დღეს ან ხვალ ან შორეულ მომავალში თქვენ ცხოვრებას აუცილებლად გაწმენდთ ჭუჭყისგან. მაგრამ თუ ამ თვითგარდაქმნის პროცესში, სხვები ვერ გაიგებენ ან ვერ დააფასებენ თქვენს სუფთა ცხოვრებას, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მათ კრიტიკას. დროდადრო ჩვენ ვხედავთ, რომ ნამდვილი სულიერი მასწავლებელიც, რომელიც თოვლივით სუფთაა, უვიცი მსოფლიოს კრიტიკის მსხვერპლი ხდება.
ცხოვრობდა ერთ დროს ძენის მასწავლებელი, რომელიც ძალიან სუფთა და ძალიან გასხივოსნებული იყო. მისი სახლის მახლობლად სასურსათო მაღაზიის შენობა იდგა. მაღაზიის მესაკუთრეს ლამაზი გაუთხოვარი ქალიშვილი ყავდა. ერთ დღესაც აღმოჩნდა, რომ ის ორსულადაა. მისი მშობლები გააფთრებულები იყვნენ. მათ სურდათ მამის ვინაობა გაეგოთ, მაგრამ ის სახელს არ უმხელდა. ბევრი ლანძღვა-გინების შემდეგ ის დანებდა და თქვა, რომ ბავშვის მამა ძენის მასწავლებელი იყო. მშობლებმა დაუჯერეს და ლანძღვა-გინებით გაიქცნენ ძენის მასწავლებელთან. ძენის მასწავლებელმა უთხრა: „ნუთუ ასეა?“ ეს მისი ერთადერთი კომენტარი იყო.
როდესაც ბავშვი გაჩნდა, ის მიიყვანეს ძენის მასწავლებელთან. მან ბავშვი მიიღო და მასზე ზრუნვა დაიწყო. მისი რეპუტაცია ბოლომდე განადგურდა, და ის დაცინვის ობიექტი გახდა. დღე დღეს მისდევდა, თვე - თვეს, წელი - წელს. მაგრამ არსებობს ადამიანის ცხოვრებაში ისეთი რამ, რასაც სინდისი ქვია, და ახალგაზრდა გოგო სინდისმა შეაწუხა. ერთხელაც, ბოლოსდაბოლოს, მან უთხრა მშობლებს ნამდვილი მამის სახელი, - ადამიანის, რომელიც თევზის მაღაზიაში მუშაობდა. მშობლები ისევ გააფთრთდენ. და იმავდროულად დარდმა შეიპყრო ოჯახი. ისინი გაიქცნენ ძენის მასწავლებელთან, პატიება თხოვეს, უამბეს მთელი ისტორია და შემდეგ წაიყვანეს ბავშვი. ერთადერთი, რაც მან თქვა: „ნუთუ ასეა?“
სამყაროს შეიძლება სისუფთავისა არ ესმოდეს და ღირსეულად ვერ აფასებდეს მას, მაგრამ თუ დედამიწა თავშესაფარს აძლევს ერთ სუფთა სულს მაინც, მის სიხარულს საზღვარი არ აქვს. ის ამბობს: „აი, ბოლოსდაბოლოს, სული, რომელსაც შემიძლია მივენდო.“From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj