ცნობიერება: სიცოცხლის ნაპერწკალი

ცნობიერება სიცოცხლის ნაპერწკალია, რომელიც ყოველ ჩვენგანს უნივერსალურ სიცოცხლესთან აერთიანებს. ის დამაკავშირებელი რგოლია ღმერთსა და ადამიანს შორის, ზეცასა და დედამიწას შორის. ცნობიერების გარეშე ყველაფერი უნაყოფო უდაბნოა. როდესაც ბნელ ოთახში შევდივართ, ჩვენ ფარნით ვანათებთ გზას. თუ გვსურს გავერკვეთ ჩვენს გაუნათლებელ ბუნებაში, ჩვენ ცნობიერების დახმარებას უნდა მივმართოთ.

ცნობიერება კიბესავითაა. თქვენ ასვლა და ჩამოსვლა შეგიძლიათ სხვადასხვა საფეხურზე. თუ ღრმად მედიტირება ძალგიძთ, ცნობიერების ყველა დონე თქვენს წინაშე წარსდგება. პირველი საფეხური ფიზიკური სხეულია. მეორე საფეხური ვიტალია. ვიტალი ინდური ფილოსოფიური ტერმინია. ის განასახიერებს ემოციურ, აგრესიულ და დინამიურ თვისებებს. მესამე საფეხური გონებაა. გონებაზე მაღლა სულიერი გულია. ზუსტად სულიერ გულში შეგვიძლია ვიგრძნოთ სულის „ძგერა“. სული ღვთის თვითმანათობელი მაუწყებელია ჩვენში. მან არც დაბადება, არც ნგრევა, არც სიკვდილი იცის. ის მარადიულია, უკვდავია. ის პირდაპირ ღმერთისგან მოვიდა, ის ღმერთთან კავშირში რჩება და მასთანვე დაბრუნდება.

სანამ ადამიანის ინკარნაციას მიიღებდეს, სული იღებს შინაგან გზავნილს თავისი ღვთაებრივი მიზნის შესახებ. ის ბოლომდე აცნობიერებს თავის მისიას. მაგრამ მიწიერ ცხოვრებაში ფიზიკური გონების მუშაობას შეუძლია ზოგჯერ გადაფაროს სულის ღვთაებრივი შთაგონება და მისი ჭეშმარიტი მიზანი. მაშინ სულის მისია ვერ გამოდის წინა პლანზე. მხოლოდ მაშინ, თუ მივისწრაფვით გონებით, გულით და სულით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ჩვენი არსებობის მიზანი აქ, დედამიწაზე.

*ჩემი სული ჩემი კეთილი საქმეების წყაროა.*

*ჩემი გული ჩემი ამაღლებული გრძნობების წყაროა.*

*ჩემი გონება ჩემი გარდამქმნელი აზრების წყაროა.*

*ჩემი ვიტალი ჩემი დინებადი ენერგიის წყაროა.* *ჩემი სხეული ჩემი მისწრაფებული ცხოვრების წყაროა.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj