გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ

გაიღიმეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, გაიღიმეთ. მოდით, გავიღიმოთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა ტანჯვით და აუტანელი ტკივილით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გავიღიმოთ. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამსუბუქოთ სამყაროს ტვირთი-ტანჯვა. ჩვენ უნდა გავიღიმოთ, რათა შევამციროთ უთქმელი ტკივილი.

შეიყვარეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, შეიყვარეთ. მოდით, შევიყვაროთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო სავსეა სიძულვილით და ურწმუნოებით, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის იმის მიზეზი, რომ არ გვიყვარდეს და არ გვწამდეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა დავაშროთ სიძულვილის ზღვა. ჩვენ უნდა გვიყვარდეს და გვწამდეს, რათა ქვა ქვაზე არ დავტოვოთ მთა-ურწმუნობისგან.

მიიღეთ, ჩემო მეგობრებო, ჩემო გულითადო მეგობრებო, მიიღეთ. მართალია, ეს ჩვენი სამყარო გვატყუებდა და გვღალატობდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ სამყარო, რადგან ეს ჩვენი წმინდათაწმინდა მოვალეობაა - შევცვალოთ სამყაროს იერსახე. მანამ, სანამ არ მივიღებთ სამყაროს, ჩვენ ვერასოდეს გარდავქმნით მას; ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ეს სამყარო, როგორც ჩვენი საკუთარი, სისხლხორციელად საკუთარი, რათა გარდავქმნათ ის.

დაბოლოს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს გავუღიმოთ ჩვენს საყვარელ უზენაესს, შევიყვაროთ ჩვენი საყვარელი უზენაესი და მივიღოთ ჩვენი საყვარელი უზენაესი, რადგან ის ჩვენი მარადისობის საკუთრებაა, ჩვენ კი მისი მარადისობის საკუთრებანი ვართ.

ჩვენ გავუღიმებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ის ღვთაებრივად დიადია. ჩვენ შევიყვარებთ ჩვენს საყვარელ უზენაესც იმიტომ, რომ უზენაესად კეთილია. ჩვენ მივიღებთ ჩვენს საყვარელ უზენაესს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მისი მარადიულობის რჩეული ინსტრუმენტები. მის გასახარებლად ისე, როგორც მას სურს, მის აღსასრულებლად ისე, როგორც მას სურს - ამისთვის მოვედით ჩვენ ყველანი ამ ქვეყნად. ის ჩვენი წყაროა. მასში ჩვენ ვხედავთ, მასში ჩვენ ვგრძნობთ, მასში ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ცხოვრების გზას.

გაიღიმეთ, შეიყვარეთ, მიიღეთ. ეს ჩვენი სამყარო უეჭველად ჩვენი საყვარელი უზენაესის პროექციაა, თუმცა ის შორსაა სრულყოფილებისაგან. მაგრამ მოვა დრო, როცა ჩვენ შევძლებთ რადიკალურად გარდავქმნათ ამ სამყაროს იერსახე და ვაქციოთ ის რეალობად-სრულყოფილებად.

მოდით, გავუღიმოთ ღმერთს, შევიყვაროთ და მივიღოთ ის, რადგან ის ყველგანაა მხოლოდ ჩვენთვის, უპირობოდ ჩვენთვის.

ამ გვერდის თარგმანები: Russian , Italian , Slovak , Czech , Ukrainian , Spanish
ამ გვერდის ციტირება შესაძლებელია cite-key-ს მეშვეობით ea 11
Creative Commons License
ამ ნაშრომზე ვრცელდება ლიცენზია Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivs 3.0 Unported License.