დაიწყეთ აქ და ახლა
იმისათვის, რომ ღმერთთან გამთლიანდეთ, თქვენ შეგნებულად უნდა დაიწყოთ თქვენი სულიერი მოგზაურობა. აქ და ახლა - ეს არის სულის დევიზი. აქამდე თუ არ დაგიწყიათ, მაშინ თქვენ სულს სურს, რომ დაიწყოთ სულიერი მოგზაურობა ზუსტად ამ წამიდან. თუ ღვთის არსებობაში ეჭვი გეპარებათ, არა უშავს. იეჭვიანეთ, რამდენიც გინდათ. საბოლოოდ, მაინც დაიღლებით ღმერთზე ეჭვიანობისგან. თუ თქვენ სიმშვიდის და აღტაცების არსებობაში ეჭვი გეპარებათ, იეჭვიანეთ, რამდენიც გინდათ. თუნდაც შინაგან ცხოვრებაში და ღვთის რეალობაში ეჭვი გეპარებოდეთ, მაინც სჯობს დაიწყოთ თქვენი შინაგანი მოგზაურობა.თუ ცნობისმოყვარეობის გამო გინდათ იცოდეთ, რა არის სულიერება, შეგიძლიათ მიიღოთ სულიერება უდიდესი ცნობისმოყვარეობით. შეხედეთ, არის ის მხოლოდ ზედაპირულად მომხიბვლელი, თუ უფრო ღრმა და უკიდეგანო რამ არის, რასაც შეიძლება მთელი თქვენი ცხოვრება მიუძღვნათ. თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ცნობისმოყვარეობის გამო, მაგრამ მალე თქვენი ცნობისმოყვარეობა გადაიქცევა რეალურ მისწრაფებად. თუ თქვენ სულიერ ცხოვრებაში შედიხართ იმიტომ, რომ სხვები ასე მოიქცნენ, ესეც კარგია. თუ ხედავთ, რომ ვინმეს ცხოვრება მშვიდი და ბედნიერი გახდა მას შემდეგ, რაც მან სულიერი ცხოვრება მიიღო, არაფერია იმაში ცუდი, რომ მას მიბაძოთ.
მინდა მოგიყვეთ დიდი სულიერი მასწავლებლის შრი რამაკრიშნას საყვარელი ისტორია. ერთხელ შუაღამისას ქურდი სასახლეში შეიპარა და მიაყურადა მეფისა და დედოფლის საუბარს. მეფემ დედოფალს უთხრა: „მე მსურს, რომ ჩვენი უმცროსი ქალიშვილი ცოლად წმინდანს გაყვეს და სიმშვიდე მოიპოვოს. ჩვენი ყველა დანარჩენი ქალიშვილი ცოლად მეფეებს და გენერლებს გაყვა, მაგრამ ისინი უბედურები არიან. წმინდანების ცხოვრება სიმშვიდითაა აღსავსე, და თუ ის ერთ-ერთ მათგანს ცოლად გაყვება, მისი ცხოვრება სიმშვიდით აივსება. ხვალ დილით ადრე მე ჩემ მინისტრებს გავაგზავნი განგის ნაპირებთან, სადაც მედიტირებს ბევრი წმინდანი. დარწმუნებული ვარ, რომ ერთი მათგანი დათანხმდება, ჩვენი ქალიშვილი ცოლად შეირთოს.“
ქურდმა ეს საუბარი მოისმინა და გაიფიქრა: „ღმერთო ჩემო, მეფის ასული წილად ერგება ღარიბ ბერს? მოდი, იქ წავალ და ვიმედიტირებ ბერებთან ერთად. ვინ იცის, იქნებ მე ამომირჩიონ. ახლა ქურდობა მიწევს იმისთვის, რომ ცოტა ფული ვიშოვო. მაგრამ, თუ მოვეწონე პრინცესას, მაშინ ერთ დღეში გავმდიდრდები, ფულში ვიბანავებ.
მეორე დილით ქურდი წმინდანის სამოსში მივიდა მდინარე განგთან და სხვა ბერებთან ერთად მედიტირება დაიწყო. მალე მეფის მინისტრებიც გამოჩნდნენ და ერთი ბერისგან მეორესთან გადადიოდნენ, ეძებდნენ იმას, ვინც მეფის ასულს ცოლად შეირთავდა. ბერები განრისხდნენ: „ჩვენ უსასრულო სინათლეს, უსასრულო ჭეშმარიტებას, უსასრულო სიხარულს შევთხოვთ ღმერთს, თქვენ კი გინდათ ისევ ამ სამყაროს მიგვაჯაჭვოთ. ჩვენ არც მატერიალური ცხოვრება გვსურს და არც მატერიალური საკუთრება!“ - ხმამაღლა გაიძახოდნენ ისინი. საწყალ მინისტრებს ყველა ბერისგან ლანძღვა-გინება ხვდა წილად. ბერებს მეფის ასული არ ადარდებდათ; ისინი მხოლოდ უმაღლეს ჭეშმარიტებაზე და შინაგან სიმდიდრეზე ზრუნავდნენ.
ერთმანეთის მიყოლებით ბერები უარს ამბობდნენ. ბოლოს მინისტრები ქურდთან მივიდნენ, და ის დათანხმდა, ცოლად პრინცესა მოეყვანა. ისინი მეფესთან დაბრუნდნენ და მთელი ისტორია უამბეს. მეფეს ძალიან გაუხარდა, როდესაც გაიგო, რომ ერთმა ბერმა ინტერესი გამოიჩინა მისი ქალიშვილისადმი. „ხვალ ჩემს ქალიშვილს წავიყვან განგის ნაპირებთან, სადაც წმინდანები ლოცულობენ და მედიტირებენ“, - თქვა მან.
ღამე ღვთაებრივმა აზრმა გაუნათა ქურდს გონება. მან თავისთვის გაიფიქრა: „მე მხოლოდ წმინდანად მოვაჩვენებ თავს. და ამ გზით პრინცესას და დიდ სიმდიდრეს, მატერიალურ კეთილდღეობას ვიგდებ ხელში. მაგრამ, თუ ნამდვილად გულწრფელად გავხდები ბერი, დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთისგან მივიღებ უსასრულო ძალას, უსასრულო სინათლეს, უსასრულო ნეტარებას, უსასრულო სიმშვიდეს - როგორც ის ბერები. რატომ უნდა მივეჯაჭვო მატერიალურ სიმდიდრეს, როდესაც მაქვს შესაძლებლობა მივიღო უსასრულო სინათლე, აღტაცება და ძალა ღმერთის უსასრულო სამფლობელოებისგან?“
ასე და ამგვარად, ღამით ქურდმა გადაიფიქრა, და როდესაც მომდევნო დღეს მეფე მივიდა მასთან, არავითარი პატივისცემა გამოუხატავს მისი პერსონის მიმართ, პირიქით, განრისხებულმა უთხრა: „ო, მეფევ, ნუ მიმაჯაჭვავ მატერიალურ სამყაროს. მე ღმერთი მსურს და მხოლოდ ღმერთი. მე შენი ქალიშვილი არ მჭირდება.“ საბრალო მეფე დაბრუნდა სასახლეში, ქურდი კი ნამდვილად წმინდა ადამიანი გახდა.
ეს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი სულიერი მოგზაურობა. ქურდმა მიბაძვით დაიწყო. მაგრამ, როდესაც მან იხილა ნამდვილად წმინდა ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სურდათ ღმერთი და მხოლოდ ღმერთი, შთაგონება ეწვია. შთაგონება კი მისწრაფებაში გადავიდა. მას აღარ აკმაყოფილებდა სწრაფვა ფულისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, რადგანაც იგრძნო, რომ არის ბევრად უფრო ღირებული რამ, რისი მიღწევაც ღირს.
თუ თქვენში ჯერ კიდევ ეჭვი და ცნობისმოყვარეობა ბუდობს, მაშინ დაიწყეთ ეჭვით, დაიწყეთ ცნობისმოყვარეობით. მაგრამ დაიწყეთ! ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ შეძლებთ თქვენი მიზნისკენ სვლას. ღმერთი თქვენს მისაღებად მზადაა. შეიძლება თქვენ არ მიისწრაფით ღმერთისკენ, მაგრამ ღმერთი - მარადიული მამა, ღმერთი - მარადიული დედა გიხმობთ თქვენ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ გჭირდებათ ღმერთი. და თუ ნამდვილად გსურთ ღმერთი, მაშინ დაიწყეთ იქ, სადაც ხართ: აქ და ახლა. და თქვენ მიაღწევთ მიზანს - შეგნებულ ერთობას ღმერთთან-უსასრულო სინათლესთან და უსასრულო ჭეშმარიტებასთან.
*თქვენი გულის ვედრება ჭეშმარიტი განძია.* *თქვენი გულის ვედრება არწივივით დაფრინავს,* *რათა მიაღწიოს თქვენი უწმინდესი სულის უმაღლეს მიზანს.*