მაჰათმა განდის უბადლო გულწრფელობა
ერთხელ, როდესაც მაჰათმა განდი ახალგაზრდა იყო, მის მეგობარს ფული დაჭირდა და განდის თხოვა დახმარება. განდიმ ჯერ უთხრა: „არ მაქვს ფული.“ შემდეგ დათმობაზე წავიდა: „კარგი, ვნახოთ, რის გაკეთებას შევძლებ.“განდიმ ძმას ოქროს ნატეხი მოპარა და გაყიდა, ის ფული კი თავის მეგობარს მისცა. შემდეგ თავს უბედურად გრძნობდა ქურდობის გამო.
ის ყველაფერს უყვებოდა საკუთარ მამას. მამისგან არაფერი ჰქონდა დამალული. მიუხედავად იმისა, რომ მამა ძალიან ავადმყოფობდა და საწოლს იყო მიჯაჭვული, განდიმ მას ბარათი მიწერა: „მე ოქროს ნატეხი მოვპარე ძმას. ამის გამო ძალიან ვწუხვარ და უბედური ვარ. გთხოვ, მაპატიე.“
როდესაც მამამ ეს ბარათი წაიკითხა, ის საწოლიდან წამოდგა. განდის ეგონა, რომ მამა დაარტყამდა. მაგრამ მამას თვალებზე ცრემლი მოადგა. განდიმ გაიფიქრა, რომ მამას გული გაუტყდა მასზე, რადგან ძმას ოქრო მოპარა, ამის გამო უფრო უარესად იგრძნო თავი. ბოლოს, მამამ დახია ბარათი და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა.
განდი არწმუნებდა მამას: „მამა, მე აღარასოდეს მოვიპარავ. ეს პირველად და უკანასკნელად იყო. გთხოვ, ნუ ტირი.“
გულაჩუყებულმა მამამ უთხრა: „შვილო, მე ვტირი არა იმიტომ, რომ შენ რაღაც მოიპარე, არამედ შენი გულწრფელობის გამო. შენ ყოველთვის ასეთი ალალმართალი ხარ. მე არ ვიცი სხვა შენისთანა გულწრფელი ადამიანი. ვამაყობ შენით.“
არიან ადამიანები ბუნებრივად გულწრფელნი და ასევე - ბუნებრივად არაგულწრფელნი. კურთხეულ არიან ისინი, ვინც განდივით, გულწრფელნი იბადებიან. მაგრამ თავს ნუ დაიწყევლიან არაგულწრფელნი; თუ, ისინი ნამდვილად ისურვებენ, გახდნენ გულწრფელნი, უსასრულოდ შემწყალებელი ღმერთი დაეხმარება მათ.