თავი მეთხუთმეტე
სისუფთავის თოვლივით ქათქათა ყვავილობა
*ღრმად შენს გულში ყვავილია,* *და ამ ყვავილის სახელი სისუფთავეა.*სისუფთავე ღვთის სუნთქვაა. თუ სუფთანი ვართ, ჩვენ შეგვიძლია ვგრძნობდეთ ღმერთს, როგორც ძალიან ჩვენიანს. სისუფთავეში შეიძლება იზრდებოდეს ჩვენი ღვთაებრიობა, სისუფთავეში შეიძლება ყვავილობდეს ჩვენი ჭეშმარიტი სიცოცხლე და ჰპოვებდეს თავის ასრულებას აქ, დედამიწაზე.
თუ შევძლებთ სისუფთავის შენარჩუნებას, მაშინ არასოდეს დავკარგავთ იმას, რაც ფასეულია. დღეს ჩვენ, იქნებ, დიადი აზრები და უზარმაზარი შინაგანი ძალა გვქონდეს, მაგრამ ხვალ მათ აუცილებლად დავკარგავთ, თუ არ გვექნება სისუფთავე.
სისუფთავის კარს ბევრი გასაღები ხსნის, მაგრამ არის ერთი, რომელიც ამ კარს ყველაზე სწრაფად ხსნის, და ეს გასაღები - გონებაში ტალღების-აზრების არქონაა. როდესაც გონება მშვიდი და წყნარია, მაშინ სისუფთავე თავისთავად ჩნდება მთელს არსებაში. თქვენ შეგიძლიათ სისუფთავის შენარჩუნება, თუ მუდმივად გრძნობთ, რომ საერთოდ არ გაქვთ გონება, თქვენ გაქვთ მხოლოდ ბავშვის გული-ყვავილი. ყოველდღე, რამოდენიმე წუთის განმავლობაში იგრძენით, რომ გონება არ გაქვთ. უთხარით საკუთარ თავს: "მე არ მაქვს გონება. მე მაქვს მხოლოდ გული". ცოტახნის შემდეგ კი იგრძენით: "მე არ მაქვს გული. მაქვს მხოლოდ სული".
როდესაც ამბობთ: "მე არ მაქვს გონება", ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოველად იქცევით. არა, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, თქვენ ამბობთ: "მე საერთო არაგერი მაქვს გონებასთან, რომელსაც ამდენი უსუფთაობა მოაქვს და ასე მაწვალებს". როდესაც ამბობთ: "მე მაქვს გული", თქვენ გრძნობთ, რომ გულს აქვს სისუფთავე. როდესაც ამბობთ: "მე მაქვს სული", თქვენ ივსებით სისუფთავით. შემდეგ, ცოტა ხანში, თქვენ უნდა წახვიდეთ უფრო ღრმად და უფრო შორს, და თქვათ არა მხოლოდ: "მე მაქვს სული", არამედ "მე ვარ სული". როგორც კი იტყვით: "მე ვარ სული" და დაიწყებთ ამ ჭეშმარიტებაზე მედიტირებას, სულის უსასრულო სისუფთავე შემოვა თქვენს გულში. გულიდან კი - გონებაში.
გონების გაწმენდის კიდევ ერთი გზა ის არის, რომ ვიფიქროთ გონებაზე, როგორც ჭუჭყიანი, ბინძური წყლით სავსე კასრზე. მხოლოდ მისი დაცარიელების შემდეგ შევძლებთ თანდათან მის ხელახლა ავსებას სუფთა წყლით. ყოველთვის ილოცეთ გონების გასუფთავებისთვის. როდესაც ვლოცულობთ, ჩვენი გონება სუფთავდება, სისუფთავე კი ზრდის ღვთის შეცნობის უნარს. სინამდვილეში სისუფთავე სხვა არა არის რა, თუ არ ღვთის შეცნობის უნარი. ყოველი ლოცვის შემდეგ ჩვენი შინაგანი ჭურჭელი უფრო და უფრო დიდდება, და მაშინ სისუფთავეს, სილამაზეს, სინათლეს და აღტაცებას შეუძლია შიგ შესვლა, და თამაში ჩვენი გულის ფარულ სიღრმეებში.
შეგვიძლია ვიფიქროთ გონებაზე, როგორც ბნელ ოთახზე, რომელსაც წლების მანძილზე არ უნახავს სინათლე. ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვისაც შეუძლია სინათლის შემოტანა ამ ოთახში. ეს ჩვენი სულია. ჩვენ სულის ყველაზე ახლო მეგობრები უნდა გავხდეთ, მას აქვს უნარი და სურვილი, დაგვეხმაროს, გაასხივოსნოს ყოველივე ბნელი ჩვენში. მთელი შეგნებით უნდა ვგრძნობდეთ, რომ სული ისევე გვჭირდება, როგორც სხეული. თუ ეს საჭიროების შეგრძნება გულწრფელია, სული გამოვა წინა პლანზე და გაასხივოსნებს ჩვენს გონებას.