რწმენა სასწაულებს ახდენს

ეჭვების არქონა ერთი რამაა, მაგრამ რწმენა, ნამდვილი რწმენა სხვა რამ არის. წიგნების და საღვთო წერილების შესწავლას შეუძლია მოგვცეს ინფორმაცია და გარკვეული ცოდნა. უკეთეს შემთხვევაში, ის მოგვცემს შთაგონებას, მაგრამ მეტს - ვერაფერს. სხვისი იდეების სესხებით, ჩვენ ვერასოდეს მივაღწევთ ჭეშმარიტ გასხივოსნებას ჩვენს შინაგან ცხოვრებაში. მხოლოდ ჩვენს შიგნით არსებული ჭეშმარიტების მარადიული წიგნის შესწავლით, მხოლოდ შინაგანი ხმის მუდმივად მოსმენით შეგვიძლია სულიერად გასხივოსნებულები გავხდეთ. მხოლოდ მაშინ მოვიპოვებთ სიხარულს გარეგან ცხოვრებაში. ჯერ ჩვენ უნდა ვიხილოთ ღმერთი, შემდეგ კი დავემსგავსოთ მას. თუ ჩვენ გვსურს ნამდვილად დავემსგავსოთ ღმერთს, მაშინ ჩვენმა საუბრებმა გზა უნდა დაუთმოს რეალურ ქმედებას.

მოდით, ერთ ნამდვილ ისტორიას მოგიყვებით. მთელ ინდოეთში ხალხი უფალ კრიშნაზე ლოცულობს, - დიდ სულიერ მასწავლებელზე, რომელიც რამოდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდა დედამიწაზე. ერთი ინდოელი გლეხი, ბენგალიური სოფლის მკვიდრი, მდიდარ ბატონს ემსახურებოდა. ბატონის სახლამდე მისაღწევად მას ყოველდღე უწევდა ბორნით მდინარის გადაკვეთა. ერთ დღეს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა. ბორანი ვერ გავიდა აღელვებულ მდინარეზე. და მსახურმა, რომელსაც მოუწია შემოვლითი გზით ბევრი მილის გავლა საცალფეხო ხიდამდე, დაიგვიანა. განრისხებულმა ბატონმა უყვირა მსახურს: „სულელო! თუ სამჯერ წარმოსთქვამ უფალი კრიშნას სახელს, ნახავ, რომ ნავი აღარ გჭირდება. შენ წყალზე სიარულს შეძლებ.“

საღამოს უბედური მსახური იმავე სიტუაციაში აღმოჩნდა, ქარიშხალი ისევ ბობოქრობდა. ამჯერად მან მიამიტურად დაუჯერა თავის ბატონს და გულის სიღრმიდან წარმოსთქვა უფალი კრიშნას სახელი. და აი, სასწაულთაგან სასწაული! მან იგრძნო ძალა, რომელმაც ის წყლისკენ წაიყვანა და ტალღებზე გადაატარა. ასე გადაკვეთა მან მდინარე.

როდესაც ბატონმა გაიგო ეს ამბავი, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. გული სიამაყით აევსო. ვისი, თუ არა მისი რჩევის წყალობით მოვიდა წარმატება? „არასოდეს ვიფიქრებდი, რომ ჩემს რჩევებს ასეთი დიდი ძალა აქვს, - გაიფიქრა მან. - „ამ სასწაულისგან სიამოვნება თავად უნდა მივიღო“.

მდიდარი კაცი მივიდა მდინარესთან, რომელიც ახლა მშვიდი და წყნარი იყო, და სამჯერ წარმოსთქვა უფალი კრიშნას სახელი და ნაბიჯი გადადგა. მაგრამ ეჭვი და შიში ტანჯავდა მთელ მის არსებას, და მიუხედავად იმისა, რომ ის ასჯერ იმეორებდა წმინდა სახელს, მცდელობამ ამაოდ ჩაუარა. ის დაიხრჩო.

რას გვასწავლის ეს ამბავი? მსახურს თავისი ბატონის გულწრფელად სწამდა. მას ასევე უსიტყვოდ სწამდა უფალი კრიშნასი. ღვთაებრივი ძალის აბსოლუტურმა რწმენამ იხსნა იგი და დაამტკიცა, რა შეუძლია უფალი კრიშნას მადლს.

ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით woj 22
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.