ჩემი ღვთაებრივი პილიგრიმობა
ჩემო ძვირფასო უფალო, ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო ყველაზე ძვირფასო და საყვარელო, შენ ჩემი უბრალოება მომეცი. შენ ჩემი გულწრფელობა მომეცი. შენ ჩემი უშფოთველობა მომეცი. შენ ჩემი სისუფთავე მომეცი.უბრალოება მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება სხეულის ცნობიერების გზაზე. გულწრფელობა მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება ვიტალის დინამიზმის გზაზე. უშფოთველობა მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება მენტალური ხილვის გზაზე. სისუფთავე მომეცი, რათა შევძლო ჩემი სულიერი მოგზაურობის დაწყება გულის აღტაცების გზაზე.
ჩემო საყვარელო უზენაესო, შენ ასევე მითხარი, რომ ჩემი უბრალოება, გულწრფელობა, უშფოთველობა და სისუფთავე თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწევს მხოლოდ მაშინ, როცა ჩემი გულის მადლიერების ყვავილები ფურცელ-ფურცელ გაიშლებიან და სრულყოფილ სრულყოფილებად იქცევიან. ამისთვის მე მუდმივი თვითგაცემა მჭირდება - შეგნებული, ზეშთაგონებული და უპირობო თვითგაცემა.
იმისთვის, რომ მოვიპოვო შეგნებული, მუდმივი, ზეშთაგონებული და უპირობო თვითგაცემა, მე უნდა გიახლოვდებოდე არა უპოვარი მათხოვარივით, არამედ მოსიყვარულე მეგობარივით. თუ მათხოვარივით მოგიახლოვდები, შეიძლება მომცე ის, რაც მჭირდება ან რაც მსურს. მაგრამ ჩემი ჭურჭელი-ამთვისებლობა იმდენად მცირე აღმოჩნდება, შენ რომც მომცე, რაც მჭირდება, ეს საკმარისი არ იქნება; ის შორს იქნება ჩემი სულის კმაყოფილებისგან. თუკი იმას მომცემ, რაც მსურს, ეს შეიძლება მცდარი არჩევანი აღმოჩნდეს. მაშინ, რასაც მომცემ, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუების წყაროდ იქცევა და ვერასოდეს - კმაყოფილების წყაროდ.
ჩემო უფალო უზენაესო, თუ იმას მომცემ, რაც შენ გსურს, თუნდაც იოტისოდენა იყოს, ის არა მხოლოდ გაახარებს რეალურს ჩემში - სულს, არამედ უკვდავყოფს ადამიანურს ჩემში. ადამიანური ჩემში - ეს ჩემი ადამიანური იმედია, ჩემი მიწიერი იმედი. იმედი სანამ ნაყოფს გამოიღებს, არაფერია, გარდა ილუზიისა, შეცდომისა და გონებრივი ჰალუცინაციისა. მაგრამ შენ ამ იმედის უკვდავყოფაც შეგიძლია. როგორც კი ჩემი ოცნება უკვდავი გახდება, მე მას დავინახავ შენი საკუთარი რეალობის ტრანსცენდენტალური ხილვისა და შენი საკუთრი ხილვის უნივერსალური რეალობის ფორმით.