სწორად თუ ვმედიტირებ?

თუ სწორად მედიტირებთ, თქვენ სპონტანურ შინაგან სიხარულს და სიმშვიდეს იგრძნობთ შიგნით და გარეთ. მაგრამ თუ გონებრივ დაძაბულობას ან აღელვებას გრძნობთ, მაშინ მედიტაციის ეს ხერხი თქვენ არ გამოგადგებათ. კარგი მედიტაციის დროს თქვენ გაგიჩნდებათ კეთილი გრძნობები სამყაროს მიმართ. თქვენ სიყვარულის თვალებით შეხედავთ სამყაროს, მისი უამრავი არასრულყოფილების მიუხედავად. ასევე, თუ დინამიურობის გრძნობა გაგიჩნდათ მედიტაციის შემდეგ, თუ გრძნობთ, რომ მოხვედით ამ ქვეყნად იმისთვის, რომ გააკეთოთ რამე და გახდეთ რამე - თავად ღვთის ხატად იქცეთ და მისი თავდადებული ინსტრუმენტი გახდეთ - ეს იმაზე მეტყველებს, რომ კარგი მედიტაცია გქონიათ.

ნუ აღელდებით დასაწყისში კარგად თუ ვერ იმედიტირებთ. გარე სამყაროშიც კი მხოლოდ ღმერთმა იცის, რამდენწლიანი პრაქტიკა დაჭირდება ადამიანს, რამეში რომ დახელოვნდეს. თუ ვირტუოზი პიანისტი გაიხსენებს, როგორი იყო, როდესაც პირველად დაკვრა დაიწყო, მას გაეცინება. თანდათანობითი წინსვლით მან მიაღწია ამჟამინდელ მუსიკალურ სიმაღლეს. ასევეა სულიერ ცხოვრებაშიც. თქვენთვის შეიძლება თავიდან რთული აღმოჩნდეს მედიტირება, მაგრამ ნელ-ნელა თქვენი უნარი გაიზრდება.

მეორეს მხრივ, მედიტაციისგან სარგებელს თქვენ პირველივე დღიდან იგრძნობთ. მიწიერი ზღვის წვეთსაც მლაშე გემო აქვს. ანალოგიურად, მედიტაციის დროს თუ ვიგემეთ სიმშვიდის ზღვის წვეთი, ჩვენ უეჭველად შევიგრძნობთ სიმშვიდეს ჩვენს ცხოვრებაში.

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj