მუდმივად მზარდი სინათლე
სრულ გასხივოსნებას ღვთის რეალიზაციას უწოდებენ. ღვთის რეალიზაცია უცებ არ მოდის. ეს გამოცდილებათა მთელი რიგია. ზოგჯერ, როდესაც მაძიებელი უმაღლეს მედიტაციაში იმყოფება, მან შეიძლება მიიღოს გარკვეული შინაგანი გასხივოსნება. მთელი მისი არსება ნახევარი საათით ან ერთი საათით სხივოსნდება. მაგრამ ერთი ან ორი საათის შემდეგ ის შეიძლება თავის ძველ „მე“-ს დაუბრუნდეს, სურვილის და სხვა არაღვთაებრივი თვისებების მსხვერპლი გახდეს. გასხივოსნება მოხდა ერთ დონეზე, მაგრამ ეს არ იყო ბუდას ან სხვა ღვთის რეალიზაციის მქონე მასწავლებლების ტრანსცენდენტალური გასხივოსნება, როდესაც ადამიანი იღებს ღვთის რეალიზაციას, ავტომატურად ხდება უსასრულო გასხივოსნება მის როგორც გარეგან, ასევე შინაგან ბუნებაში.
ზოგჯერ, როდესაც ვლაპარაკობთ გასხივოსნებაზე, ვგულისხმობთ, რომ ჩვენ გაუთვითცნობიერებელნი ვიყავით რაღაც საკითხში მრავალი წლის განმავლობაში, ახლა კი ეს ადგილი ჩვენს ცნობიერებაში გასხივოსნდა. მაგრამ ეს მხოლოდ ნაპერწკალია ღვთის-რეალიზაციის უსაზღვრო გასხივოსნებისა. ეს მხოლოდ სინათლის დროებითი გაელვებაა მისწრაფებულ ცნობიერებაში. ცოტახანში ის ფერმკრთალდება იმიტომ, რომ მასში არ არის უცვლელი რეალობა. უცვლელ რეალობას ვიღებთ მხოლოდ მუდმივ, მარადიულ და ტრანსცენდენტალურ გასხივოსნებასთან ერთად, ანუ ღვთის-რეალიზაციასთან ერთად.