ადამიანის გარეშე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემმა ყოვლისშემძლე მამამ, ჩემმა საყვარელმა უზენაესმა ამის უნარი მომცა. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს ღონიერ ძმას, მზეს. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს მშვენიერ დას, მთვარეს. ადამიანის გარეშე მე ვუყურებ ჩემს ტკბილ ბავშვებს, ვარსკვლავებს. მე ვუყურებ და ვუყურებ ჩემს მამას, ღმერთს, და ჩემს დედას, ღმერთს, ადამიანის გარეშე.
მაგრამ, თუ შემიძლია რამის გაკეთება ღმერთის გარეშე? არა, ეს შეუძლებელია! რატომ? მე არაფრის გაკეთება არ შემიძლია ღმერთის გარეშე, იმიტომ რომ სიცოცხლე არ შემიძლია ღმერთის გარეშე. როგორ ხდება, რომ ღმერთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია? იმიტომ ხომ არა, რომ ის მთლიანად სიკეთეა, მთლიანად სიყვარულია? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის მთლიანად მზრუნველობაა, მთლიანად შებრალებაა? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის ყველგანმყოფია? არა, არა! იმიტომ ხომ არა, რომ ის ჩემი არსი და სუბსტანციაა? არა, არა!
მაშ რატომ არ შემიძლია სიცოცხლე ღმერთის გარეშე? ღმერთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია იმიტომ, რომ არ შემიძლია ვიცხოვრო იმის გარეშე, რასაც თავად წარმოვადგენ. შეგიძლიათ იცხოვროთ იმის გარეშე, რასაც თავად წარმოადგენთ? შეუძლებელია! თუ ერთნი ხართ ღმერთთან, მაშინ ღმერთი თქვენში იმყოფება, როგორც ირემში მუშკი. ირემი და მუშკი განუყოფელია. თუ ყვავილს სურნელი აქვს, ყვავილი და სურნელი განუყოფელია. მსგავსად ამისა, ღმერთი-სილამაზე, რომელიც ჩემშია, და ღმერთი - სილამაზის მფლობელი განუყოფელნი არიან. ამიტომაც ღვთის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, რადგან ის არის, რასაც წარმოვადგენ და რასაც ვფლობ. ასევე, არც თქვენ შეგიძლიათ იმის გარეშე ცხოვრება, რასაც ფლობთ და რასაც წარმოადგენთ. ის, რასაც ფლობთ და რასაც წარმოადგენთ, ყოველთვის ერთსა და იმავე არსებობა-რეალობას წარმოადგენს: ღმერთს. ამიტომაც ვერც თქვენ და ვერც მე ვერ ვიცხოვრებთ ღმერთის გარეშე, არამც თუ რაიმეს გავაკეთებთ.From:Sri Chinmoy,მისწრაფების ევერესტი, Agni Press, 1977
წყარო https://ge.srichinmoylibrary.com/ea_1