გარდაქმნა
გარდაქმნა სახლივითაა, რომელიც ოჯახის კერად მხოლოდ მაშინ იქცევა, როცა მასში სიმშვიდე, სიხარული, ჰარმონია და სიყვარული სუფევს. მანამდე სახლი აგურების, ქვიშის, ხის და სხვა მასალის გროვაა; მაგრამ ეს ყველაფერი უსარგებლო და უაზროა მანამ, სანამ სახლში არ არის სიმშვიდე, სიყვარული, სიხარული და ერთობა. როდესაც ეს თვისებები საგრძნობლად ვლინდება, მაშინ სახლი კერად გარდაიქმნება.ადამიანური ცხოვრება სრულიად უაზროა, თუ მასში სიყვარული არ არის. ეს სიცოცხლე ღვთის ქმნილებაა, მაგრამ ეს ქმნილება უსარგებლოა, სანამ მასში სიყვარული არ არის. მხოლოდ მაშინ იძენს სიცოცხლე აზრს და ნაყოფიერი ხდება, როდესაც სიყვარული ავსებს სიცოცხლეს. სახლის გარდაქმნა კერად - აი ის, რაც გვჭირდება. სიყვარულით ცხოვრების გარდაქმნა - აი ის, რაც გვჭირდება.
ადამიანის გონებას ჩვენ უმაღლეს მიღწევად მივიჩნევთ დედამიწაზე. მაგრამ ეს გონება უსარგებლოა მანამ, სანამ სიფართოვე მისი მეორე სახლი არ გახდება. სანამ გონება სიფართოვით არ არის გარდაქმნილი, ის უსარგებლოა. ჩვეულებრივი ადამიანის გონება ყოველთვის თავისი უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობს. ის სხვის შეცდომებს ეძებს და ეჭვიანობს სხვებზე. ის მხოლოდ მაშინ იღებს სიამოვნებას, როდესაც თავის ინდივიდუალურობას ავლენს. ვის ჭირდება ასეთი გონება? მაგრამ, როდესაც სიფართოვე შემოდის გონებაში, მაშინ გონება გასხივოსნებულია და მისი დანიშნულება ასრულებულია.
ჩვენ არ გვჭირდება ეს ქმნილება როგორც ასეთი, რადგან ის უმწეოა, უიმედოა და უსარგებლოა. მაგრამ როდესაც ამ ქმნილების შიგნით ღვთის სინათლეს ვხედავთ, მაშინ რასაც ვხედავთ, უმწეობა კი არა, დახმარების გაწევის უნარია, უიმედობა კი არა, იმედია, უსარგებლობა კი არა, სარგებელია. რასაც ვხედავთ, უბრალო დაპირება კი არ არის, არამედ უნაკლო სრული გარანტიაა ამ დაპირების შესრულებისა. ქმნილება მხოლოდ მაშინ იძენს აზრს და ნაყოფიერი ხდება, როდესაც შემოქმედის სინათლე გარდაქმნის ქმნილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწიერი ქმნილება უსარგებლოა.
მისწრაფების ცხოვრება, თავდადების ცხოვრება, ლოცვის, კონცენტრაციის და მედიტაციის ცხოვრება შორს ვერ წაგვიყვანენ მანამ, სანამ არ გვაგრძნობინებენ, რომ ჩვენ მოვედით ამ სამყაროში მხოლოდ ღმერთის გასახარებლად და ღმერთის მსახურებისთვის ისე, როგორც მას სურს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შეიძლება მისწრაფება გვქონდეს, ჩვენ შეიძლება თავდადება გვქონდეს, ჩვენ შეიძლება ლოცვის ძალა, კონცენტრაციის ძალა და მედიტაციის ძალა გვქონდეს; და ეს ყველაფერი აუცილებლად მიგვიყვანს მიზნამდე. მაგრამ ეს შეიძლება არ იყოს ის მიზანი, რომელიც ღმერთმა ჩვენთვის დასახა.
ყოველ ლოცვაში, ყოველ კონცენტრაციაში და ყოველ მედიტაციაში უნდა გვახსოვდეს ღვთისადმი მიცემული დაპირება, რომ ამ სამყაროში მის გასახარებლად მოვედით ისე, როგორც მას სურს. თუ ყოველი ლოცვისას, თუ ყოველი მედიტაციისას, თუ ნებისმიერი საქმის კეთებისას არ არის ხსენება ღვთისადმი მიცემული დაპირებისა, და თუ არ გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, რომ შევძლებთ ამ დაპირების შესრულებას, მაშინ ეს უსარგებლოა. რამდენ ხანსაც არ უნდა ვლოცულობდეთ, რამდენ ხანსაც კონცენტრაციას არ უნდა ვახდენდეთ, რამდენ ხანსაც არ უნდა ვმედიტირებდეთ, ყველაფერი, საბოლოოდ, დასრულდება მწარე იმედგაცრუებით. ჩვენი ლოცვისგან, ჩვენი კონცენტრაციისგან, ჩვენი მედიტაციისგან შედეგებს აუცილებლად მივიღებთ, მაგრამ ეს შედეგები ჩვენი დაკმაყოფილებისგან შორს იქნებიან.
ჩვენ დავისახეთ მიზანი ჩვენი შინაგანი აღქმის შესაბამისად, და ამ მიზნის მიღწევა შეგვიძლია. მაგრამ, სანამ შემოქმედის სინათლე არ გაასხივოსნებს და არ გარდაქმნის ჩვენს შინაგან სახეს, ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით, ჩვენ იმედგაცრუებულნი დავრჩებით. ყოველ წამს, როდესაც ვლოცულობთ, როდესაც კონცენტრაციას ვახდენთ, როდესაც ვმედიტირებთ, თუ გვექნება თვალწინ ჩვენი ზეშთაგონებული დაპირება ჩვენი საყვარელი უზენაესისადმი - რომ ჩვენ მოვედით ამ ქვეყნად იმისთვის, რომ გავახაროთ იგი, ისე როგორც მას თავად სურს - და თუ შევძლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის შენარჩუნებას, მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ დაპირების შესრულებას. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ლოცვას, კონცენტრაციას და მედიტაციას ჭეშმარიტი ღირებულება, ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ჭეშმარიტი აღსრულება.
სიყვარულმა ცხოვრება უნდა გარდაქმნას. სიფართოვემ გონება უნდა გარდაქმნას. სინათლემ ქმნილება უნდა გარდაქმნას. შინაგანმა რწმენამ და ღვთისადმი მიცემული დაპირების ხსოვნამ ჩვენი ზედაპირული ლოცვა და მედიტაცია უნდა გარდაქმნას. მხოლოდ მაშინ გაჩნდება კმაყოფილება, ნამდვილი კმაყოფილება, მარადიული კმაყოფილება.