„შვილო ჩემო, გისმენ და გაოცებული ვარ, რომ შენ მოკლე გზა გსურს, რადგან ვფიქრობდი, რომ ერთხელაც შენ უმოკლეს გზას მთხოვდი. შენ მზად ხარ დაკმაყოფილდე მხოლოდ მოკლე გზით; მე შენ მოკლე გზას მოგცემ და ასევე უფრო მოკლე გზაზე და უმოკლეს გზაზე გიამბობ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი შენ დაგჭირდება უახლოეს მომავალში.
მოკლე გზა რწმენაა. შენ ჩემი უნდა გწამდეს. შენ მუდმივად უნდა გწამდეს ჩემი. უბრალოდ, შენთვის იმეორე: „მე ღმერთი მწამს, მე ღმერთი მწამს.“ ეს უდავოდ საუკეთესო მოკლე გზაა.
უფრო მოკლე გზაა, იმეორო შენთვის: „ჩემ უფალ უზენაესს უსასრულოდ უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი თავი მიყვარს. ჩემ უფალ უზენაესს უსასრულოდ უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე საკუთარი თავი მიყვარს.“ როგორაა ეს შესაძლებელი? ეს შესაძლებელია, რადგანაც , როცა შენ ხედავ შენს უამრავ ნაკლს, შენ იმედები გიცრუვდება და საკუთარი თავის განადგურება გსურს. მაგრამ მე შენ გხედავ, როგორც ჩემი საკუთარი რეალობის ნაწილს; ამიტომაც მე იმედი არ მიცრუვდება. მე მზად ვარ გავაგრძელო სვლა უსასრულო მოთმინებით და ეს მოთმინება შენი ხსნაა. ახლა შენ ხედავ, რომ მე შენ მიყვარხარ უსასრულოდ უფრო მეტად, ვიდრე შენ საკუთარი თავი გიყვარს.
უმოკლესი გზა ასეთია: შენ საკუთარ თავს უნდა უთხრა, რომ მე ჰაერივით გჭირდები. ჩემი მხრიდან, მე გეტყვი, რომ მე შენ უეჭველად მჭირდები. მე ჰაერივით გჭირდები, შენ კი უეჭველად მჭირდები. ეს უნდა იქცეს შენს მუდმივ გულწრფელ ლოცვად.
თუ შეძლებ შენთვის იმის გამეორებას, რომ შენ გწამს ჩემი, ეს მოკლე გზაა. თუ შენ შეძლებ იმის თქმას, რომ მე შენ მიყვარხარ უსასრულოდ მეტად, ვიდრე საკუთარი თავი გიყვარს - ეს უფრო მოკლე გზაა. და უმოკლესი გზაა ის, რომ გრძნობდე, რომ მე შენ ჰაერივით გჭირდები, შენ კი მე უეჭველად მჭირდები. თუ შეგიძლია ამ ყველაფრის შესრულება, მაშინ მოკლე გზა, უფრო მოკლე გზა და უმოკლესი გზა შენთვის ღია იქნება.
მეც მაქვს შენამდე მისაღწევი მოკლე, უფრო მოკლე და უმოკლესი გზა. მოკლე გზა ისაა, როდესაც საკუთარ თავს ვეუბნები, რომ მე აღმოვაჩენ შენში ჩემს ყველაზე სრულყოფილ ინსტრუმენტს. უფრო მოკლე გზაა, როდესაც მე ვეუბნები საკუთარ თავს, რომ მე შენ ყოველთვის უპირობოდ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებ, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობ ჩემზე, მიუხედავად იმისა, თუ რას მეუბნები, მიუხედავად იმისა, თუ რა გემართება, მიუხედავად იმისა, თუ რა გსურს მოუხერხო შენი ცხოვრების ხილვას და შენი ცხოვრების რეალობას. და უმოკლესი გზა ის არის, როდესაც მე შენში ვხედავ ჩემი მარადისობის სულს და შენთვის ვინახავ ჩემი უსასრულობის მიზანს.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1