ინდოეთში ინგლისელების მმართველობის დროს ცხოვრობდა ერთი პატრიოტი ქალი. ის გამოჩენილი ინდოელი ლიდერის მაჰათმა განდის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ; მისი მხოლოდ სახელიც კი შთაგონების ზღვა იყო. მიუხედავად თავისი სამოცდაცამეტი წლის ასაკისა, მას ბევრი პატრიოტული საქმე ჰქონდა გაკეთებული, რომელიც ინგლისელებისგან გათავისუფლების იმედით ავსებდა ინდოელებს. მისი მაჰათმა განდით აღფრთოვანების გამო, ხალხმა მას განდი ბური შეარქვა; „ბური“ ნიშნავს „დედაბერს“.
1942 მაჰათმა განდი დააპატიმრეს, და მთელი ინდოეთი აღშფოთებული იყო. მთელს ქვეყანაში მსვლელობები იმართებოდა და ხალხი გაიძახოდა მაჰათმა განდის გზავნილს ბრიტანული ხელისუფლებისადმი: „დატოვეთ ინდოეთი“. მაჰათმა განდის დატყვევებიდან მეორე დღეს, განდი ბური მონაწილეობდა მსვლელობაში პოლიციის უბნისკენ. ხალხს სურდა ჩამოეგდო ბრიტანეთის დროშა, რომელიც პოლიციის უბნის თავზე ფრიალებდა, და მის ადგილას აეფრიალებინა ინდოეთის დროშა.
პოლიციამ გზა გადაუღობა მათ და გააფრთხილა, რომ, თუ მომიტინგეები არ გაჩერდებოდნენ, მათ მოკლავდნენ. განდი ბურის გარდა აქციის ყველა მონაწილე გაჩერდა. მან ერთერთი მსვლელობაში მონაწილე ბიჭს ხელიდან გამოსტაცა ინდოეთის დროშა და შენობისკენ გაიქცა. თავიდან პოლიციელებს გაეცინათ. „კმარა! - ყვიროდნენ ისინი - აღარ გინდა მეტი! წადი აქედან, მოხუცო, ჩვენ არ გვინდა შენი მოკვლა.“
განდი ბურიმ უცებ უპასუხა მათ: „მომკალით! მე არ მეშინია. მე მსურს გავათავისუფლო დედა ინდოეთი!“
ის კიბესკენ გაიქცა, რომელიც პოლიციის უბნის სახურავზე ადიოდა. სანამ კიბეებს მიაღწევდა, პოლიციელებმა ესროლეს. ჯერ კიდევ ხელში აფრიალებული დროშით მან გაიმღერა ინდოეთის დამოუკიდებლობის მოძრაობის დევიზი : „Bande Mataram, Bande Mataram, Bande Mataram” – „დედა, მე ქედს ვიხრი შენს წინაში“, და მოკვდა.
ეს მოხუცი ისეთი მამაცი იყო, რომ თავი გასწირა თავისი ქვეყნისთვის. იმ დროიდან ბევრმა, ვინც მონაწილეობდა იმ მსვლელობაში, საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ინდოეთის გათავისუფლებას.
თუ ჩვენ საკმაოდ ვაჟკაცობა გაგვაჩნია იმისთვის, რომ სიღრმეში ჩავეშვათ და ვიგრძნოთ, რომ შინაგანი სიმამაცე ჩვენ გვეკუთვნის, მაშინ ის შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ წამს. როდესაც ვიყენებთ ჩვენს უდრეკ ნებისყოფას, რომელიც ყოველთვის ჩვენს განკარგულებაშია, შეგვიძლია დავამარცხოთ თვით შიშის სუნთქვაც.
იმისთვის, რომ ტრიუმფით გამოვიდეთ ნებისმიერი განსაცდელიდან,
ჩვენ შინაგანი სიმამაცე გვჭირდება.შინაგანი სიმამაცე -
ღვთის ნებისა მუდმივი მიღება და აღსრულებაა.From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj