ციკლონი

ერთხელ წყვილი, რომელიც საშუალო ფენას მიეკუთვნებოდა, კალკუტიდან დიდი გემით ევროპაში მოგზაურობდა. რამოდენიმე დღის შემდეგ მათ მოულოდნელად ციკლონი დაატყდა თავს და კოკისპირულად გაწვიმდა. ბევრი პატარა ნავი გადაყირავდა. დიდი გემის მგზავრები პანიკაში ჩავარდნენ და წივილ-კივილი ატეხეს, რაკი ხედავდნენ, ვერაფერი იხსნიდა მათ გარდაუვალი კატასტროფისგან.

ცოლმა ქმარს უთხრა: „ყველა კივის და ტირის. ვიცით, რომ ჩვენი სიცოცხლის წუთები დათვლილია. რატომ ხარ ასეთი მშვიდი და აუღელვებელი? არაფერი გაქვს სადარდებელი? ნუთუ არ გესმის, რომ რამოდენიმე წუთში ჩავიძირებით? რატომ სდუმხარ?“

ამის გაგონებაზე ქმარმა ჯიბიდან ამოიღო პისტოლეტი და ცოლს დაუმიზნა. ცოლმა შეჰკივლა: „ხომ არ გაგიჟდი? რას აკეთებ? ხუმრობისთვის გცალია ახლა?“

ქმარმა ფართოდ გაუღიმა და უთხრა: „შემხედე - შენ იცი, რომ მე, შენი ქმარი, შენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ამ პისტოლეტს გიმიზნებ. ძალიან კარგად იცი, რომ მე შენ არ მოგკლავ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ. ღმერთი, ყველა სიკეთის შემოქმედი, უსასრულოდ უფრო შემბრალებელია, ვიდრე მე ვარ ან ოდესმე ვიქნები, ჩვენ ყველანი კი მისი შვილები ვართ. ნუთუ ფიქრობ, რომ ის დაუშვებს ჩვენს განადგურებას, ან თვითონ გაგვწირავს? თუ მე არ შემიძლია შენი მოკვლა იმ პატარა ადამიანური სიყვარულ გამო, რომელსაც შენდამი განვიცდი, მაშ, როგორ შეუძლია ღმერთს ჩვენი გაწირვა? მას უსასრულო სიყვარული აქვს თავისი შვილებისადმი, თუმცა ჩვენ არ ვიცით და არც არასოდეს გვეცოდინება, როგორ მოქმედებს მისი სიყვარული და შებრალება ჩვენში და ჩვენი გავლით. დაე, აღსრულდეს ღვთის ნება ისე, როგორც მას თავად სურს. დღეს ჩვენ მაყურებლები ვართ, ხვალ კი თავად მივიღებთ მონაწილეობას მისი კოსმიური ნების აღსრულებაში.“

უეცრად ციკლონი ჩაცხრა და სიმშვიდემ დაისადგურა. ცოლი ძლიერ ამაყობდა თავისი ქმრის სიბრძნით.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 54
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.