ყვავილის-სისპეტაკის სურნელება
გარკვეულწილად, შინაგანი სისპეტაკე დამოკიდებულია გარეგან სისუფთავეზე. თუ თქვენ შხაპს იღებთ და სუფთა ტანსაცმელს ატარებთ, თუ თქვენ ყველანაირად ინახავთ თქვენს სხეულს სისუფთავეში, მაშინ ეს გაზრდის თქვენს შინაგან სიწმინდეს. ნამდვილი შინაგანი სისპეტაკე იმაში მდგომარეობს, რომ მუდმივად გვახსოვდეს უზენაესი, ჩვენი მარადი მესაჭე. ეს ცოცხალი საკურთხევლის შეგრძნებაა ჩვენი გულის ფარულ სიღრმეში. და ეს გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე შხაპის მიღება და სხეულის სისუფთავის შენარჩუნება. მაგრამ თუ ინარჩუნებთ სისუფთავეს გარეგან ცხოვრებაშიც, ეს გარკვეულწილად ხელს შეუწყობს თქვენი შინაგანი შეცნობის გაფართოებას, დაგეხმარებათ იმაში, რომ ყოველთვის გახსოვდეთ მარადიული მესაჭე.თუ მოვუხმობთ სისუფთავეს, მაშინ ჩვენ აუცილებლად გამოვიტანთ წინა პლანზე საკუთარ შინაგან ღვთაებრიობას. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ღმერთი თქვენშია, სისუფთავე თქვენშია; უბრალოდ, უნდა გამოავლინოთ ეს. როგორ? წარმოიდგინეთ, რომ ყველა საგანი თქვენში, რომელთაც ირგვლივ ხედავთ, სუფთაა.
თქვენ შეგიძლიათ გაასპეტაკოთ თქვენი არსება იმ შეგრძნებით, რომ ღრმად თქვენში მშვენიერი ვარდია ან ლოტოსი, ან სხვა ნებისმიერი ყვავილი, რომელიც გიყვართ. ყვავილი თავისთავად სისპეტაკეა. ეცადეთ, გააიგივოთ საკუთარი თავი ყვავილის ცნობიერებასთან ან ყვავილის სისუფთავესთან. დღეს ეს წარმოსახვაა, მაგრამ თუ გააგრძელებთ წარმოსახვას ხუთი-ათი დღის ან ერთი-ორი თვის განმავლობაში, მაშინ აუცილებლად დაინახავთ და იგრძნობთ ყვავილს თქვენში. თავიდან, შესაძლოა, თქვენ მხოლოდ იგრძნოთ იგი, მერე კი აუცილებლად დაინახავთ ყვავილს, და მაშინ ყვავილის სურნელება და სისპეტაკე თავისით შემოვა თქვენში.
დილით ადრე შეხედეთ ყვავილს და შეისუნთქეთ მისი სურნელი. მერე პირდაპირ დილის მზეს შეხედეთ, ადრე ამომავალ მზეს. რა მშვენიერია ის! საღამოს მთვარეს შეხედეთ. ხედავთ მასში რაიმე უწმინდურს? შეხედეთ სანთლის ალს, და თქვენ დაინახავთ, რომ ის მთლიანად სისუფთავეა; წარმოიდგინეთ, რომ ის წვავს მთელ თქვენს უსუფთაობას. უყურეთ იმას, რაც თქვენში სისუფთავის შეგრძნებას იწვევს, ეს თქვენი ბუნების გასუფთავებაში დაგეხმარებათ.
ასევე თქვენ შეგიძლიათ სცადოთ, შეგნებულად შეისუნთქოთ სისუფთავე მედიტაცის დროს. თავიდან, შესაძლოა, წარმოსახვის გამოყენება დაგჭირდეთ, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ თქვენ დაინახავთ და იგრძნობთ, რომ ეს საერთოდ არ არის წარმოსახვა. როდესაც სისუფთავე შემოდის, ის ნაკადივითაა, რომელიც ამოდის ფეხის ტერფებიდან თხემამდე და ასუფთავებს ყველაფერს თქვენში.
*ის, რაც ყოველთვის გაქვთ,-* *ალის შადრევანია.* *ის, რაც ყოველთვის ხართ,-* *სისპეტაკის ყვავილია.*