მედიტირება გულზე
უმჯობესია იმედიტიროთ გულზე, ვიდრე გონებაში. გონება თაიმს სკვერს ჰგავს ახალი წლის წინ; გული კი შორეულ გამოქვაბულს ჰიმალაიებში. თუ გონებაში მედიტირებთ, ეს, ალბათ, ხუთ წუთს გაგრძელდება; ამ ხუთი წუთიდან კი, ძლიერი მედიტაცია მხოლოდ ერთწუთიანი იქნება. თავიდან თქვენ შეიძლება მიიღოთ სიხარული და კმაყოფილება, მაგრამ შემდეგ შეიძლება უნაყოფო უდაბნოს შეგრძნება დაგეუფლოთ, ან თქვენ გონებას ისევ აზრები მოეძალოს. მაგრამ, როდესაც გულზე მედიტირებთ, თქვენ სიხარულთან და კმაყოფილებასთან გაიგივების ნიჭს იძენთ, რომელიც მერე სამუდამოდ თქვენი ხდება.დიდი სხვაობაა იმ შედეგებს შორის, რისი მიღებაც შეგვიძლია გონებისგან და რისი - გულისგან. გონება თავისი ბუნებით შეზღუდულია, გული კი უსაზღვროა. ღრმად თქვენში უსასრულო სიმშვიდე, სინათლე და აღტაცებაა. მათი შეზღუდული ოდენობით მოპოვება ადვილი ამოცანაა. გონებაში მედიტაცია თქვენ ამას მოგცემთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უსასრულოდ მეტი მიიღოთ, თუ გულზე იმედიტირებთ. წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ შესაძლებლობა ორ ადგილზე იმუშაოთ. ერთ ადგილზე თქვენ ორას დოლარს მიიღებთ, მეორეზე კი - ხუთასს. თუ ბრძენი ხართ, თქვენ არ დაკარგავთ დროს პირველ ადგილზე.
როდესაც მედიტირებთ, თავი ბავშვივით იგრძენით ყვავილების ბაღში. ეს ყვავილების ბაღი თქვენს გულშია. ბავშვს შეუძლია საათობით ითამაშოს ბაღში. ის ხან ერთ ყვავილთან მივა, ხან მეორესთან, მაგრამ ბაღიდან არ წავა, იმიტომ რომ შეჰხარის თითოეული ყვავილის სილამაზეს და სურნელს. იგრძენით, რომ თქვენში ბაღია და შეგიძლიათ დარჩეთ იქ, რამდენხანსაც მოისურვებთ. ამ გზით თქვენ შეგიძლიათ იმედიტიროთ გულზე.
*შენს გონებაში კითხვების ნიაღვარია.* *მაგრამ არის მხოლოდ ერთი მასწავლებელი,* *რომელსაც შეუძლია მათზე პასუხის გაცემა.* *ვინ არის ეს მასწავლებელი?* *შენი მდუმარების მოყვარული გული.*