ვიჭერთ ქურდს-ეგოს
როგორ შეგვიძლია დავიხსნათ თავი ეგოსგან? წარმოიდგინეთ, რომ ეგო თქვენში შემოპარული ქურდია. როდესაც ქურდს ხედავთ, რას აკეთებთ? თქვენ გამოეკიდებით მას. თუ ეგოს დევნას დაიწყებთ, ერთხელაც იქნება, შეძლებთ მის დაჭერას. შესაძლოა ეს უცებ არ გამოვიდეს, მაგრამ, თუ იცით, რომ რაღაცა მოპარულია და თქვენ ნახეთ ქურდი, ბოროტმოქმედის ძებნას გააგრძელებთ. ერთხელაც ძებნა წარმატებით დასრულდება. როცა ეგოს დაიჭერთ, რა მოხდება? თქვენ დაუყოვნებლივ შეძლებთ მის საზღვრებს გასცდეთ. ეგოს გასუფთავებაში და გარდაქმნაშია ადამიანის ცნობიერი ევოლუცია და ჭეშმარიტი კმაყოფილება.აი, ეგოს დამარცხების კიდევ ერთი გზა. ვთქვათ, თქვენ კარგი მომღერალი ხართ და ძალიან ამაყობთ თქვენი ხმით. კითხეთ საკუთარ თავს, ნამდვილად თუ ხართ საუკეთესო მომღერალი დედამიწაზე. პასუხი იქნება „არა“, რადგანაც უამრავი ადამიანი თქვენზე ბევრად უკეთესად მღერის. თუ გისწავლიათ და უდიდესი მეცნიერი გახდით, თქვენ შეიძლება იგრძნოთ, რომ ყველა საფუძველი გაქვთ, რათა საკუთარი თავით იამაყოთ. მაგრამ თუ გულწრფელად კითხავთ საკუთარ თავს, თუ ხართ უდიდესი მეცნიერი დედამიწაზე, თქვენი სწრაფი პასუხი იქნება „არა“. არიან ადამიანები, რომელთა ცოდნა და სიბრძნე ბევრად აღემატება თქვენსას. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ, მაშინ უბრალოდ გულწრფელად კითხეთ საკუთარ თავს, თუ ხართ ყველაზე მშვენიერი ადამიანი ღვთის ქმნილებაში. და ისევ პასუხად „არა“ იქნება. არა აქვს მნიშვნელობა, რით ამაყობთ, კითხეთ საკუთარ თავს, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენ გჯობნით. თქვენ აღმოაჩენთ, რომ უამრავი, უამრავი ადამიანი ბევრად გჯობნით ცხოვრების ნებისმიერ ასპექტში. როგორც კი გააცნობიერებთ ამ ფაქტს, რანაირად შეინარჩუნებთ თქვენს სიამაყეს?
თუ გსურთ სამუდამოდ დაიხსნათ თავი პატივმოყვარეობისგან, ეგოსგან, ამპარტავნებისგან, ღრმად ჩაყვინთეთ სულიერების ზღვაში. აქ თქვენ შეძლებთ თქვენი ჭეშმარიტი არსის აღმოჩენას. ეგო, ყველა თავისი შეზღუდულობებით, ვერ ისუნთქებს თქვენს თვითაღმოჩენაში. როდესაც სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება გადმოდის ზემოდან, პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და ეგო უჩინარდება.