ბავშვის რწმენა
თქვენ ღვთის ბავშვი ხართ, და არა მისი მონა. თუ შეგიძლიათ როგორც მამას, ასე მიუახლოვდეთ ღმერთს, თქვენ იტყვით: „მამაჩემი მდიდარია. მამაჩემი დიდია. მამაჩემი კეთილია. ის აუცილებლად მომცემს თავის სიკეთეს, დიდებას და სიმდიდრეს.“ ასეთია ბავშვის სპონტანური გრძნობა.თუ გრძნობთ, რომ ღმერთი ბატონია და თქვენ კი მისი მონა ხართ, მაშინ საიდან გექნებათ საკუთარი თავის რწმენა? მონა იტყვის: „დღეს ის ჩემი ბატონია. ხვალ კი მას შეუძლია გამაგდოს.“ მონა ვერ მოითხოვს თავისი ბატონის სიმდიდრეს ან უნარს. მაგრამ ბავშვს ეს შეუძლია.
თუ გსურთ საკუთარი თავის რწმენა გქონდეთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იგრძნოთ, როგორი ურთიერთობა დაამყარეთ თქვენს შინაგან მესაჭესთან. თუ ეს მამის და შვილის ან დედის და შვილის, ან მიჯნურისა და სატრფოს, ან ორი ყველაზე ახლო და ძვირფასი მეგობრის ურთიერთობაა, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერ კარგს ელოდოთ ღმერთისგან. მაგრამ თუ ასეთი სახის ტკბილი ერთობის დამყარება თქვენსა და ღმერთს შორის არ შეგიძლიათ, როგორღა შეინარჩუნებთ რწმენას? თუ იფიქრებთ: „ის ძალიან შორსაა; ის უფალია, უზენაესია, მე კი მხოლოდ უგუნური არსება ვარ“, - მაშინ ერთიანობის გრძნობა ვერც გექნებათ. თუ საკუთარ თავზე ფიქრობთ, როგორც პაწაწინა ჭიანჭველაზე და ღმერთზე - როგორც უზარმაზარ სპილოზე, ბუნებრივია იტყვით: „საიდან მექნება ძალა ან უნარი? მე ასეთი სუსტი და უმნიშვნელო ვარ.“ მაგრამ თუ იფიქრებთ იმაზე, რომ ღმერთს ძალზედ სწყურია მოგცეთ, რაც მას აქვს, თქვენ იგრძნობთ: „ძალა, რომელიც ღმერთს აქვს, მთლიანად ჩემთვისაა. როდესაც დრო მოვა, შემომთავაზებს მას.“ როდესაც ასეთი სახის გრძნობას განავითარებთ, როდესაც იგრძნობთ, რომ მამა ყველაფერს მოგცემთ, რაც გჭირდებათ, მაშინ თქვენ ავტომატურად მოიპოვებთ მარადიულ რწმენას.
დილით მე ჩემი რწმენის ალს ვკვებავ. საღამოს რაღაც საოცარს ვხედავ: ჩემი ეჭვები შიმშილით კვდება.