თავი მეხუთე
თავმდაბლობის მარგალიტი
*ჩემი ეგო ლაპარაკობს,* *ჩემი თავმდაბლობა მოქმედებს.*თავმდაბლობა სულიერი ცხოვრების ნამდვილი საიდუმლოა. თავმდაბლობა არ ნიშნავს ჩვენი ცხოვრების ვერშეფასებას ან გადაჭარბებულად შეფასებას. თავმდაბლობა არ ნიშნავს, ვიღაცის ტერფებს შეეხო. ეს ჩვენი კაცობრიობასთან ერთობის წმინდათა წმინდა გრძნობაა. ჭეშმარიტი თავმდაბლობა ჩვენი ცნობიერების გაფართოებაა. ესაა ღვთიური ცხოვრება ჩვენში. რაც უფრო მაღლა ავდივართ, მით უფრო დიდებულია ჩვენი დაპირება უზენაესისადმი კაცობრიობაში. რაც უფრო მეტ სინათლეს ვიღებთ ჩვენი თავმდაბლობის წყალობით, მით მეტის შეთავაზება შეგვიძლია კაცობრიობისთვის.
როდესაც ნამდვილად გვაქვს რაღაც შესათავაზებელი, და გვსურს მთელი გულით გავიღოთ იგი, მაშინ თავმდაბლობა ავტომატურად გამოდის წინა პლანზე. რაღაცის მიღწევისას, ჩვენ მუდმივად უნდა გვახსოვდეს, რომ თავმდაბლები ვიყოთ, რათა მეტი სარგებელი მოვუტანოთ კაცობრიობას. თვითგაცემის წყალობით ჩვენ ჭეშმარიტად ბედნიერები ვხდებით.
როდესაც რამეს ვაღწევთ ადამიანურ ცხოვრებაში, დაუყოვნებლივ შემოიჭრება ჩვენში სიამაყე, პატივმოყვარეობა და ბევრი სხვა ძალა. საკუთარი თავი ცამდე აგვყავს. ან კიდევ თვითრწმენას ვკარგავთ. როგორი ძლიერიც, მდიდარიც, ბრძენიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ თავს ბოლომდე დაცულად ვერ ვგრძნობთ. მაგრამ, როდესაც ერთგულად და რეგულარულად მედიტაციით ვართ დაკავებული, ჩვენ სიმშვიდეს, სინათლეს და აღტაცებას უხვად ვღებულობთ. მათი წყალობით ჩვენ ავტომატურად ვგრძნობთ, რომ ჩვენი წმინდა ვალია გავერთიანდეთ დანარჩენ სამყაროსთან. ამ დროს იბადება ჭეშმარიტი თავმდაბლობა.