ადამიანური სიამაყე და ღვთაებრივი სიამაყე
სიამაყე შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა ფორმით. ვიღაცამ თავი გამოიჩინა სკოლაში და ამით ამაყობს. ვიღაც პირველი გახდა სპორტში და თავისი მიღწევით ამაყობს. ვიღაცამ შესანიშნავად გააკეთა რამე და, რასაკვირველია, ამით ამაყობს. ადამიანურ სიამაყეში ყოველთვის ეგოა დავანებული. მე ვამაყობ იმიტომ, რომ *მე* რაღაც გავაკეთე, იმიტომ, რომ *ჩემმა* მეგობარმა ან *ჩემმა* ძმამ გააკეთა რაღაც. ეს ყოველთვის *ჩემია, ჩემია.*მაგრამ არსებობს ისეთი რამ, რასაც ღვთაებრივ სიამაყეს უწოდებენ. ის ჩნდება მხოლოდ ჩვენი ღმერთთან ერთიანობის შედეგად. თავისმა უმაღლესმა ცნობიერებამ ათქმევინა ქრისტეს: „მე და მამა ერთი ვართ.“ როგორ შეეძლო ამის თქმა? ეს ღვთაებრივი წარმონათქვამი ემყარებოდა ქრისტეს შინაგან რეალიზაციას, მის განუყოფელ ერთობას ღმერთთან, მარად მამასთან. ადამიანების უმრავლესობისთვის, ღმერთი უბრალოდ ბუნდოვანი იდეაა. ისინი ფიქრობენ, რომ ღმერთი შორს ლაჟვარდოვან ცაშია ან კიდევ სადღაც, სადაც თვითონ არ არიან. მაგრამ ქრისტესთვის ღმერთი ცოცხალი რეალობა იყო.
უნდა ვიცოდეთ, რა სახის სიამაყესთან გვაქვს საქმე: სიამაყესთან, რომელიც ბორკილებს გვადებს თუ სიამაყესთან, რომელიც გვათავისუფლებს. ადამიანური სიამაყე გვეუბნება: „რეალობა ჩემით იწყება და ჩემით მთავრდება.“ ღვთაებრივი სიამაყე გვეუბნება: „ღმერთი ჩემია. ყოვლისშემძლეობა, უსასრულობა ჩემია. როგორ უნდა მივეჯაჭვო რაღაც შეზღუდულს და შემზღუდველს?“ ღვთაებრივი სიამაყე არ გვადებს ბორკილებს; ის გვათავისუფლებს. ის ჩვენი განუყოფელი ერთიანობის გრძნობაა უსასრულო სივრცესთან. როდესაც ჩვენი ადამიანური სიამაყე გამოდის წინა პლანზე, ჩვენ უნდა შევახსენოთ საკუთარ თავს: „მე ღვთის რჩეული შვილი ვარ. რატომ უნდა ვიქცეოდე ასე? როგორ უნდა ვიყო ასეთი უნამუსო, ასეთი ეგოისტი, ასეთი უღმერთო? ეს მე არ მეკადრება.“ ღვთაებრივი სიამაყე მშვენიერია; ის ყოველთვის დაგვეხმარება.