ეჭვის დაძლევა
ეჭვის დაძლევის საუკეთესო და ეფექტური საშუალებაა მტკიცე რწმენა. იგრძენით, რომ სიმამაცის განსახიერება ხართ. ყოველთვის ეცადეთ გააიგივოთ საკუთარი თავი პოზიტიურთან. სამწუხაროდ, ახლა საკუთარ თავს ეჭვთან აიგივებთ და მას რეალობად მიიჩნევთ. მაგრამ თქვენს დამოკიდებულებას თუ შეცვლით, მაშინ იტყვით, რომ ეჭვი არ წარმოადგენს რეალობას, შიში არ წარმოადგენს რეალობას; ნამდვილი რეალობა რწმენაა, ნამდვილი რეალობა სიმამაცეა. როგორ შევძლოთ ეს? თუ შიში შემოდის თქვენში, იფიქრეთ შხამის საწინააღმდეგო საშუალებაზე - რწმენაზე. თუ ეჭვი შემოდის თქვენს გონებაში, უმალვე წარმოსთქვით სიტყვა „რწმენა“. უბრალოდ თქვით: „მე ღვთის შვილი ვარ. როგორ უნდა მეპარებოდეს ეჭვი საკუთარ თავში, სხვებში, როგორ შეიძლება ეჭვი მეპარებოდეს ღმერთში?“ჩვენ ვერასოდეს დავამარცხებთ ეჭვს მარტო სასურველზე ფიქრით. ჩვენ შეგნებულად უნდა ვეცადოთ. თუ საკუთარ თავს გავაიგივებთ გონებასთან, ჩვენ არ გვექნება ძალა ეჭვის დასამარცხებლად იმიტომ, რომ გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად სათუთად ვუვლით ეჭვს. სულს მეტი ძალა აქვს, ვიდრე გონებას. ჩვენ უნდა ვეცადოთ ხსნა სულის სინათლეში ვიპოვოთ. ყოველდღე, სანამ ეჭვი ხელსაყრელ შესაძლებლობას გამონახავს, შემოაღწიოს ჩვენს გონებაში, უნდა ვგრძნობდეთ სულის სინათლეს ჩვენში. როგორც კი ეჭვი ჩვენში შემოაღწევს, უნდა ვიგრძნოთ რომ სული არა მხოლოდ გვიცავს, არამედ ახალ ცხოვრებას გვჩუქნის - მარადიულ და რწმენით აღსავსე ცხოვრებას არა მხოლოდ ღმერთში, არამედ საკუთარ თავშიც.
ეჭვი დაგვტოვებს ჩვენ, როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ჩვენ გვიწერია გავაკეთოთ რამე ღმერთისთვის. ჩვენ უზარმაზარ ძალას ვიღებთ სიტყვისგან „გვიწერია“. ამ სიტყვას უსაზღვრო სიმამაცე გამოაქვს წინა პლანზე. ადამიანი თავისი ბუნებით სუსტი რომც იყოს, თუ ვინმემ უთხრა, რომ მას უწერია ღმერთისთვის იღვაწოს, იმწამსვე შინაგანი სამყაროდან გმირული სული გამოდის წინა პლანზე. ის შეებრძოლება ნებისმიერ დაბრკოლებას მისთვის გამაოგნებელი ძალით და შინაგანი სიმტკიცით. დაბრკოლება შეიძლება მოვიდეს მასთან უსუფთაობის, გაუგებრობის, შურის, შიშის და ეჭვის ფორმით, მაგრამ „მიწერია“ დაამარცხებს ყველა ნეგატიური ძალის სიამაყეს. ყველაფერს არაღვთაებრივს მოუწევს ფარ-ხმლის დაყრა ამ სიტყვის წინაშე. ასე რომ, თუ გვაქვს შინაგანი და გარეგანი რწმენა იმისა, რომ ჩვენ გვიწერია ვემსახუროთ ღმერთს, მაშინ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ.