როდესაც ვიძირები ღრმად შიგნით, მე ჩემ ერთადერთ მეგობარს ვხედავ, ჩემ მარადიულ მეგობარს, ჩემ საყვარელ უზენაესს. მე ვხედავ, როგორ გვიწილადებს მე და დანარჩენ სამყაროს მთელს თავის შემოქმედებას. თავის შთაგონებას, თავის მისწრაფებას, თავის თავდადებას, თავის გამოცდილებას - ყველაფერს, რაც მას აქვს, და ყველაფერს, რასაც წარმოადგენს, ის გვიწილადებს მე და ყველას. რატომ? რატომ არ ეშინია თავისი ინდივიდუალობის, თავისი უპირატესობის, თავისი ბატონობის დაკარგვის? თუ ის მე მიბოძებს, შენ გიბოძებს იმას, რაც მას აქვს, თუ ის მცირე ნაწილს მაინც გვიბოძებს, ეს ხომ არ გადააქცევს მას მცირე ღმერთად? ამით ხომ არ გავუტოლდებით მას?
ჩემი უფალი უზენაესი მეუბნება, რომ მე სულ მთლად სულელი ვარ. როდესაც ის რაიმეს მაძლევს, ის არ კარგავს. პირიქით, იძენს. როდესაც ის გვთავაზობს შთაგონებას, მისწრაფებას, თავდადებას და გამოცდილებას, ის მდინარის ნაკადივითაა. როდესაც მდინარე მოედინება, ის არაფერს კარგავს. ის მხოლოდ ფართოვდება, დიდდება და ძლიერდება. თავისი შთაგონება, მისწრაფება, თავდადება, გამოცდილება - ყველაფერი, რაც ღმერთს აქვს, მას თან მოაქვს. ის არ გამოყოფს ამ ყოველივეს თავისი არსებობისგან. მას მოაქვს, მოაქვს ეს ყველაფერი ჩვენთვის.
ჩემგან ეს ყველაფერი შენსკენ მოედინება; შენგან კიდევ - სხვასთან. თავის უნიკალურობას, თავის მიღწევებს, თავის თვისებებს, თავის სამფლობელოებს ის არასოდეს კარგავს. პირიქით, ის, უბრალოდ, მათ ავრცელებს აქ, იქ, ყველგან. მას სურს, რომ ეს ყოველივე ყველგან გავრცელდეს, რადგან იცის, რომ მთელი ქმნილება მას ეკუთვნის.
ჩემი უნიკალურობის გამოხატვა მსურს ჩემი განცალკევებულობის გრძნობის მეშვეობით. მე ჩემთვის ვარსებობ, და მინდა ვუთხრა და ვუჩვენო სამყაროს, რომ მე უნიკალური ვარ, რომ ჩემი ზუსტი ასლი არავინ არის. ამავე დროს, არ მინდა, არავის ზუსტი ასლი ვიყო. არა, ყოველთვის მსურს უნიკალური ვიყო. ვერავინ გამიტოლდება, არავის ექნება იგივე გარეგნობა, იგივე ხასიათი, იგივე გამოცდილება, იგივე რეალობა-არსებობა, რაც მაქვს, ან რასაც წარმოვადგენ. აი, რას ვფიქრობ ჩემს უნიკალურობაზე.
მაგრამ ჩემი უფალი უზენაესი სხვანაირად უყურებს თავის უნიკალურობას. ის გრძნობს, რომ მისი უნიკალურობა სათანადოდ მხოლოდ მაშინ გამოიხატება, როდესაც ის ხედავს თავის მიღწევებს და სამფლობელოებს აქ, იქ და ყველგან. ყველას თავისიანად მიღებით, იმის შეგრძნებით, რომ ყველა მას ეკუთვნის და თვითონაც ყველას ეკუთვნის, იმის შეგრძნებით, რომ ის მათთვის არის და ისინი მისთვის არიან, ის ყოველ მათგანში თავის უნიკალურობას გრძნობს.
მე მსურს დავამტკიცო ჩემი უნიკალურობა განცალკევებულობის მეშვეობით. ღმერთს სურს დაამტკიცოს თავისი უნიკალურობა მრავალფეროვნების მეშვეობით. მას სურს, რომ მთელი თავისი სინათლე-ხილვა თავის ქმნილებას მიუძღვნას, რადგანაც გრძნობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ქმნილება მის სინათლეს მიიღებს, შეძლებს საყოველთაო ასრულების მიმნიჭებელი გახდეს და საკუთარ თავსაც საყოველთაო ასრულება მოუტანოს. ამიტომაც მას ასეთი სახის უნიკალურობა სურს: ერთი, გაერთიანებული მრავალთან, ერთობის სიმღერა რეალობასთან-ერთობასთან. შემოქმედს-ერთობას ყოველ წამს სურს თავისი სიმღერა-ერთობა იმღეროს თავის ქმნილებასთან-ერთობასთან, რადგან გრძნობს, რომ ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც მისი უნიკალურობა შეიძლება გამოვლინდეს სამყაროს ერთი ბოლოდან მეორემდე.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1