს უნდა გრძნობდნენ, როდესაც თქვენ აკეთებთ რაღაც მნიშვნელოვანს. როდესაც ნებისმიერი ადამიანი თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს, ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ჩვენმა შეგნებულმა შთაგონებამ და მისწრაფებამ ხელი შეუწყო მის წარმატებას. თუ ყოველთვის გვექნება შეთანხმებული მუშაობის პოზიცია, მაშინ ჩვენ შევძლებთ ეგოს დამარცხებას.ეგო განცალკევებულობიდან მოდის. საიდან გვექნება ეგო, როდესაც ჭეშმარიტ შინაგან ერთობას ვგრძნობთ? სადღაა „მე“-ს ცნობიერება თუ, როდესაც რამეს ვაკეთებ, თქვენ შეგიძლიათ თქვენად ჩათვალოთ? სადღაა „შენ“-ის ცნობიერება, თუ, როდესაც თქვენ რამეს აკეთებთ, მე შემიძლია ჩემად ჩავთვალო? ის წავიდა - გაქრა ერთიანობის ზიარ გრძნობაში. როდესაც თავს ვაიგივებთ სხვა ადამიანებთან, ამ დროს ჩვენს ერთიანობას ვგრძნობთ მათთან და მეტოქეობის სული ქრება ჩვენი ცხოვრებიდან. ასეთ პირობებში შეუძლებელია არსებობდეს ეგო.
შეჯიბრების დროს, მაყურებლებმა შეიძლება იხილონ, თუ როგორ ათლეტი ძალიან შორს სტყორცნის ბირთვს მარჯვენა ხელით. ყველა ხედავს, რომ ის ბირთვს მარჯვენა ხელით სტყორცნის, მაგრამ არავინ იტყვის, რომ მან მხოლოდ მარჯვენა ხელი გამოიყენა, მარცხენა კი - არა. მარცხენა ხელს არ უსტყორცნია ბირთვი. მაგრამ თუ იგი ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, ვერ მოხერხდებოდა სხეულის კოორდინაცია. მარჯვენა ხელით ბირთვის ტყორცნოსას, აუცილებელია მარცხენა ხელის კონტრმოძრაობა და ფეხების ბალანსი.
ნეკა თითი ჩემი სხეულის ნაწილია, მაგრამ მე უფრო მეტს ვფიქრობ ჩემ სხეულზე, ვიდრე ნეკა თითზე. როდესაც სხეულზე ვფიქრობ, ნეკა თითი ავტომატურად იღებს საჭირო რაოდენობის ზრუნვას უბრალოდ იმიტომ, რომ ის ერთია მთელ სხეულთან. ის არ განაცალკევებს თავის არსებობას და ცნობიერებას დანარჩენ სხეულისგან. თუ თითი გაგეჭრებათ, მთელი სხეული დაიტანჯება ტკივილისგან. როდესაც სხეულს კვებავენ, ნეკა თითი ასევე იკვებება და ძლიერდება. ის ცალკე ვერ იარსებეს. სხეული ავტომატურად ზრუნავს ნეკა თითზე, რადგანაც ისინი განუყოფელნი არიან.
ასევე, ადამიანური ცნობიერება უნივერსალური ცნობიერების ნაწილია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს უნივერსალური ცნობიერება, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ: ვჭამდეთ, ვმღეროდეთ, თუ ოფისში ვმუშაობდეთ. როდესაც უნივერსალურ ცნობიერებაზე ვიფიქრებთ, როგორც მთელს სხეულზე და ჩვენს ინდივიდუალურ ცნობიერებაზე, როგორც ნეკა თითზე, ჩვენ ადვილად შევძლებთ საკუთარი თავის გაიგივებას უნივერსალურ ცნობიერებასთან. უნივერსალურ ცნობიერებაში ყველაფერი მუდმივად ფართოვდება და უფრო დიდ, განხორციელების მომტან სინათლედ იქცევა.
*მე ყველასთან ვითამაშებ* *იმ დღეს, როდესაც შენთან ვითამაშებ.* *მე განვზავდები ყოველ გულში,* *იმ დღეს, როდესაც შენში განვზავდები.*