დასაწყისში, როდესაც ინტერესი გიჩნდებათ სულიერი ცხოვრების მიმართ, თქვენ თესლს თესავთ. შეიძლება, შედეგი სწრაფად არ დადგეს. თქვენ იგრძნობთ სინათლეს და სიმშვიდეს, მაგრამ თავიდან რწმენა უნდა გქონდეთ. თქვენს სხეულში ბევრი ორგანოა: გული, ფილტვები და ასე შემდეგ. თქვენ ამის გჯერათ იმიტომ, რომ ექიმები და სხვა ადამიანები ასე ამბობენ. ასევეა შინაგან სამყაროშიც, თუ ამ წუთშივე რაიმეს ვერ ხედავთ, თქვენ ვერ იტყვით იმას, რომ ის არ არსებობს. შინაგან ცხოვრებაშიც ბევრი რამ არის, რასაც ამ წუთშივე ვერ აცნობიერებთ; მაგრამ თუ ზეშთაგონებულად ილოცებთ და იმედიტირებთ, და ირწმუნებთ, რაც გაიგონეთ სულიერი მაძიებლებისგან და მასწავლებლებისგან, ნახავთ, რომ ისინი აბსოლუტურად მართლები არიან.
თქვენ რწმენით უნდა დაიწყოთ - გულწრფელი, ნამდვილი და ამაღლებული რწმენით. ეს რწმენა შეცდომაში არ შეგიყვანთ. სულიერი წიგნი, რომელსაც კითხულობთ, სინათლეს განასახიერებს. კითხვის დროს შეიძლება იმ წამსვე ვერ იგრძნოთ, რომ წიგნში სინათლეა, მაგრამ ნუ გადადებთ მას. თქვენ გარკვეული რწმენა გაქვთ იმ გზავნილებისა, რომლებსაც ეს წიგნი შეიცავს. თქვენ მედიტირებთ სიტყვებზე და იდეებზე, რომლებსაც განასახიერებს წიგნი, და, საბოლოოდ, თქვენ ნამდვილად იღებთ სინათლეს. წიგნის შიგნით ფარული რეალობაა. კითხვის დროს თუ ამ ფარული რეალობის გწამთ დროთა განმავლობაში თქვენ მიაღწევთ გასხივოსნებას. მაგრამ თქვენ უნდა იკითხოთ წიგნი იმისთვის, რომ ჩაწვდეთ მის არსს, წიგნის კვინტესენციას.
მსგავსად ამისა თქვენ უნდა ილოცოთ და იმედიტიროთ, სანამ იგრძნობთ თქვენს საკუთარ ღვთაებრიობას. თუ ვერ გრძნობთ თქვენს საკუთარ ღვთაებრიობას ამ წამსვე, ნუ დანაღვლიანდებით და ნუ შეწუხდებით. გულწრფელად ილოცეთ და იმედიტირეთ, და თქვენი რწმენის წყალობით თქვენი ჭეშმარიტი ღვთაებრიობა გამოჩნდება. თუ თქვენი სულიერი ცხოვრების დასაწყისში არ გაქვთ მაღალი ღვთაებრივი გამოცდილებები და შეცნობის უნარი, არ დანებდეთ. არა უშავს ახლავე თუ არ გრძნობთ თქვენი გულის სიღრმეებში რაიმე ღვთაებრივს, გამსხივოსნებელს, აღმასრულებელს და სრულყოფილს. იმისთვის, რომ დაამყაროთ კონტაქტი შინაგან სამყაროსთან, დროა საჭირო. მაგრამ როგორც კი მას მოიპოვებთ, თქვენ ნახავთ, რომ ის სინათლით და აღტაცებითაა სავსე.
*შენ ტირი*
*იმიტომ, რომ გონების ეჭვთა რაოდენობა**უსაზღვროა, ვით ოკეანე.*
*რატომ არ იღიმი და არ ცეკვავ,**რადგანაც იცი, რომ შენი გულის რწმენის ხარისხი*
*დილის ვარდივით კრიალაა?*From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj