შინაგანი ვედრება
მისწრაფება მზარდი და აღმავალი ვედრებაა ჩვენს გულში. ჩვენ შეგვიძლია ღვთაებრივ ცნობიერებაში შესვლა ჩვენი შინაგანი ვედრების წყალობით. ეს ვედრება არა სახელზეა და დიდებაზე. ეს ვედრება ჩვენ სრულ, უპირობო, უსიტყვო ერთობაზეა ღმერთთან, რომელიც ასევე ჩვენი ნავის-ცხოვრების შინაგანი მესაჭეა.ზოგიერთს საერთოდ დაავიწყდა შინაგანი მესაჭე. ზოგმა კი იცის მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არ სურს რაიმე ურთიერთობა ან კავშირი ჰქონდეს მასთან. გულწრფელი მაძიებელი შინაგან მესაჭესთან მარადი კავშირის აუცილებლობას გრძნობს. მას არ აკმაყოფილებს უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ მასში ღმერთია. მას სურს იმყოფებოდეს ღვთის ცნობიერებაში და ურთიერთობდეს მასთან ოცდაოთხი საათის განმავლობაში.
ჩვენ უნდა ვაქციოთ ღმერთი ცოცხალ რეალობად ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ, რომ ღვთის თანამყოფობას ჩვენთან უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ყოველდღე არ ვჭამთ, ჩვენ სხეულს ვაშიმშილებთ. ამის მსგავსად, თუ არ ვლოცულობთ და არ ვმედიტირებთ ყოველდღე, ჩვენ ვაშიმშილებთ ჩვენს სულიერ სხეულს. როდესაც ჩვენი გულის ცრემლებით მივისწრაფვით ღმერთისკენ, ჩვენ ვხედავთ, რომ ღმერთი მაღლიდან ჩამოდის ჩვენთან. ეს ორი ადამიანის შეხვედრასავითაა; ერთი პირველ სართულზეა, მეორე კი მესამეზეა. ჩვენ ავდივართ მეორე სართულზე, ღმერთი კი ჩამოდის მეორე სართულზე. იქ ვხვდებით და აღვასრულებთ ერთმანეთს.
მეორე სართულზე აღმავალი კიბე ჩვენი გულის ცრემლებით იქმნება. ეს მისწრაფების ვედრებაა; ეს ის ცრემლები არაა, რომელსაც ვღვრით, როდესაც არასწორად ვიქცევით. გული ტირის და მიისწრაფის აღმავალი ალივით, რომელიც სულ უფრო და უფრო ღვივდება, და მაღლა მიიწევს. ღმერთი ჩამოდის თავისი მოწყალებით, როგორც მთებიდან ჩამოდენილი მდინარე. როდესაც მისწრაფება და წყალობა ხვდება ერთმანეთს, ჩვენ ვხდებით ღმერთთან კავშირის ღვთაებრივი აღსრულების მოწმენი.
არა, შეუძლებელია ერთი შინაგანი ვედრებაც კი არ იქნეს შესმენილი.