შვიდი წლის ბავშვის გული

ჩვენ ვხმარობთ სიტყვათშეხამებას „გონების სიმშვიდე“, მაგრამ სინამდვილეში სიმშვიდე არასოდესაა გონებაში. როდესაც სიმშვიდე გვსურს, ჩვენ უნდა გავცდეთ გონების სამეფოს. თუ ვფიქრობთ, რომ ოცი ან ორმოცი წლის ხართ, მაშინ გონებასთან მოგიწევთ ბრძოლა, რათა სიმშვიდის წვეთი მოიპოვოთ. მაგრამ თუ შეძლებთ იგრძნოთ, რომ, უბრალოდ, შვიდი წლის ხართ, თუ გაქვთ ბავშვის გული, მაშინ უსწრაფესი პროგრესი გექნებათ.

იყო დიდი ინდოელი მეცნიერი, დოქტორი სატიენდრანათჰ ბოში. სამეცნიერო სამყაროში მისი სახელი ნამდვილად უკვდავია, არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც კი. ის არა მხოლოდ დიდი იყო, არამედ ასევე ძალიან კარგი, კეთილი და თავმდაბალი ადამიანი. მას ბავშვის გული ჰქონდა.

ბოშს განსაკუთრებით უყვარდა ბავშვები და ბევრს თამაშობდა მათთან. ერთ თამაშს, რომელიც მას გამორჩეულად უყვარდა, კარამი ერქვა. ერთხელაც, ის ძალიან გაერთო ამ თამაშით. ხანდაზმული კაცი მიუახლოვდა მათ და დიდხანს ადევნებდა თვალს თამაშს. გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერმა კითხა მას: „რით შემიძლია გემსახუროთ?“

კაცმა უპასუხა: „ხვალ ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული შეხვედრა იმართება. მე დიდად მადლიერი ვიქნებოდი, თქვენ რომ ყოფილიყავით თავმჯდომარე ჩვენს კრებაზე.“

მეცნიერმა თავაზიანად უპასუხა: „არა, არ შემიძლია. მაპატიეთ. გთხოვთ, ვინმე სხვა მონახეთ.“

უცნობი თავისას გაიძახოდა: „ოჰ! ძალიან გვჭირდებით! არავინაა თქვენისთანა სახელოვანი. ჩვენთვის დიდი პატივი იქნება, თუ მოხვალთ და კრებას გაუძღვებით.“

მეცნიერმა ძალიან თავაზიანად უპასუხა: „ხვალ ამ დროს ვერ მოვალ იმიტომ, რომ ჩემი პატარა მეგობრები სათამაშოდ მელოდებიან. არაფერი მაძლევს უფრო დიდ სიხარულს, ვიდრე ბავშვებთან თამაში. მე ასობით კრებას ვუძღვებოდი, მაგრამ იქ მე სიხარულს ვერ ვიღებდი.

მე სიხარული მინდა, თქვენ სიხარული გინდათ, ყველას უნდა სიხარული. ჩემთვის ეს თამაში უსასრულოდ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავჯდომარეობა, რომელსაც მთავაზობთ. ვიცი, რომ ჭკუადამჯდარი და ინტელექტუალური ხალხი მოდის ამ შეხვედრებზე თავისი კამათის მოყვარულე გონებით. მე მხოლოდ გული მსურს, წრფელი და სუფთა გული, გული-ერთობა. მას კი აქ ვპოულობ, ჩემს პატარა მეგობრებთან.

მე დავპირდი მათ, რომ ხვალ მათთან ვითამაშებ, და ამას ნამდვილად შევასრულებ. მე მხოლოდ გულში მსურს დარჩენა. მე ჩემი გონების როლი ვითამაშე, ახლა კი ჩემი გულის როლს ვთამაშობ. კმაყოფილება იქაა, მხოლოდ იქაა. სიმშვიდე იქაა, მხოლოდ იქაა.

*ო, მშვიდობაზე მეოცნებენო, მოდით.*

*მოდით, ერთად ვიაროთ.*

*ო, მშვიდობის მოყვარულნო, მოდით.*

*მოდით, ერთად ვირბინოთ.*

*ო, მშვიდობის მსახურნო, მოდით.*

*მოდით, ერთად გავიზარდოთ.*

From:Sri Chinmoy,სიხარულის ფრთები, Atria Books, 1997
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/woj