თავი მეათე

თანაგრძნობის გადმოსვლა

*ჩემია გული,*

*რომელსაც ზეშთაგონებულად უყვარს*

*აისი-მისწრაფება.*

*ჩემია ცხოვრება,*

*რომელსაც გულწრფელად უყვარს*

*დაისი-შებრალება.*

თანაგრძნობა სულიერი მაგნიტია. ის გვიზიდავს სხვებისკენ. როდესაც ვავლენთ თანაგრძნობას და მზრუნველობას, ჩვენ ვხედავთ, რომ შინაგანი მაგნიტი მუშაობს.

თანაგრძნობა ურთიერთგაგებას ეფუძნება. თუ მუხლი მტკივა, ხელს ვადებ, ვზრუნავ მასზე. რატომ? იმიტომ რომ ვგრძნობ, რომ მუხლი ჩემი არსების განუყოფელი ნაწილია. ამის მსგავსად, თუ ვინმესთან ერთობას ვგრძნობთ, თანაგრძნობა ძალიან ადვილად ჩნდება. თუ სხვა ადამიანის ტანჯვას განვიცდით როგორც საკუთარს, თუ გვსურს, რომ ამ ადამიანის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვიქცეთ, მაშინ ჩვენი თანაგრძნობა, მზრუნველობა და სხვა ღვთაებრივი თვისებები დაუყოვნებლივ გამოვა წინა პლანზე.

ჩვეულებრივად, ეგრეთ წოდებულ თანაგრძნობაში, რომელსაც ერთი ადამიანი მეორის მიმართ ავლენს, იგულისხმება განცალკევებულობისა და უპირატესობის გრძნობა. ის ვინც ფიქრობს, რომ თანაგრძნობას ავლენს, - ზემდგომია, ის კი, ვინც თანაგრძნობის ობიექტია, - ქვემდგომია. ზოგერთ ადამიანს სურვილი აქვს გვაგრძნობინოს, რომ ის ჩვენზე უფრო სუფთა და სულიერად ძლიერია. მას ჰგონია, რომ თანაგრძნობით გვეპყრობა, მაგრამ ეს სულაც არაა თანაგრძნობა.

ჭეშმარიტი თანაგრძნობა არა უპირატესობის გრძნობიდან მოდის, არამედ ერთიანობის გრძნობიდან. თუ არის ერთიანობის გრძნობა, მაშინ აუცილებლად აქვე იქნება ყველაფერი ღვთაებრივი, შთამაგონებელი, გამსხივოსნებელი და ასრულების მომტანი. ჭეშმარიტი თანაგრძნობა მოიცავს ჩვენს ყველა კარგ თვისებას: კეთილმოსურნეობას, თვითგაცემას, მზადყოფნას გამოვადგეთ კაცობრიობას. ჩვენ შევძლებთ ამ თვისებების შეთავაზებას, თუ ერთიანობის გრძნობა გვექნება სხვებთან.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj