განსაკუთრებული გზავნილები
ჩვენს საყვარელ უზენაესს შენთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ის შენ და შენს გონებას სიმშვიდეს აჩუქებს. დღეს შენ გონების სიმშვიდე მოგეცემა.ჩვენს საყვარელ უზენაესს მისთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ჩვენი საყვარელი უზენაესი მას და მის გულს სიყვარულს აჩუქებს. მისი გული სიყვარულით აივსება.
ჩვენს საყვარელ უზენაესს ჩემთვის განსაკუთრებული გზავნილი აქვს. დღეს ის მე და ჩემს ცხოვრებას რწმენის უწყვეტ ნაკადს გვაჩუქებს, რწმენისა, რომ მე მისგან და მისთვის ვარ.
თუ გაქვს შენ რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის? თუ აქვს მას რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის? თუ მაქვს მე რაიმე განსაკუთრებული გზავნილი ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის?
შენი მდუმარება მეუბნება, რომ შენ არ გაქვს არანაირი განსაკუთრებული გზავნილი უზენაესისთვის, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შენ ნამდვილად გაქვს განსაკუთრებული გზავნილი. „შენ“ ნიშნავს შენს სულს; ახლა შენი სული ჩემი მეშვეობით საუბრობს. გზავნილი, რომელიც შენს სულს, რეალურს შენში, უზენაესისთვის აქვს, ასეთია: ამიერიდან შენ გაცურავ მისი ნავით სიხარულით და უპირობოდ.
მისი დუმილი მიმანიშნებს, რომ დღეს მას არანაირი განსაკუთრებული გზავნილი არა აქვს უზენაესისთვის, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ მას ნამდვილად აქვს განსაკუთრებული გზავნილი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამას ვერ აცნობიერებს. მის სულს, რეალურს მასში, აქვს განსაკუთრებული გზავნილი უზენაესისთვის, და მე გადავცემ ამ შეტყობინებას მის გარეგან გონებას. განსაკუთრებული გზავნილი, რომელიც მის სულს უზენაესისთვის აქვს, ასეთია: ამიერიდან ის შეგნებულად, ზეშთაგონებულად და უპირობოდ უზენაესის სუფთა და საიმედო ინსტრუმენტი გახდება. ეს მისი დაპირებაა ჩვენი საყვარელი უზენაესისთვის.
მე, ასევე, განსაკუთრებული გზავნილი მაქვს უზენაესისთვის. მე ბოლომდე ვაცნობიერებ ჩემ საკუთარ განსაკუთრებულ გზავნილს და ის ასეთია: მე მინდა ვიცხოვრო მხოლოდ მისთვის. თუ სიკვდილი აუცილებელია, მე მინდა მოვკვდე მხოლოდ მისთვის. მაგრამ ჩემი გულის ფარულ სიღრმეებში ვიცი, რომ ჩემი უფალი სიცოცხლეა უსასრულობისა, სიცოცხლეა მარადისობისა და სიცოცხლეა უკვდავებისა. თუ მე მას აღვასრულებ ისე, როგორც მას სურს, მაშინ მე უსასრულო, მარადიულ, უკვდავ სიცოცხლეში შევალ. მაშინ ჩემთვის სიკვდილი შეუძლებელია. ეს ის განსაკუთრებული გზავნილია, რომელიც მინდა შევთავაზო ჩემ საყვარელ უზენაესს: მე მხოლოდ მისთვის ვცხოვრობ და მხოლოდ მისთვის მოვკვდები.
ყოველი განსაკუთრებული გზავნილი ახალი განთიადის, ახალი გამოცხადების, ახალი ასრულების მაუწყებელია. ყოველი განსაკუთრებული გზავნილი სხვა არა არის რა, თუ არა ზეშთაგონებული და ნაყოფიერი გზავნილი. ყოველი გზავნილი იწყებს სამყაროს უვიცობისგან თვითგანკურნების ახალ სიცოცხლეს. ყოველი გზავნილი თვითაღმოჩენაა გაცნობიერების სამყაროში. ყოველი გზავნილი თვითშეთავაზების პროცესია, რომელიც საბოლოოდ გადალახავს ჩვენს უმაღლეს წარმოსახვას. ყოველი გზავნილი ჩვენი ღვთის ხატებად გარდაქმნაა.
ჩვენ კმაყოფილნი ვართ ღმერთით, როდესაც ღმერთი განსაკუთრებულ გზავნილებს გვთავაზობს. რაც ღმერთს შეეხება, ის ჩვენით არა მხოლოდ კმაყოფილია, როდესაც ჩვენ მას განსაკუთრებულ გზავნილს ვთავაზობთ, არამედ ის ჩვენით ამაყობს, რადგანაც გრძნობს, რომ თქვენი გზავნილი არა მხოლოდ გზავნილია, არამედ - დაპირებაცაა. ის არა მხოლოდ დაპირებაა, არამედ ახალი განთიადის მაუწყებელია. ის არა მხოლოდ ახალი განთიადის მაუწყებელია, არამედ, ასევე ყოვლის აღმსრულებელი კმაყოფილებაა.