გუშინ რაღაც პირველად ვნახე. დღეს მას მეორედ ვხედავ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს საგანი დაძველდა. გუშინ რაღაც პირველად ვიგრძენი. დღეს ამავეს ვგრძნობ. გუშინ რაღაც პირველად შევჭამე. დღეს იმავეს ვჭამ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს გამოცდილება ჩემთვის ნაცნობი გახდა. მასში აღარაფერია ახალი.
რასაც არ უნდა ვხედავდე მეორედ, რასაც არ უნდა ვაკეთებდე მეორედ, რასაც არ უნდა ვგრძნობდე მეორედ - თავისთავად ჩვეული ხდება. და ამ საგანსაც, ამ ადამიანსაც იმავე გრძნობა გაუჩნდება ჩემს მიმართ - მე მისთვის დავძველდი.
არის თუ არა ისეთი რამ, რაც არასოდეს ძველდება? დიახ, არის, და ეს ჩემი გულის შინაგანი ვედრებაა. ეს შინაგანი ვედრება მარად ახალია, ყოველდღე ის ახალ ფორმას-ლოცვას, ახალ ფორმას-კონცენტრაციას, ახალ ფორმას-მედიტაციას იღებს. ყოველდღე ის რაღაც ახალს აღწევს ღმერთში. თქვენ შეგიძლიათ თქვათ: თუ ლოცულობთ ყოველდღე, როგორ იქნება თქვენი ლოცვა ან მედიტაცია ახალი? მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ გარდუვალიცაა.
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ სიმშვიდე, სინათლე, აღტაცება, ძალა და ღვთის სხვა ატრიბუტები ყოველთვის ერთნაირია. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. ღმერთი უსასრულოა და მისი ატრიბუტებიც უსასრულოა. ასე რომ, თქვენი ლოცვა, კონცენტრაცია და მედიტაცია ადვილად შეიძლება იყოს უსასრულოდ მრავალფეროვანი. ყოველი ლოცვა ადვილად შეიძლება იყოს ახალი. ყოველი კონცენტრაცია შეიძლება იყოს ახალი. ყოველი მედიტაცია შეიძლება იყოს ახალი.
ლოცვა არ ცნობს ასაკს. კონცენტრაცია არ ცნობს ასაკს. მედიტაცია არ ცნობს ასაკს. ჩვენი შინაგანი ვედრება ჩვენი დედა და მამაა ჩვენი ლოცვისა, კონცენტრაციისა და მედიტაციისა; ასე რომ - მოდით, ვიმეგობროთ ამ შინაგან ვედრებასთან. დაე, ჩვენმა სხეულმა, ვიტალმა, გონებამ იმეგობროს ამ შინაგან ვედრებასთან. ამ შინაგანი ვედრების წყალობით მთელი ჩვენი არსება, შინაგანი თუ გარეგანი, იქცევა მარად ახალ რეალობა-არსებობად და მარად ახალ, მარად აღმასრულებელ ღვთის ოცნებად ჩვენში და ჩვენი მეშვეობით.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1