შინაგანი ცხოვრების შიში

ზოგჯერ ადამიანებს თავად სულიერების ეშინიათ. მათ რომ სცოდნოდათ სულიერების ჭეშმარიტი მნიშვნელობა, ისინი დაუყოვნებლივ მიიღებდნენ მას. სულიერება გვიჩვენებს მიზანს, და ეს მიზანია ჩვენში არსებული უსასრულობის შეცნობა.

შეიძლება თქვენ შინაგანი ცხოვრების გეშინიათ. იქნებ ფიქრობთ, რომ, როგორც კი დაიწყებთ შინაგან ცხოვრებას, თქვენ ტყეში ბავშვივით საერთოდ დაიკარგებით. თქვენ ასევე შეიძლება იფიქროთ, რომ შინაგანი ცხოვრების მიღებით თქვენ ჰაერში აშენებთ კოშკებს. დაბოლოს, თქვენ შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ შინაგანი ცხოვრების მიღება ნიშნავს მბრდღვინავი ლომის ხახაში ჩახტომას, რომელიც უმალ შთანგთქავთ. თქვენ უთვალავი ტკბილი ოცნება გაქვთ. თქვენ გსურთ ეს ოცნებები რეალობად აქციოთ, და გრძნობთ, რომ შინაგან ცხოვრებაში შესვლით თქვენ წაგერთმევათ ეს ყველაფერი, ბუნებრივია, თქვენ ერიდებით შინაგან ცხოვრებას.

შინაგანი სინათლე არასოდეს გაგიცრუებთ იმედს. მხოლოდ ღამეულ სიბნელეს შეუძლია ამის გაკეთება. თუ სინათლის ზღვაში ბანაობთ, თქვენ ვერასოდეს დაიკარგებით. მედიტაციის დროს, და სიფხიზლის საათებში ეცადეთ იგრძნოთ, რომ თქვენ შინაგან სინათლედ იქცევით. როდესაც შინაგან სინათლედ იქცევით, შიშის გრძნობა აუცილებლად გაქრება. თქვენ ამ ქვეყნად მოხვედით შინაგანი სინათლიდან, ახლა კი თანდათან აცნობიერებთ ამას.

თუ გეშინიათ შინაგან ცხოვრებაში მთელი გულით შეხვიდეთ, შეეცადეთ გაიგოთ, ძალუძს თუ არა გარეგან სამყაროს ნამდვილი განხორციელება მოგვიტანოს. ერთ დღესაც ძალიან კარგი მედიტაციის შემდეგ, რამოდენიმე წამით თქვენი თავი გააიგივეთ მეგობრებთან ან სხვებთან, ვინც არ მიისწრაფის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება ძალიან მდიდარი და წარმატებული იყოს, ზოგიერთ მათგანს შეიძლება დიდი ოჯახი ჰყავდეს, მაგრამ თუ არის მათი ცხოვრება ნამდვილად ბედნიერი? იმედგაცრუება და დარდი ხომ არ არის მათი თანამდევი? ახლა კი შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას. შეიძლება თქვენ არ გაქვთ მილიონობით დოლარი, მაგრამ ბედნიერი ადამიანი ხართ. რამ გაგხადათ ბედნიერი? თქვენმა მისწრაფებამ და მედიტაციამ.

სულიერი ცხოვრება ვერასოდეს ვერ იქნება ხელოვნური. სულიერება ბუნებრივი და სპონტანური რამაა. ის გვეუბნება ჩვენ, რომ არ უნდა ვიყოთ იმედგაცრუებით, შიშით და მღელვარებით შეპყრობილნი. ის გვეუბნება, რომ თუ გარეგანი ცხოვრება უბედურობით, იმედგაცრუებით, წარუმატებლობით და შეზღუდვებითაა სავსე, ისიც ხომ მართალია, რომ ჩვენში ასევე არის იდეალური ცხოვრება, რომელიც მთლიანად ჰარმონიაა, სრულყოფილებაა, სრული განხორციელებაა. შინაგან ცხოვრებას სურს ცოცხალ ხიდად იქცეს ჩვენ დღევანდელ ცხოვრებასა და ჩვენ იდეალურ ცხოვრებას შორის და ეს სურვილი დიდი მონდომებით, სიმხნევით და ერთგულებითაა გაჯერებული.

*თუ გყოფნით იმის ვიჟკაცობა, რომ გულწრფელად*

*აღიაროთ, რომ სულ დაიკარგეთ.*

*მაშინ ღმერთი უპირობო მიმტევებლობას გამოიჩენს*

*და გიჩვენებთ გზას* *მიზნისკენ-კმაყოფილებისკენ.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj