ყოველი ადამიანი შეიცნობს ღმერთს თავისი შინაგანი შესაძლებლობების შესაბამისად. ყოველ ადამიანს შეუძლია აირჩიოს და მიიღოს ღმერთის ის ასპექტი, რომელიც მას უფრო იზიდავს. ვინმეს შეიძლება მოსწონდეს ღმერთის პიროვნული ასპექტი - ღმერთი, როგორც ყველაზე მანათობელი არსება; სხვას შეიძლება მოსწონდეს უპიროვნო ასპექტი - ღმერთი, როგორც უსასრულო ენერგია. სხვა კი მხოლოდ იმით დაკმაყოფილდება, რომ ღმერთი, რომელსაც იგი შეიცნობს, მისი წარმოსახვის მიღმა არსებობს. ღმერთი პიროვნულიცაა, და - უპიროვნოც. ღმერთი თითოეული ადამიანის წინაშე წარსდგება მისი ინდივიდუალური არჩევნის შესაბამისად, რათა გაახაროს ადამიანი მისი სურვილისამებრ.
ღმერთში როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი საწყისია. ტერმინი „მამა“ უფრო გავრცელებული მიმართვაა ღვთისადმი დასავლურ სამყაროში. აღმოსავლეთში ჩვენ უფრო ხშირად ვლაპარაკობთ უზენაეს ქალღმერთზე. მაგრამ როდესაც დასავლური სამყაროს წარმომადგენლებთან ვურთიერთობ, მე იმ ტერმინს ვიყენებ, რომელიც თქვენთვის უფრო ახლოსაა, იმიტომ რომ ვგრძნობ, ასე ჩემთვის უფრო ადვილი იქნება გამოცდილების გაზიარება.
სულიერების პრაქტიკა, ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს შეუძლია. რელიგია შეიძლება სახლს შევადაროთ. თქვენ ერთ სახლში ცხოვრობთ, მე კი - სხვაში. იმისდა მიუხედავად, რომ ჩვენ სხვადასხვა სახლებში ვცხოვრობთ, ჩვენ ორივეს გვსურს ერთსა და იმავე საგნის, ანუ ღვთის შეცნობის, შესწავლა. ამიტომაც ორივე ერთსა და იმავე სკოლაში დავდივართ - შინაგან სკოლაში. როდესაც ვლოცულობთ და ვმედიტირებთ ღმერთზე, ჩვენ ამ შინაგან სკოლაში დავდივართ. იმისთვის, რომ მივიდეთ სკოლამდე, ჩვენთვის არ არის აუცილებელი ერთი გზით ვიაროთ. მაგრამ ჩვენ ორივეს გვიწევს სახლიდან გამოსვლა, როდესაც სასწავლებლად მივეშურებით.
ჭეშმარიტ სულიერ მაძიებელს უღრმესი პატივისცემა და მოწიწება ექნება ყველა რელიგიის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია ყველა რელიგია დავაფასოთ და ჩვენად ჩავთვალოთ. ყოველი რელიგია ხის-ღმერთის ტოტივითაა. როგორ შეიძლება უარვყოფდეთ ტოტების მნიშვნელობას, თუ მთელ ხეს ჩვენად ვთვლით? ყოველი რელიგია თავისებურად მართალია, აბსოლუტურად მართალია, მაგრამ როდესაც უმაღლესი ჭეშმარიტება გვწყურია, ჩვენი ერთადერთი რელიგია ღვთისადმი სიყვარული ხდება.
ჭეშმარიტი სულიერება არ მოითხოვს არცერთ რელიგიაზე უარის თქმას. თუ თქვენს რელიგიაში რჩებით და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას ეწევით, თქვენ შეიძლება ძალიან სწრაფად გაიქცეთ მიზნისკენ. თქვენი საკუთარი რელიგია დაგარწმუნებთ იმის სიმართლეში, რასაც აკეთებთ. მეორეს მხრივ, თქვენ შეიძლება იგრძნოთ საჭიროება, გასცდეთ რელიგიის ჩარჩოებს. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მიზანი ღვთის შეცნობაა, რომელიც ყველა რელიგიას მოიცავს და, ამავე დროს, მათზე ბევრად მაღლა დგას.
*თვითგამოღვიძება*
*ნიშნავს**ღვთის აყვავებას*
*ჩემში და ჩემი გავლით.*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj