თავი პირველი
ცხოვრება სიხარულში
*თავისთავად იბადება ჭეშმარიტი შინაგანი სიხარული,* *ის არ არის დამოკიდებული გარე ვითარებებზე.* *თქვენში და თქვენი გავლით მიედინება მდინარე სიხარულის გზავნილით.* *ეს ღვთაებრივი სიხარული - ცხოვრების ერთადერთი მიზანია.*ჩვენ ყველანი მაძიებლები ვართ და გვაქვს ერთი მიზანი: მივაღწიოთ შინაგან სიმშვიდეს, სინათლეს და სიხარულს, გავხდეთ განუყოფელი ჩვენი საწყისისა და ვიცხოვროთ ჭეშმარიტი კმაყოფილებით სავსე ცხოვრებით.
ცხოვრება სიხარულში ნიშნავს ცხოვრებას შინაგანი ცხოვრებით. ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც მივყავართ თვით შეცნობამდე. საკუთარი თავის შეცნობა - ეს ღმერთის შეცნობაა, რადგან ღმერთი სხვა არა არის რა, თუ არა ჩვენში ღრმად დავანებული ღვთაებრიობა, რომელიც ელოდება როდის აღმოაჩენენ და გახსნიან. ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე მივმართოთ ღმერთს, როგორც შინაგან მესაჭეს ან უზენაესს. მაგრამ, იმისდა მიუხედავად, თუ რა ტერმინს ვიყენებთ, ჩვენ ვგულისხმობთ უმაღლესს ჩვენში, იმას, რაც ჩვენი სულიერი ძიების საბოლოო მიზანს წარმოადგენს.
გარეგან ცხოვრებას რეალური აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა ჩვენ ვასაზრდოვებთ შინაგან ცხოვრებას. სამჯერ დღეში ჩვენ აუცილებლად ვკვებავთ ჩვენს სხეულს. მაგრამ ღრმად ჩვენში იმყოფება ღვთაებრივი ბავშვი, რომელსაც ვუწოდებთ ჩვენს სულს, ჩვენ კი ვერ ვპოულობთ დროს, ვკვებოთ ის. სული შეგნებული წარმომადგენელია ღვთისა ჩვენში. სანამ არ ასრულდება ბავშვი-სულის დანიშნულება, ჩვენ ვერასოდეს ვერ აღვასრულებთ ჩვენი გარეგანი ცხოვრების დანიშნულებას.
მაგრამ როგორ გავაერთიანოთ შინაგანი და გარეგანი ცხოვრება? თუკი ჩვენ ვფლობთ მედიტაციის ღვთაებრივ ხელოვნებას, მაშინ ადვილად და შეგნებულად შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს ორი სამყარო. და თუ ჩვენ ვმედიტირებთ, თითოეული წამი ოქროს შესაძლებლობად იქცევა მოვისროლოთ დეპრესია, იმედგაცრუება, მრისხანება, შიში და სხვა ნეგატიური თვისებები და გამოვავლინოთ შინაგანი სამყაროს ღვათაებრივი თვისებები: სიყვარული, სიმშვიდე, სიხარული და სინათლე.
სულიერი ადამანი უნდა იყოს ნორმალური, ჯანსაღი ადამიანი. ღმერთის მისაღწევად საჭიროა, რომ სულიერი ადამიანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყოს ღვთაებრივად პრაქტიკული. თუ ღვთაებრივად პრაქტიკულნი ვართ, ჩვენ სხვებს ვუწილადებთ ჩვენ შინაგან სიმდიდრეს. ჩვენ ვგრძნობთ ღვთაებრივ მოტივს ყოველ მოქმედებაში და შედეგს ვუზიარებთ სხვებს. სულიერება არ უარყოფს გარეგან ცხოვრებას. გარეგანი ცხოვრება შინაგანი ცხოვრების გამოვლინებად უნდა იქცეს ჩვენში.