შიშისგან გათავისუფლება

შიში შეიძლება არსებობდეს ჩვენი არსების ყველა ნაწილში: სხეულში, ვიტალში, გონებასა და გულში. იმისთვის, რომ შიშისგან გავათავისუფლოთ ჩვენი სხეული, ჩვენ სულის დიდებული გამოცდილება გვჭირდება. იმისთვის რომ შიშისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ვიტალი, ჩვენ სულის დინამიური გაფართოვება გვჭირდება. იმისთვის რომ შიშისგან გავათავისუფლოთ ჩვენი გონება, ჩვენ სულის გარდამქმნელი გასხივოსნება გვჭირდება. დაბოლოს, იმისთვის რომ შიშისგან გავათავისუფლოთ ჩვენი გული, ჩვენ სულის განმახორციელებელი სრულყოფილება გვჭირდება.

ხშირ შემთხვევაში ჩვენ შიშს განვიცდით გონებაში და არა გულში. მისწრაფებულმა გულმა იცის, როგორ დაამყაროს განუყოფელი ერთობა შიგნით და გარეთ მყოფ რეალობასთან. მაგრამ ეჭვიანი და გაწაფული გონებისთვის რთულია დაეთანხმოს რეალობას, რომელიც ჩვენს თვალწინ ყვავილობს. გონებას ეჭვი შეაქვს იმ რეალობაში, რომელიც მის წინაშეა. ისეთი დროც მოდის, როდესაც გონებას, მისდა გასაოგნებლად, ეჭვი შეაქვს საკუთარ მსჯელობებში. ამ დროს გონება დიდ დაუკმაყოფილებლობის გრძნობას განიცდის. ოდესღაც ის მოსამართლის როლს თამაშობდა, ახლა კი ის საკუთარი მსჯელობის მსხვერპლი გახდა. მაგრამ გული თავიდანვე გაიგივებას ცდილობს მის ირგვლივ მყოფ რეალობასთან. რეალობასთან გაიგივების გზით, ის ისრუტავს, რასაც განასახიერერბს და წარმოადგენს რეალობა. თუ მისწრაფებულ გულში ვცხოვრობთ, გულში, რომელიც შესთხოვს ყოვლისმომცველ რეალობას-ერთობას, მაშინ შიშით წამებას ადვილად მოეღება ბოლო.

იმისთვის, რომ დავამარცხოთ შიში გონებაში, ადამიანმა ყოველდღიურად უნდა დააცარიელოს გონება. გონება ეჭვებით, სიბნელით, უვიცობით და სხვა ამდაგვარითაა სავსე. დილით ადრე, დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში, ეცადეთ არცერთი აზრი არ იქონიოთ კარგი თუ ცუდი, ღვთაებრივი თუ არაღვთაებრივი. თუ აზრი მოდის, შემოსვლის ნებას ნუ მისცემთ. რამოდენიმე ხნის შემდეგ მხოლოდ ღვთაებრივ აზრებს, თქვენს მეგობრებს, დართეთ ნება შემოვიდნენ. დასაწყისში თქვენ შეიძლება ვერ გაარკვიოთ რომელი აზრია თქვენი მეგობარი და რომელი - მტერი, ამიტომაც ყურადღებით უნდა იყოთ. თქვენი მეგობრებია ღვთაებრივი აზრები, პროგრესული, გამასხივოსნებელი აზრები, რომლებიც, უდავოდ, დაამარცხებენ შიშს გონებაში. იგრძენით, რომ თქვენი გონება ჭურჭელივითაა. თავიდან დააცარიელეთ ის, შემდეგ კი ელოდეთ, მანამ სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება არ შემოვა მასში. თავიდან თუ არ დააცარიელეთ ჭურჭელი, მაშინ სიმშვიდე, სინათლე და აღტაცება ვერ შეაღწევს იქ.

*არაფერი გაიძულებს, იკანკალო*

*უმწეო მონობაში.*

*უბრალოდ შეიმოსე ღვთით ბოძებული*

*მისწრაფება-სიმამაცით.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj