მე ღვთის დაპირებას ვენდობი
მე ღვთის დაპირებას ვენდობი, მე არ ვენდობი ჩემ საკუთარ გრძნობებს. ხშირად სიცარიელეს ვგრძნობ ჩემში. როდესაც სიცარიელის განცდა მეუფლება, ამ დროს თავს მარტოდ ვგრძნობ, უბედურად ვგრძნობ, თავს არა მხოლოდ უბედურად და უიმედოდ ვგრძნობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ პირდაპირ ნგრევისკენ მივდივარ.მე ღვთის დაპირებას ვენდობი; მე არ ვენდობი ჩემს თვითშეფასებას. როდესაც საკუთარ თავზე ვფიქრობ, მე იმედგაცრუებას ვხედავ შიგნით და გარეთ. შიში და შური, დურწმუნებლობა და ეჭვი, დაუმორჩილებლობა და ქედმაღლობა ჩემს თვალწინ თავიანთ არაღვთაებრივ თამაშს თამაშობენ. ამ თამაშის სახელწოდება უმადურობაა. თუ მივენდობი ჩემი ცხოვრების მათეულ შეფასებას, თუ მათ დავეყრდნობი, თუ მათ მივიღებ, როგორც ჩემი ნდობით აღჭურვილ პირებს, თუ მათ მივიღებ, როგორც ჩემი ოჯახის სრულფასოვან წევრებს, მაშინ ჩემგან ნანაგრევები დარჩება. ამიტომაც მე მხოლოდ ჩემი ღმერთის დაპირებას ვენდობი - მასწავლოს, როგორ გადავცურო უმეცრების ზღვა.
ჩემი უფლის დაპირება ნათელი, ცოცხალი, გამასხივოსნებელი და ამსრულებელია. მან მითხრა, რომ მიწერია გავხდე მისი სრულყოფილი ინსტრუმენტი. მან მითხრა, რომ მიწერია ვიცურაო სინათლის და აღტაცების ზღვაში, ბოლოს კი სხვებს, ჩემს უმცროსს ძმებს და დებს, ვასწავლო სინათლის და აღტაცების ზღვაში ცურვა.
მე არ ვენდობი ჩემს ფიზიკურ სიმაღლეს, ჩემს მატერიალურ ან მიწიერ სიმაღლეებს-მიღწევებს: ისინი მაცდუნებელია. მე ნათლად ვხედავ, რომ მაღალი ვარ, მაგრამ ვისთან შედარებით? მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვების წინაშე ვდგავარ. როცა ჩემს წინ გოლიათია, მე პაწაწინა მწერივით გამოვიყურები გოლიათის სიმაღლესთან შედარებით. ჩემი მიწიერი სიმაღლე ისეთია, რომ არ მაძლევს მუდმივ კმაყოფილებას. როდესაც ბავშვებთან ვარ, ჩემი სიმაღლე მაკმაყოფილებს, რადგან მე მათზე ბევრად მაღალი ვარ. მაგრამ როდესაც გოლიათებთან ვარ, ჩემი სიმაღლე უმნიშვნელოა.
მე შემიძლია ცამდე ავიყვანო საკუთარი თავი ჩემი გარე მიღწევების გამო და თავს ისე ვგრძნობდე, თითქოს რაიმე დიდებული და ამაღლებული მქონდეს გაკეთებული. მაგრამ, როდესაც ირგვლივ მიმოვიხედავ, ჩემს თვალწინ ვამჩნევ ადამიანს, რომელიც ბევრად მჯობნის ამავე სფეროში. ასე რომ, თუ ჩემს მიღწევებს ვენდობი, რათა ძალა, სიმშვიდე და დარწმუნებულობა მოვიპოვო, მე შეცდომაში შეყვანილი, მოტყუებული აღმოვჩნდები. მაგრამ თუ ჩემში ჩემი უფლის სიმაღლეზე ვფიქრობ, თუ ვცდილობ, დავინახო და ვიგრძნო ის, მაშინ ვხედავ, რომ ის ფლობს არა მხოლოდ უმაღლეს სიმაღლეს, არამედ საკუთარ თავის გადამლახავ სიმაღლესაც. ფიზიკურ პლანზე შემიძლია გარკვეული სიმაღლის მიღწევა და მერე ჩემი ზრდა ჩერდება. ფიზიკურ პლანზე, მატერიალურ პლანზე ყოველ მიღწევას ზღვარი აქვს. მაგრამ შიდა პლანზე ყველაფერი, რაც ღმერთს აქვს, ყველაფერი, რასაც წარმოადგენს, არა მხოლოდ განუზომელია, არამედ ასევე საკუთარი თავის მარად გადამლახავია. აქ, გარე სამყაროში, ჩემ სიმაღლეს ყოველთვის ზღვარი აქვს, მაგრამ იქ, შიდა სამყაროში, ჩემი უფლის სიმაღლე, ჩემი უფლის მიღწევები, ყოველთვის უსაზღვროა.
რას დამპირდა ჩემი უფალი? დამპირდა, რომ ყველაფერი, რაც მას აქვს, და ყველაფერი, რასაც წარმოადგენს, ჩემთვისაა განკუთვნილი; მისი შინაგანი სიმაღლე, მისი ჭეშმარიტი სიმაღლე, მისი ჭეშმარიტი მიღწევები - ეს ყველაფერი ჩემთვისაა. ასეთია მისი დაპირება. ასე რომ, მე ვენდობი მის დაპირებას, და არა ჩემს საკუთარ მცირე შესაძლებლობებს და მიღწევებს. ჩემი მცირე შესაძლებლობები არ მაკმაყოფილებს. თუნდაც რომელიმე მათგანი წამიერადაც რომ მაკმაყოფილებდეს, ამ შესაძლებლობაში მე ვხედავ უზარმაზარ სისუსტეს, რადგან ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ჩემზე უსასრულოდ უფრო მეტად დაჯილდოებული ამ ნიჭით.
საიმედოობა კმაყოფილებას ნიშნავს. როდესაც საკუთარ თავს ვენდობი, მე სრულ კმაყოფილებას ვერ ვგრძნობ. მაგრამ, როცა მე ჩემს უფალს უზენაესს ვენდობი, როცა მის დაპირებას ვენდობი, - ყველაფერი მარტივია. ის თავის მსგავსად მაქცევს; ის კიდევ ერთ ღმერთად მაქცევს, და უსასრულობა, მარადისობა და უკვდავება ჩემს სრულ განკარგულებაში იქნება. ჩემში ის თავისი საკუთარი რეალობის სრულყოფილ პროტოტიპს ხედავს. ის მპირდება, რომ მაქცევს კიდევ ერთ, ზუსტად ისეთივე რეალობად, როგორიც მისი საკუთარია, რათა მან შეძლოს თამაში, სიმღერა და ცეკვა მარადჟამ.
როდესაც ის მპირდება, მისი საკუთარი რეალობის ზუსტ ხატებად მაქციოს, ეს არ ნიშნავს განუყოფელი ერთობის უარყოფას. არა, განუყოფელი ერთობა არის, მაგრამ ერთი პროეცირებს საკუთარ თავს და ორი ხდება, რათა კოსმიური თამაშით დატკბეს. გარე პლანზე ადამიანის გონება განცალკევებას დაინახავს, მიუხედავად განუყოფელი ერთობისა შინაგან სამყაროში. მაგრამ გული იგრძნობს, რომ ერთმა საკუთარი თავი ორად გაყო, რათა კოსმიური აღტაცება განეცადა. როდესაც ერთი გაყოფილია ორ ნაწილად, ყოველი ნახევარი მეორეს მარადიულ სიახლეს სთავაზობს, მარად გამასხივოსნებელ და მარად ამსრულებელ სიახლეს.
ამიტომაც, მე მხოლოდ ჩემი უფლის დაპირებას მივენდობი, და არა იმას, რაც მაქვს ან რასაც წარმოვადგენ. მე საკუთარ თავს ვერ ვენდობი, რადგანაც ჩემი შინაგანი ოჯახის წევრებს ვერ ვენდობი: სხეულს, ვიტალს, გონებას და გულს. მათ ბევრჯერ მოვუტყუებივარ. მაგრამ ჩემი უფალი უზენაესი არასოდეს მატყუებდა, და მეც არასოდეს მომიტყუებია ის. ამიტომაც მე მხოლოდ მას ვენდობი, ის კი მე მენდობა. მე არ ვენდობი ჩემი მიწიერი არსებობის ოჯახის წევრებს; და არც უფლებას ვაძლევ, რომ მენდონ. ჩემი რეალობა, ჩემი დარწმუნებულობა, ჩემი სიმტკიცე, თავად ჩემი არსებობა დაფუძნებულია მხოლოდ ჩემი ძვირფასი უზენაესის ნდობაზე.