წვეთი და ოკეანე

უსაფრთხოების საერთო კონცეპცია ეფუძნება მიღწევას ან ფლობას ფიზიკურ პლანზე. მაგრამ მუდმივი საიმედოობის გრძნობა ვერასოდეს გვექნება ფლობისგან ან მიღწევისგან. ეს შეუძლებელია. შეერთებული შტატების პრეზიდენტიც კი, რომელსაც უმაღლესი თანამდებობა უკავია, ხის ფოთოლივით ნებისმიერ წამს შეიძლება მოწყდეს. უსაფრთხოება მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც სულთან დამყარებულია მუდმივი ერთობა.

თუ გვსურს გავერთიანდეთ სულთან, ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ ჩვენს წყაროს, რომელიც გახლავთ მარადიული სიმშვიდე, სინათლე და ნეტარება. თუ ჩვენი წყარო ღვთაებრივი, მარადიული და უსასრულოა, მაშ, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს არასაიმედოდ? ადამიანი დაუცველია, როდესაც გრძნობს, რომ მის ირგვლივ სიბნელეა. ღამე გეშინიათ იმიტომ, რომ სინათლე არ არის. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ის არსებობა, რომელიც ჩვენშია და ჩვენს ირგვლივაა, სინათლეა, და ეს სინათლე უკვდავია. ყველაფერი რაც რეალურია, ღვთაებრივად რეალური, უკვდავია. ჩვენში არსებული რეალობა ღვთაებრივი და მარადიულია. თუკი ჩვენშია ვიღაც მარადიული, რომელიც ფიქრობს და ზრუნავს ჩვენზე, როგორ უნდა ვგრძნობდეთ თავს დაუცველად?

თუ შეძლებთ გაცნობიერებულად და მუდმივად იფიქროთ იმაზე, რომ წყაროდან ხართ, რომ თქვენ სინათლიდან და აღტაცებიდან მოხვედით და თქვენი უმაღლესი მიზანი სინათლეში და აღტაცებაში დაბრუნებაა, მაშინ არ გექნებათ უიმედობის გრძნობა. მანამ, სანამ პაწია წვეთი ეჭიდება თავის ინდივიდუალურობას და განცალკევებულობას, ის დაუცველი იქნება, ოკეანის ტალღები შიშის ზარს სცემენ მას, მაგრამ, როდესაც პაწაწინა წვეთი შეგნებულად შედის ოკეანეში, ის თვით ოკეანად იქცევა და უკვე არაფრის აღარ ეშინია.

*სიტყვებისა და გონების მიღმა,*

*მარად მოკაშკაშე მდინარეში*

*ეშვება ჩემი გული.*

*დღეს ათასი კარი საუკუნოდ ჩარაზული* *ფართოდ გაიხსნა.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj